მიქაია მაია
გაზიარება

მონოლოგი ექსკლიუზივი

დაუშვით ფარდა, თამაში რა დროს,
დრო უქმად მიდის!
მე ვითამაშებ ყველაფერს... ღალატის გარდა...
მე ვითამაშებ გალეწილ კალოს
და უმეფოდ დამსხვრეულ გვირგვინს,
სიცხისაგან დაღრეჯილ ზამთარს.
მე ვითამაშებ მონატრებას
ნათმენს და ნაგრძნობს
და ტუჩებზე მიყინულ ღიმილს,
ვანსახიერებ სიხარულს,
რომლითაც ხვდებიან ნაცნობს
და მოყირჭებას ათასჯერ ნანახი ფილმის.
მე ვანსახიერებ ყველაფერს, ღალატის გარდა.
ვთამაშობ ბოღმას, სავსეს ყელამდე....
დაუშვით ფარდა!
არ სჭირდებათ დაფარვა როლებს,
არც სცენა მინდა,
მე ვითამაშებ მილეულ ღონეს,
სიყვარულს წმინდას.
სიჩუმეს ვიტყვი და მივიღებ სიკვდილის სახეს,
ვითამაშებ შიშს ციცქნა ჩიტის,
მკერდით რომ ეკვრის საზიზღარ მახეს.
მე ვითამაშებ სითამამეს და თავხედობას,
მე ვითამაშებ ისეთ რამეს,
მარტო სცენა რომ არ ეყოფა...
მე ვითამაშებ დახეთქილ ტუჩებს,
ცრემლიან თვალებს,
ხმაურისაგან გადაღლილ ქუჩას,
დაფერფლილ ღამეს.
მე ვითამაშებ როლს იმ საფერფლის,
რომელზეც ყრია სიყვარულის გაუცხოება.
არ მინატრია როლი არც ერთი,
რაც არ ჩვევია თვითონ ცხოვრებას.
მე ვითამაშებ ჭკნობას,
სიცოცხლეს რომ ჩაუქრობს ყვავილს,
მე ვიქნები უღვინოდ თრობა
და საყვარელი ტუჩების კვალი.
და ვრჩები სახტად... თამაში რა დროს!..
მეძახის ცხოვრების სცენა...
დაუშვით ფარდა! რა ვითამაშო?
ჯერ, ალბათ, რწმენა!..

??????