დარბაისელი ნინო
გაზიარება

დღიურის ორი რექტო-ვერსო 

...ჰო, მართლა!
დათო ჩიხლაძის ლექსებია ჟურნალ "სტუდიის" მეოთხე ნომერში, ტკივილიანი ლექსები, სადაც ყოფა და ყოფიერება, ერთნაირად გაუსაძლისი და ამავე დროს, დაუთმობელი, ერთმანეთით ისეა გამსჭვალული, გაჯერებული, რომ აღარ რჩება არავითარი დროით-სივრცული დისტანცია, არავითარი ამოსასუნთქი ღმერთსა და ქუდზე ამოქარგულ თუ მიკერებულ მხიარულ თაგვუნა მიკი მაუსს შორის და ერთმანეთს შერთვია უზენაესისადმი ლოცვა და ის, რასაც ჯანსაღი საზოგადოება უხამსობას უწოდებს.
ყველაფერი ძვირფასი ტკივილამდე სანატრელად ქცეულა.
"არაფერია, ეს ყველაფერი. არაფერია" _ განა ეს სიტყვები დაამშვიდებს ნატკენითა და დანაკარგით დამწუხრებულ სულს? და მაინც, ძვირფას ღმერთებს, ნივთებს, გრძნობებსა და ადამიანებს, ღირებულებათა ჩვეული იერარქიიდან რომ აშლილან, რათა წესრიგის დარღვევით, _ ლატერალური გზით კიდევ ერთხელ მოისინჯოს, დადგინდეს მათი ჭეშმარიტი არსი და ფასი, ეს "არაფრობა" ათანაბრებს ახალ სასტარტო მდგომარეობაში.
წეღან საწერი მაგიდის ქვედა უჯრაში დათოს წერილები და ლექსები მოვძებნე და თარიღების მიხედვით დავაწყე. ლექსები არც ისე ბევრია: "ლიტერატურა", "რუბიკონი", "არილი", ძირითადად 96-ში გამოცემული; შარშანდელი "ცისკარი", რამდენიმე ხელნაწერიც, ადრინდელი, ნაჩუქარი ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ _ ესაა და ეს.
მე არ მომწონს ეს ლექსები, უბრალოდ მიყვარს, მეჩემება, იქნებ იმიტომ, რომ თითქოს რაღაც ჩემს ნაწილსაც შეიცავენ. მეჩვენება, რომ სიტყვები _ "მეტრო-ნინოა!" მეც მგულისხმობს, თუმცა რამდენი ნინოა ირგვლივ და რამდენი შეიძლება იყოს მისი მეგზური ქვეცნობიერის ბნელ მაგისტრალებსა თუ ხვრელებში.
ვიღაც ჩემში ისევ კამათობს: რა საჭიროა ასეთი "პოეტიკა, პოეზია, ლექსები"? არ ჟღერს, პრინციპულად არამშვენიერია, მოუპირკეთებელი. ქართული პოეტური სიტყვის კულტურა ისეთ მაღალ რეგისტრებშია ასული და უცებ, ასეთი... ასეთი რა? უკულტურულობა, არა, აღარ-კულტურულობა, როგორც ტრადიციასთან დიალოგის ფორმა. თუმცა ეს ხომ არახალია, განა 10-20-იან წლებში იგივე არ ხდებოდა? ხდებოდა, მაგრამ დღეს ეს უკვე საერთო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად მოიაზრება, თუმცა მივიწყებულად.
ამიტომაც ცდილობდა დათო და მის ირგვლივ _ სხვებიც, 80-90-იან წლებში, რეპუბლიკაციების გზით გაეხსენებინათ საუკუნის დასაწყისის ავანგარდისტ პოეტთა შემოქმედება. თავადაც ესწრაფოდნენ იმდროინდელ ერთობას, სულს, თამაშობდნენ კიდეც "კონცეპტუალურ მოურიგებლობას", იმ წლების კულტურულ-ლიტერატურულ წრეებში რომ ტრიალებდა.
80-იანი წლების თბილისი _ დამუხტული, ფეთქებადი ჰაერი, რომ არ იცი, რას გპირდება, რით გემუქრება... დათო ჩიხლაძე კონცეპტუალური ფერწერის, ავანგარდული ხელოვნების თუ ვიზუალური პოეზიის გამოფენაზე; სადღაც, სარდაფში, უცნაური, ჩემთვის გაუგებარი სპექტაკლების შექმნით გატაცებული... პერფორმანსები, ჰეპენინგები, "ადიტი თეატრი", ექსპერიმენტები, ექსპერიმენტები... ხშირად მარცხიანიც... ჯიუტი ნონკონფორმიზმი; ეპატაჟი? ჰო, ეპატაჟიც!
პოეტი მარადიული ბავშვია, ბავშვი, რომელიც ვერ იტანს მშობელიგარემოს უგულისყურობას. ამ დროს იგი ან "ავად ხდება" ან "ცუდად იქცევა", მერე "ძნელ ბავშვად" მიიჩნევს მშობელი.
"ჭაბუკი რემბო", მგონი ნაირა გელაშვილმა შეარქვა, მე "დავით განმანათლებელს" ვეძახდი. გრძნობდა თბილ ირონიას და არ წყინდა, გული უფრო იმაზე დასწყდებოდა, საიდანღაც ხელში ჩაგდებულ უცხოელი პოეტის თუ თეორეტიკოსის მისეულ თარგმანს მეგობრები ზერელედ თუ ჩაათვალიერებდნენ და მალევე დაუბრუნებდნენ.
ახლა აღარც ბადრი გუგუშვილია, აღარც შალვა ფანცულაია, აღარც კარლო კაჭარავა... პირველი მაინც თამაზ ბაძაღუა წავიდა, დანარჩენები გაიფანტნენ მთელ დედამიწაზე; დათო ყევლაზე შორსაა, ამერიკაში, თბილისს ცოტანიღა შემორჩნენ: დათო ბარბაქაძე, შოთა იათაშვილი, ზურაბ რთველიაშვილი, იქნებ სხვებიც? მათ სახე(ლე)ბს დათოს თავისუფალი თუ თეთრი ლექსი ინახავს, როგორც დამსხვრეული თვითმფრინავის შავი ყუთი.
"უცხოობაში რაა სიამე?"
უცხოეთია ყველგან, თვით სამშობლოშიც, თუკი პოეტს პოეტად ვერ ხედავენ, ან ხედავენ და არად მიაჩნიათ. თუკი გარს გაკრავს გარემო, სადაც პიროვნების იდენტიფიცირება მხოლოდ საპასპორტო მონაცემების საფუძველზე ხდება. კოდირებული ციფრები იტევენ ყველაფერს, რაც ჩვენი არსების ფასადურ მხარს ახასიათებს ("ნახე, ჩემი პასპორტი, თუ შენ ის რამეს გეუბნება"), მაგრამ ის, რაც ჩვენ ვართ სინამდვილეში, დიდ სინამდვილეში, მხოლოდ ინსაითის ძალით იხილვის და პოეტურ სიტყვებშია კოდირებული:
"ეს არავის გაუგია, როგორ ვტიროდი, ან როგორ დავუბრუნდი ჩემს ბანალურ ცნობიერებას" _ ბანალურობა დათოს საყვარელი სიტყვაა. სხვა რა არის ბანალობა, თუ არა ის, რაც თავისებურად აკავშირებს, აწესრიგებს მრავალსახოვან ადამიანთა სამყაროს თავისი ერთფეროვნების ძალით.
და მე ვფიქრობ; თუ ამაოა იმის განსაზღვრა, რა არის პოეზია, ის ხომ მაინც შეიძლება, გონებით თუ არა, გრძნობით დააფიქსირო, სად არის იგი?
სად და _ იქ, სადაც პოეტია. ეს შეიძლება იყოს სამზარეულოშიც და ბრუკლინის ქუჩაზეც, იქ, სადაც დაღლილი, მშიერი პოეტი შესცქერის "ბეღურებს, რომელნიც იქ არ არიან", ან მტრედს და ფიქრობს, ღმერთი იზრუნებს ფრინველებზე, მაგრამ უცებ ხვდება, რომ ღმერთმა იმიტომ მისცა სენდვიჩი, მტრედს უწილადოს უკანასკნელი ლუკმა...
გაზეთებში გაბნეული ყველა ლექსი რომ მოიძებნებოდეს, ალბათ ერთი კრებული გამოვა, პატარა კრებული, მცირე ტირაჟით, ოდენ მათთვის, ვისაც შეუძლია რეალური ყოფიდან წარმოსახვათა ზღურბლს გადააბიჯოს, შორეულ, დამღლელ მოგზაურობაში შემორჩენილი კენტი თანამგზავრივით ჩამოჯდეს და აუჩქარებლად მოუსმინოს ახალგაზრდა კაცის წრფელ, დამაბნეველად წრფელ პოეტურ აღსარებებს.
21. I. 2000.

??????