VIA DOLOROSA
მე ვარ უდაბნო, თებაიდა, მზის აგარაკი.
ჩემი თვალები - ქვიშით სავსე მღვიმეებია.
მაქვს გარუჯული სხეული და (გაგეღიმება)
თოვლივით თეთრი ღამეების მცირე მარაგი.
შავ-თეთრი, მძიმე კლავიშების მსუბუქი ჟღერა,
მე მიყვარს, როცა სარკმელიდან შემოდის შუქი
ძალიან მკრთალი, ან - მთვარეა ქალივით ქერა
(ზოგჯერ - ორსული) და მით უფრო კარგია, თუკი
ლარნაკში, ჩემი ლექსებივით მოწყენილ იებს
ეცვლებათ ფერი (მე, პატარა მდინარეც არ ვარ,
არათუ - დიდი). ქალწული ვარ, რომელსაც მიაქვს
ხმელი თითებით სანთლები და თითბერის მთვარე,
იქ, სადაც ზეცა გადააცვეს მიწას ფრაკივით
და ღმერთით სავსე თვალებიდან გაქრა ბორიო...
მე, უდაბნო ვარ, თებაიდა, მზის აგარაკი,
ხოლო სამყარო - სისხლისფერი მაკაგონია.