მხსნელი
სალვადორ დალი
დაიმსხვრა...
გამოუსწორებლად...
საბოლოოდ...
ნანგრევებად იქცა
და მტვრად
დაიმსხვრა...
არა კაცის ხელით
არა ღმერთის ნებით
არამედ საკუთარი ვნებით
თვითმოშთენისა...
დაიმსხვრა...
და ჩამოწვა ღამე
სიბნელეში აკიაფდა ორი ნათელი,
თვალები ტყიურისა, რომელიც
იყო მარტორქა ან ტახი
დაიმსხვრა...
და ადამიანთან მოვიდა მხეცი
რომელსაც კეფაზე ეწერა "666"
და მხეცზე იჯდა აბჯაროსანი ვინმე
რომელიც იგულვეს "ძე"-დ.
დაიმსხვრა...
და საათის ისრები უკუღმა დატრიალდა
იყო სამი საათი დღის ან ღამის
ან სულაც 22 და 1/2
და არ იყო ჟამი
და არ იყო დრო
დაიმსხვრა...
და ნამსხვრევთა გროვაში
მოყვა ქალი, რომელსაც
ჰქონდა თევზის კუდი და რომელსაც
ერქვა ალლა
დაიმსხვრა...
და ქალის გვერდით პირაღმა იწვა
მამაკაცი უზომოდ აპრეხილი ულვაშებით
და უზომოდ დიდი მამაკაცური ნიშნით
რომელიც გამჭოლად ხვრეტდა სურათს
რომელზედაც ეხატა ლურჯი ცა
მრუმე ღრუბლებით და კიდევ რაღაც,
ცხენი თუ კენტავრი ან იქნებ...
დაიმსხვრა...
და კაბადონზე აკიაფდა
შავი ვარსკვლავი, რომელიც არ ანათებდა,
მხოლოდ ცეცხლის ისრებს ტყორცნიდა მიწას
და ადამიანებს ახსენებდა
ინკვიზიციას და აუტოდაფეს
დაიმსხვრა...
ისე, რომ ნამსხვრევებსაც ვერ გაარჩევდა
კაცის თვალი
და იყო ნამსხვრევები მანამ, სანამ არ
მოვიდა ხელოვანი და
ნამსხვრევთა ევერესტზე ამაყად შემდგარმა
არ თქვა სიტყვა:
"ოდენ სინამდვილის ნანგრევებში ხარობს სიზმრის ყვავილი".
1. Salvador (ესპ.) - მხსნელი