ცხოვრება… ჩიტი…
ბებიამ ფოტოგრაფთან მიმიყვანა
(ბათუმის ბულვარი, მზე და მაგნოლია,
ძველი ყავისფრად პრიალა სამფეხა აპარატი),
ფოტოგრაფმა შავი ტილოს სიბნელიდან
გამომძახა: "ჩემი ბიჭი, აბა ერთი
კარგი ღიმილი და ჩიტი გამოფრინდება",
აპარატის შავ თვალს მივაშტერდი...
ჩიტი არ გამოფრინდა...
ახლა ის ბიჭი აღარ ვარ,
აღარც ზღვა მახსოვს კარგად
და მზეც ისე ვეღარ მწვავს.
სამფეხა აპარატებიც დინოზავრებივით გადაშენდნენ...
ვდგევარ, საკუთარ ცხოვრებას შევყურებ
და ბნელი წიაღიდან
ჩიტის გამოფრენას ველი...