* * * ცარცით მოთხუპნული ხელებით
აღლუმებზე ვაფრიალე,
შორიშორს გაპრეხილი კურდღლის ყურებივით ვაბარტყუნე.
ბოლოს, რომ ვეღარ ვეტეოდი,
იმ სასკოლო ფორმასთან ერთად
ჩემი თვალების წყალში მოვისროლე.
მამას ცხლად უყვარდა შემწვარი თევზი,
დედას ცივად.
ბებია კუთავდა, ჩუმად, უსაშველოდ.
მე კარი გამოვიჯახუნე და
თვალებში დაგუბებული წყალი დამექცა.
სადღაც, კოცონთან, ფეხებალეწილი გოგოები ისხდნენ და
იქნებ, მათ შორის მინდოდა გარევა.
გოგოები ხომ სხვანაირ ცხოვრებაზე ლაპარაკობდნენ.
ჩუმად, უსაშველოდ საინტერესოდ და
ცარციანი ხელებით დაზრდილი ბაფთები
ნატვრის ხეებისთვის შეებათ.
მჩატეები იყვნენ თუ მძიმეები, ვერ მივმხვდარიყავი.
მთვარე აბაფთებულ ხეებს თითქოს ლილაში ავლებდა.
იმ ცარცის ჩამორეცხვა თუ უნდოდა,
რომლითაც პირველ კლასში 2+3=5 დავწერე.