კრეტინი კიბეზე
და ევედრება განგებას:
განგებავ, შენ შემეწიე,
მომეცი რამ დასალევი,
მიბოძე თუნდაც მურაბა,
მურაბა, მურაბა...
თფუ!
მურაბა რად გინდა, ჯიგარო,
შვილო ზურაბა, ზურაბა...
...კრეტინი მიცოცავს კიბეზე
გამტყვრალი ნაბახუსევი,
მან გამოვლო სახლისკენ მარტომ
ვეება მანძილი -
გამოვლო მთელი 800 მეტრი,
სახლში მოეთრა და დაიძინა,
ჰე, დაიძინა!
მისი მრავალი ჭრელი სიზმარი --
გაბრწყინებული და მოოჭვილი
ფარშევანგის ბოლოსავით,
შუბლს მიჭედილი ძვირფას თვლებივით -
ჩაბარდა წარსულს.
იგი იღვიძებს აქ, თავის სახლში,
თავის ლოგინში, უბადრუკი,
ესმის კივილი -
ეს დედამისი კივის, უძახის:
ადექი, შვილო! შვილო, ადექი!
აშენდა ქვეყანა, შენ კი სად ხარ,
აეგდე შვილო, შე უბედურო,
შვილო ბიძინა! შვილო ბიძინა!...
...კრეტინი მიცოცავს კიბეზე
და ევედრება განგებას,
აღებს კარს კედლის კარადისას,
გასაწევ-გამოსაწევს,
კარს მაღალ კარადისას,
და ეძებს მურაბას, მურაბას...
იპოვა!
ვაშა!
ურა!
ბა!
ვაჰ მე, უბადრუკს! -
ფიქრობს ნამთვრალევი ბლაგვი კრეტინი -
ვაჰ მე, რომ არა მაქვს არცერთი გროში,
რათა შევიძინო
ბავარიული ლუდი ქილისა,
შთავნთქა, დავცალო ერთი მოსმით,
კუჭში ჩავისხა,
მხოლოდ ეს დამრჩა:
მურაბა, მურაბა,
ცარიელია აწ ჩემი ქისა!
ო, ბედისწერის ავო ქალღმერთებო,
ო, მოირებო,
ვალკირიებო,
ამაწევინეთ ეს უზარმაზარი ზემძიმე ქილა,
მომახსნევინეთ თავსახურავი,
განმიზავეთ სოდიან წყალში...
...კრეტინი მიცოცავს კიბეზე,
დიდი ვაებით
იღებს მურაბას,
ვეება ქილა ირეკლავს დილის ელვარე თაღებს,
შიგ, იმ თაღებში,
ჩანს წლევანდელი შინდის მურაბა,
ჰეი! შე კრეტინო! -
ესმის საკუთარი მძაფრი შეძახილი -
გუშინ სად ეგდე, სად დაეთრეოდი,
სად გაილეშე არყით და ღვინით,
სად გამოძეხი, სად ჭამე ოსტრი,
რატომ ხარ ასეთი კრეტინი, კრეტინი,
შე არამზადა!...
მისი შეძახილი აყრუებს მის ყურებს,
მისი ყრუ თვალები
მურაბას ჩაჰყურებს,
ჩაასხი ჭიქაში.
ზედ - წყალი.
მზად არის!
მიიღე, არამზადა,
დალიე, დაცალე!
მორჩი მაგ ბოდვას - დამთავრდა ზღაპარი!
გუშინდელი დღე იყო და გაქრა,
ეხლა სხვა დღეა,
გარეთ კივის დილა,
დილის ბრმა ნათელში
ბულდოზერი თხრის ვეება ხეებს,
ჩაუვლის ძველ სახლს,
აბრუნებს ლოდებს,
მოანგრევს კიბეებს,
თხრის ვეება ხეებს,
თხრის ხეება ვეებს,
კრეტინს გული უცემს ბულდოზერის რიტმზე
და ფიქრობს ბაგაბუგით:
აგერ! აი, მე ვარ!
ითს მი, ო ლორდ, ითს მი!
არა მაქვს ნამუსი,
არა მაქვს ფული,
ფეხზე ძლივს ვდგავარ,
მიჩმახებს გული,
ტანზე ვერ ჩამიცვამს,
შიშველი მივცოცავ ამ მურტალ კიბეზე,
ვიღებ მურაბას -
მე, მძორი, კრეტინი,
და გუშინდელი დღის მოგონება
ელნათურასავით მიხურებს ტვინს,
ანათებენ ჩემი ხელები,
ანათებს თავი,
ვარვარებს ჩემი ღვიძლი, ნაღველი
და ჩემი ტვინი:
ჰე ტვინი! ჰე ტვინი!
ტვინი, რომელიც სულ საქმეშია,
წამითაც ვერ იცლის -
გარდა ძილისა,
როდესაც სიზმრებში
იგი იქცევა სრულიად სხვა ქვეყნის მოქალაქედ,
ტვინი, ჩაკეტილი ამ თავის ქალაში,
კრეტინი, ჩაკეტილი ამ მკვდარ ქალაქში,
ამ კორპუსებში,
კვადრატებში,
კორპუსკულებში,
საცა დილაობით ბღავის ბულდოზერი
და ისმის პნევმატური ბურღის ატირება:
ისინი თხრიან ორმოს, ფუნდამენტს -
უცნაურია მათი ეს ახირება!
ისინი თხრიან, თხრიან, თხრიან,
ევედრებიან ზეცას, განგებას,
რომ ამაოდ არ დაიკარგოს
ეს განწირული სულისკვეთება,
უფრო სწორად - ეს მშენებლობა,
მიშენება სახლზე სახლისა,
სახლზე ხალასზე...
...კრეტინი მიცოცავს კიბეზე
(კიბეა ორნაკვთიანი,
გასაშლელი, მსუბუქი, მცირე,
მაგრამ ამავ დროს - ცამდე მაღალი),
დაწვდება ვეება ქილას მურაბისა,
შემობრუნდება,
კიბის კორტოხზე მარჯვედ ჟონგლირებს,
ისხამს ჭიქაში,
ზედ ასხამს ცივ წყალს
(წყალი, ღვთის მადლით, ონკანში მოდის),
რადგან არა აქვს ფული ლუდისთვის,
რადგან არ არის შვიდი წლის ბავშვი,
სახელად ხვიჩა,
არ სურს ალუჩა,
ამიტომ ფიქრობს:
სად დაეთრეოდი წუხელ, შე უბედურო,
სად გასკდი სასმელით,
სად გაილეშე,
ვის ეღლაბუცე,
ვისთან გამოჩნდი, რომ ხარ კრეტინი,
და ეგ შენი ბინძური ტვინი
ვის გაუხსენი!
იგი მიცოცავს, მიცოცავს კიბეზე,
უეცრად კარადას ძვრება სახელური,
ეცემა შუბლზე,
უწყვეტს შუბლის ძარღვს
და იგი კივის:
აააა!
ააააა!
მისი კივილი უერთდება
ბულდოზერის მხიარულ ღრიალს,
და ბულდოზერიც მხნედ პასუხობს დაუზარელი:
ტრაკში ქვაააა!
ტრაკში ქვააააა!...
...კრეტინი მიცოცავს კიბეზე,
კუშტი, გამოფიტული,
შუბლძარღვგაწყვეტით გადაჰყურებს
შუშაბანდიდან
ცივი ცის ციმციმს,
მას არ აგონდება მიზეზი
მისი ასეთი გამოსირების,
მას არ აგონდება ბავშვობა,
სერები, ველები,
არ აგონდება ქარგადაქროლილი
ყანა თავთუხისა,
რადგან არც უნახავს,
იქ არც ყოფილა კრეტინი არასდროს -
მხოლოდ აქ, ჩვენსა.
აქ იზრდებოდა ეს ნაძირალა...
- უხ, შე ნაძირალა!
გარეთ ბულდოზერი აყრუებს ქვეყნიერებას,
შიგნით - ხმა რამე იდუმალი,
ტვინში აღძრული,
ამ ხმათა თანაჟღერა კრეტინს არ აწყობს,
მისი ბრმა გული,
როგორც ხელსაწყო,
ძლივსძლიობით ინელებს სასმელს
გუშინღამ დანალევს,
და კრეტინს მხოლოდ ერთი სურს:
იყოს უფრო მაგარი!
მაგარი კრეტინი!
კრეტინი -
კლდე, ტინი!...
...კლდე-ტინი მიცოცავს კიბეზე,
ფული არა აქვს ჯიბეზე,
ცარიელია მისი გულის ვიწრო ზარდახშა,
ცარიელია მისი ქისა,
და მხოლოდ ერთს ფიქრობს:
რამ გამაგიჟა,
რატომ გავტყვერი,
ვის გავუჩმახე, ვის ვაგინე,
ვის ვტაცე მსუქან ბაყვებში ხელი,
ხომ არ ჩავიჭერი,
ხომ არ გავაწბილე ჩემი მასპინძელი,
ის არამზადა,
კეთილმოტყმმმმ...
ნამდვილი ყუმი,
პიტალო,
კლდე, ტინი!...
...დაეცი კიბევ,
დაიქეც სახლო!
ნანგრევთა ახლო მოგროვდით, ხალხო,
მაგრამ ნამუსრევს ხელი არ ახლოთ
ძვირფასო ძმებო
და მეზობლებო,
მხოლოდ თქვით ასე:
კრეტინი მოტყდა!
შეწყვიტა ბოდვა,
შეწყვიტა ცოდვა!
შეწყვიტა როტვა, კიბეზე ბღოტვა,
შეწყვიტა ბორტყვა, ტორტყვა და ბჟღმორტყვა!...
შეწყვიტა ლექსი,
შეწყვიტა სექსი,
გადაყვა სასმელს, გადაყვა სკეფსისს,
და მისგან დარჩა უაზრო ტექსტი,
როგორც ნამარხი, ნაწერი ქვებში,
ნახატი, როგორც ქორწილი ჩხიკვთა -
ვერ იქცა კაცად, ვერაფერს მიხვდა,
ის გაქრა, როგორც ზეზვა და მზია,
გარეთ კი ისევ თაკარა მზეა,
მის ნანგრევებზე დღეს ჩიტი გალობს,
მიდი, იგლოვე, ლამაზო ქალო,
დაიწყე მოთქმა,
თავ-პირის ხოკვა,
დაიწყე მორთხვა, ჭორთხვა და ბჟღმორთხვა,
რადგან ეს მე ვარ:
მე ვარ, კრეტინი!...
...მიცოცავს, წვალობს, კიბეს მიყვება
ზევით, კარადის მაღლივ კარისკენ,
და ფიქრობს:
აი,
ეს მე ვარ,
ითს მი!
მიდის, მიცოცავს, ზეცისკენ იმსთვის
და მხრებზე აწევს უმძიმეს ტვირთად
მთელი ეს დილა:
მყარი, კლდე-ტინი...
მყარი, კლდე-ტინი...