თურმანაული ომარ
გაზიარება

* * * როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები!.. 

როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები!..
ჩემზე სუფთანი არიან და ჩემზე წმინდანნი;
ჩემზე დიდნი და ამაღლებულნი;
თუ უყვართ ჩემზე მეტად უყვართ,
თუ წუხან, ჩემზე მეტად წუხან,
ფიქრითაც ჩემზე უკეთ ფიქრობენ
და ჩემზე უფრო ჭკვიანურად ამბობენ სათქმელს...
მერე მიდიან, როგორც მოხუც მშობელს, მტოვებენ
არც ერთმა მე არ მიერთგულა,
ჩემი დაუმთავრებელი, ხეიბარი ლექსების გარდა...
მაგრამ ისინიც, ჩემგან თვითონ საპატრონონი,
უკვე გარეთ, სხვის გულებისკენ იყურებიან,
სხვას უღიმიან, სხვას შესტირიან...
არც ერთმა მე არ მიერთგულა,
ვერც ერთმა სრულად ვერ გამიგო გულისტკივილი.

??????