ფიქრი ექიმის მისაღებში
თუ სულ ესა ვარ: მტკივანი გული,
მტკივანი კბილი, ღვიძლი და კუჭი
და თორმეტგოჯა ნაწლავზე წყლული -
მიწამ შემჭამოს მუჭა და მუჭა!
მიწამ დაშალოს სიცოცხლე ჩემი,
თუ სულ ისა ვარ, რაც ვსვი და ვცეცხლე;
მიწამვე ჩანთქას ამ ჩემი ენის
"ოქროს დუმილი" და "სიტყვა ვერცხლის".
მაგრამ...
ხანდახან, ყვავილს რომ ხედავს
ჩემი თვალები, ავსილი ტანჯვით
და რომ ვივიწყებ ჩემს ბეჩავ ცხედარს
არათანაბრად მფეთქავი მაჯით -
ვხვდები, ექიმო, რომ რაღაც სხვაც ვარ
ამ ავადმყოფი სხეულის იქით
და მინდა, ცოტა მაცალოს კიდევ
სიკვდილმა, თუნდაც სიკვდილზე ფიქრი...