თურმანაული ომარ
გაზიარება

ჩვენს გულებს, როგორც ოაზისებს მექარავნენი... 

ჩვენ არაფერი გვეკუთვნის თურმე.
ჩვენს გულებს, როგორც ოაზისებს მექარავნენი,
დღეები ისე აღმოაჩენენ
და მხოლოდ ერთხანს არწყულებენ
თავის ქარავანს
ჩვენი ცრემლით და ჩვენი ღიმილით.
ჩვენ არაფერი გვეკუთვნის თურმე,
არც ძმა,
არც მტერი,
ყველაფერი ამ დღე-ღამეთა საკუთრებაა,
ამ მომთაბარე მექარავნეთა,
ჩვენს გულებში რომ მხოლოდ ერთხანს იდებენ ბინას...
ჩვენს გულებში მხოლოდ ერთხანს იდებენ ბინას
და მერე ჩვენი სასიკვდილო სარეცლებიდან,
როგორც დამშრალი ოაზისიდან,
ვინ იცის, ვისი გულებისაკენ
გაირეკავენ თავის ქარავანს -
მზეს,
ვარსკვლავებს,
სამშობლოს და სხვას...

??????