იაშვილი პაოლო
გაზიარება

ქორწილი 

ტრიოლეტები

1.
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი,
ფირუზის თასი ქარვისფერი ღვინით აივსო;
ნეფემ დედოფალს მიაწოდა ნეფური თასი.
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს ნეფე ძვირფასი.
ტახტის გარშემო ქალწულების გრძნეული დასი
უმღერის მეფეს:- „მოგვილოცავს დღე სამაისო",
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს ნეფე ძვირფასი,
ფირუზის თასი ქარვისფერი ღვინით აივსო.

2.
ანათებს დარბაზს ქალწულების ტანსაცმელები,
ცეცხლისფრად ელავს ლალის ფარჩა და ოქრომკედი,
ვერცხლის სურებში სჩქებს ღვინო და სხვა სასმელები.
ანათებს დარბაზს ქალწულების ტანსაცმელები...
...და დაღალულან დედოფალის თეთრი ხელები,
დედოფლის სახე ფერმკრთალია,ვით ნისლში გედი.
ანათებს დარბაზს ქალწულების ტანსაცმელები,
ცეცხლისფრად ელავს ლალის ფარჩა და ოქრომკედი.

3.
მოსწყინდა ნეფეს ეს ნადიმი და სილამაზე,
სამეფო გზაზე ცისფერ ვარდებს შლიან მხევლები.
დილის სხივებმა გაიხარეს მტერდისფერ ცაზე...
მოსწყინდა ნეფეს ეს ნადიმი და სილამაზე,
ამშვენებს რიჟრაჟს დედოფალის თეთრი სინაზე,
ნეფე დედოფალს ეუბნება ''შემოგევლები''
მოსწყინდა მეფეს ეს ნადიმი და სილამაზე,
დედოფლის ტახტზე ცისფერ ვარდებს შლიან მხევლები.

4.
სეფე დარბაზში მზის სხივების ცეცხლი ანთია;
აღარ არიან თეთრ დარბაზში ტურფა ქალები.
ფერმკრთალ დედოფალს მეფემ მოხსნა ფარჩის მანტია...
სეფე დარბაზში მზის სხივების ცეცხლი ანთია,
მეფის თვალები ორი შავი ბრილიანტია,
ვნებით დედოფალს უღამდება ბნელი თვალები.
სეფე დარბაზში მზის სხივების ცეცხლი ანთია,
აღარ არიან თეთრ დარბაზში ტურფა ქალები.

5.
ისმის დარბაზში მოხარული ხალხის სიმღერა,
ელავს საწოლი,როგორც თეთრი ძვალი სპილოსი.
ნეფის სიყვარულს აციურებს დედოფლის ცქერა.
ისმის დარბაზში მოხარული ხალხის სიმღერა.
ჭაბუკი ნეფე გვირგვინოსან ცოლს მოეფერა,
და იგიც მოსწყდა,ვით ყვავილი ლურჯი ნილოსის...
ისმის დარბაზში მოხარული ხალხის სიმღერა,
ელავს საწოლი,როგორც თეთრი ძვალი სპილოსი.

1915

ქ. ქუთაისი
ოცნების საღამოები

??????