* * * და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს
ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
- ბედი ჰქონდეს, - თქვა შავთვალა ანგელოსმა,
- ბედი ჰქონდეს? ხა... ხა... ხა... ხა... არასოდეს! -
თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა,
ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა...
სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა,
ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს...
ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
იცი თურმე, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
- ბედნიერი იყოს, - უთქვამს ანგელოსსა,
სატანამ თქვა:
- ხა... ხა... ხა... ხა.. არასოდეს!
1945