კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

ეპილოგის სონეტი 

ცხოვრებაც ისე მიინავლა, როგორც სონეტი.
სულ რაღაც ერთი ამოსუნთქვა, თოთხმეტი პწკარი,
მის ბოლო მრჩობლედს ასე სწრაფად არცკი ვგონებდი,
რომ უკვე ღრიჭოდ ღია დამხვდა სულეთის კარი.

თუმც ამას დიდად არც ვინაღვლი, აღარ მაქვს თავი,
კვლავინდებურად ვიბალღამო ცხოვრების დურდო
და თითებსშუა გაბლანდული თეთრი თუ შავი
დღეების ხლართი არიადნას ძაფივით ვბურდო.

მივდივარ ჩემთვის და თან მიმაქვს ცხოვრების შხამი,
დაუნდობლად რომ დამანთხია თავზე სიბერემ,
მდუმარედ ვითმენ ჟამის ჟონვას დღისით თუ ღამით
და რა ვქნა, თუკი ეს ცხოვრება ვერ შევიფერე.

წუთისოფელო, მე გაგიღე ისე, ვით ხარკი,
ზესთასოფელო, თუმც არ ვიცი, საერთოდ, ხარ კი?!

??????