ლობჟანიძე გიორგი
გაზიარება

მეგობრის სახლი 

ჩემს მეგობრებს ისეთი პატარა სახლები აქვთ,
კარებიდან
კუბო ვერ ეტევა....

ისიც, უიმედოდ შეყვარებულიც,
ცხოვრებისაგან ხელნაკრავი
მარტოსულიც,
ორჯერ გავამზადეთ:
ერთხელ _ სახლში,
მეორედ კი სადარბაზოში,
რადგან კარში
მისი სასახლე ვერაფრით გამოვტიეთ...

სიცოცხლეში
ბროლის კოშკი ედგა,
იჯდა და ელოდა,
ჯერ თმა გაუთეთრდა,
მერე სისხლი,
მას კი მაინც უყვარდა,
უყვარდა
მეორე მარტოსული,
რომელმაც
მისი სიკვდილის ამბავი რომ გაიგო,
ცხედრისაკენ კი არ გაეჩქარა,
იქით წავიდა,
სადაც სიცოცხლეში სიგარეტებს უნახავდა ხოლმე
ჩემი გარდაცვლილი, ღარიბი მეგობარი,
ვინც ალბათ ამიტომაც -
და არა სნების გამო -
სიცოცხლის ბოლოს მოიძულა
მუდამ ნასურვები ყავა და სიგარეტი...

რა ღირს პოეზია,
ბროლისკოშკიანო,
პატარასახლიანო
ჩემო მეგობარო? -
მთელი სიცოცხლე
მოლოდინით ამოღამებული,
თეთრი სისხლი,
პატარძლის კაბის ფერი,
რომლის ჩაცმაც არასდრს გეღირსება,
ერთი კოლოფი სიგარეტი -
უჯრაში ჩარჩენილი...

ღმერთო...
სიკვდილო...
სიცოცხლის ანგელოზო...
ჩემს მეგობრებს ისეთი პატარა სახლები აქვთ,
კარებიდან
კუბო ვერ ეტევა...

??????