ლობჟანიძე გიორგი
გაზიარება

ქაღალდის სახლი 

შენ ჩუმად წახვალ...
მე კი დავრჩები _
კლდესავით უტყვი, მშვიდი, პიტალო,
რომ უშენობამ ან დამანგრიოს,
ან შევძლო კაცად გამოვითალო.
დავმშვიდდი...
დავცხრი...
გავწონასწორდი...
ზეცას ვუწვდინე სიცოცხლის კიდე,
ნუ გეშინია, მომიახლოვდი:
მკერდში ყინულის ნატეხი მიდევს.
როცა უეცრად ხელში ჩამეფშვნა
მაგ ძუძუების თეთრი ფიქალი,
ვერ დავაღწიე სიყვარულს თავი
და ვეღარც თავი ვერ მოვიკალი.
რაღაც საოცარ სიზმარში ვდგავარ
მე _ საკუთარი სიზმრის გამცემი _
და ჯოჯოხეთის ცეცხლივით მეკვრის,
სხეულს მიბურღავს ეს ტანსაცმელი.
დაბრუნდი!
გესმის?
მე შემიძლია,
გითხრა, რომ
დღემდე ვცხოვრობდი ფუჭად,
ჩემ შიგნით კვდება რაღაც ლამაზი
და ნაცარშეყრილ თვალივით მხუჭავს.
ასე უეცრად იასამანი იშლება ბაღში _
სწრაფად და ლაღად...
ასე გვტოვებენ...
და უფსკრულივით
ჩავცქერით
გულგრილ,
ცარიელ ქაღალდს;
რომელიც ურცხვად გაგიმეორებს
ძალაგამოცლილს,
შეშლილს
და დაღლილს...
რამდენი ცივი ქარით ზუზუნებს
ეს ცარიელი ქაღალდის სახლი;
რამდენი წვიმა უნდა მიაწყდეს,
როგორც კლდის თავზე არწივის ბუდეს,
რადგან ქვეყანას, გულის მაგივრად,
მკერდში ყინულის ნატეხი უდევს.
და რადგან ხელში უცებ ჩამემსხვრა
მაგ ძუძუების თეთრი ფიქალი,
მეც კლდედ ვიქეცი,
მაგრამ ვერ შევძელ
და დღემდე
თავი ვერ მოვიკალი.

??????