ონიანი ესმა
გაზიარება

ტერენტი გრანელი 

სოფლის ნატვრა ტერენტისთვის სონეტთა თქმაა;
დაქანებულ ვიწრო ქუჩაზე აკაციის დაცვენილი ნამუსრალებით
გახევებული ტილოს ხალათით,
ჯანგისფერ მილში წვიმის ჩუხჩუხა დახურდავებით.
დახარბებული მოფერებას,
გაზაფხულის თბილისის ქუჩებს მარტყო მიჰყვება,
ოთახებიდან გამოსულა უცხო სიცხადე,
უცხო ბუბუნი,
დაბრუებული ვარდისფერად აბაჟურები
(„გიჟი ტერენტი"! - ბავშვების ტაში),
ითესებოდა ღია ფანჯრები იასამნის გადალურჯებით,
გალობასავით ლაზარეთიდან ის გამოსცემს თავის გოდებას
და არ არსებობს სხვათა სიტყვებში უფრო ნამდვილი, უფრო
შემძვრელი.
უფრო დიდი სხვა შეკონება,
"დაო ზოზია", - იწვის სინაზით, სიცხიანის „დაო ზოზია",
და ამ სიცხიან შეცხადებასთან ყველაფერი მოგონილი, უსიცოცხლო
დანაზოგია!
კლარა ცეტკინზე აკაციის ცვენაა;
შაქრო ბიძია მწვანე ჩაჩით არ ჩანს სარკმელთან, -
მიაცილებს მას მსუქანი ანგელოზი -
რაც უნდა იყოს, უცხო გზებია, უცხო ზენაა.
მზე დაიშალა რიკულებში,
მოფარდაგული ტახტი ბოთლა-ბერილ ფეხებით;
"მუთაქების", „განჯინების", „ჩამიჩების", მზიანი ჯადო,
"ძველი ნისია", ჩემი სიღრმის ავგაროზია;
თეთრ-მოყვითალოდ ქერის პურზე გადასმული კარაქის სისქე,
ალბათ ამფერი გაროზი ჰქონდა იმის ზოზიას.

ჩემს ოთახში როცა მზე ჩადის,
როცა ჩვენები - დედა, მამა, და ჩემი და იქით არიან, -
დედა ქსოვს, მამას ისევ აკაკი
დროდადრო კანკალშერეული ხელით უჭირავს,
ჩემს ოთახში იატაკზე აბრიალდება ერთი ბილიკი,
კომშისფრად ღუის,
ღამე მშვიდობის, ღამე მშვიდობის!
მზე მიდის შინა.

??????