რატიანი ზვიად
გაზიარება

გზები და დღეები 

"მრავალნაირი ფიქრები ერთად, რეულად, გონების თვალწინ",
ილია ჭავჭავაძე, "მგზავრის წერილები", 1861.


I
(მარტი, 2003)

თითქმის ყოველდღე სხვადასხვაგან. და ეს რაღაცით
კიდეც მოგწონდა. გათოშილი, ზოგჯერ მშიერიც,
ფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი თუნდაც ქაღალდზე
კვალს დატოვებდა. რაც არ მოხდა. სამაგიეროდ
სხვაგანყოფნები თავს გახვევენ ახალ თვისებებს:
ძალის მუდმივი მოჭარბება-გამოცლა. შვილის
ან ცოლის ხმები სიჩუმიდან, როცა ისვენებ.
გახშირებული დეჟავიუ. საერთოდ, ხშირი
და უმიზეზო მოწყენები. და ეს შეგრძნებაც:
თითქოს რაღაც გავიწყდება, რაღაც მთავარი,
და განცდა, თითქმის ფიზიკური, როგორ გეძლევა
შესაძლებლობა - იყო უცხო, გქონდეს მრავალი
სახე, სახელი. იყო უცხო არა სხვათათვის,
- მათთვის ისედაც უცნობი ხარ, - არამედ შენთვის.
იყო ერთერთი შენთაგანი, რომელიც შედის
ახალ ქალაქში. გზას კითხულობს. ხიდზე გადადის.


II
(ზაფხული, 2004)

მოგზაურობა სამშობლოში. წელი - მესამე.
მიზეზი - საქმე, სამსახური. შედეგი - ფული.
არ არის კარგი, როცა ლექსი ითხოვს შესავალს,
რომლის გარეშე, გეჩვენება, იქნება რთული
მისი გაგება. როცა გიწევს იმის მტკიცება,
რომ მართლა ხშირად გიხდებოდა, წლების მანძილზე,
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გამოღვიძება,
სასტუმროებში, ოჯახებში; რამაც არც ისე
ბევრი შეგძინა, და პირიქით: როცა იღვიძებ,
ვეღარც იხსენებ, სად იღვიძებ. უკვე გერევა
დროებიც: გუშინ გაიღვიძე მამლის ყივილზე,
გუშინწინ - ზღვასთან. ან პირიქით. ბედნიერება,
- აი, რა უნდა მოგეთხოვა ამ აწეწილი
და სხვანაირი წლებისაგან, შენ კი დახარბდი
წვრილმან ტკივილებს! და ნერვები, წლები შეწირე
ამ უაზრობას: გყვარებოდა, რასაც ნახავდი...


III
(12 აგვისტო, 2003)

ეს ქვეყანა ხშირად გაძლევს შესაძლებლობას
გიყვარდეს იგი. იშვიათად - კიდეც სარგებლობ.
განსაკუთრებით - თუ გზაში ხარ, გზა კი ეფლობა
ზაფხულის მთებში, იკლაკნება. "ჩემო კარგებო,
მე თქვენ მიყვარხართ", გინდა უთხრა გზისპირა სოფელს
და სოფლის თავზე დროშასავით გაკიდულ ძერას.
და ტყიან ფერდობს, საიდანაც ეს ძერა მოფრენს.
და ცას, მთებშორის ჩამოწოლილს, რომელსაც სერავს.
ბალახს, რომელსაც მალე მსხვერპლის ბუმბულით მოფენს
და მსხვერპლს, რომელსაც გულდასმით ზვერავს.
ძაღლი კი გიყეფს. ყეფა-ყეფით აწყდება ღობეს.
სოფლელი გოგო შენს მანქანას აყოლებს მზერას.
შენ კი რას უზამ ამ სიხარულს, გულში გალღობილს?
ტკივილი იყოს - აჯობებდა, რამეს დაწერდი.
მაგრამ რას დაწერ სიხარულზე, როცა არცერთი,
არც სიყვარული, და არც ნიჭი, არ გაქვს სამყოფი?


IV
(2001)

სხვამ შენზე უკეთ იცის ტრასა. სადაც გადავა
წასახემსებლად, ის დუქანი, ჩათვალე, არის
საუკეთესო. კარგად იცის ყოველი მხარის
ულამაზესი ადგილებიც - მოსაშარდავად.
შენ რა ისწავლე? რამდენიმე ლამაზი ხე და
რამდენიმე სასაფლაო, მყუდროდ ჩაფლული
მაღალ ბალახში. და ბავშვეი, რომლებიც სხედან
ლიანდაგებზე. და ზამთრის ზღვა, ცივი დგაფუნი
მისი ტალღების. სურათები. სავარაუდოდ -
უნაყოფო სურათები. ბერწები. გინდაც
მთელი ცხოვრება აკოწიწო, გვერდით დაუდო
ერთი მეორეს თითეული შესაძლო მხრიდან
მათგან სამშობლოს ვერ აკინძავ. სხვამ კი, შეხედე,
ტრასაც ისწავლა, და სამშობლოც. ჰოდა გიამბოს,
რომელ გზისპირა რესტორანში უნდა შეხვიდე,
რომ მწვადი, გარდა ცვრიანისა, იყოს იაფიც.


V
("არგო", მალთაყვა. ნოემბერი, 2001)

საპნის გარეშე და ცივი წყლით, გამთენიისას,
სასტუმროს დაბალ ხელსაბანში ირეცხავ წინდებს.
ღამით ხომ წვიმდა, რა იქნება, დღისითაც წვიმდეს,
რომ არ იფიქრო სადმე წასვლა, გვერდით მიისვა
ეს მხიარული რუს-ქართველა დამლაგებელი,
ერთად დალევდით (შენ ეს გიყვარს; თანაც გაცივდი)
და გაცინებდა ცხოვრებაზე. სხვა სარგებელი
მისგან არ არის, ბებერია. როცა დაცლიდით,
ის გაიტანდა ბოთლს და ჭიქებს, თევზის კონსერვის
სუნიან ქილას და საფერფლეს, სავსეს ნამწვებით,
და კარს სასწრაფოდ ჩაკეტავდი, თუმცა მომსვლელი
არავინაა. და გახდილი, ვიდრე დაწვები,
დაინახავდი შემშრალ წინდებს, მილზე გაფენილს,
და შენს გაწმენდილ ფეხსაცმელებს. გაიფიქრებდი,
რომ მისთვის ის ხარ, რაც იყავი, ხარ და იქნები,
შენთვის კი - ერთი შენთაგანი, სხვა არაფერი.


VI
(მრავალძალი, რაჭა. ივნისი, 2002)

ახლა მოგცა მეგობარი. ნაცნობი. ახლა,
ამ ძველ ტაძარში. როცა თითო სანთელს დაუნთებთ
ორიოდ წმინდანს და ღვთისშობელს, და როცა გახვალთ,
დასხდეთ და ერთი გულიანად გარათქმაუნდეთ.
წამოსულები, როცა თბილი ჩრდილით შებურვილს
ჩამოივლიდით დაღმართებს და უკვე ქვემოდან
ტაძარს ერთხელაც ახედავდით, ის იქნეოდა
ქათქათა ლაქა სიმწვანეში. "შორისდებული,
პეიზაჟიდან აღმომხდარი", - ან რაღაც ასეთს
ეტყოდი ალბათ იმ მეგობარს, შენსავით დაღლილს;
მაგრამ მარტო ხარ, და მოსწრებულ სიტყვებს და ფრაზებს
ვერ შეაშველებ შენს ურწმუნო წიაღში ჩაღვრილ
უეცარ სითბოს. შეჩერდები, ზედიზედ მოწევ
სამ-ოთხ სიგარეტს, დაბნეული, გულდაწყვეტილი -
რომ ახლა არ გყავს ხმისგამცემი, უბრალოდ, მოწმე;
ახლა, როდესაც ლამაზი ხარ. მშვიდი. კეთილი.


VII
(თებერვალი, 2003)

თითქმის ყოველდღე სხვადასხვაგან. ეშვები მთიდან
ქალაქში, სადაც არასოდეს ყოფოლხარ; ხოლო
თავად ქალაქი სხვებისაგან, ცხადია, დიდად
არ განსხვავდება. ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობ,
ყველა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს. ერთნაირია
ცენტრალური შენობები: სადგური, ფოსტა,
სასტუმრო, ბანკის ფილიალი, კინო, მერია;
სახლი ჰგავს სახლს და, მითუმეტეს, ბოსტანი - ბოსტანს.
ყველგან ქალაქში გ.ტაბიძის და 9 აპრილის,
თამარ მეფის და რუსთაველის ქუჩები. ყველგან
თითო მდინარე ნაგვიანი, ბნელი ნაპირით
და უცნობი მოქალაქე, რომელიც ხელკავს
გამოგდებს, როგორც მეგობარი, და დაგანახებს
მთაზე შერჩენილ ციხის ნანგრევს, და საიდუმლოდ
გიმხელს, რომ სადღაც იქვე არის, წესით, სამარხი
თამარ მეფისა. ბოლოს მისგან ჭაჭას ყიდულობ.


VIII
(22 მაისი, 2003)

მოიმიზეზე ცუდადყოფნა, მაინც არ გინდა
საჭესთან ჯდომა. სხვა მიუშვი. შენ კი უკანა
სავარძელზე გადაწექი. მძღოლის სარკიდან
არ გამოჩნდეს შენი სახე. და არც სლუკუნი
არ აგივარდეს. თუ იტირებ, ეცადე, უხმოდ.
ცრემლიც, როგორც კი წამოგივა, მაჯით მაშინვე
ჩამოიწმინდე. მეგობარი, გადმოგცეს, წუხელ
თუ გაატანდა, არც ეგონათ. როგორ გაშინებს
ამაზე ფიქრი. სამი დღის წინ, თუმცა წვალებით
და თუმცა შენი დახმარებით, მაინც თავისი
ფეხით მივიდა პალატამდე. დაწვა. თვალებით
რაღაც განიშნა. ვერ მიუხვდი. ახლა არ იცი -
თუ მაინც კვდება, რა ჯობია, ჩაუსწრო ცოცხალს
და სამუდამოდ ჩაგებეჭდოს მისი ხროტინი,
თუ ყველაფერი მანამ მოხდეს, ვიდრე შენ შორს ხარ?
მაგრამ ეს უფრო საშიშია... ზარის ლოდინი...


IX
(2002)

თუ ერთხელ მაინც ჩაგივლია უცნობი სოფლის
ბირჟასთან, სადაც ჩამომსხდარან ყველა ასაკის
უსაქმურები; თუ გიგრძვნია სიცივე ოფლის,
როცა ისინი, თითქოს შენში რაღაც გასაკვირს,
რაღაც უცნაურს ხედავენო, თითქმის მუქარით
შემოგყურებენ. მიდიხარ და, როცა ჩაუვლი,
აღარც კი იცი, რა ჯობია - ფეხს აუჩქარო
თუ შეჩერდე და მიესალმო? დანაშაული
არ მიგიძღვის მათ წინაშე, მაინც იბნევი -
თითქოს წაგასწრეს რაღაც ბინძურ, რაღაც იშვიათ
სისაძაგლეზე. ხომ არსებობს შიში სიბნელის,
დახშული სივრცის ან სიმაღლის, - ესეც შიშია:
შიში უცხო და მტრულ მზერაში მხოლოდ საკუთარ
თავად დარჩენის. მხოლოდ იმად, რაც ჩანს გარედან.
და მკერდში სუნთქვას ისე მალავ, როგორც ნაქურდალს,
ვიდრე გააღწევ მათი მტრული მზერის არედან.


X
("ელ-ბაკური", ბათუმი. 2005)

ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო - ღამით.
მითუფრო - როცა სხვაგანაა. სხვაგან და მარტო.
როცა ვერავინ ანუგეშებს სიტყვით ან წამლით.
გდია სასტუმროს ბნელ ნომერში. საბანი, პალტო,
თუკი რამ იყო, წაიფარა. მაინც აციებს.
და ბოთლშიც წყალი ცოტავდება, საცაა, დაცლის.
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. თანაც კაცია.
კაცი ასეთ დროს გაცილებით სუსტია. კაცი
გაცილებით ძნელად უძლებს ფიზიკურ ამბებს,
როცა მარტოა. როცა გვერდით არ არის იგი,
- დედა, და, ცოლი, საყვარელი, - რომელიც დარბის
ცალ ხელში წამლით, მეორეში - წყლიანი ჭიქით.
და სულ გახსოვდეს ის სიმწარე, როგორ იმატა
სიკვდილის შიშმა. აქ სიკვდილის. უკვე ხედავდი,
რა საწყლად ეგდო თეთრ ზეწარზე შენი ცხედარი;
და როგორ შეგრცხვა ამ ყველაფრის, როცა ინათა.


XI
(თებერვალი, 2004)

ერთი სამწვადეს დასტრიალებს, მეორე - კოცონს.
მესამე პირველს და მეორეს რჩევებს ურიგებს.
შენ კი სასმელი მოგეკიდა - და უკვე მოგწონს,
რომ გაუჩერდი ამ პატარა, სოფლელ ხულიგნებს
და იმეორებ უეშმაკო, სევდიან, მოკლე
სადღეგრძელოებს. წამოდექი, როცა დალიეს
შესანდობარი ძმაკაცისა, რომელიც მოკლეს
და რომლის ხელით შეკეთებულ ბოლო ტარიანს,
როგორც უწმინდეს რელიქვიას, ინახავს საძმო...
შემდეგ ბიჭები ახსენებენ თბილისელ ბრატებს
და ძლიერ უკვირთ, როცა ვერცერთ საერთო ნაცნობს
ვერ გიძებნიან. რაც, ცხადია, ვერაფრით გმატებს
ღირსებას, წონას. კიდევ კარგი, დროულად ხვდები,
რომ აქ დარჩენა სარისკოა. ვიდრე ისინი
მიხვდებიან, რას აკეთებ, უეცრად ხტები
შენს მანქანაში, და გარბიხარ; და თან იცინი.


XII
("zelimhan'z gesT haus", ქუთაისი. 2003)

ისევ სასტუმროს სასადილო, და ისევ - ღამით.
ჩაის აყოლებ გაციებულ, უგემურ ლუკმებს.
დღესაც ბოლო ხარ, ვინც აქ ვახშმობს: ოთხ-ოთხი სკამი
მრგვალ მაგიდებზე თავდაყირა აწყვია უკვე.
გვერდით ნომერში ცხოვრობს ფრანგი. ის აქ მოვიდა
ორიოდ დღის წინ. საეჭვოა, რომ მან ქართული
იცოდეს; თუმცა, როგორც წუხელ, მისი ნომრიდან
ტელევიზორის ხმა გამოდის - ისევ ჩართული
რომელიღაც ქართულ არხზე: ვიღაც გაჰყვირის,
რომ საზღვარი გადმოლახეს მეზობელი ქვეყნის ჯარებმა,
რასაც მივიჩნევთ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად
და ასე შემდეგ... შენ კი უკვე ზიხარ, დახრილი
დაბალ, უხერხულ მაგიდასთან, და ცდილობ წერას.
იგონებ სტრიქონს და წარმოთქვამ: ხან ნელა, მარცვლით,
ხან - სხაპასხუპით; ხან კი ხმოვნებს ზედმეტად წელავ
და ასე შემდეგ - ვიდრე სიტყვებს აზრისგან დაცლი.

 

XIII
(საველე სიზმარი. 2002)

"აეროპორტში დაგხვდებიან. თვითონ გიცნობენ.
დაბინავება, საბუთები - მათი საქმეა.
შენ ერთადერთი გევალება: ხელის დაქნევა
წარსულისათვის; ისე სწრაფად, როგორც იძრობენ
ცეცხლში გახვეულ ტანისამოსს. მშვიდად იბრუნე,
უთხარი შენს სისხლს. გულს უთხარი, აღარ ინატროს.
თვალებს უთხარი, არ გახედონ ილუმინატორს.
სხეულს არ უთხრა არაფერი, ისეც მიბმული
იქნება მაღალ სავარძელზე"... საფრენი ზოლი
და ყველაფერი, რასაც ხედავ, ციმციმებს, ბზინავს.
შენ მოითავე საქმეები და ახლა გძინავს.
ხმა კი განაგრძობს: "ვინც გიყვარდა, შვილები, ცოლი
და ყველა, ყველა დაივიწყე! შენში ისხმება
ახალი სისხლი; და სხვა მიწა, ენა, კერძები
გელიან, რათა გემსახურონ"... რაღაც იმსხვევა
და გეღვიძება უეცარი ვარდნის შეგრძნებით.

??????