არშემდგარი ანგელოზები
სხვისი ვალია,
ვერ ვითავხედე,
ვერ დავწექი,
ვერ ვიმოძრავე!
საკუთარ სხეულს უანგაროდ გავუნაწილებ
მილიონობით პირდაბჩენილ
მშიერ მასივებს.
ვინ სთქვა არ მიყვარს შენი მტრები,
რაღას იტყვიან,
გრძელი ენებით მიკაფავენ
დიდების გამზირს,
მე მიყვარს ფარა დაბნეული,
მიყვარს ბიბლია
და ყველა ჩიტი მგალობელი
თავზე რომ მაზის.
იქ სადაც გზები ვერ ითვლიან
ცეკვის სიმრავლეს,
სადაც სურვილის სამრეკლოზე
შეჰკრავენ სუნთქვას,
დაიმახსოვრე, ამ ფეხებმა
იქ გაიარეს -
იქ ჩაიდინეს ყველაფერი,
რაც კი რამ სურდათ!
ვინ გაიძულებს რომ იცეკვო
ესე სიმღერა?
ვინ დაგაბრალა სიყვარულით
მძიმე სიტყვები,
მკერდგაფატრული ლოგინები
ჩვენთვის იბრძვიან!
ჩვენთვის კვდებიან
არშემდგარი ანგელოზები!..