ყვავილი კენჭიდან
ფოსფორი და ათინათი გადასდიოდეს
ნაოჭებიან ზედაპირზე,
გულის ფორმა მაინც ჰქონდეს -
ტკბილეულის ჭურჭელად რომ გამოდგება,
ან პირდაპირ - გასათლელ ვაშლად.
არც ნათლობა იორდანის წყლებით
და არც მედინას ცეცხლი -
მკერდის ზემოთ არ აღწევს.
"ირმის ნახტომიდან" - მტვრის ნამცეცამდე
ყველაფერი ელავს, კრიალებს.
"გონება" კი უცნაური, შავი ბუდეა.
თვალი რომ ახლოს მიიტანო,
ყური დაუგდო, შეიძლება რაღაც ურჩხულმა
გამოგტაცოს ფერებიც, სმენაც.
ახლა კიდევ ისე ფეთქავს -
უვნებელად, აქეთ შეგრცხვება -
ასე უშნოს თვალს რომ არიდებ.
შენი იმედი - სასაცილოა.
ეს იმას ჰგავს, კენჭიდან რომ
ცდილობ, ყვავილი გამოიტყუო.
რომც იჯადოქრო, მოახერხო -
რას გამოიტან - გვირგვინზე ღერომოხვეული,
მოკუნტული ნიჟარის გარდა,
გადატყავებულ ფურცლებით და
მყიფე ყუნწით, - სინანულით რომ გედება
ხელისგულზე ჯადოქრობის აღარმოსურნეს.
ყვავილები შემოგცინიან -
გარშემო - მინიბაზრებიდან,
გზისპირებიდან - ღონიერი, საღი ფერებით.
გაუცინე. გაუცინე. გზა გააგრძელე.
სამიზნემდე იქნებ ეგ შუბლი - დანაღმული -
დრომ და სივრცემ ვერც შეგამჩნიოს.