*ბიოგრაფია (გ.ე)
ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი დაიბადა 1851 წლის 16 ივნისს, გორში. მამა – რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილი (თარხან–მოურავი) ეკუთვნოდა ლიბერალურ თავადაზნაურობას, დამთავრებული ჰქონდა პირველი გიმნაზია. იყო სასამართლოს მდივანი, შემდეგ – ვექილი. დედა – სოფიო ვახტანგის ასული ბაგრატიონი დავითაშვილისა, კეთილშობილი და განათლებული ქალი, ადრე გარდაიცვალა. ეკატერინე მაშინ ხუთი წლისა იყო. ობლების – ეკატერინესა და უმცროსი ძმის სოსიკოს აღზრდა ბებიამ (დედის მხრიდან) ბარბარემ იტვირთა, რომელიც მეტად მძიმე და ანჩხლი ხასიათის ქალი ყოფილა. ამის გამო იგი ოჯახში მეტად დაძაბულ სიტუაციას ქმნიდა, წინააღმდეგი იყო ქალის ფართო განათლებისა და უნდოდა ეკატერინესთვის მხოლოდ წერა–კითხვა და დიასახლისობა ესწავლებინა, მაგრამ მამა არ შეეპუა და 7 წლის ეკატერინე მიაბარეს ქ. გორში პოლკოვნიკ ფავლენიშვილის ქვრივს – მაიკოს, რომელსაც საკმარისი განათლება არ ჰქონდა და ეკატერინეს ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ წერა–კითხვა და რამდენიმე ლოცვა შეასწავლა. 1859 წ. ეკატერინე თბილისში ჩამოიყვანეს და ჯერ გერმანულ სკოლაში მიაბარეს, შემდეგ 12 წლისა გადაიყვანეს მადამ ფავრის ცნობილ პანსიონში, სადაც მიიღო საშუალო განათლება. აქ ქართულს ასწავლიდნენ ალექსანდრე ცაგარელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.
1868 წ. ეკ. გაბაშვილი დაბრუნდა გორში. უსახსრობისა და საზღვარგარეთ გაძნელებული გამგზავრებისთვის საჭირო შესაძლებლობის უქონლობის გამო მან უმაღლესი განათლება ვერ მიიღო, მაგრამ ეწეოდა თვითგანათლებას. გაეცნო რუსულ და უცხოურ ლიტერატურას, სოციოლოგიას. 17 წლის ეკატერინემ მასწავლებლობა დაიწყო – ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა–კითხვას. აქვე დაწერა მოთხრობა “სოფლის მასწავლებელი”.
1871 წ. გადმოსახლდა თბილისში, მისთხოვდა ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაშვილს. თბილისში ეკ. გაბაშვილი დაუახლოვდა ქართული მწერლობის მოწინავე წარმომადგენლებს: ილიას, ვაჟას, აკაკის.
1895 წ. თბილისში თავის სახლში მან მოაწყო ქალთა ხელსაქმის (ჭრა–კერვის) ხუთწლიანი სკოლა, რომელსაც 15 წელი ხელმძღვანელობდა. სკოლა საქველმოქმედო შეწირულობით არსებობდა და ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო საგნებსაც.
ეკ. გაბაშვილს 11 შვილი ჰყავდა – 7 ვაჟი და 4 ქალი. იგი მათ აღზრდას შესანიშნავად ართმევდა თავს.
პირველი ნაწარმოები “გლეხკაცის აზრი სასოფლო სკოლაზე” ეკატერინემ 1870 წ. გაზეთ “დროებაში” გამოაქვეყნა. 1911 წ. ქართულ თეატრში დაბადებიდან 60 წლის იუბილე გადაუხადეს. ეკატერინე აკაკიმ გამოიყვანა ხალხის წინაშე. ბავშვების პატარა გუნდი ყვავილებს უფენდა ფიანდაზად. აკაკიმ ისაუბრა მოკლედ ეკატერინეს ნაღვაწის შესახებ, ხოლო შემდეგ მდაბლად ეამბორა ხელზე… “ქართველი ხალხის წინაშე იდგა ორი ადამიანი, ორი სიამაყე ქართველი ერისა… უფროსი – დიდებული მგოსანი აკაკი და უმცროსი – დიდებული მწერალი – ეკატერინე გაბაშვილი”.
ეკ. გაბაშვილის პოპულარობას ხელი შეუწყო საბავშვო ჟანრის შემოქმედებამ, რომელიც გამთბარია ბავშვების უზომო სიყვარულით. მოთხრობებში მას მრავალი აღმზრდელობითი ამოცანა აქვს დასმული და გადაჭრილი. მის სახელთანაა დაკავშირებული ერთი მეტად მნიშვნელოვანი და რთული ლიტერატურული ჟანრის მცირე მოთხრობის ანუ ნოველის დამკვიდრება ქართულ მწერლობაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია “ოჯახის ბურჯი”, “თინას ლეკური”, “გამარჯვებული ნიკო”, “მაგდანას ლურჯა”, “ღვინია გადაიჩეხა”, “თამარის ნუგეში”, “მეურმის ფიქრები” და სხვ. გამოიცა ეკ. გაბაშვილის 9 კრებული, საბავშვო მოთხრობები (1952) და ორტომეული – 1953 წ., რომელშიც სამოცამდე მოთხრობაა შეტანილი.
ეკატერინე გაბაშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 7 აგვისტოს კასპის რ–ნის სოფ. ახალქალაქში. დასაფლავებული იყო ვაკის სასაფლაოზე, შემდეგ ნეშტი გადაასვენეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.