* * * ასე იპარება შენგან მეგობარი
სახე უგრძელდება მდინარესავით,
კარგავს ნაკვთებს,
აღარ იცი, სად ჩასძახო რამე...
ხვალე მოვალო.
სამ ბავშვს სასწრაფოდ ლექსებით ამოჩურთავ
და სტუმართან მოქცევის წესებით.
სიმღერებით მოუმინანქრებ დამჯერე ენებს.
ესენი ხვალ არ შეგარცხვენენ.
მხოლოდ მეოთხეს ახველებს ისტერიულად.
მისი ყელი ვერ ხვდება, რა საჭიროა
ხავერდის ეს უნიჭო ისტერია
და საზარელ ბგერებს ისვრის და გაცოფებს.
თურმე ვერასდროს დაიბრუნებ მეგობარს,
რომლის კისერზეც,
თავის ნაცვლად გრძელი მდინარეა გაწოლილი.
მთელი დღე ელოდი და არ მოვიდა.
კიდევ კარგი,
თორემ ან კარებში როგორ შემოატევდი,
ან გამარჯობას როგორ ეტყოდი,
როცა სახე არ იცი სადა აქვს,
რომ ჩახედო...