სარიშვილი მაია
გაზიარება

მწვანე პალტო 

19 დეკემბერი. პარასკევი.

დღესაც ჩავედი სარდაფში დედასთან. ისევ მწვანე პალტო ეცვა - ოდნავ ცივი და ჩხვლეტია. არ გვისაუბრია. მხოლოდ დავენახე და სასწრაფოდ სასადილოში დავბრუნდი. მგონი არავის შევუმჩნევივარ. ბავშვებისათვის უკვე დესერტი მოეტანათ. ჩემი გაციებული წვნიანიდან კარტოფილები ამოვჭამე, კატლეტები ინას აუღია და მხოლოდ წიწიბურა მედგა წინ. ვერ ვიტან ინას. ვაშლი ჩემს ოთახში ამოვიტანე. მერე შევჭამ.
ამ კვირაში უკვე მეცხრედ ვნახე დედა და არავის ვეუბნები. აქ ყველანი უდედოები არიან. გული დაწყდებათ. ჩვენს ჯგუფში მხოლოდ სამ ბავშვს აკითხავს დედა. ერთთან მამა მოდის და ორთან ბებია. ესენი ძალიან იშვიათად თუ გამოჩნდებიან ხოლმე. დედაჩემი კი ჩვენს სარდაფში ცხოვრობს უკვე მთელი კვირაა და არავის ვეუბნები. დედა მაღალია, ცივ, მწვანე პალტოზე რაღაცეები უბრჭყვინავს. სიბნელეში კარგად ვერ ვარჩევ. მე და ზურა რომ ჩაგვაგზავნეს მუყაოს ცარიელი ყუთების ამოსატანად, მაშინ დავინახე პირველად. გავოგნდი. ზურამ კი სიბნელეში კარგად ვერ გაარჩია და «ნახე, ბიჭო, ნაძვის ხესაც აქ ინახავენ თურმეო" - მითხრა. არ მითქვამს, დედაჩემია-მეთქი. უბედნიერესი ავედი ზემოთ და მას შემდეგ, როცა კი საშუალება მაქვს, სულ აქეთ გამოვრბივარ.

შაბათი. 20 დეკემბერი

დილით, ტელევიზორში ჩვენი ბავშვთა სახლი აჩვენეს. მასწავლებლები ჩხუბობდნენ: »ცუდად დამთავრდება ეს ამბავიო». სასადილოც აჩვენეს. ეზოც. მე არ გამოვჩენილვარ, ზურა _ კი. ახლა უნდა წავიდე, მეძახიან...
დავბრუნდი. ინა ტიროდა ისევ. ჩემზე უთქვამს, მუშტი მომარტყა მუცელშიო. ვიდრე ვისადილებდით, მანამდე მოვარტყი და ახლა გაახსენდა! ვერ ვიტან ამ გოგოს. ბავშვები ამბობენ, უნდა იშვილონო და ძალიან მიხარია. წაათრიონ ერთი აქედან!

კვირა. 21 დეკემბერი

ცოტა ხნის წინ ხათუნა დირექტორი კიბეებზე წაიქცა. ძალიან მსუქანია და ისე აყირავდა, სიცილით მოვკვდი. უქაღალდო კანფეტი დაუგდია ვიღაცას ძირს და იმაზე ამიცურდა ფეხიო. არაფერი ტკენია. ააყენეს და იქვე, უახლოეს ოთახში, მგონი ბექა ქისტაურის ლოგინზე მიაწვინეს. შეეშინდა და წვეთებს ასმევდნენ. ნეტა დამინახა, რომ ვიცინოდი? ჩემთვის არავის ეცალა და ისევ სარდაფში ჩავედი დედასთან.

ორშაბათი. 22 დეკემბერი

დილით რომ რაღაც დავწერე, ის ფურცელი ამოვხიე და ახლა თავიდან ვწერ, მაგრამ იმ საიდუმლოზე აღარაფერს ვიტყვი. უბრალოდ, რაღაც გადავწყვიტე და ვნახოთ!
ღამეა. ყველამ დაიძინა. ოთახში მყრალი სუნი დგას. მგონი დათოს მალამოსი. კისერი გაუშეშდა და დღეში რამდენჯერმე უზელენ. აუტანელი სუნი აქვს. ალბათ ამის გამო არ მეძინება. ან იმ საიდუმლოს გამო, დილით რომ დავწერე და მერე რომ დავხიე.

სამშაბათი. 23 დეკემბერი

სადილად ალუბლის კომპოტი გვქონდა. ზურამ გამოაცხადა, ხელი აიწიოს, ვინც პირველად სვამს ალუბლის კომპოტსო და ნიკოლოზის გარდა ყველამ ხელი ავიწიეთ. ნიკოლოზი ახლახანს მოიყვანეს ჩვენთან. მშობლები ავარიაში დაეხოცა და დროებით არის აქ. მერე მამიდა ჩამოუვა რუსეთიდან და ის წაიყვანს. ნიკოლოზი ყველაზე ბედნიერი ბავშვია ჩვენთან. ცხრა წლამდე მშობლებთან ცხოვრობდა. ერთად იყვნენ ამდენი ხანი. და მასწავლებლები მაინც ყველაზე მეტ ყურადღებას მას აქცევენ. ახალი რომაა, ეტყობა იმიტომ.
რამდენიმე დღეში ახალი წელია. ხვალ ზოოპარკში მივდივართ და მაგარი რაღაცეები მოხდება. ნეტა გამომივიდეს!
ხო, სულ დამავიწყდა: ალუბლის კომპოტით სავსე ჭიქა ნიკოლოზმა კედელს ესროლა და ყველას გულები დაგვიხეთქა. მასწავლებლებმა ესეც აპატიეს და ცოტათი მწყინს, მაგრამ ახლა სულ სხვა რამეზე ვფიქრობ. ხვალინდელ დღეზე.

ოთხშაბათი. 24 დეკემბერი

ზოოპარკში ვერ წაგვიყვანეს. წვიმდა და მერე ეს წვიმა თოვაში გადაიზარდა. ოთახებში ვსხედვართ. საახალწლო ზეიმის რეპეტიციაც არ ჩაგვტარებია. ვხატე, ტელევიზორს ვუყურე და ზურასთან წამომცდა, რაღაც საიდუმლო გეგმა მაქვს-მეთქი. ცუდი დღეა.

ხუთშაბათი. 25 დეკემბერი

ისევ ვერ წავედით ზოოპარკში, მაგრამ რომელიღაც სკოლის მოსწავლეები მოვიდნენ და კონცერტი ჩაგვიტარეს. დიდხანს დარჩნენ. ტელევიზია არ ყოფილა. ერთ-ერთ გოგოს ძალიან გრძელი თმა ჰქონდა - მოყვითალო და ბრჭყვიალა. ჩვენი გოგოები სულ იმას უყურებდნენ. ძალიან ლამაზი იყო. შინდისფერი კაბა ეცვა და პრიალა ფეხსაცმელები. მშობლებიანი ბავშვები სულ ცალკე იდგნენ, ახლოს არ მოდიოდნენ და ჩვენც ვერ მივდიოდით მათთან. ძალით გვათამაშეს რაღაცეები ერთად. საჩუქრები გადმოგვცეს და წავიდნენ. მე არ მიყვარს ასეთი ბავშვების ჩვენთან მოყვანა. ჯერ მიხარია, როცა ვუყურებ, მაგრამ რომ მიდიან, ცუდ ხასიათზე ვდგები. ახლაც ცუდ ხასიათზე ვარ.

პარასკევი. 26 დეკემბერი

დათოს კისერი მოურჩა და საზარელი სუნისგანაც დავისვენეთ. გოგოებმა დღეს რაღაც სულელური ბარათები დაუმზადეს მასწავლებლებს. ზაფხულში ეკატერინეს ყვავილები ჩაუწყვია წიგნებში და ეს გამხმარი ყვავილები დააკრეს ბარათებზე. ნუცა ამტკიცებდა, ამათ გველის ყვავილები ჰქვიათ და არ შეიძლება ჩუქება, უბედურებას ნიDშნავსო. ბედნიერებასაც რომ ნიშნავდეს, რა შუაშია ახალ წელთან ეს უშნოდ გამხმარი ყვითელი ყვავილები?
დედა დღესაც ვნახე. არაფერი მომიყოლია მისთვის. ამ ბოლო დროს სულ ჩუმად ვუზივარ გვერდით და ისიც არაფერს მეკითხება.

შაბათი. 27 დეკემბერი

ვერავინ წარმოიდგენს, სადა ვწერ ახლა ამ დღიურს. სტადიონზე! სკამები დათოვლილია, ვერ ვჯდები და ფეხზე დამდგარი ვწერ. ზოოპარკიდან როგორღაც გამოვიპარე. აი, ეს იყო ჩემი საიდუმლო გეგმა. დღესვე მივბრუნდები უკან. მერე რას მეტყვიან, არ ვიცი. ახლა კი საოცრად ბედნიერი ვარ. არავინაა. მხოლოდ მე ერთი ვდგავარ ამხელა დათოვლილ სტადიონზე. ჯერ მოედანზე ვირბინე, მერე ზემოთ ამოვედი. ზურაც რომ აქ იყოს, გაგიჟდებოდა.
უკვე დავბრუნდი. აქ დღეს არაფერი მითხრეს, მაგრამ მგონი ასე ადვილად არ მაპატიებენ. დავიღალე და ხვალ მოვყვები, რაც დღეს მოხდა.

კვირა. 28 დეკემბერი

სტადიონიდან გამოსულმა ბევრი ვიარე. ერთ-ერთი ეზოდან ყვირილის ხმა გამოდიოდა. ათამდე ბავშვი რაღაცას თამაშობდა. ულამაზესი ეზო იყო. მგონი დიდხანს ვიდექი. მერე ეზოში ბატი-ბუტის გამყიდველი შემოვიდა და ბავშვებმა თავისიანებს დაუწყეს ძახილი, რომ ხურდა ფული ჩამოეყარათ. მომეჩვენა, რომ აუტანლად, დამაყრუებლად ყვიროდნენ და ზანზარებდა მთელი ეზო. უცებ მეც ზემოთ ავიხედე, ვითომ რომელიღაც ფანჯრისაკენ და დედას დავუძახე - ძალიან ხმამაღლა და მხოლოდ ერთხელ.

ორშაბათი. 29 დეკემბერი

მეც კი ვიცოდი, რომ დედა კი არა, ნაძვის ხე იყო, მაგრამ რაღაც გული ჩამწყდა. გამოეტანათ სარდაფიდან, დაედგათ დარბაზის ცენტრში, მოერთოთ ნათურებით, სათამაშოებით, ათასი სისულელით და გვამეცადინებდნენ მის გარშემო როგორ უნდა გვევლო ხელჩაკიდებულებს.
ძალიან მაღალი, ტოტებგაშლილი, ბრჭყვიალა, ბედნიერი დედა იდგა შუა დარბაზში და ბავშვები მის გარშემო დავდიოდით ხან მარჯვნიდან მარცხნივ. ხან პირიქით. ხან სიმღერითა და ცეკვით. ხან უხმოდ.

კვირა. 18 მაისი.

მე ნიკოლოზი ვარ. აი, ის, კომპოტიანი ჭიქა რომ კედელს ვესროლე და ვითომ მამიდას რომ უნდა წავეყვანე, მაგრამ ჯერაც რომ არ წავუყვანივარ. პირველ სართულზე დიდი, ნახევრადდაშლილი კარადა რომ იდგა, დღეს გადააგდეს. ეს დღიური იმ კარადის ქვეშ ვიპოვე, წამოვიღე და წავიკითხე. ამ დღიურის პატრონი კი შარშან საახალწლოდ წაიყვანა ვიღაცამ აქედან. არ ვიცი, დედამ თუ ვინ. მსუქანი, მაღალი ქალი იყო და ულამაზესი მწვანე პალტო ეცვა.
მეშინოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ სარდაფში მაინც ჩავედი. დედა იქ არ დამხვედრია. არავისი. არც სხვისი, არც ჩემი. არც ნაძვის ხე იდგა არსად. მხოლოდ ოთახის მარცხენა კუთხეში ვიღაც უცხო ქალი იჯდა თავდახრილი. პირდაპირ იატაკზე იჯდა, სახეზე რაღაც უბრჭყვინავდა, მგონი სათვალე და ჩემკენ არც კი გამოუხედავს, მაგრამ შემეშინდა და ოთახში სირბილით ამოვედი. ახლა უკვე შუაღამეა. ვერც ვტირი, ვერც ვიძინებ. დედა სათვალეს ატარებდა.

??????