ქევანიშვილი ეკა
გაზიარება

მთვარეულის სიმღერა 

ყველაფერი გამოვიგონე.
როგორ გყავს მანქანა,
რომლის სკამებიც ისე იშლება,
როგორც კბილის ექიმის სავარძელი.
იმ განსხვავებით, რომ აქ, პირთან ერთად ვაღებ ყველაფერს.
მუცელს და საშოს.
მკერდს და თვალებს. შენ - მაღებ.
თითქოს დუმფარა გაიხსნა - დღე წაიღო და დაიხურა,
ისე შემყავხარ ჩემში.
მე ეს ყველაფერი გამოვიგონე.
როგორ ასდის ტბას ორთქლი,
ხოლო ცაზე ყინვა ჭახჭახებს.
"დიდი დათვი" და "ირმის ნახტომი" სიცივისგან ცახცახებენ,
თუ რცხვენიათ.. ღრუბლები რას ამოიფარეს აბა თვალებზე,
მე რომ ქვემოდან ავყვიროდი.
შენ - ეს წუთია შეგაჟრჟოლა -
მე - მგონია, რომ იების ბაღს ვრწყავ.
ეს ჩემი სიზმრებია,
როგორი არის ჩვენი მანქანა ტალახიანი,
ხოლო გზა - მტვრიანი და უკაცრიელი.
ვლაპარაკობთ არაფერზე.
თითქმის არაფერზე.
იმაზე, რომ ერთმანეთის არაფრები ვართ და
გვაერთიანებს ის, რომ შუაღამეს ჩვენს ამბავს არავინ კითხულობს.
გვაერთიანებს მხოლოდ:
"პური წამოიღე"
"სახლში ნახშირი გამოილია"
"კარი შენი გასაღებით გააღე, მძინავს".
ეს მთვარეულის ძილია
და მთვარეულის სიზმარი.
როგორ გამოვიხურეთ ცხრა კარი,
როგორ ავჭედეთ, რომ აქ,
სადაც ყველაფერი გამოვიგონე,
გვევლო ერთმანეთისკენ შიშვლებს
და უასაკოებს, გვევლო წესების დარღვევით,
ხედვის მანძილზე, შეხების გარეშე.
გაოგნებული სულიერების მიწევ-მოწევით,
რომლებიც დილით
სველ ტილოებს დაგვიფენენ, რომ გამოგვაღვიძონ.

ეს იქნება ცხადი,
რომელშიც მეყვარები.

??????