სხეულის აგონია – მიზეზი მოკვდინების
სხეული - ძვალწვრილი,
სხეულში - არწივი,
თითები - ყანწივით,
წარბები - ამწევი
შუბლისა მაღლა,
სახეზე - დაღლა,
ბეჭებში - წახრა.
ბეჭები - თითქოს მკერდიდან სითბოს არგაშვება,
ბეჭები - სიცივე თუ სითბოს არშეშვება გარედან.
ფერი? - ყვითელი. არა! მოყვითალო !არა!
ფერი? - რომ ვერ იტყვი, ისეთი.
შუბლის შუაზე - ძარღვი დაკლაკნილი,
ძარღვი - დაუდევარ ყალმის ხეტიალი,
მუხლის თავებზე: ძარღვები თითქო მდინარეები,
რომლებიც ლახავენ მთას გადაულახველს,
მერე ეშვებიან დაბლა ჩანჩქერებად.
ძარღვები - სხეულზე ირგვლივ გაფანტულნი.
ყველა მჩინარე და ყველა ავადმყოფი,
ყველა გამოსული სააშკარაოზე.
ძარღვები - მდინარეები,ძარღვები - გველები,
ძარღვები - თოკები,
რომელთაც სწყურიათ სხეულის დაოკება.
სხეულის შეკავებას ცდილობენ ძარღვები,
თითქო ეშინიათ სხეულის დარღვევის.
ხელები ებრძვიან ერთმანეთს ხმაურით,
მარჯვენა - მარცხენას, - მარცხენა - მარჯვენას,
მარჯვენა - მარჯვენას, - მარცხენა - მარცხენას,
მარჯვენაც იმარჯვებს, მარცხენაც იმარჯვებს,
მარჯვენაც მარცხდება, მარცხენაც მარცხდება,
მარჯვენაც არ ცხრება, არ ცხრება მარცხენაც.
თვალები, წარბები, ისე, ვით ხელები,
ერთმანეთს ებრძვიან სასტიკ გახელებით.
ლეწავენ, ანგრევენ, შანთავენ და კლავენ
საკუთარ თავსა და ერთმანეთს...
და არის შეკითხვა: ვინ არს დამნაშავე?
და არის პასუხი: სისხლია, ღმერთმანი,
- ძირს სისხლი ბოროტი!..
არის შეჯახება სისხლის ატომების
და სისხლს კი ძარღვების უნდა დატოვება.
ძარღვნი დაძაგრულან, ვითარცა ძეხვები,
ძარღვნი დაძაგრულან,ვითარცა ბაწრები,
და საქმე ისეა, რომ საკმარისია შეხება, - გაწყდება.
და კუჭი, ერთ-ერთი მოთავე ამ თავის,
იცოხნის ... არ იცის რაშია ამბავი.
არავინ აწუხებს და უჭირს რა,
წყნარად იღიმება - ჭირიმე კუჭისა.
სხეული ბორგავს და მწარედ იკლაკნება,
არის გამარჯვება, არის დამარცხება
და ბრძოლა არ წყდება და ბრძოლა არ ცხრება.
სხეული ვეღარ უძლებს ასეთ ჯოჯოხეთს
და ძარღვი ტვინისა, ძარღვი სიცოცხლის, ძარღვი მთავარი,
წყდება,
ამით ყველაფერი წყდება,
სიცოცხლე დგება,
სხეული კვდება
და მოსისხარი მტრები ერთმანეთის:
ხელები, ფეხები, თვალები, თითები,
სისხლის ატომები-მშვიდდებიან სამუდამოდ.
ვაი, შენ! უბედურო ადამიანო...