წიკლაური მარიამ
გაზიარება

სამი ლიმონი 

სამი ლიმონი დევს მაგიდაზე,
სამადსამი სავსე ლიმონი,
ყვითლად მღუარი.
კანზე გულიდან გამოსული
სხივიანი ცვარი უბრწყინავთ,
მწვანე ჭიპებით მიულურსმავთ ბაღების ხსოვნა.
იქვე ზაფრანა,
რამდენიმე კარალიოკი.
თვალებს მოჭუტავს ამ სინათლეზე
ოთხი დღის ჩვილიც...
ირგვლივ მინდვრები გადაჭიმულა სიჩუმისა.
არადა, ზოგჯერ,
ერთი ღერი ხმელი ბალახიც საკმარისია,
ალაპარაკდე.
არც სინათლეა ამდენი და არც სიხარული,
მაგრამ ჟამია ხოლმე ასეთი,
სიტყვა მოდგება, მოქუჩდება,
აიკეცავს მინდვრის ბოლოებს
თავი მარანი გგონია და
ჭრიალ-ჭრიალით ხსნი ქუთუთოებს,
რომ დაიხვავო კუთხეებში
რასაც შენად დაიგულებ.
სიჩუმე კი,
მთელი სოფელი თითქოს მაგას ამუნათებდეს,
აქ რა გინდაო,
თვალებს გარიდებს ცოდვიანივით.
არც შენ გცალია, დაამშვიდო,
გავიწყდება ერთგულება მისი ასეთ დროს,
ცეცხლის ენებზე შეკიდული ჭანასავით გამურული,
სულ შინ მყოფი,
სულ მომლოდინე,
ჭერს შემდგარი დედაბოძივით
სანდო სიჩუმე _
სიტყვის აკვანი.

??????