* * * ეს მე ვარ
წვიმა რომ ხმაურობს
დარაბებზე,
სუნთქვა შეწყვიტე და
ისე მოუსმინე, ვიდრე
უკანასკნელ წვეთამდე
არ გადაიღებს.
დილით რომ გამოხვალ,
ქარისაგან ჩამოყრილი
ვაშლის ყვავილები
ორივე ხელით თავზე დაიყარე.
ასე მოიარე მთელი სოფელი -
ყველა ორღობეში შეიხედე და
მჭადის პატარა ნატეხი
მოითხოვე.
ყველას აუხსენი
შენი გასაჭირი -
უთხარი, რომ ხელი გიკანკალებს,
პურს ვერ გამოაცხობ.
არ მოგერიდოს,
ყველას უთხარი
მთელი ღამე რომ
სახლში არ იყავი.
უხვად არიგებდი უდაბნოში დაკრეფილ
კაქტუსის ყვავილებს და
დაკაწრული მაჯები დაანახე -
ეკლიანი ფეხის ტერფები.
მაგრამ
ხომ იცი, რომ
არავინ დაგიჯერებს.
თვალები დახარე, მაინც
ყველას შეევედრე
სულ პატარა
მჭადის ნატეხი.