რატომ მოიწყინე
მე ხომ ისეთი
არაფერი არ მითქვია.
უბრალოდ, ავდექი და
ფარდები გავაფარე,
ასანთს ჩამოვკარი,
ცეცხლი წავუკიდე
სკამზე დაყრილ, გამხმარ
გვირილებს და
შემცივნებულივით მივაფიცხე
შენი მზერისაგან
წითლად აჭრელებული ზურგი.
მზის ნიჟარები
საწერი მაგიდის შორეულ კუთხეში
მივაგროვე,
სუყველა ნივთი წამოვკრიფე და
გვერდებგაქუცულ
ხელჩანთაში მოვათავსე.
დახეული ოთახის ფლოსტი
აბრეშუმის ძაფით გამოვბლანდე
ნაჩქარევად.
რატომ მიყურებ,
მე ხომ არაფერი ისეთი
არ მითქვია.