ხუტურიძე თინიკო
გაზიარება

ქალი-აქლემი 

მძინავს. მაგიდაზე დგას კომშის მურაბა. გვერდით ლამბაქი. ლამბაქი ღრმაა. თეთრ ფსკერზე ზის ბუზი და მურაბის მოლოდინში ილოკავს ტუჩებს. სიზმარში მეძახიან უნაყოფო ქალები: საიდან პოულობ ასეთ ჭრელა-ჭრულა ფერებს საიდან? ბუზმა იცადა ლამბაქის ცივ და კრიალა ფსკერზე და მურაბის მოლოდინში ჩამოეძინა.
მძინავს ჩემს ხელზე. გარეთ ბავშვები თამაშობენ დამალობანას. დედები თოკზე კიდებენ სარეცხს მამები კი ეძახიან: გამოაცხვეთ შავი პური და იცინეთ ნელა. ბუზს უჭირს ლამბაქის შემრეცილი ფერდიდან ამოცოცება და ეცემა ზურგზე. კრიალა ფსკერი თეთრია და უცდის მურაბას.
მძინავს. ბუზებსაც სძინავთ. გარეთ მღერიან: რატომ დახოცეთ ის მეომრები ჩვენ მოვალთ ისევ და კალათით მოვიტანთ ტყვიებს. მოვალთ გაღმიდან ჟირაფების ჭრელ ზურგებზე გადამჯდარები. მე მძინავს ჩემი საწოლის გაზნექილ ზურგზე. ჩემი დები მჭრიან ნაწნავებს და კიდებენ ჭერში ლამაზად. მრგვალ ყვავილებს ღრმა ვედროებში ყრიან ქალები.
მძინავს. მალულად ვილოკავ ტუჩებს. თმებში გახლართული სიზმრები ფშვენენ. გუშინდელი პრესა კი იუწყება სულ ახალ ამბებს: იმ ბიჭს არ მოსწონს შტერი ქალები უმკერდო და დაბალი. ტარაკნები კი სულ გადაშენდნენ დედამიწიდან და გაფრინდნენ შორეულ პლანეტებზე სადაც ბერები მაღალი გალავნიდან ყრიან ზარებს და იცინიან ხმამაღლა. ყოველ საღამოს ამას იუწყება ცხელ-ცხელი პრესა. მე რომ ვკითხულობ შორეული პლანეტების ჩახჩახა შუქზე.
მძინავს. მსუბუქად მაფარია მძიმე საბანი. ტელევიზორში ანგრევენ ტაძრებს და აშენებენ მაღალ კორპუსებს რომლის ეზოშიც მამები თამაშობენ დომინოს და ეძახიან ცოლებს: იცინეთ ნელა სარეცხი კი გაფინეთ დილით. დააძინეთ ჩვენი შვილები.
მძინავს გულაღმა. მაგიდაზე მიცდის კომშის მურაბა. გვერდით ლამბაქი. თეთრ და ცივ ფსკერზე მიწყობილი მკვდარი ბუზები მორიგეობით კვნესიან ნელა. პრესა სულ უფრო ხშირად იუწყება ახალ ამბებს. ჩემი ზურგიც ამოიზნიქა და სარკეში ვჩანვარ როგორც აქლემი. ეს ჩემმა მეგობარმა ფოტოგრაფმაც აღბეჭდა ფირზე რომელიც ყველაზე პოპულარულ გაზეთში დაბეჭდეს. ამის შემდეგ მე გავხდი ყველაზე პოპულარული ქალი-აქლემი მთელ ქალაქში.

??????