ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * ტრიალებს და ტრიალებს 

ტრიალებს და ტრიალებს
წუთისოფლის კორიდა,
წლების მერიდიანებს
ითვლის:
ერთი,
ორი და...

საკენკს გვიყრის წიწილებს,
შეგიტყუა შორიდან,
საათივით ციმციმებს
გული:
ერთი,
ორი და...

მაჩუმებს და მარჯულებს
ეჭვითა და ჭორითა,
უხილავი მსაჯული
დამდევს:
ერთი,
ორი და...

თავზე მადგას უფალი,
ჩემი ჯერიც მოვიდა,
ჩემი წუთისოფელიც
ჩქარობს:
ერთი,
ორი და...

??????