ჯორჯანელი ნიკა
გაზიარება

თებერვლის ტყეში 

                                                         ლექსო ჩხაიძეს 
თებერვლის ტყეში არსაიდან აღმოვჩნდი უცებ.
ტყე ჩახლართულა სულ მთლად. ჯანღში ცურავს ველობი.
ასე მგონია, რომ გაძარცულ ტყეს მაჯად ვუცემ,
ფილოსოფოსი დატოტვილი მსოფლმხედველობით.
სადღაც ნახევრად დარია და ღრუბლიდან ქეში
წვიმა ეცემა სასახლეთა მდიდრულ ვერანდებს...
თითქოს არასდროს არ ვყოფილვარ აქამდე ტყეში.
თითქოს არავინ არ ყოფილა ტყეში ჩემამდე.
ტყეში ვარ. მარტო. ჩემს ჯერ კიდევ ცეცხლივით გულზე
გათოშილ ხელებს თებერვალი ითბობს როგორღაც,
და დაბრეცილი ბუჩქებიდან, ტკივილის სუნზე,
ჩემკენ ტყის მეფე, დაღრეჯილი, თოვლში მოხოხავს.
ყინულის ზევით მე ვიღაცის სულს ხელი ვტაცე
და შევიგრძენი ყინულის ქვეშ ხორცი - მდინარე.
მზე ისე ბრწყინავს ფერწართმეულ, გაყინულ ცაზე,
როგორც ჰაფეზის ხელისგულზე ბოლო დინარი.

2003

??????