ახმადულინა ბელა
გაზიარება

აფხაზური დაკრძალვა (მთარგმნელი: ვასილ გულეური) 

ორი გოგო გეორგინებს ყრიდა გზაზე,
შიგადაშიგ, გამოზოგვით ერთობ,
და ქალები საუბრობდნენ დაბალ ხმაზე:
- ყვავილები რა ძვირია - ღმერთო...

დაძაბული, ძრწოლით, შიშით სავსე ქუჩა
წინ მიმავალ ორ გოგონას უმზერს,
რა საზარლად ფერმკრთალი და თეთრი მოჩანს
ორი ხელი, დაკრეფილი გულზე.

თან მოჰქონდათ გვირგვინები მძიმე ტვირთად,
მოხუცებს კი გამყოლები ახლდათ.
ყველაფერი, აგროვებდნენ რასაც მზითვად,
გვირგვინებად გადაიქცა ახლა.

გაიმართა ქელეხი და მხოლოდ მაშინ
გამოცოცხლდა, ახმაურდა ხალხი,
ხოლო ქალებს ცრემლი ედგათ ისევ თვალში
და ღაწვებზე დაჰფენოდათ თალხი.

მაგრამ სვამდნენ, სვამდნენ ჭიქით, ფინჯნით, თასით -
მწუხარებას იქარვებდნენ ოდნავ,
მერე დიდხანს ჭაჭის სუნი იდგა გზაზე,
სიხალისე ხმებსაც შერეოდა.

ჭირ-ვარამის ჯიბრით უკვე მაღალ ხმაზე
სურდათ სულ სხვა სიმღერები ეთქვათ...
დიდი ხნის წინ, მიაბარეს მიწას ასე
ერთი გოგო, გიული რომ ერქვა.

??????