ბელი ანდრეი
გაზიარება

დაბრუნება (მთარგმნელი: მზია გელაშვილი) 

სიმფონია
I
ლეგა-ნაცრისფერი ღრუბელი იბოლქვებოდა და დანაყშული ლიცლიცებდა თვალსაწიერზე.
მის მაღლა ცა ოქროსფრად ხასხასა ჩანდა, ქვევით კი ყვითლად მოვარდისფრო ატლასის ბოლი გადასალტულიყო და ისიც იცრიცებოდა.
ბავშვი თამაშობდა ნაპირზე, ხავერდოვან ქვიშას თხოვდა სადაფის ნიჟარით... ჟამიჟამს ანცად იცინოდა. ტაშს უკრავდა.
თვალებში ეშხეფებოდა ლურჯი ნაპერწკლები.
მარგალიტის მძივებად იმსვრეოდა ფრთონავი, სხმარტალა ტალღები.
თამაში მობეზრდა ბავშვს, ქვიშაზე მოირთხა ფეხი და ზღვის უკუნიდან მეგობარი კიბორჩხალა იხმო. ცისფერმა ტალღამაც დაუხანებლად გადმოუგდო ნაპირზე.
კიბორჩხალა უზარმაზარი იყო, დონდლო. დიდხანს ცელქობდნენ ერთად.
ბავშვი ტაშს უკრავდა, კიბორჩხალას კენჭებს ესროდა. ის კი, სქელ-სქელი საცეცებით სწვდებოდა ხორბლისფერ თმაში და ბიჭს ქვიშიან ნაპირზე დაათრევდა.
თამაში მობეზრდა ორივეს, კიდურები გაუწოდეს ერთმანეთს და დონდლო კიბორჩხალამ ზღვის უსასრულობაში ჩაყვინთა.
ბინდი მძლავრობად. ზღვის ქაფი კრთებოდა ლალისფრად...

შემოგარენი მკრთალ-ლურჯმა ბურუსმა დაბურა... ნელი-ნელ არაწკუნდნენ გამოჟიჟმატებული ვარსკვლავები.
ციცაბოდან მეორედ გაიკლაკნა საღამოსეული, შხამიანი ელვა.
ადამიანისდარი თეთრი ლოდი მოჩანდა შორეულ ნაპირზე: თითქოს წელში მოხრილი ბერიკაცი გაყურსულიყო და საფიქრალს მისცემოდა.
ბავშვი იცინოდა, ლურჯ თვალებს ჭუტავდა, ხშირ-ხშირად გასცქეროდა ლოდს და იმეორებდა: «ნუ თვალთმაქცობ, გიცნობ ვინცა ხარ...»
მაგრამ თეთრი ლოდი ადგილიდან არ იძვროდა, ლოდი იყო მხოლოდ.
და ბავშვი ამთქნარებდა... ნაპირისეულ სითეთრეს გასცქეროდა, ანცად ჩურჩულებდა: «მალე მოდი...»

ელვისა და ბურუსის ეშინოდა ბავშვს... ყორეზე ავიდა.
აქ ცხოვრობდა. აქ ათენებდა. აქედან დასცინოდა ბურუსს.
შავი, ღამეული ღალღები მოფრინდნენ... ნაპირ-ნაპირ დაბაჯბაჯებდნენ და უსტვენდნენ: «ელოდე-ე-ე-ე...» და ამ ძახილი ჩაეძინა.
ჭუჭყგანშორებული, ლეგა-ნაცრისფერი ზღვა თოვლის ვერცხლისფერად დაიფერა.
დაბალი, ტალღოვანი ღრუბელი დაეშვა ციდან და მთვარის ნამგალი გადაფარა.
ნაპირზე გამოფორთხებული კიბორჩხალა ულვაშებს აცმაცუნებდა, საცეცებს ატკაცუნებდა. ქვიშაში ითბობდა სხეულს და ანცი, ალერსიანი თვალებით გასცქეროდა მძინარს.

გარდასულმა, დიდი ხნის მივიწყებულმა და სამყაროსავით მარადჟამიერმა ნესტიანი საბურველით გადაფარა შორეთი... ზღვიდან ტკბილი ქვითინი ხმიანდებოდა: აღფრთოვანებამ გადმოხეთქა სამყაროს კიდეებიდან...
აღელვებული და აბოლქვებული ღრუბელი ზღვის თავზე აცახცახდა, შემდეგ სიხარულმა დახლიჩა და სადღაც, მიღმა წაიღო მისი წმინდა ნაწილები.
იქ, სადაც ადრე ლოდი იდო, ახლა ბერიკაცი იჯდა. მძინარი ბავშვისკენ მიეპყრო უწადილო სახე და ხავერდოვანი ხმით მისძახოდა: «შენი უტყვი ბედნიერება ვერცხლისფრადაა დაფერილი...»
«ასე სჯობს... ყველაფერს ასე სჯობს...»
ბერიკაცი ნაპირს დაუყვა და ქვიშაზე, თვალისმომჭრელად გაბრწყინებული კვერთხით მოხაზა მისტიური ნიშნები.
მნათობთა სრბოლას ანგარიშობდა. საუკუნეები იყო ანგარიშობდა, მაგრამ გაოცებას ვერა და ვერ გადაეჩვია...
ჩურჩულებდა: «ასე ინება უფალმა ღმერთმა» და მიწისქვეშეთის ყრუ ბუბუნი ეხმიანებოდა მის ჩურჩულს.
უზარმაზარი, თეთრი კუზი ამოიმართა ცასა და მიწის შუა, მთვარის ნამგალმა ერთგან გაფლითა სითეთრე და ლბილი სხივები დააფრქვია ბერიკაცს.

II
ბავშვს გაეღვიძა. პირაღმა იწვა. მოეჩვენა, მოკამკამე ოქროდ დამსხვრეული ცის უსასრულობა დამხობოდა სახეზე.
თავს წევდა, მაგრამ ცა უკან მირბოდა და არავინ უწყოდა, რაოდენ ღრმა იყო იგი.
ბავშვი ნამძინარევ თვალებს აცეცებდა. მოქცევა იყო. ზღვა მოახლოვდა _ რუხ ქვებს ელამუნებოდა უკვე.
შორეთში მეწამულ მეტეორად მიქროდა ქერუბიმი და ზღვას ცეცხლის გაფრენილ სალტეს უტოვებდა.
ზღვა შრიალებდა: «არა... არა...» ქერუბიმი კი ნაპერწკლებად იფრქვეოდა.
მას ეჩვენებოდა, რომ სამყაროს ჰყავდა გულში ჩახუტებული... გარშემო ყოველივე პირაღმა ამოტრიალებულიყო.
ბავშვი შავი უფსკრულის თავზე ეკიდა გაბრწყინებული და უძირო სიღრმეში მნათობთა სრბოლას დასცექეროდა.
მას ხიბლავდა ეს უკუნი, სამყაროსეული შემოხვევა. და ეშინოდა უფსკრულში ჩაჩეხვის.
ეს მხოლოდ ეჩვენებოდა.
ირგვლივ სიჩუმე დაყურსულიყო. არაფერი შეცვლილა. ჟამიჟამს შორს ვიღაც შეჰყვირებდა: საქმეში გართული იდუმალი მოხუცმა თვლა დაასრულა. ახლა მნათობთა როკვას შეჰხაროდა.
რუხ კენჭებზე გაიარა ბავშვმა, თავი დაიმშვიდა: «ე, ყველაფერი მესიზმრება... არ მეშინია...»
ზღვა შხუოდა. შავი ტალღების გუნდმა ჩაიფრინა და მკვრივი ფრთები შეახო ლოყაზე.

ნაცნობი სიახლოვის სურნელი დაიფრქვა. უკან მოხედვაც ვერ მოასწრო, რომ მხრებზე თხის თბილი ბეწვი მიელამუნა და ბერიკაცის დაშაშრული ხელი მიეფერა მის აბრეშუმის თმას.
ბერიკაცი მოვიდა. ბავშვმა შესცინა: «რა კარგია, რომ ისევ მოხვედი. ქვა აღარა ხარ...»
მოხუცმა ბუბუნით შეაწყვეტინა: «ასე სჯობს... ყველაფერს ასე სჯობს» და გვერდით მიუჯდა.
წვრილმა, გაზნექილმა ნამგალმა მაღლა ატყორცნილი ღრუბლის ქულები დაფლითა და ცისფერ სილაჟვარდეში ჩაიკარგა... ბერიკაცს თეთრ-ვერცხლისფრად გაუნათდა სახე.
ჟამიდან ჟამს მძინარისაკენ დაიხრებოდა, მლოცავ ხელებს გაიწვდენდა მისკენ, ხან კი ისევ წელში გაიმართებოდა და უძრავად იჯდა გარინდული, გაბრწყინებული.
თეთრად დაცემული ჭაღარა უფარავდა მოხრილ მხრებს. წვერი ქამრამდე სწვდებოდა.
ცისფერი თვალები _ ორი უძირო უფსკრული _ გასცქეროდა დავანებულ შორეთს.
ცისფრადმქრალი ბურუსი იცრიცებოდა, დასავლეთისკენ ილტვოდა, ზურმუხტოვან-ოქროსფერ ცის კიდურს ავარდისფერებდა.
ბავშვი ცისფერ თვალებს ისრესდა, ჩურჩულებდა: «მოხუცი აქ არის», მერე ისევ იძინებდა.
ბერიკაცის ვერცხლისფრად ქათქათა სამოსი და თვალისმომჭრელი კვერთხი თრთოდა ნარინჯისფერ ნაპერწკლებში.
მკერდზე ბრილიანტების იდუმალი ყელსაბამი უთრთოდა. მკერდს დანთებულ, გიზგიზა ენებს ჰგავდა... ყელსაბამზე უცვლელი მარადისობის ნიშანი ეკიდა...
უტყვად იჯდა ბერიკაცი, მაგრამ დაურვებული აღფრთოვანება იფრქვეოდა მისი აალებული მკერდიდან.
თითქოს ჩურჩულებდა _ «ვოლოპასის თანავარსკვლავედმა ასმილიონ წელიწადს იარსება და კიდევ ამდენს იარსებებს... ძაღლის თანავარსკვლავედს ცოფიანი კომეტა მიუახლოვდა...»
ის ისევ საკუთარ საუფლოს ითვლიდა.

ბავშვს გაეღვიძა. ბერიკაცი აღარსად ჩანდა. გულდასევდილმა გაიხსენა ღამეული სტუმარი.
მერე იქით გაიხედა, სადაც თეთრი ლოდი ეგულებოდა, აღარსად იყო ლოდი.
ალბათ მიმწყდარმა ტალღამ ჩაიყოლა ზღვის წყვდიადში, რომ მერე ისევ გამოერიყა...
ბავშვი სევდიანად დაუყვა ნაპირს, სადაფებს აგროვებდა, ხანდახან ფეხსაც ადგამდა ზედ. ხრაშუნობდნენ ფეხქვეშ.
ქარი სახეში ეხლებოდა და ხავერდოვანი ქვიშის წვნიკებს აყრიდა.

III
თეთრფრთიანმა არწივმა გარემო გამარჯვების ყაშყაშით შესძრა და შავ კლდეს მიყრდნობილი ბავშვიც ისმენდა ამ ძახილს...
თვალებში თითო ფირუზი ჩაედგათ, დროდადრო ლაჟვარდოვნად-ლურჯი სხივები კრთებოდა ფირუზებიდან _ ჟამიჟამს მარადისობიდან გახმიანებულ ძახილს აყურადებდა ბავშვი.
საოცარმა სევდამ და სიხარულმა აუვსო გული. იცოდა, ამ მარადიულ საუფლოში ბერიკაცი იყო.
კეთილი კენტავრი მიჰქროდა ნარინჯისფერ თვალსაწიერზე და ფლოქვებით კვეთდა გამჭვირვალე ტალღებს... ცას ეტმასნებოდა ალმოდებული იაგუნდი.
შორიდან გამდნარი ოქროსფრით შემოსალტული ლორთქო ღრუბელი მოცურავდა... თვალსაწიერი გადაფარა თეთრი კუზივით.
ციმციმებდნენ ამოკუზული კიდეები.

ბავშვთან კიბორჩხალა მიფორთხდა. მის წინ იჯდა და ირწეოდა.
რაზე არ ილაპარაკეს.
სასწრაფოდ აუწყა ზღვის ბინადართა მღელვარება: გუშინ საიდანღაც მოსრიალებულიყო გველი და ახლაც მარჯნებში იწვა განაბული. თვალცრემლიანი ევედრებოდა ბავშვს, თავს გაფრთხილებოდა და არ მოშორებოდა ამ რუხ ქვებს.
ბავშვს არ ეშინოდა გველის: ბერიკაციც ხომ იმავ დროს მოვიდა.

ცნობისწადილმა აიყვანა მთაზე. ყოვლად იდუმალი მოჩანდა კამკამა წყალში.
ფსკერზე ეყარა ზღვის ვარსკვლავები. ბავშვი მთვლემარე გველსაც ხედავდა და მქრქლად-ვარდისფერი მარჯნის ბუჩქების ზემოთ მოკამკამე ბრილიანტის თევზებს.
უზარმაზარი გველი იყო, ხბოსებრ პატარა თავზე ოქროს ორი რქა ედგა.
ბავშვი დასცინოდა მძინარე ურჩხულს და მარგალიტების კამკამა ხმით ჩურჩულებდა: «მე შენი არ მეშინია, შენზე მაღლა ვარ და მიხარია! აუცილებლად დამიფარავენ შენგან».
ასე კისკისებდა ბავშვი, მაგრამ თანდათან სახე დაეტეტკა, სლუკუნი დაიწყო და ქერა-ხორბლისფერი თმა ყალყზე დაუდგა ჯერეთ მოუღწეველი საშინელების შეგრძნებით.
უეცრად მთვლემარე ურჩხულმა თავი წამოსწია, ტუჩები მოილოკა, მარჯნის ბუჩქებში შეიმალა...
ბავშვი შებრუნდა და ბერიკაცს ჰკიდა თვალი.
სამოსი ისე აღარ უბრწყინავდა, როგორც ღამით, მარმარილოს შუბლზეც ოდნავ შესამჩნევი ნაოჭი დამჩნეოდა.
მოხუცი მიუახლოვდა, ბავშვს არ უყურებდა, მხოლოდ დროდადრო იხრებოდა მიწისკენ.
მარგალიტებს აგროვებდა.
ღრუბლის თოვლ-თეთრით გაჟიებულ ფთილებს ქარი კლდის მწვერვალისაკენ ერეკებოდა.
ცაში აჭრილი ფრინველი დროდადრო ყაშყაშით უვლიდა ღრუბელს.
საღამო შეუმჩნევლად მოიპარა. კვლავ სამსალანარევი მიწრიელობით ბრწყინავდა დაისი. აღმოსავლეთით ცხადად მოჩანდა ფრიალო კლდე.
საღამოობით იქ მრისხანე კაცი დაიარებოდა, ედემის მცველი. ხელში ცეცხლოვანი ხმალი უელავდა.
დროდადრო საღამოდაპატრონებული სამყაროსკენ გაიშვერდა მახვილის ცეცხლოვან პირს და თითქოს ელვა კრთებოდა ცაში.
გაღუნული, ვერცხლისფერი ნამგალი ტალღებიდან მაღლდებოდა და დაწრეტილი ღრუბლები ისე ციაგებდნენ, როგორც ვერცხლისფერი ძაფები ციალებენ ხოლმე ღიად ცისფერ ხავერდზე.
ბავშვი ყორეზე აღარ დაბრუნებულა, შავ კლდეზე დარჩა ღამის გასათევად. მას აღარაფრის ეშინოდა, რადგან შორეთში დროდადრო ვერცხლისფრად გამოიბრწყინებდა ღრუბელი და ისევ ქრებოდა.
ბავშვი სიყვარულით გასცქეროდა თვალსაწიერზე მოცრიატე ღრუბელს, ჩურჩულებდა: «მოხუცის სამოსი ბრწყინავს...»
და მეწამულ მეტეორად მიჰქროდა შორეთში ქერუბიმი.

როცა ყოველი მოიქანცა, დაწყნარდა, ზღვის სიღრმიდან გიგანტური ლარი ამოისვეტა _ გველი იყო.
რქიანი ხბოს თავი ცისკენ აღეპყრო, სწრაფად ატრიალებდა აქეთ-იქით, გარემოს ათვალიერებდა და ყნოსავდა.
შემდეგ ისევე უხმოდ ჩაეშვა სიღრმეში, როგორც ამოყვინთა.
ზღვის კამკამა ზედაპირის შემხედვარე, ვერავინ იტყოდა, რა ურჩხული ბუდობდა იქ, მის სიღრმეში.

ბავშვი სიზმარეთში იყო. ეჩვენებოდა, რომ უზარმაზარი გველები შემოხვეოდნენ და ახრჩობდნენ.
წარამარა ეღვიძებოდა, მაგრამ ირგვლივ სიჩუმე იდგა. შორს, სამყაროს ამ ბორგნეულ შემთხვევაში, მეწამულ მეტეორად მიჰქროდა ქერუბიმი და ზღვაზე ცეცხლის გაფრენილ სალტეს სტოვებდა.
და ზღვა ჩურჩულებდა: «არა, არა...», ქერუბიმი კი ნაპერწკლებად იფრქვეოდა.
სად არა ხვდებოდა ბერიკაცს, ხან ფრიალოზე, ხანაც მეჩეჩზე.
მისი უძრავი სხეული იდუმალებით იყო მოცული. იდუმალება იპყრობდა ბავშვსაც, მის მოხრილ მხრებს რომ გასცქეროდა, მაშინ კი ეჭვი აღარ ეპარებოდა მის უჩვეულობაში.
შემთხვევით ერთხელ მოიხედა ბერიკაცმა და ბავშვის გაოცებულ, ლაჟვარდოვან მზერას წააწყდა.
მაგრამ გაოცების მიზეზი არ უკითხავს: ბავშვს არ ესაუბრებოდა.
იმ დღეებში ჰაერი სხივოსანი ლაჟვარდივით, ავაზის ბეწვივით გამჭვირვალე იყო. ბინდის პირს მკვეთრად ინთებოდა გოლიათური მახვილის მეწამული ათინათი და ტალღებზე ირეკლებოდა.
ხანდახან ქუხილის ექოც გახმიანდებოდა. ეს ექო ნიავს მოჰქონდა, მაგრამ ამ ქუხილიანი ბუბუნის ყურისგდებას აღარ აცლიდა.
აქ ცხადი იყო, რომ ზღვაზე რაღაც ხდებოდა. იქ, აღელვებულ ტალღებზე ელვის ღრუბელი ეკიდა და ბავშვი მიხვდა, რომ ის დღეც დადგებოდა, როცა ღრუბელი აქამდე მოაღწევდა...

IV
შავი ლოდები ერთმანეთზე იყო აჩხორილი. საიდანღაც უფსკრულებითა და ღრანტეებით შემორაგული ზოდები გაჩენილიყო.
ბერიკაცი მაღლა მიიწევდა, კლდის ნაბზარებში არჭობდა კვერთხს, უკან კი მიწაზე ამაღლების იდუმალის ამოსაცნობად მიჰყვებოდა ბავშვი.
ბიჭი ცხროიანივით თრთოდა, თვალები უბრწყინავდა, დაშაშრული ტუჩებით იმეორებდა: «მაღლა...»
წინმავალი ბერიკაცის ლანდი შეუჩერებლად მიილტვოდა სიმაღლისაკენ, უშიშრად ალაჯებდა უფსკრულებსა და ნაბზარებს.
ძლიერ მხრებში ღრმად ჩამჯდარი ჭაღარა თავი უკან გადაეგდო, ქარი უწეწავდა წვერს, ზურგი კი მშვილდივით ჰქონდა გახრილი: ბერიკაცი წინ მიიწევდა, ხელით ებღოტებოდა კლდეთა ნახეთქებში ამოჩრილ ბალახსა და ბუჩქებს.
შავი ლოდები ცისკენ იზიდებოდნენ და ზღვას სწყდებოდნენ... ქარი ყურში ჩასწიოდათ: «მაღლა»...
მწვერვალზე ავიდნენ. ციცაბო გადაკიდებულიყო ზღვაზე. თავბრუსხვევამ _ სიმაღლის მზაკვარმა ბინადარმა _ თავბრუ დაახვია. თითქოს ცად ამაღლდნენ უკვე.
ქვევით წვრილ-წვრილი ტალღებით ხმაურობდა ზღვა და მეწამული მზის მლოცველი თვალი აჩქარებული მიისწრაფოდა არდაბრუნების უკუნისაკენ.

ბერიკაცს არ ეშინოდა. თავბრუდამხვევი სიტყვები სწყდებოდა ცეცხლოვანი ბაგეებიდან და ჭაღარას უთრთოლებდა.
ფეროვან სამყაროებად ციმციმებდა ბრილიანტების ყელსაბამი და მფრინავ ბრძანებას უთვლიდა მზეს:
«ჰერკულესის თანავარსკვლავედს ხანძარი მოვუვლინე, სატურნს კი ვყინავ...» ის ისევ თავის საუფლოს ითვლიდა.
ამ მწვერვალზე ბერიკაცს ყოველ წუთს შეიძლებოდა ფეხი დასცდენოდა და დაზაფრული ბავშვი ცახცახებდა. უნდოდა ეყვირა: «გადაარჩინეთ ბერიკაცი...»

ცეცხლად მეწამული თვალი უკუნისაკენ იჩქაროდა. მისგან მოელვარე წერტილიღა დარჩა.
ბერიკაცმა ხელი ხელს შემოჰკრა და კლდიდან გადააბიჯა. ხასხასა, წყლიან სიღრმეში არ ჩავარდნილა, მწვერვალსა და ზღვას შუა დავანებულ სივრცეში გალღვა.
საღამოსეული მჭვირვალება სევდით იყო სავსე...
უზარმაზარი თეთრი ფრინველი ფრთების მძიმე ბათქუნით კვეთდა სიმჭვირვალეს.
ჩუმი კუთვით ილტვოდა შორეთისაკენ.
აქეთიქით ატრიალებდა გრძელ კისერს, კუთავდა, ჩუმად კუთავდა და შეუძლებელს დასცინოდა.
ბუმბულიან კისერზე ცეცხლის ენებივით ალანძული ყელსაბამი უბრწყინავდა და უცვლელი მარადისობის იდუმალი ნიშანი ერხეოდა ყელსაბამზე.
და ბავშვს მოეჩვენა, თითქოს შორს, შორს მიფრინავდა, სხვა სამყაროებისა თუ უცხო თანავარსკვლავედებისკენ.

ბავშვმა თქვა: «ეს შემთხვევით არ მომხდარა... უცნაური ბერიკაცია... ბავშვს ეძინა _ და ღამეში ჩაიკარგა.
მის კვალად ჰაერში დაიბოლქვა რაღაც და ბავშვის მხუთავმა შფოთმაც იმატა.
დამფრთხალი ეძებდა ბერიკაცს, იმალებოდა და ზვერავდა, თითქოს შორიახლოს შეიგრძნობდა ურჩხულის სიახლოვეს.

V
უკუნი ღამე იდგა. უხილავით დატანჯული და შეშფოთებული ბავშვი უკუნში გამკრთალ ბერიკაცს ეპარებოდა.
ბერიკაცს ცეცხლოვანი ჩირაღდანი ეპყრა ხელთ და ცისკენ აღემართა.
მალე თვალთაგან დაეკარგა ბერიკაცი და ბავშვი მარტო დადიოდა უკუნში, ჩიოდა.
უეცრად ნისლიდან სისხლიანი ალი ავარდა, ალერსიანმა ხმამ ნაზად ჰკითხა: «ეს ანცი ვინ არის, ერთთავა,დ რომ მითვალთვალებს?»
ბავშვი რატომღაც ატირდა. ბერიკაცი მისკენ დაიხარა და თეთრი ნაკადულები ბატკნის ხუჭუჭა ბეწვივით დაეღვარა ლოყებზე. მან ჩირაღდანს გაუშვა ხელი და სამყაროსეულ შემოხვევაში ჩაიხუტა ბავშვი.
ცეცხლოვანი ჩირაღდანი მიწაზე ეგდო და ხრჩოლავდა.
ბერიკაცი: თვალში ცრემლი გიდგას... გეშინია და ტირი... რა დაგემართა?..
ბავშვი: მეშინია... კლდიდან უკვე უშიშრად ვეღარ ჩაიხედავ სიღრმეში. იქ წითელ მარჯნებში საზარელი საფრთხობელა წევს.
ბერიკაცი: არა უშავს... ეგ მხოლოდ გეჩვენება.
ბავშვი: ქარმა მიჩურჩულა, მოკვდებიო. მერე შენ მოხვედი, რომ სიზმარეული საფრთხისაგან დაგეხსენი....ქარმა ისიც მიჩურჩულა _ მომავალი გარდაუვალიაო. მეშინია, მეშინია. შენ ისევ მოხვედი ჩემთან... მეშინია, რომ ეს არაერთხელ მომხდარა ოდესღაც და კარგი არაფერი მოჰყოლია... ამიტომ მიხარია, აქ რომ ხარ... მე შენ მიყვარხარ, მაგრამ მაინც მეშინია...
ბერიკაცი: დაწყნარდი, დაიძინე. დაივიწყე ყველაფერი. ურჩხული ჩემს მოსვლამდე ამოფორთხდა მიწისქვეშეთიდან, ახლა არა მგონია, ზევით ამოსვლაც გაბედოს.

ბოროტმა სიომ წამოუბერა და ბერიკაცი შეზარა. დაადუმა.
დანაღვლიანებული იჯდა.
შორეული წარსული მოაწყდათ ცაში მოელვარე ვარსკვლავეთიდან.
ამ წყეული მეჩეჩისაკენ გველი მოცურავდა და შემზარავი ხავილით ავსებდა ბურუსიან გარემოს.
ზურგზე ვიღაც ჩამოძენძილი კაცი ეჯდა, გველს მოწიწებით ჩაბღაუჭებოდა მოოქროვილ რქებში, რომ არ ჩამოვარდნილიყო.
გველს თავად არ შეეძლო ბავშვი მოეშთო და ამ უსაზღვრო ოკეანის გაღმიდან მკვლელი მოიყვანა, ის არ ითაკილებდა არაფერს.

ბავშვი: ასე ვინ მოთქვამს ნაღვლიანად ოკეანეში?.. ასეთი ხმა ჯერ არ მსმენია.
ბერიკაცი: ზღვის ბინადარმა ამოყვინთა ზედაპირზე... ახლა მწვანე წვერს იფერთხავს და ხმას სინჯავს, მომღერალი ჰგონია თავი...
ბავშვი: ზღვის ბინადართა ხმებს ვიცნობ, არც ერთს არა აქვს ასეთი საზარი და ავი ხმა.

მაგრამ ბერიკაცი დუმდა. თრთოლვა უვლიდა ბოროტი ნიავის წამოქროლებაზე. თავისთვის ჩურჩულებდა: «ვეღარ ვიხსნი... აუცილებლად უნდა განმეორდეს... კიდევ ერთხელ უნდა აღსრულდეს უცილობელი...»
«დიადი დაისის ჟამი დგება.»
შორეული წარსული მოასკდათ ცაში მოელვარე ვარსკვლავეთიდან...

იმ წყეულ მეჩეჩზე კი ამაზრზენი სერობა შედგა. დაგორგლილი გველი კისერს ძგიბავდა და უაზროდ ზმუოდა, ბურუსიანი ოკეანის გაღმიდან მოყვანილი ბოროტმოქმედი კი მორჩილად ისმენდა პატრონის ბრძანებას...
მეჩხერ წვერს იწიწკნიდა, მწვანე თვალებს აბრიალებდა, თექის ჩაჩს სრესდა ხელში და მბრძანებლის წინაშე ქუდის დახურვა ვერ გაებედა.
ბოლოს ურჩხული ზღვისკენ გასრილდა, მძიმედ დაასკდა ტალღებს და ჩაიკარგა.
უცნობი უწმინდური მარტო დარჩა მეჩეჩზე.
მეწამული კოცონი გააჩაღა და დაელოდა.

VI
ღამე იდგა. ცაში შეჭრილ უზარმაზარ, შავ მეჩეჩზე წელში მოხრილი, ცისკენ აზიდული ბერიკაცი კვერთხს ეყრდნობოდა.
ცივი ქარის ნაკადები ეტყლაშუნებოდნენ ღამეულ ბერიკაცს და სამოსიც ღამესავით დათალხოდა, ღამესვე ერწყმოდა.
ღამის ფრთებივით ერწყმოდა ღამეს. თითქოს ეს დათალხული ბერიკაცი ამ უზარმაზარ დათალხულ მეჩეჩზე კი არ იდგა, ღამურასავით დაფრინავდა თვალუწვდენ სამყაროზე.
გეჩვენებოდა, მისი წვერი ვერცხლისფერ ღრუბლად განფენილიყო უკუნში, იმ ნისლოვანივით, მნათობთა ცეცხლოვანი ცრემლით რომ აპირებს დაფრქვევას და როთა ბრუნვის წყვდიადში მიჰქრის.
ცეცხლოვანი ყელსაბამი, მიმქრალი ვარსკვლავებივით ძლივსღა უბჟუტავდა მკერდზე. ხანდახან ღამის ქაოსს მიჰქონდა მიმქრალი ვარსკვლავი _ მკერდიდან მოწყვეტილი ბრილიანტი.
ბერიკაცი ბრილიანტებს ფანტავდა და ბრილიანტებიც, სამყაროსეული თესლებივით, თვალისმომჭრელად ბრიალებდნენ უკუნში.
თითქოს ახლა იშვებოდა ახალი სიცოცხლე და არსებათა ახალი სახეობა იწყებდა ცხოვრებისეულ წრებრუნვას.
ბერიკაცი კი მიფრინავდა, ფრთებს იქნევდა. მიფრინავდა და ყვიროდა: «ბავშვი განმეორდება. კვლავ და კვლავ გაჩნდება ყოველ გაყინულ ბრილიანტზე მარადიული განმეორებისათვის,».
მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენება იყო. ამ უზარმაზარ შავ მეჩეჩზე, სიბნელეში ბერიკაცი კი არ დაფრინავდა _ იდგა. ქარის ცივი ნაკადები ეტყლაშუნებოდა და თალხფრთიანი სამოსი თრთოლვით იშლებოდა.
და რაც მეტად ნათდებოდა რიჟრაჟი, დათალხული სამოსი მისი თოვლზე უთეთრესად სპეტაკდებოდა.

მწვანედ მჭვირვალე ზღვის ზედაპირი თვალს აპაჭუნებდა და ხმამაღალი დგაფუნით ეხლებოდა ნაპირს. ნაზი, რეხი,? ბროლეული ცა ოქროსფრად ხასხასა ჩანდა... მხოლოდ ჰორიზონტი იბოლქვებოდა იისფერი-მეწამულით.
დანარჩენი მწვანე იყო ირგვლივ.
და კიდევ მწვანე იყო ზღვის ეშმაკიც, სიღრმიდან, რომ ამოეყვინთა აისის საცქერად.
აპკიან თითებს იშვერდა მიუწვდომელი, მაგრამ ძვირფასი ნაპირისაკენ და მუქ-წითელ თვალებს აბრიალებდა...
კეთილი ეშმაკი იყო _ ზღვის ბინადარი.
გარშემო წრეებად გაირღვა წყალი, განიბნა იისფერ-მეწამულად.
მწვანე ტალღებიდან გამოიკვეთა ზღვის მზეთუნახავთა მუქ-ვარდისფერი ატლასის ტანსაცმელი, მზეთუნახავები ხან უახლოვდებოდნენ ზედაპირს, ხან ისევ სიღრმეში ეშვებოდნენ.
მზეთუნახავთა ტანსაცმელი კი არა, ნაზი რიჟრაჟის ანარეკლი იყო მხოლოდ.
უკვე იჯერა გული ყვირილითა და ცურვით ზღვის მწვანე ეშმაკმა და სიღრმეში ჩაყვინთა: ვერცხლისფერფარფლიანი კუდი გაკრთა ზედაპირზე.
უდაბურება და სიმშვიდე ჩამოწვა.
მხოლოდღა წელში მოხრილი ბერიკაცი ფიქრობდა საფიქრალს ფრიალოზე.
მისი თვალები _ უძირო თეთრონში ჩაძირული ორი რუხი უფსკრული _ სრულიად უცხო ჩანდა.
უცვლელი მარადისობის იდუმალი ნიშანი ეკიდა ბებერ მკერდზე. ნელა ირხეოდა...

VII
დილიდან ამ ალაგებში მეფე-ქარი მობრძანდა.
ახლა მარმარილოს ლოდზე იჯდა და უზარმაზარ ნიჟარას ააბღუებდა.
მოთქმით და ჩივილით ხმიანდებოდა საბრალობელი ბგერები.
ქარბუქი მძლავრობად.
ბერიკაცი ქარიშხალივით გაჩნდა. თმა ასწეწოდა. სამოსი ეხეოდა ტანზე.
ხმაში შეკავებული ჭმუნვა ხმიანდებოდა.
ბავშვი მიხვდა, მას არ უწყრებოდა ბერიკაცი. ვიღაც უცხოს უბრაზდებოდა, აქ რომ შემოეღწია
ბერიკაცმა ხელი ჩაჰკიდა და უთხრა: «დღეს გადაწყდება შენი ბედი».
და წაიყვანა.
უსაზმნოდ ლურჯი სივრცე მაღლიდან გულგრილად დასცინოდა მოგზაურთ და თვალმოუშორებლად მიაცილებდა.
მღვიმე ყურეს სიღრმეში იყო. ლეგა-რუხი ქვები ცას ასხლეტოდნენ.
მარმარილოს ლოდები იყო.
წყლის სხმარტალა გუმბათებით გადარაგული თვალისმომჭრელი სილურჯე მემთვრალესავით დასცინოდა მარმარილოებს.
მღვიმეში სიბნელე და სინესტე იდგა.
მაღლიდან წყლის ნაკადები ჩამოთქრიალებდა, მერე ალმასის რუებად მოჩხრიალებდა, შიგ არეკლილი უსაზღვროდ _ ლურჯი სივრცით.
ვიღაც ქეჩის ჩაჩიანი დარბოდა მღვიმის თავზე, ყავისფერ ძონძებს და წვერს დააფრიალებდა, შორეული სილურჯისაკენ იშვერდა გაბანჯგვლულ ხელებს.
ცალ ხელში უზარმაზარი, ყვითლად ვასვასა ნიჟარა ეპყრა, ხან ნიჟარის საპირეს მიადებდა თავის სისხლიან ტუჩებს, აახმიანებდა, შუბლს იჭმუხნიდა, ხან გრძელ ყურზე იდებდა მოსასმენად, ხან დაგრეხილი ფეხებით დახტოდა აქეთ-იქით.
მანჭვა-გრეხით ადიდდა ქარიშხალი. მგლური სისხლის წყურვილი მეწამულად ეღვრებოდა მიწისფერ სახეზე.
მეფე-ქარი იყო _ სულით ავადმყოფი.

ბერიკაცმა აქ მოიყვანა ბავშვი.
მეფე-ქარი ქვებს ამოეფარა. მხოლოდ ქეჩის ჩაჩი მოუჩანდა რუხი ლოდიდან და ხანდახან მისი შეკავებული ცემინებაც ისმოდა.
ეს ცემინება ვერცხლისფრად ქათქათა მტვერს აბუქებდა და ტრიალებდა, მერე მტვერი ისევ წვებოდა ნაპირზე.
აქვითინებული ტალღები გაქაფულნი ახტებოდნენ ნაპირისეულ მიწაყრილს.
ლეგა თოლია გართხმოდა ზღვას.
ბერიკაცმა თქვა: «ეს ფიქრთა მღვიმეა. აქ შეიცნობენ პირველად. აქედან ეშვებიან პირველად. და მიდიან სამოგზაუროდ...»
«ჟამმა მოაწია... შენ... აუცილებლად უნდა...»
და როცა ბავშვმა ჰკითხა, რამ მოაწია, მოხუცმა ზურგი აქცია და მღვიმედან გავიდა.
მერე მოსასხამი შემოიხვია ტანზე და ჭერდაბალ შესასვლელთან დაჯდა საფიქრელად. მოხრილი მხრები მაღლა აეზიდა. გეგონებოდა, სამყაროები ბრუნავდნენ მისი უმწიკვლო წვერის გარშემო.
ნიავი გაეთამაში მის თბილ, ქათქათა კულულებს. ღუნღულა თმა ხან მაღალ შუბლს ეგლისებოდა, ხან ისევ დანაოჭებულ ლოყებს ელამუნებოდა.
გეგონებოდა, თვალებში ჩაჭედილ მარადიულ, მიუწვდომელ ფიქრს ეთამაშებოდნენ თმები და სთხოვდნენ: «ფრთხილად იყავი, ფრთხილად... ნუ ნაღვლობ!»
რუხი ქვებიდან გაღიზიანებული სტვენა და ცემინება აღწევდა: ვერცხლისფრად თეთრი მტვერი ბორიალებდა და ნაპირს მიუყვებოდა ბზრიალით.
ხანდახან გაქვავებული ბერიკაცისკენ მიჰქონდა ხვინჭა.
ხანდახან სულით ავადმყოფი ჩაჩიანის სახეც გამოჩნდებოდა, დამანჭული და გადატეტკილი...
ხანდახან ჩაჩიანი გაღიზიანებას ვეღარ იტევდა, კუდმოწეწკილი კატასავით დაიჩხავლებდა და ისევ ლოდს ამოეფარებოდა.
უეცრად მღვიმის შემოსასვლელში რაღაც შეიცვალა. მზემ ბურუსი გამოარღვია, ბერიკაცს დაეფრქვა, ისიც წამოდგა და უტყვი ლტოლვით აღიმართა სივრცეში.
თეთრ მკერდზე გაუკრთა ყელსაბამი და ქარში აცახცახდა მარადისობის ნიშანი.
ბერიკაცმა მკერდიდან ჩამოიგლიჯა ყელსაბამი და ბრილიანტები, ცეცხლოვანი ცრემლებივით დაცვივდნენ ქვიშაზე.
შემდეგ ბერიკაცი წავიდა და ჩაქრა მზე.

VIII
მოხუცის წასვლისთანავე უცნობმა გამოქვაბულში შემოაყრა ხვინჭა.
მაგრამ როგორც კი ბიჭი გარეთ გამოვიდოდა, იმავ წამს ლოდს ამოეფარებოდა.
ბოლოს უცნობს მობეზრდა დამალობანას თამაში და მღვიმეში შემოიხედა.
ბავშვმა მოასწრო დაენახა ქეჩის ჩაჩი და მგლისწვერიანი, მიწისფრად დატეტკილი პირისახე.
მღვიმის შემოსასვლელი ამოავსო ჩაჩიანმა.
არ ჩქარობდა. თვალით მოიძია, სადმე ხომ არ იყო ბერიკაცი და როს დარწმუნდა, მოხუცი შორს იყო, თავისუფლად შემოვიდა.
მწვანე თვალები ლურსმნებივით შეესო ბავშვს.
მოსული უსიტყვოდ ჩამოჯდა რუხ ქვაზე და რაღაც აქოთებული ფხვნილი ჩაყარა ჩიბუხში.
ბიჭსაც შეაძლია ცოტაოდენი ყროლი და საქმიანად შესთავაზა: «აბა, ახლა დავსხდეთ... და მოვიფიქროთ, როგორ იქნება».
ბავშვმა უარი უთხრა მოსაწევზე.
ჩაჩიანმა ჩიბუხი აანთო, ააღრჩოლა, ბავშვი კი გაცეცებული შესცქეროდა მოსულს და ფიქრობდა: «ვინ უნდა იყოს?»
ყოვლით აღწევდა ნაღვლიანი ბგერები. თითქოს ერთად აკვნესებულაო უთვალავი სალამური.
ჯერ ბავშვის გაურკვეველ შიშზე ილაპარაკეს, მერე კი ცნობისმოყვარეობაც ახსენა მოსულმა.
მან სამარცხვინო სისუსტე უწოდა შიშს, ცნობისმოყვარეობა კი მოუწონა.
მზის წმინდა სხივები გამოქვაბულში ვეღარ აღწევდა: მხოლოდღა მქრქალ-მოქუფრული ნაღველი იწრიტებოდა შემოსასვლელიდან.
უცნობმა ზიზღნარევი მანჭვით მოიხსენია ბერიკაცი: ეშმაკი ბებერია, ყველაფერს საიდუმლოდ ინახავსო, დაადანაშაულა.
ბავშვი პირდაღებული უსმენდა მწვანეთვალება ჩაჩიანის უცნაურ მსჯელობა და მისი ცოდნა და იუმორი აოცებდა.
უიმედო, ნაღვლიანი სიცილი ხმიანდებოდა გამოქვაბულში და ამ სიცილს ჩაჩიანის ნაამბობიც ერთვოდა.
რაღაც ზღაპარს მოუყვა ვინმე ხანდრიკოვზე და რაც უფრო ცხადდებოდა ზღაპარი, ღაწვები უფითრდებოდა ათრთლებულ ბავშვს.
ბოლოს ზღაპარი დასრულდა. კბილებში ჩიბუხგაჩრილმა ჩაჩიანმა ბავშვს ზურგი აქცია, გულგრილად გაბზიკა მგლის წვერი, აქაოდა მე არაფერი მეხებაო. თვალებში ანთებული მწვანე ნაკვერჩხლები კი სულ სხვას ამოწმებდნენ.
ბავშვმა იყვირა, «მე შენი არ მჯერა», ჩაჩიანმა უპასუხა: «თუ არ გჯერა, იმ გამობერილი ლოდის ნაპრალში ჩაიხედე»...
ღუნღულა ჩაჩი ჩამოიფხატა, ფეხი ფეხზე გადაიდო, მარჯვენა ფეხის ტერფით წრე შემოხაზა და გაბრაზებულმა მოქაჩა აყროლებული ჩიბუხი.
შემდეგ სისხლიანი ტუჩები გამობერა, გადაყლაპული ბოლის წრეები გამოუშვა.
ადგა და წავიდა.
ბავშვი მარტო დარჩა. ფიქრობდა. ხან ფერიფური ეკარგებოდა, ხანაც ალმური ედებოდა სახეზე.
შემდეგ ამობურცული ლოდის შავ ნაპრალს მიადგა...
საოცრად ნაცნობი სურნელი შემოეფრქვა ბავშვს, თითქოს განიხვნენ მარადისობის კარიბჭენი.
ჩანჩქერის ჩქეროვან ხარხარში საბრალობელი ნაღველი ხმიანდებოდა და მირიადი შხეფით ეცემოდა ძირს...

IX
მას კი უკვე ბერიკაცი უახლოვდებოდა და უძირო თვალებს არ აშორებდა.
ხელი ზე აღეპყრო _ წითელ ვარდთა გვირგვინი ეჭირა _ სისხლიანი ცეცხლის გვირგვინი.
მერე უსიტყვოდ ეამბორა თეთრად დატეტკილ ბავშვს და სისხლიანი ცეცხლის გვირგვინი დაადგა შუბლზე.
მწარე, მოყვარული ჩურჩულით უთხრა: «გვირგვინი დამიდგიხარ ტანჯვით...»
ამოვარდნილმა ქარმა ბავშვს ხორბლისფერი შუბლიდან მოგლიჯა ნაზი, სურნელოვანი ფოთლები და უქცეველისკენ გაიტაცა.
ტყვიისფერ შორეთში ჩაქრნენ მწველი ნაპერწკლები.

იმავ წამს ორივეს საოცარი ხილვა ეჩვენა.
დაბურულ ნაპირზე მაღალი, ნაკრტენიანი, ჩიტისთავა კაცი მოაბიჯებდა.
არწივის ყვითელ ნისკარტს რომ დააბჩენდა თეთრი ბუმბული უღელავდა კისერზე.
ბერიკაცმა ამ კაცზე მიუთითა და უთხრა: «ხედავ არწივს. ჟამი მოაწევს და გამოგიგზავნი».
«უნდა წახვიდე. დღეიდან ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ. ჭმუნვის უდაბნო ჩამოგემხობა თავზე. შენს ფეხქვეშ და გარშემოც ჭმუნვის უდაბნო დაივანებს».
«ამაოდ გადალახავ სივრცეებს _ უკიდეგანო უდაბნოს ცივ შემოხვევას ვერ დაეღწევი...»
«ამაო იქნება შენი ძახილი...»
«მაგრამ მოაწევს ჟამი. საბოლოო. და მაშინ გამოგიგზავნი არწივს.»
ბავშვი შებუმბლულ კაცს უმზერდა. ჩურჩულებდა: «ჩემო საყვარელო არწივო...»
მერეხი დაეშვა. წყლის ნაკადმა გადაფარა არწივი და ისიც გალღვა ბურუსში.

კარგა ხანს იდგნენ უბრად და ერთმანეთს ეთხოვებოდნენ.
ბერიკაცმა უთხრა: «მშვიდობით... იქ უდაბნოში, ელოდე არწივს.»
და ბურუსში გადააბიჯა, ჰერკულესის ვარსკვლავედისკენ. ჩამოქცეული სინესტე აეფარა ფარდად.
დაფჩენილი ხახასავით მოჩანდა ეული მღვიმე უკუნიდან, მის ზემოთ დაძარღვული, მკრთალ-მარმარილოს რუხი ლოდები აჩხორილიყო.
გაქვავებულ მკერდზე ბურუსის ნაფლეთები ედებოდნენ, ელამუნებოდნენ და ზედ ეხვეოდნენ.
ლოდებზე მეფე-ქარი ანცობდა, ძონძებს აფრიალებდა და ღმუოდა. მოვარდნილ მერეხს დაელტო თექის ჩაჩი და ნაღვლიანად მოემჩვარა.
ხელთ შერჩენილი დაგრეხილი ნიჟარა მოიქნია და აღფრთოვანებული ღრიალით შეალეწა ქვებს.
ხანდახან ბურუსის თმაგაწეწილი ნაფლეთი გადაფარავდა ხოლმე მეფე-ქარს, მაგრამ ყვირილით გლეჯდა ბურუსის ნაფლეთს, ბეწვიან, მგლის თავს გამოჰყოფდა და თოლიასავით ყიპყიპებდა.

X
ქარიშხალი ჩაცხრა. აისი დაიწმინდა.
მეწამულ ლალში აღრეული მოჩხრიალე ზურმუხტივით ჩანდა ზღვის ზედაპირი.
ბავშვი ნესტიან ნაპირზე იჯდა და თავი მუხლებში ჩაერგო.
უკიდეგანო უდაბნო გართხმულიყო თავს ზემოთ, ფეხქვეშ, ირგვლივ...
ბერიკაცი უკვე აღარ იყო მასთან...

მელოტმა, მწვანეთვალება, ცხვირაბზეკილმა ზღვის ბინადარმა თავისი დაბალშუბლიანი ვაჟები გამოლალა უახლოეს კლდეზე და უფსკრულში შთანთქმას ასწავლიდა.
ხან თავად დადგებოდა ხოლმე კლდის ქიმზე. აისის სხივებში ელავდა მისი ცეცხლოვანი სახე. ღრიალებდა და გამობერილ მუცელზე იტყაპუნებდა ხელებს.
ხან ხელებგაშვერილი თავად ინთქმებოდა უფსკრულში და ლალისფერ მორევს აბორიალებდა.
კლდეზე ზღვის ბინადრის დაბალშუბლა ვაჟები დაძრწოდნენ და გაფარჩხულთითებიან ხელებს იქნევდნენ. ჟამიჟამს ხმადაბლა კიოდნენ სიმაღლით დამფრთხალნი.
ზღვის ზურმუხტოვანში მყვინთავი მუცელგამობერილი ბებერი კი ქვემოდან იძახდა: «აბა ჰე, შვილებო... ივაჟკაცეთ!..»
წყალზე ტივტივებდა მწვანე წვერი, მელოტი უბრწყინავდა აისის შუქზე.
ბავშვი გაცეცებული შესცქეროდა ცხოვრებას სულ ცოტა ხნის წინ დაფარული, რომ იყო მის თვალთაგან და ნაღვლიანად იხსენებდა თავის ადრეულ, გარდასულ ყოფას.
ბერიკაცი უკვე აღარ იყო მასთან...

ბინდი ეშვებოდა, ჰორიზონტიდან გოლიათის ხელით გამოტყორცნილი წითელი დისკო შემოიჭრა საღამოსეულ სიღრმეში.
მკრთალ-თოვლისფერი, ცად შეყინული გრძელი სხივები ბადესავით გადაშლილიყო ცაზე.
ამონათებული მთვარე გაება ამ ბადეში და დაჭერილის სევდით მიმქრალდა.
ბავშვს რული მოერია. ეჩვენებოდა, რომ არაფერი შეცვლილა.
მაგრამ ბერიკაცი უკვე აღარ იყო მასთან...

მთვარე უკანასკნელად გაბრწყინდა, ბადე გახია და უშფოთველ სიწმინდეში აინაცვლა...

??????