აღთქმა (მთარგმნელი: ლალი ქადაგიძე)
"ეს ამბავი აქ მოხდა, ათას ცხრაას ოცდა რომელიღაცაში. მე ჩემი დიპლომით ბუენოს აირესიდან გახლდით დაბრუნებული. ერთ ღამეს საავადმყოფოში გამომიძახეს. ცუდ ხასიათზე ავდექი, ჩავიცვი და უკაცრიელი მოედანი გადავჭერი. მოსაცდელ დარბაზში ექიმმა ეუდორო რიბერამ მითხრა, რომ კომიტეტიდან ერთ-ერთი ბოროტმოქმედი, კლემენტე გარაი მოიყვანეს მუცელში დანით დაჭრილი. გავსინჯეთ; ახლა უკვე შევეჩვიე, იმხანად კი მზარავდა მუცელგამოფატრული ადამიანის დანახვა.
მას თვალები დახუჭული ჰქონდა და გაჭირვებით სუნთქავდა.
ექიმმა რიბერამ მითხრა:
- უკვე ვეღარას გავხდებით, ჩემო ახალგაზრდა კოლეგა. დავტოვოთ, ჩაძაღლდეს ეს ნაძირალა.
მე ვუპასუხე, რად მიღირდა აქ ყოფნა გამთენიის ორი საათიდან, თუ ძალ-ღონეს არ დავიშურებდი, რათა ის გადამერჩინა. რიბერამ მხრები აიჩეჩა. დაჭრილს ნაწლავები გავუსუფთავე, თავის ადგილზე დავალაგე და ჭრილობა გავუკერე. ერთი კვნესაც კი არ აღმოხდენია.
მეორე დღეს ისევ მივაკითხე. არ მომკვდარიყო; შემომხედა, ხელზე ხელი მომიჭირა და მითხრა:
- მადლობა თქვენ, რიბერას კი დარჩენილი ვერცხლი.
როდესაც გარაი საავადმყოფოდან გაწერეს, რიბერა უკვე ბუენოს აირესში გახლდათ. იმ დღიდან, ყოველ წელს, ჩემი წმინდანის დღეს ბატკანს ვღებულობდი ძღვნად. მხოლოდ ორმოც წელს შეწყდა ძღვენის გამოგზავნა.