ბორხესი ხორხე
გაზიარება

როსენდო ხუარესის ამბავი (მთარგმნელი: ტარიელ ხუნწარია) 

ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა. შევედი დუქანში ბოლივარის და ვენესუელის გადაკვეთაზე, სადაც ამჟამად ბარია. ერთ კუთხეში მჯდომმა კაცმა მიმიხმო. ეტყობა, ჰქონდა რაღაც მბრძანებლური, რადგან მაშინვე დავემორჩილე. პატარა მაგიდას უჯდა. გუმანით ვიგრძენი, რომ დიდხანს მჯდარიყო ასე გაუნძრევლად. წინ დაცლილი სირჩა ედგა. არც დაბალი, არც მაღალი, მოკრძალებულ ხელოსანს ან ძველი დროის გლეხს ჰგავდა. მეჩხერი ჭაღარა ულვაში ჰქონდა. ბუენოს აირესელივით მორიდებულს ყელიდან ჩალინაც არ მოეხსნა. შემომთავაზა ერთად დაგველია რამე. ჩამოვჯექი და ვისაუბრეთ. ეს ათას ცხრაას ოცდაათიან წლებში ხდებოდა.
კაცმა მითხრა:
- თქვენ შეიძლება გსმენიათ ჩემზე, მე კი გიცნობთ, ბატონო. როსენდო ხუარესი ვარ. ჩემს ამბავს ცხონებული პარედესი მოგითხრობდათ. თავისებური კაცი იყო. უყვარდა ტყუილების მოყოლა. განა მოსატყუებლად, ისე, ხალხის გასართობად. ახლა საქმე მაინც არაფერი გვაქვს, მოდით, მოგიყვებით, რაც მოხდა სინამდვილეში იმ ღამეს, კორალერო რომ მოკლეს. თქვენ, ბატონო, მომხდარი ერთ მოთხრობაში აღწერეთ. მე იმის შემფასებელი არ ვარ, მაგრამ მინდა იმ მონაჭორზე სიმართლე იცოდეთ.
კაცი შეჩერდა, თითქოს მოგონებებს მოუხმო და განაგრძო:
- ზოგჯერ კაცს რაღაცა შეემთხვევა და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაირკვევა, რა მოხდა. რაც მე იმ ღამეს შემემთხვა, ძველი ამბავია. მე მალდონადოს უბანში გავიზარდე, ფლორესტას იქით რომაა. მალდონადო ერთი ბინძური ღელე იყო, რომელიც, კიდევ კარგი, ახლა მილში გაატარეს. ყოველთვის ვთვლიდი, რომ პროგრესს ვერაფერი დაუდგება წინ. ასეა თუ ისე, ვინც სადაც ახერხებს, იქ იბადება. არასდროს მომსვლია აზრად გამომეძია, ვინ იყო მამაჩემი. დედაჩემი კი, კლემენტინა ხუარესი, ერთი საწყალი ქალი იყო, რომელიც ლუკმაპურს უთოობით შოულობდა. როგორც ვიცი, ენტრერიოდან თუ აღმოსავლეთიდან იყო, რა განსხვავებაა. ახსენებდა ხოლმე თავის ნათესავებს ურუგვაის კონსეფსიონიდან. სარეველა ბალახივით ვიზრდებოდი. სხვებთან ერთად გამურული ჯოხებით ფარიკაობა ვისწავლე. მაშინ ფეხბურთს ჯერ კიდევ არ დაეპყრო აქაურობა, იგი ინგლისელების საქმე იყო.
ერთი ღამეს, დუქანში ერთი ახალგაზრდა კაცი, გარმენდია გადამეკიდა. წავუყრუე, მაგრამ ნასვამი იყო და არ შემეშვა. გავედით. უკვე ქუჩაში გასულმა დუქნის კარი შეაღო და ხალხს მიმართა:
- წყნარად იყავით, ახლავე მოვბრუნდები.
მე თან დანა მქონდა. ღელეს მხარეს წავედით. ნელა მივდიოდით, ვფრთხილობდით. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. ადრე ბევრჯერ გვიფარიკავია და ვგრძნობდი, რომ გამომფატრავდა. შუკის მარჯვენა მხარეს მივდიოდი, ის კი - მარცხენა მხარეს. გარმენდიამ ფეხი წამოჰკრა და წაიბორძიკა სამშენებლო ნაგავზე. წაბორძიკება იყო და მეც ვეცი, თითქმის დაუფიქრებლად. დანის ერთი მოსმით სახე გავუჭერი. შევებით. იყო წამები, როცა ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ბოლოს ერთი დარტყმა მივაყენე, რომელიც უკანასკნელი გამოდგა. მერეღა ვიგრძენი, რომ მასაც დავეჭერი, რამდენიმე ადგილას ვიყავი დასერილი. იმ ღამეს მივხვდი, რომ არ ყოფილა ძნელი კაცის მოკვლა, არც ის, შენ რომ მოგკლან. ღელეში ძალიან დაბალი წყალი იყო. დროის მოსაგებად მოკლული აგურის გამოსაწვავი ღუმელის უკან სანახევროდ დავმალე. მე სულელმა ბეჭედი მოვაძრე და გავიკეთე, შემდეგ ჩამბერგო გავისწორე და დუქანში დავბრუნდი. დინჯად შევედი და ვთქვი:
- მგონი ხედავთ, ჩვენ ორში რომელი დაბრუნდა.
ერთი არაყი მოვითხოვე. მართლაც რომ მჭირდებოდა. სწორედ მაშინ გამაფრთხილა ვიღაცამ - სისხლის ლაქა გაქვსო.
მთელი ის ღამე ლოგინში ვიწრიალე და გათენებამდე ვერ დავიძინე. დილით ორი პოლიციელი დამადგა. ცხონებული დედაჩემი, საწყალი, ხმამაღლა მოთქვამდა. ისე წამათრიეს, თითქოს ბოროტმოქმედი ვყოფილიყავი. ორი დღე-ღამის გატარება მომიწია საკანში. არავინ მოსულა ჩემს სანახავად ლუის ირალას გარდა. ნამდვილი მეგობარი იყო. მაინც არ დართეს ჩემი ნახვის ნება. ერთ დილას კომისარმა დამიბარა. სკამზე გაშხლართულმა არც კი შემომხედა, ისე მითხრა:
- მაშ გარმენდია გაასაღე, არა?
- რახან თქვენ იტყვით - ვუპასუხე.
- მე ბატონობით უნდა მომმართო. არ დამიწყო ახლა მიკიბ-მოკიბვა. აგერაა მოწმეთა ჩვენებები და ბეჭედი, შენს სახლში რომ იპოვეს. მოაწერე აღიარებას ხელი, არ უნდა ამას ბევრი ფიქრი.
კალამი მელანში ჩააწო და მომაწოდა.
- მაცალეთ დაფიქრება, ბატონო კომისარო, - მოვისაზრე მეპასუხა.
- გაძლევ ოცდაოთხ საათს, კარგად რომ დაფიქრდე საკანში. არ დაგაჩქარებ. გონს თუ არ მოეგე, ჩათვალე რომ მოგიწევს ლას ერასის ქუჩაზე ერთ ხანს დასვენება.
მე, ცხადია ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
- თუ შევთანხმდით, ჯდომა სულ რამდენიმე დღე მოგიწევს. შემდეგ გაგიშვებ. დონ ნიკოლას პარედესი შენი საქმის მოგვარებას შემპირდა.
ათი დღე ჯდომა მომიწია. ბოლოს, როგორც იქნა, გავახსენდი. რაზეც უნდოდათ ხელი მოვაწერე და ერთმა პოლიციელმა კაბრერას ქუჩაზე მიმიყვანა.
ღობეზე ცხენები იყო მიბმული. შემოსასვლელში და შიგნით უამრავი ხალხი ირეოდა. ეტყობოდა, კომიტეტი იყო. დონ ნიკოლასი მატეს სვამდა; ბოლოს მომხედა. მშვიდად მითხრა, რომ მორონში მაგზავნიდა, სადაც არჩევნები მზადდებოდა. მისი რეკომენდაციით ბატონ ლაფერერთან უნდა მივსულიყავი და იგი გამომცდიდა. წერილი შავებში გამოწყობილ ყმაწვილს დააწერინა, რომელიც, როგორც ვიცოდი, წერდა ლექსებს სიღატაკესა და სიბინძურეზე - არაფერს საინტერესოს განათლებული ხალხისთვის. სიკეთისთვის მადლობა გადავუხადე. აქეთობას პოლიციელი აღარ ამკიდებია.
ყველაფერს კარგი პირი უჩანდა. განგებას არაფერი ეშლება. გარმენდიას სიკვდილი, თავიდან უსიამოვნება რომ მომიტანა, ახლა გზას მიხსნიდა. ხელისუფლებას, ცხადია, გამოჭერილი ვყავდი. პარტიისათვის სამსახური რომ არ გამეწია, ისევ დამამწყვდევდნენ, მაგრამ გავმხნევდი და საკუთარი თავის რწმენა მომეცა.
ბატონმა ლაფერერმა მიმახვედრა, რომ თუ მასთან არაფერი შემეშლებოდა, იქნებ პირადი მცველობისთვისაც გამომეკრა ხელი. მეც ისე ვიქცეოდი, როგორც მომეთხოვებოდა. მორონში, შემდეგ კი უბანშიც, ჩემი უფროსების ნდობა დავიმსახურე. პოლიციამ და პარტიამ მშვენიერი სახელი გამითქვეს. არჩევნებისათვის ფასდაუდებელ კაცად ვიქეცი დედაქალაქის და პროვინციის თავყრილობებზე. იმხანად არჩევნები სასტიკი იყო. თავს არ შეგაწყენთ, ბატონო, სისხლიანი წვრილმანებით. არასოდეს მესმოდა რადიკალებისა, დღესაც ალემის წვერებს რომ ებღაუჭებიან. გარშემო ყველა პატივს მცემდა. ქალი გავიჩინე, ლუხანერა; ლამაზი, ოქროსფერი ბედაურიც. წლების განმავლობაში ნამდვილი მორეირა გავხდი. გავა დრო და ალბათ ცირკის გაუჩოდ ვიქცევი. დროს ბანქოს თამაშსა და სმაში ვატარებდი.
ბებრები ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ, მაგრამ უკვე ვუახლოვდები სათქმელს. აღარ მახსოვს, უკვე თუ ვახსენე ლუის ირალა. ცოტანი არიან იმისთანა მეგობრები. უკვე ასაკში შესული კაცი იყო, თავის დღე და მოსწრება მუშაობდა. მე ვუყვარდი. ერთ დროს კომიტეტშიც იყო. თავს დურგლობით ირჩენდა. არასდროს არავის საქმეში არ ერეოდა, არც სხვას რევდა თავისაში. ერთ დილას მოდის და მეუბნება:
- უკვე მოგიყვებოდნენ, კასილდამ რომ მიმატოვა. რუფინო აგილერამ შემიცდინა.
იმ ტიპს მორონში შევხვედრივარ.
- კი, ვიცნობ. - ვუპასუხე, - აგილერებში სხვებზე ნაკლები ნაგავია.
- ნაგავია თუ არა, ახლა ჩემთან ექნება საქმე.
ერთხანს დავფიქრდი და ვუთხარი:
- არავინ არავის არაფერს არ ართმევს. რახან კასილდამ მიგატოვა, ესე იგი რუფინო უყვარს, შენ კი არ სჭირდები.
- ხალხი კი რას იტყვის ჩემზე? ლაჩარიაო?
- მე არ გირჩევ მითქმა-მოთქმის გულისთვის შარში გახვევას; თანაც ქალის გამო, რომელსაც აღარ უნდიხარ.
- ქალი არ მაწუხებს. კაცი, რომელიც ქალზე ზედიზედ ხუთ წუთს ფიქრობს, კაცი კი არა, ქალაჩუნაა. კასილდა გულქვაა. ბოლო ღამეს, ერთად რომ გავატარეთ, მითხრა, უკვე ბერდებიო.
- მართალი უთქვამს.
- სწორედ სიმართლეა, კაცს რომ გულს დაგწყვეტს. ახლა მხოლოდ რუფინო მაინტერესებს.
- ფრთხილად იყავი. ერთხელ ვნახე, როგორ ჩხუბობდა მერლოში. ელვასავითაა.
- გგონია მეშინია?
- ვიცი, რომ არ გეშინია, მაგრამ კარგად დაფიქრდი. ორში ერთია: ან მოკლავ და ციხეში წახვალ, ან მოგკლავს და მიწაში ჩაწვები.
- ასეა. შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე?
- არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრება მაგალითი არაა. მე ერთი ბიჭი ვარ, ვინც კომიტეტის დამრტყმელი გახდა, ციხისთვის თავი რომ დაეღწია.
- მე არ ვაპირებ არავითარ კომიტეტში დამრტყმელობას, ჩემი უნდა ვაზღვევინო.
- მაშ ვიღაც უცნობისთვის და ვიღაც ქალისთვის, ვინც აღარ გიყვარს, შენი წყნარი ცხოვრება სასწორზე უნდა შეაგდო?
აღარ მომისმინა და წავიდა. მეორე დღეს ამბავი მოვიდა: მორონის ერთ დუქანში ლუისს რუფინო გამოეწვია და რუფინოს იგი მოეკლა.
სიკვდილზე წავიდა და ერთი ერთზე ვაჟკაცურ ბრძოლაში მოეკლათ. მე მეგობრული რჩევა კი მივეცი, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი.
პანაშვიდიდან რამდენიმე დღის შემდეგ მამლების ბრძოლაზე მომიხდა ყოფნა. არასდროს ავუღელვებივარ მამლების ბრძოლას, მაგრამ იმ დილას მართლაც რომ გულს მირევდა. რა ჭირთ-მეთქი ამ სულდგმულებს, ასე არაფრის გულისათვის თავს რომ აკლავენ ერთმანეთს.
იმ ღამეს, მე რომ გიყვებით, ჩემი ამბის ბოლო ღამეს, ბიჭებმა დავთქვით პარდაში საცეკვაოდ წავსულიყავით. ამდენი წელი გავიდა, მე კი ახლაც მახსოვს ჩემი ქალის ყვავილებიანი კაბა. დღესასწაული ეზოში გაემართათ. მთვრალი შფოთისთავები იქაურობას არ აკლდა, მაგრამ მე ვიზრუნე, ყველაფერი წესიერად ყოფილიყო. ჯერ თორმეტი არ იქნებოდა, უცხოები რომ გამოჩნდნენ. ერთი, სახელად კორელერო, იმ ღამეს ღალატით რომ მოკლეს, ყველას თითო-ოროლა სირჩით გაუმასპინძლდა. შემთხვევამ ინება, ორივე ერთი ყაიდისანი აღმოვჩენილიყავით. რაღაცას მიმზადებდა. მომიახლოვდა და აწონ-დაწონვით მომაჩერდა. მითხრა, ჩრდილოეთიდან ვარო და შენზე იქ მსმენიაო. ლაპარაკს ვაცლიდი, მაგრამ უკვე ეჭვის თვალით ვუყურებდი. ენას არ აჩერებდა, ალბათ საკუთარი თავის წასაქეზებლად. ბოლოს საჩხუბრად გამომიწვია. სწორედ მაშინ მოხდა ის, რისი გაგებაც არავის უნდა. იმ ყოყლოჩინა ჩხუბისთავში საკუთარი თავი დავინახე, როგორც სარკეში, და შემცხვა. კი არ შემშინებია. როცა მეშინია, უფრო მაშინ გავდივარ ხოლმე საჩხუბრად. გავჩერდი, ვითომც არაფერი. იმან კი სახე მომიახლოვა და ყველას გასაგონად მიყვირა:
- უბრალოდ ლაჩარი ხარ.
- ეგრე იყოს, - ვუპასუხე, - არ მეშინია ლაჩრად ჩამთვალონ. თუ შენ გულს უხარია, შეგიძლია დაუმატო, რომ ბოზიშვილი მიწოდე და შემაფურთხე კიდეც. გულს მოგეშვა?
ლუხანერამ ამომაცალა დანა, ყოველთვის უბით რომ ვატარებდი და ხელში მომაჩეჩა; თან მითხრა:
- როსენდო, მგონი ეს გჭირდება.
დანა გადავაგდე და აუჩქარებლად გავედი. გაოცებულმა ხალხმა გზა დამითმო. რაში მაინტერესებდა, რას იფიქრებდნენ.
აქაურ ცხოვრებასთან ყოველგვარი კავშირი რომ გამეწყვიტა, ურუგვაიში გავიქეცი, სადაც მეფორნეობა დავიწყე. რაც დავბრუნდი, აქ დავმკვიდრდი. სან ტელმო ყოველთვის წყნარი უბანი იყო.

??????