ბუონაროტი მიქელანჯელო
გაზიარება

* * * ამოშრი, ცრემლის ნაკადულო, აიგე წესი (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი) 

ამოშრი, ცრემლის ნაკადულო, აიგე წესი,
წინ რომ გზა გიძევს გასავლელი, გასახვეწავი, -
ცრემლებთან რა გაქვს სათხოვარი და სახვეწარი,
ისეც აგავსებს გაზაფხულის წვიმა და თქეში.

თქვენც, ტკივილებო, მოილიეთ კვალი და გეში,
თორემ მე ბედკრულს - ქვეყნის ბრუნვას რაც გავეცანი, -
ცისკრის ნათელში მებლანდება მწუხრის ზეწარი
და ღამის ჩრდილი მელანდება შუადღის მზეში.

რბიან დღეები, არყოფნისკენ ისწრაფიან და
მიწა არ მიფენს ძველებურად მწვანე ფიანდაზს,
რომ წუთით მაინც გავერიდო ქრობას და ჭკნობას,

რომ შევაჩერო ულმობელი დროის წრებრუნვა
და წუთისოფლის უხანობით შეიწრებულმა
თვალი შევავლო სიყვარულის ღვთაებრივ ნობათს...

??????