ბუონაროტი მიქელანჯელო
გაზიარება

* * * გულს დაჩნევია სიმძიმილი გარდასულ წელთა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი) 

გულს დაჩნევია სიმძიმილი გარდასულ წელთა,
ბედი მომძახის ავბედითი ფრთების სავსავით,
რომ კვლავ შემასვას სასიკვდილო სამსალასავით
ამქვეყნიური ვაებანი, შიში და ელდა.

ხმობენ ჩრდილები, ფუთფუთებენ, ღამეში ვლენ და
კვლავ მაზავებენ უჩვეულო ცრემლის საზავით,
მინდა ბნელს მოვწყდე სულთმობრძავი ფარვანასავით
და საწუთროდან უკუმდგარი მოვიქცე შენდა,

რომ მოვიძიო ბილიკები ცის და მნათობის,
სულს დაებედოს ღვთაებრივი ცეცხლით შებურვა
და დაიბრუნოს სიმსუბუქე პირველქმნადობის

ხორციელების ტყვეობაში დამძიმებულმა
და გზა, რომელზეც ანგელოსთა ხმები ჩაესმა,
ცას შეუსართოს სიყვარულმა უზეშთაესმა.

??????