ლექსი (მთარგმნელი: ლულუ დადიანი)
თუმც ვინ აუღებს ალღოს მრუდე ფესვთა ტყვეობას:
შემაძრწუნებლად სმენადქცეულნი, უკუნ სიბნელეს ჩაფრენილები,
გარდასახვას რომ ლამობენ მისას?
მათ შიშის ზარი, ელდა სჭირდებათ, თუმც შორეული.
ცოდნის ზედმეტად მოახლოება - სასიკვდილოა.
იგავი გვამცნობს გულმოწყალედ და შეფარულად.
სიტყვა და ხატი:
უმკაცრესი იმპერიის მდუმარ ბჭეთა წინ მოსაგრეობენ
უსასრულოდ, როგორც მცველები;
ლამის რუნული ნიშანია, იდუმალებით მოსილი ძილი,
რომელიც მისი მშვენიერების უნატიფეს ქუთუთოს მიღმა
ღრმა უფსკრულს მალავს.