ბუსტა ქრისტინე
გაზიარება

ქრისტიანისადმი ნათქვამი (მთარგმნელი: ლულუ დადიანი) 

სადაც არ უნდა გაშალო მკლავი,
ქვეყნიერების წინ აღმართულხარ ჯვარის სახებად.
შენს სიყვარულს რომ შეეზარდა სისხლხორცეულად
და გრძნობ დიადი, ამაღლებული ჟესტის გარეშეც:
რომ შეკეცილი ფრთებითაც კი, ძილ-ბურანშიაც,
ფრინველი მაინც ფრინველად რჩება.

შენ ბაირაღი სულ არ გჭირდება!
მოთარეშე პირქარითაა სამყარო სავსე,
აქ შენეული თმის შერხევაც საკმარისია.
უკვე მრავალი ჰქონდათ ხილვა მაცდუნებელი:
კეთილდღეობა, ხსნა ვისაც მოაქვს,
არავის უმხელს, მალავს მდუმარედ.

არ გაამხილო ქედმაღალი შენი სახელიც,
მეტად რომ არც კი ჩაეძიები!
ადამიანთა საიდუმლო
შესაბამისი არის მისია.
და თუკი რწმენას თავს არიდებენ,
შენი ქმედების დრომ მოაწია!

ხელუხლებლობის ნუ გაქვს იმედი,
მხოლოდ ეს რჩება: დასცადო თავი!
თვით უმდაბლეს კარავშიაც კი,
ბნელ საცხოვრისში დაიდო ბინა,
მიუსაფარ მათხოვართ შორის,
უწმიდურობის გარემოცვაში.

ვინც არასოდეს არ სვამს ლოთებთან,
და მეძავებთან ღამეები არ უთევია,
არ დაძვრებოდა ქურდებთან ერთად,
და არ ჰქონია არასოდეს
ხელთ მკვლელის დანა,
ამ მიწიერ შიშს ვერას გაუგებს.

და ის რომელსაც, ღვთის დაუტევნად,
გამცემის ყალბი ამბორი და
დაეჭვების მწარე ნაღველი
არასოდეს არ უგემნია,

დღეს დაკარგულთა ძმა ვერ გახდება.
სამართლიანად არ სჯერა რადგან:
რომ ამბოხება არ თრგუნავს გულებს,
არამედ ქონი უმოქმედობის!

შენ გზად მიმავალს, შეიძლება რომ
სახელიც კი გადაგავიწყდეს, ანდა გაგებნეს,
მას განიძარცვავ ვით უცხო სამოსს,
რადგან სხვებისგან გამანძილებს და
ძველ გზას აგრძელებ, დედიშობილა
სხვა შიშვლებს შორის. მაგრამ ჯვარს შენში
ვერ ამოძირკვავ და გაიძულებს მყის განერიდო
სირცხვილს და აუგს, ძილსა თუ ცხადში:
რომ გაემართო ჯვარცმისათვის სასაკლაოზე
და ეს ჯალათებს თვალსაჩინოდ დაუდასტურო.

??????