* * * ასობით ტონა საბრძოლო რკინა (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
დაჭირხნა კრემლის კედლებმა მრუმემ.
ფეხებში მიწამ მოგვიღიტინა
და არ დაენდო ზათქებს სიჩუმე.
საღამო იყო. წინადღე ლხინის,
ტაქსის ლოდინში ლამის ინათა.
წინადღე იყო სხვისი ქორწილის,
პირადი დარდის იყო წინადღე.
კვალიც არ იყო იქ სულიერის,
კარანტინს როგორც შეშვენის - უხმოდ,
ამ შუაღამემ შეკრა ძლიერად
ჩემთვის ძვირფასიც, ძალიან უცხოც.
ეს უიღბლობაც არის ორპირი.
გულს აცხოველებს, აახლებს დარდი,
პირზე შეგვრჩება მწარე ღიმილი
და გახელილი თვალები ფართოდ.
ისევ ბატალურ ღუმელში წრთობა,
ადამიანთა ასობით მსხვერპლი,
ჩვენ ამ ღუმელში ვსწავლობთ უტყვობას,
დიდხანს გაგვყვება სიმწარე ფერფლის.
დედაჩემმა კი დაბადა ბავშვი,
განა თოჯინა გუგუნა ჯავშნით.
ნუღარ გამომსცდით და ნუ მაწამებთ,
მეც მათქმევინეთ, სიტყვა მაცალეთ.
მიწა იძვროდა ზათქით, ქუხილით.
ტანკებით სავსე კრემლის ალაგი.
სალამი, ჩემო დიდო წუხილო,
წვეთო სიცოცხლევ რკინის ქალაქში!