ორმაგი მხედარი (მთარგმნელი: ნესტან იორდანიშვილი)
თვალის უპიდან მსხვილი კურცხალი სწყდება, მოგორავს ლოყის ღინღლზე; ერთადერთია, ობოლი, მაგრამ თავის დღეში არ შრება; იმ წვეთივით, კლდის თაღებიდან რომ წვეთავს და დროთა განმავლობაში ხრავს გრანიტს; ეს ობოლი ცრემლიც, ნიადაგ რომ ეპკურება ქალის გულს, მსჭვალივით ესობა მას და ორად გაუპობს.
ედვიგ, ქერა ედვიგ, ნუთუ აღარ გწამს იესო ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი? ან იქნებ მარადწმინდა ქალწულ მარიამის გულმოწყალებაში შეგივიდა ეჭვი? რატომ ჩამოგიყრია ეს პატარა, სიფრიფანა ხელები, ელფებისა და ვილისების ხელებივით სუსტი და გაწლობილი? მალე დედა გახდები; ეს ხომ შენი ყველაზე სანუკვარი წადილი იყო: გრაფმა ლოდბორგმა, შენმა კეთილშობილმა მეუღლემ წმინდა ეტბერტის ეკლესიას მასიური საკურთხეველი და ბაჯაღლო ოქროს სანაწილე აღუთქვა, თუ ვაჟი შეგეძინება.
ვაგლახ! საბრალო ედვიგს გული მწუხარების შვიდი ლახვრითა აქვს დალახვრული; საზარელი საიდუმლო მძიმედ დასწოლია მის სულს. ეს რამდენიმე თვეა, უცხოელი მოვიდა მათ ციხე-კოშკში; იმ ღამეს საშინელი დარი იდგა: კოშკის ბოძებს ჭრიალი გაჰქონდათ, ფლუგერები წრიპინებდნენ, ცეცხლი დასაშრეტად მინავლულიყო და ქარი აბეზარი სტუმარივით აწყდებოდა ფანჯრის მინებს.
უცნობი ანგელოზს ედარებოდა მშვენებით, მაგრამ მშვენება ცდომილი ანგელოზისა ჰქონდა; ტკბილად იღიმებოდა, ნაზად იცქირებოდა და მაინც მისი მზერა და ღიმილი შიშით სისხლს გიყინავდათ ძარღვებში და თავზარს გცემდათ, თითქოს უფსკრულის პირად დაგაყენესო. ყველა მის მოძრაობას მსხვერპლის მოდარაჯე ვეფხვის ცბიერებით აღსავსე გრაცია და ნებიერი სივერაგე ახლდა; გველივით მომნუსხველი მზერა ჰქონდა, ჩიტის მლალავი.
უცნობმა მომღერლად გააცნო ყველას თავი. მზედაკრულ სახეზე ეტყობოდა, სხვა ცისქვეშეთებიც მოევლო; ამბობდა, შუა ბოჰემიიდან მოვდივარო და თავშესაფარს ითხოვდა მხოლოდ ერთი ღამით.
იმ ღამეს დარჩა და სხვა დღეებიცა და ღამეებიც მიაყოლა, რადგან ქარიშხალის ჩადგომას არ დაადგა საშველი; ბებერი კოშკიც ირყეოდა საფუძვლიანად, თითქოს გრიგალს სურდა ამოეძირკვა იგი და ნიაღვრის აქაფებულ წყლებში დაენთქა მისი ქონგურებიანი კედლები.
დროის მოსაკლავად სტუმარი უცნაურ სიმღერებს მღეროდა, გულს რომ აშფოთებენ და მძვინვარე ვნებებს აგიშლიან; სიმღერისას შავი, გიშერივით მბზინავი ყვავი ეჯდა მხარზე; აბანოზისფერ ნისკარტს ტაქტს აყოლებდა და თითქოს ტაშსაც სცემდა ფრთების ფართქალით. ედვიგი ფითრდებოდა, როგორც შროშანი მთვარის შუქზე. ედვიგი წითლდებოდა აისის ვარდივით და თავის ღრმა სავარძელში მისუსტებული, ნახევრად მკვდარი გადაესვენებოდა ხოლმე; მთვრალი, თითქოს საბედისწერო რამ სურნელი შეესუნთქოს ამ სასიკვდილო ყვავილებისგან.
ბოლოს მომღერალი წავიდა; ცის პირი ოდნავ გააპო მტრედისფერმა ღიმილმა. ის დღეა და ის დღე, ქერა ედვიგი სულ ტირის და ტირის ფანჯრის კუთხეში მიმჯდარი.
ედვიგი დედა გახდა; თეთრყირმიზი ვაჟი შეეძინა. მოხუცმა გრაფმა ლოდბორგმა ოქრომჭედელს მასიური საკურთხეველი შეუკვეთა და ირმის ტყავის ქისით 1000 ოქროს მონეტა მისცა სანაწილის ჩამოსასხმელად. სანაწილე მძიმე და ტევადი იქნება და ბევრ ღვინოს ჩაიტევს; მის გამომცლელ მღვდელს შეუძლია დაიკვეხოს, კარგი მსმელი ვარო, ფიქრობდა გულში.
ბიჭს თეთრ-ვარდისფრად გაუდიოდა ღაღანი; ოღონდ უცხოელის შავი მზერა დაჰყვა: დედამისი ხომ მონუსხულივით უმზერდა ამ თვალებს! საბრალო ედვიგ! ასე ჩაციებით რად უმზერდი ქნარზე მომღერალ, შავყვავიან უცხოელს?
კაპელანმა განათლა ბავშვი; სახელად ოლუფი უწოდეს, საუცხოო სახელი! ვარსკვლავთმრიცხველი ყველაზე მაღალ კოშკზე ავიდა, რომ ჰოროსკოპი შეედგინა ახლადშობილისათვის.
ნათელი და ცივი დარი იდგა: დათოვლილ მთათა სილუეტი ისე კბენდა ცის მოსასხამის ბოლოს, როგორც ფოცხვერის წვეტიანი, თეთრი კბილები; დიდრონ და მცხრალად მოკიაფე ვარსკვლავებს კუნაპეტ ღამეში ვერცხლის მზეებივით გაჰქონდათ კაშკაში.
მოგვი ზევით ავიდა; ჩაინიშნა წელი, დღე და წუთი ყრმის დაბადებისა; დიდხანს ითვალა, დიდხანს წერა სინგურით გრძელ პერგამენტზე, კაბალისტიკური ნიშნებით რომ იყო აჭრელებული; მერე თავის კაბინეტში დაბრუნდა, კვლავ დინჯად ავლო კოშკის კიბეები, მაგრამ გამოთვლაში არ შემცდარა, მისი ჰოროსკოპი სწორი და უმცდარი იყო, როგორც სპეკალთა სასწორი; და მაინც თავიდან შეუდგა ანგარიშს: არა, შეცდომა არ მოსვლია.
პატარა გრაფი ოლუფი ორმაგ ვარსკვლავზე გახლდათ შობილი; ერთი მწვანე იყო და მეორე - წითელი; იმედივით მწვანე და ჯოჯოხეთივით წითელი; ერთი კეთილი იყო, მეორე კი ბოროტების მომტანი. განა ოდესმე გაგონილა ბალღი ორმაგ ვარსკვლავზე ყოფილიყოს შობილი?
დინჯი, სერიოზული სახით ბრუნდება მოგვი მელოგინის ოთახში, გაძვალტყავებულ ხელს ხშირ ტალღებად დაფენილ წვერში იყოფს და ამბობს:
- გრაფის მეუღლევ, ედვიგ და თქვენ, გრაფო ლოდბორგ, ოლუფის, თქვენი ძვირფასი ვაჟის დაბადებას ორი გავლენა წარმართავდა: ერთი კეთილია, მეორე კი - ბოროტი; ამიტომაც დაჰყვა ერთი მწვანე და ერთიც წითელი ვარსკვლავი. ყრმა ორმაგ ზემოქმედებას განიცდის; ან ძალზე ბედნიერი იქნება, ან ძალზე უბედური; ვერ გეტყვით, ზუსტად რა ბედი მოელის. იქნებ თანაბრად ეწვიოს ჭირიც და ლხინიც.
გრაფმა ლოდბორგმა მიუგო ვარსკვლავთმრიცხველს:
- მწვანე ვარსკვლავი სძლევს!
მაგრამ დედას გულის სიღრმეში ეშინოდა, წითელმა არ აჯობოსო. კვლავ ფანჯრის კუთხეში მიჯდა, ხელზე ნიკაპდაყრდნობილი და ისევ ტირილს მოჰყვა. ძუძუს მისცემდა ჩვილს და მერე ფანჯრების მიღმა თოვლის ვარდნას გასცქეროდა. დიდრონი ფანტელები ცვიოდა, ჩქარ-ჩქარი, თითქოს ცად ყველა ანგელოზისათვის და ქერუბინისათვის ფრთები დაუცლიათო.
დროდადრო ყვავი ჩაიქროლებდა ფანჯრის წინ ყრანტალით და ამ ვერცხლნაყარ მტვერს შეარხევდა. იგი ედვიგს იმ ყვავს აგონებდა, მუდამ მხარზე რომ ეჯდა უცხოქვეყნელს, რომელსაც ვეფხვის ალერსიანი მზერა ჰქონდა და ასპიტის მომნუსხველი ღიმილი. ცრემლებიც მომეტებულის ძალით წვიმდნენ მის თვალთაგან და გულს უგმირავდნენ.
ყრმა ოლუფი ერთობ უცნაური ბავშვი გამოდგა: იტყოდით, მის გვარში ორი სხვადასხვა ზნის არსება ზისო; ერთი დღე რომ ანგელოზივით მშვიდი იყო, მეორე დღეს ეშმასავით ავი; ძუძუზე კბენდა დედას, ფრჩხილებით უკაწრავდა გამდელს სახეს.
მოხუცი გრაფი ლოდბორგი თავის ჭაღარა ულვაშებში იღიმებოდა და ამბობდა, ოლუფი კარგი ჯარისკაცი დადგება, მეომრის ხასიათი დაჰყვაო. მართლაც აუტანელი ონავარი იყო: ხან ტიროდა, ხან იცინოდა. მთვარესავით ჭირვეული გახლდათ, ქალივით უცნაური; ღმერთმა უწყის, რად ჩერდებოდა, მიდი-მოდიოდა, თავს ანებებდა დაწყებულ საქმეს, ხან ერთბაშად აზავთდებოდა, ხან კი ლოდივით გაუნძრევლად ეგდო და ყველას საგონებელში აგდებდა. სულ მარტო იყო და თითქოს უხილავ თანამოსაუბრეს ესაუბრებაო! როცა ჰკითხავდნენ, აგრე რა გაშფოთებთო, მიუგებდა, წითელი ვარსკვლავი მტანჯავსო.
ოლუფს მალე შეუსრულდა თხუთმეტი წელი. ხასიათი თანდათან უფუჭდებდა. სახე უნაკლოდ ლამაზი აქვს, მაგრამ ავად აკვესებს თვალებს. დედასავით ქერაა, ჩრდილოეთის მკვიდრთათვის დამახასიათებელი ნაკვთები ამკობს. მაგრამ მის მონადირისაგან ფეხდაუკრავ თოვლივით თეთრ შუბლქვეშ, ლოდბორგების ძველისძველი გვარის შუბლქვეშ ორ, მონარინჯისფრო ქუთუთოს შორის, გრძელი, შავი წამწამებით მოჩრდილული გიშრის მტაცებლური თვალები იტალიური ვნებიანობით ელვარებენ. მზერა ხავერდოვანი აქვს, სასტიკი და დათაფლული, ბოჰემიელ მუსიკოსს რომ ჰქონდა, სწორედ ისეთი.
რა სწრაფად გაირბინეს თვეებმა და კიდევ უსწრაფეს წლებმა! ედვიგი ახლა ლოდბორგთა ბნელით მოცულ აკლდამაში განისვენებს, მოხუცი გრაფის გვერდით, გრაფისა, რომელიც საფლავშიაც იღიმება, რაკი მის გვარს გადაშენება არ ემუქრება. ქალს ისედაც მიტკლისფერი ედო და სიკვდილს დიდად არ შეუცვლია. მისი საფლავი მშვენიერი მწოლარე ქანდაკებით შეუმკიათ, ხელები მლოცვარესავით მიუტყუპებია ერთმანეთთან და ფეხები მარმარილოს ლევრეტზე, გარდაცვლილთა ამ ერთგულ მეგობარზე უდევს. რა თქვა ედვიგმა აღსასრულის ჟამს, არავინ უწყის, მაგრამ მისი მზიარებელი მღვდელი მომაკვდავზე მეტად გადაფითრებულიყო.
ოლუფს, უსასოოდ შთენილი ედვიგის ქერა, შავთვალება ვაჟს დღეს ოცი წელი შეუსრულდა. ყველა ვარჯიშში მარჯვეა, მშვილდოსნობაში არავინ ჰყავს ბადალი; წამში აპობს ისარს, რომელიც ეს-ესაა, ცახცახით დაესო სამსხვერპლოს გულს, უბელოდ მოაჯდება და ხედნის ყველაზე ველურ ტაიჭებს.
თავის დღეში დაუსჯელად არ შეუხედავს ქალისა თუ ქალწულებისათვის; მაგრამ ვინც კი შეიყვარა, ვერც ერთი ვერ ეწია ბედნიერებას. მისი ხასიათის ავბედითი უთანაბრობა ყოველგვარ ბედნიერებას ასამარებდა. მისი ერთი ნახევარი ვნებით რომ იყო გათანგული, მეორეს სიძულვილი იპყრობდა; ხან მწვანე ვარსკვლავი სძლევდა, ხანაც წითელი. ერთ დღეს რომ გეტყვით: "ჰოი, ჩრდილოელო ქალწულნო, პოლუსის ყინულებივით ბრწყინვალენო და წმიდანო, თვალნი მთვარის სხივს რომ მიგიგავთ, ლოყები - ჩრდილოური აისის ფერებით რომა გაქვთ დაფერილი!" მეორე დღეს შესძახებდა; "ჰოი, იტალიის ასულნო, მზეზე გარუჯულებო და ფორთოხლისფერთმიანნო! ბრინჯაოს მკერდში ცეცხლის გულები რომ გიცემთ!" ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ ორსავ შემთხვევაში გულწრფელი გახლდათ.
ვაგლახ! საბრალო, გაწბილებულო ქალწულნო! მწუხარე, მოტირალნო აჩრდილნო, თქვენ მას ბრალსაც კი არა სდებთ, რადგან იცით, რომ ის თქვენზე უბედურია. მისი გული ასპარეზია, რომელსაც გამუდმებით თელავენ ორი უცნობი მორკინალის ფეხები; ამ მორკინალთაგან ისე, ვით იაკობისა და ანგელოზის ბრძოლაში, თითოეული ცდილობდა ბარძაყი დაელება მოწინააღმდეგისათვის.
სასაფლაოს თუ ეწვევით, ფართე ქერიფქლის დაკბილულ ფოთლებს, მღვრიე მწვანე ფერის შტოებიანი შროშანების ქვეშ, ველურ შვრიასა და ჭინჭარს შორის რამდენიმე მიტოვებულ საფლავის ლოდს ნახავთ, რომელთაც მხოლოდ დილის ნამი ეპკურება ცრემლებად. მინა, დორა, თეკლა! მიწა ხომ არ ემძიმებათ თქვენს ნაზ მკერდსა და მშვენიერ სხეულებს?
ერთ დღეს ოლუფმა უხმო დიტრიხს, თავის ერთგულ მეჯინიბეს და ცხენის შეკაზმვა უბრძანა.
- ბატონო, ერთი შეხედეთ, როგორ თოვს, ქარიც გაავებით ღმუის და მიწამდე ხრის ნაძვთა კენწეროებს; განა არ გესმით, შორს მშიერი მგლები როგორ ყმუიან და სულთახდომისას შვლები რა საწყალობლად ხავიან?
- დიტრიხ, ჩემო ერთგულო მეჯინიბევ, ისე წამში გადავიფერთხავ თოვლს, როგორც მოსასხამზე აკრულ ბურტყლს იფერთხენ; ნაძვის ტოტებქვეშ რომ გავივლი, ოდნავ დავხრი ქუდის ჯიღას. მგლებს კი ბრჭყალები დააცვდებათ ამ საჭურველზე. აი, ამ მახვილის წვერით გავსერავ ყინულს და საბრალო შველს მდუღარე ცრემლებით რომ ტირის, ვუპოვი ნედლ, აყვავებულ ხავსს, რომელსაც თავად ვერ მისწვდენია.
გრაფი ოლუფ დე ლოდბორგი - ასეთი გახლდათ მისი ტიტული მას შემდეგ, რაც მოხუცი გრაფი გარდაიცვალა, - თავის უბადლო რაშზე ამხედრებული წავიდა, უკან ორი ვეება ნაგაზი მისდევდა - მურგი და ფენრისი, რადგან ახალგაზრდა, ფორთოხლისფერ ქუთუთოებიან ბატონს პაემანი ჰქონდა დანიშნული. პატარა, წვერწამახული კოშკიდან, საყარაულოს რომ ჩამოჰგავს, სუსხისა და ცივი ქარის მიუხედავად იქნებ უკვე გადმოხრილა მოჩუქურთმებულ აივანზე შეშფოთებული ქალწული, თეთრად გადაპენტილ ველზე თავისი რაინდის ჯიღას რომ დაეძებს.
ოლუფი სპილოსტოლა ცხენზე ამხედრებულა, გამალებით ჰკრავს დეზს ტაიჭს და წინ მიიწევს უკაცურ მინდორში; კვეთს ტბას, სიცივეს ყინულის ბლოკად რომ უქცევია; სადღაც სიღრმეში თევზები გარინდებულან ფარფლებგაშვერილნი, როგორც მარმარილოს ლოდში ჩაკირულები. ცხენის კაუჭებით აღჭურვილი ოთხი ნალი მაგრად ესობა გაქვავებულ ნიადაგს; პირუტყვის ოფლისა და სუნთქვისაგან ამდგარი ნისლი გარს მოხვევია მხედარს, თან მოაცილებს და გეგონებათ, ღრუბლებში მიჭენავსო; ორი ძაღლი, მურგი და ფერნისი, თავიანთ ბატონს აქეთ-იქედან ამოსდგომიან და ზღაპრული ცხოველებივით სისხლიანი ლაშებიდან ორთქლს უშვებენ ბოლქვებად.
აი ნაძვნარიც... აჩრდილთა მსგავსი ხეები თავიანთ თეთრ სუდარაში გახვეულ, დამძიმებულ მკლავებს იწვდიან. თოვლს დაუტანია ყველაზე ნორჩები და დრეკადები: გეგონებათ, ვერცხლის თაღების რიგიაო. შავი შიში დაბუდებულა ამ ტყეში, სადაც კლდეები ურჩხულებს მოჰგვანან, სადაც ყოველი ხე თავისი ფესვებით თითქოს მის ფერხთით ჩაძინებული დრაკონის ბუდეს მალავს. მაგრამ ოლუფმა არ იცოდა, შიში რა იყო.
გზა თანდათან დავიწროვდა. ნაძვებს ერთმანეთისათვის გადაეჭდოთ თავიანთი აბურდული, საბრალობელი რტოები. მათ მიღმა იშვიათად თუ მოჩანდა დათოვლილი ბორცვების ქედი, თეთრ ტალღებად რომ იკვეთებოდა შავსა და მოქუფრულ ცაზე.
საბედნიეროდ, მოპსი ძლიერი რაშია, თვით გოლიათი ოდინის1 სიმძიმის ქვეშაც არ დადრკება; ვერავითარი დაბრკოლება ვერ შეაჩერებს; ახტება კლდეებს, ზედ ევლება ღრანტეებს. დროდადრო მისი ნალი თოვლქვეშ ქვას ხვდება და ნაპერწკლებს აყრევინებს.
- ყოჩაღად, რაშო! ყოჩაღად! ერთი მინდორი და პატარა არყნარიღა გვაქვს გასავლელი; ლამაზი ხელი მოგიალერსებს ხავერდოვან კისერზე და თბილ საჯინიბოში საძღომად დაგიყრიან თივა-ქერს.
რა საამური სანახავია არყნარი! ყველა ტოტი თრთვილს შეუმოსავს, სულ პაწაწინა შტოებიც კი თეთრად იხატებიან გარს მომდგარი ბინდში; გეგონებათ, უზარმაზარი, ოსტატურად წნული კალათიაო, ვერცხლის მადროპორი, ან მღვიმე თავისი სტალაქტიტებით; უცნაური შტოები და ყვავილები, რომელთაც ყინვა ახატავს მინებს, უფრო ნატიფსა და უფრო თვალწარმტაც სურათებს როდი ქმნიან.
- ბატონო ოლუფ, რატომ დაიგვიანეთ! უკვე ვშიშობდი, მთის დათვმა ხომ არ გადაუღობა გზა, ან ელფებმა ხომ არ მიიწვიეს-მეთქი თავიანთ ფერხულში საცეკვაოდ, - უთხრა კოშკის დიასახლისმა, როცა ოლუფს მუხის სავარძელში სვამდა ბუხრის პირას. - თანაც რად მოხვედით სასიყვარულო პაემანზე თანამგზავრთან ერთად? ნუთუ ტყის მარტო გამოვლისა შეგეშინდათ?
- რომელ თანამგზავრზე მეუბნებით, გულო ჩემო? - ჰკითხა გაოცებით ოლუფმა კოშკის ახალგაზრდა დიასახლისს.
- წითელი ვარსკვლავის რაინდზე, მუდამ თან რომ გახლავთ. იმაზე, ბოშა მომღერლის მზერისაგან რომ იშვა, ბოროტ სულზე, თქვენ რომ შეუპყრიხართ; დაიხსენით თავი წითელი ვარსკვლავის რაინდისაგან, თუ არა და, ჩემს დღეში არ მივუპყრობ ყურს თქვენს სამიჯნურო სიტყვებს; ერთბაშად ორი კაცის ცოლი ვერ გავხდები.
ოლუფი ამაოდ დაშვრა, ამაოდ ემუდარა, ვერ მოახერხა ბრენდას ვარდისფერ თითებზე ამბორი. ძალზე უკმაყოფილო წამოვიდა და გულში გადაწყვიტა შებრძოლებოდა წითელი ვარსკვლავის რაინდს, თუ სადმე შეეყრებოდა.
ბრენდას მკაცრი მასპინძლობის მიუხედავად, მეორე დღეს ოლუფი კვლავ დაადგა წვერწამახული კოშკისაკენ მიმავალ გზას. მიჯნურები ადვილად როდი თმობენ საწადელს.
გზად მიმავალი ამას ფიქრობდა:
"ბრენდა უთუოდ გაგიჟდა; მაინც რას უნდა ნიშნავდეს ეს წითელი ვარსკვლავის რაინდი?"
ქარიშხალი საშინლად მძვინვარებდა; თოვლი ჰაერში ტრიალებდა და ცის მიწისაგან გარჩევა ჭირდა. ყვავთა გუნდი ავის მომასწავებლად დასტრიალებდა თავს ოლუფის ჯიღას, თუმც კი ფრენისი და მურგი გამუდმებით უყეფდნენ მათ და ყალყზე შემდგარნი დასაჭერად ეტანებოდნენ. თავს გიშერივით მბზინავი ყორანი დაფრენდა რაინდს, ის შავი ყვავი, ბოშა მომღერლის მხარზე მჯდომარე ტაქტს ნისკარტს რომ აყოლებდა.
ფენრისი და მურგი უეცრად შედგნენ. შეშფოთებით დაიწყეს ჰაერის ყნოსვა; გეშით იგრძნეს მტრის სიახლოვე - ეს არც მგელი იყო და არც მელა; მგელი და მელა ერთ ლუკმადაც არ ეყოფოდათ ამ მამაც ძაღლებს.
გაისმა ნაბიჯების ხმა და მალე გზის მოსახვევში ვეება ცხენზე ამხედრებული რაინდი გამოჩნდა, რომელსაც უკან ორი უზარმაზარი ქოფაკი მოსდევდა.
შეხედავდით და, ოლუფი გეგონებოდათ. ზუსტად ისე იყო შეჭურვილი, იმავე ვინიეტებიანი გერბით მორთული სამოსი მოსავდა, ოღონდ ქუდზე წითელი ფრთა ეკეთა მწვანის ნაცვლად. გზა ისე ვიწრო იყო, რომ რაინდები მხარს ვერ აუქცევდნენ ერთმანეთს.
- ბატონო ოლუფ, გზა მიტიეთ, რომ გავიარო, - უთხრა თავზე ქუდჩამოფხატულმა რაინდმა, - წინ შორი გზა მიძევს სავალი, მიმელიან და დროით უნდა მივიდე.
- მამის ულვაშსა ვფიცავ, უკანდახევა თქვენ მოგიწევთ. სამიჯნურო პაემანზე მივდივარ, მიჯნურებს კი, მოგეხსენებათ, მოცდა არ უყვართ ხოლმე, - მიუგო ოლუფმა და ხმლის ვადაზე გაივლო ხელი.
უცნობმაც ხმალი იშიშვლა და ბრძოლა გაჩაღდა. ხმლები, ფოლადის აბჯარს რომ ხვდებოდნენ, ბღუჯა-ბღუჯა აყრევინებდნენ ნაპერწკლებს; მალე, თუმც კი ჩინებულად იყვნენ ნაწრთობნი, ორთავე ხერხივით დაიკბილა. თავიანთი ცხენების ნესტოებიდან გამონაბოლქვი ორთქლისა და საკუთარი ამონასუნთქის მიღმა მორკინალნი ორ შავ მჭედელს მოჰგავდნენ, გამალებით რომ სცემენ უროს გავარვარებულ რკინას. ცხენებიც პატრონებივით ცოფმორეულნი გამეტებით კბენდნენ ერთმანეთს დაძარღვულ კისერზე და ნაგლეჯ-ნაგლეჯ აცლიდნენ კანს მკერდიდან. გააფთრებით ხტოდნენ და ნალებს მუშტებივით გამეტებით სცემდნენ ერთმანეთს, სანამ მათი მხედრები მათ თავს ზემოთ გამძვინვარებით უტევდნენ ერთიმეორეს. ძაღლებიც გაბმით ყმუოდნენ და გაშმაგებით იკბინებოდნენ.
სისხლის წვეთები, საჭურვლის ქერცლიდან რომ წვეთავდა და ცხლად ეცემოდა თოვლზე, ზედ პატარ-პატარა, ვარდისფერ ნასვრეტებს აჩენდა. ცოტა ხნის შემდეგ ასპარეზი ისე იყო დაცხრილული, ვეება თუშფალანგი გეგონებოდათ, სისხლის წვეთები ისე გამალებით ეცემოდნენ მიწაზე. ორთავ რაინდი დაჭრილი იყო.
უცნაური რამ ხდებოდა, ოლუფი გრძნობდა დარტყმებს, უცნობ რაინდს რომ ლახვრავდა; სტკიოდა ჭრილობები, მომხვდურს რომ აგემებდა და ისინიც, მტერი რომ აყენებდა. უჩვეულო სიცივე იგრძნო მკერდში, თითქოს გულს მახვილი აძგერესო, თუმც მისი ჯავშანი ხელუხლებელი იყო გულის ალაგას: თვითონ მხოლოდ მარჯვენა მკლავში იყო დაჭრილი. უცნაური გახლდათ ეს ორთაბრძოლა, სადაც გამარჯვებული დამარცხებულივით იტანჯებოდა, სადაც ერთი იყო მახვილის დარტყმაცა და დარტყმის მიღებაც.
ოლუფმა ძალა მოიკრიბა და ძლიერი მოქნევით გადაუგდო მოწინააღმდეგეს საშინელი ჩაფხუტი. _ ჰოი საშინელებავ! ვინ იხილა ედვიგისა და ლოდბორგის ვაჟმა? მის წინ თითქოს თავადვე მდგარიყოს: სარკეც კი ვერ აირეკლავდა ამგვარი სიზუსტით. საკუთარ აჩრდილთან ჰქონია ბრძოლა, წითელი ვარსკვლავის რაინდთან; აჩრდილს საშინელი ყვირილი აღმოხდა მკერდიდან და ერთბაშად გაქრა.
ყვავების გუნდი ცაში აიჭრა ისევ და მამაცმა ოლუფმაც გზა განაგრძო. საღამოს, თავის ციხე-კოშკში რომ დაბრუნდა, უნაგირზე ციხის ახალგაზრდა დიასახლისი ეჯდა. ქალი ახლა კი დაჰყვა მის თხოვნას. წითელი ვარსკვლავის რაინდი აღარსად იყო და ოლუფის მკერდზე მიკრულს ვარდის ბაგეთაგან დასცდა ის აღსარება, რომლის გამხელაც ასე უმძიმს სიმორცხვეს. ნათელი და ლურჯი ღამე იდგა. ოლუფმა თავი ასწია, რომ მოეძებნა თავისი ორმაგი ვარსკვლავი და საცოლესათვის ეჩვენებინა, მაგრამ ცაზე მხოლოდ მწვანე ვარსკვლავი ჩახჩახებდა, წითელი სადღაც გამქრალიყო.
შინ შესვლისას ამ სასწაულით ბედნიერმა ბრენდამ, რასაც იგი სიყვარულს მიაწერდა, შენიშნა ახალგაზრდა ოლუფს, რომ მის თვალთა გიშერი ფირუზად შეცვლილიყო და გაიფიქრა, ეს ციური შეწყალების ნიშანიაო. სამარეში მწოლარე მოხუცმა ლოდბორგმაც შვებით გაიღიმა თეთრ ულვაშებში, რადგან, სიმართლე თუ გნებავთ, თუმც გარეგნულად არაფერს იმჩნევდა, შვილის თვალების ფერს ხშირად საგონებელში ჩაუგდია იგი. ედვიგის ჩრდილმაც გაიხარა, რაკი კეთილშობილი სენიორ ლოდბორგის ძემ ბოლოს და ბოლოს სძლია ფორთოხლისფერ ქუთუთოთა ბოროტ გავლენას, შავ ყორანსა და წითელ ვარსკვლავს. კაცმა დაამარცხა ინკუბი.2
ეს ამბავი მოწმობს, რომ წამიერ თავდავიწყებას, უცოდველ მზერასაც შეიძლება საბედისწერო შედეგი მოჰყვეს.
ყმაწვილო ქალებო, ნუ უმზერთ ბოშა მომღერალს, რომელიც დამათრობელ და ეშმაკეულ სიმღერებს მღერის; ქალიშვილებო, მწვანე ვარსკვლავის გარდა სხვას ნუ ენდობით. თქვენ კი, ვისაც ბედმა სასჯელად ორმაგი ვარსკვალვი მოგივლინათ, მედგრად იბრძოლეთ, უკან ნუ დაიხევთ, თუნდ ხმალი თავად იკრათ გულში და განგმიროთ შინაგანი მტერი, ბოროტი რაინდი.
თუ მკითხავთ, ვინ მოგვიტანა ეს ლეგენდა ნორვეგიიდანო, გიპასუხებთ, გედმა-მეთქი; მშვენიერმა, ყვითელნისკარტა ფრინველმა, ფიორდი რომ გადმოლახა ალაგ ცურვითა და ალაგ ფრენით.
შენიშვნები:
1. ოდინი -_ სკანდინავიელთა ღმერთი.
2. ინკუბი - ბოროტი დემონი, ავხორცი არსება, რომელიც ძილში აცდენს ხოლმე ქალს.