გრილი ეველინ
გაზიარება

ბინა (მთარგმნელი: მზია გალდავაძე) 

ამ წინადადებამ საგონებელში ჩააგდო ქალი. რა ხანია გადაჩვეოდა ცხოვრების წინასწარ დაგეგმვას და ვერც კი ამჩნევდა, დღეები ისე ცვლიდა ერთმანეთს. ვინ იცის, მისმა ჭოჭმანმა იქნებ გუნებაც კი წაუხდინა კაცს. კოჭლი ქალისგან, ალბათ, სულ სხვა რეაქციას ელოდა: აღფრთოვანებას, ფართოდ გადაშლილ მკლავებს ან მორცხვად დახრილ თვალებს. ღმერთმა უწყის, იქნებ ამ ყოყმანმა სამუდამოდ დააკარგვინა კიდეც მომავალი.
ქალს თითები უთრთოდა. ლოტე შპანრინგის კაბა დასამთავრებელი ჰქონდა, მაგრამ ისე ღელავდა, რომ ნაზ ქსოვილში ნემსის გაყრას ვერ ბედავდა. არ უნდოდა ნაკერი დატყობოდა. სამუშაო უგუნებოდ გადადო გვერდზე, ასეთი რამ არასდროს დამართვია. უფრო მეტიც, საკერავ მანქანაზე დაგდებული კაბა დაუდევრად მიკუჭა კუთხეში. მაქს... თავის სიცოცხლეში პირველად თრთოლვით გაიფიქრა ქალმა. მაქს... მაქს... აი, უკვე გაჩნდა სახელი, რომელიც შეიძლება მის კუთვნილებად იქცეს, რომელიც შეიძლება მის სახელს გადაეჯაჭვოს! ახლა მხოლოდ ერთს ნატრობდა, ამ ოთახის კარი შემოეღო კაცს. „შემოდი!" ეტყოდა ქალი. ამჯერად შეძლებდა პასუხის გაცემას, უკვე მზად იყო. „შენ..." ჩაიჩურჩულა ქალმა და თავი უკვე ქალბატონ ლაიმერად წარმოიდგინა. ამიერიდან ფროილაინ როზვიტას არსებობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაებარებინა წარსულისათვის.
იქნებ სულ მალე მისი მეუღლეც კი გახდეს! ქმრის მკლავზე დაყრდნობილს აღარც კოჭლობა შეეტყობა, აღარც „შენობით" მიმართავსÛსაკუთარ თავს, და თუ მაინცადამაინც კვლავაც მოუნდება საკუთარ თავთან ლაპარაკი, აუცილებლად „მეო" გაიფიქრებს და ხმამაღლაც წარმოთქვამს, სიტყვას „შენ" კი მაქსისათვის შემოინახავს.

მკერავ როზვიტას, ძირითადად ტანსაცმლის გადაკეთებაზე რომ მუშაობდა, საწუწუნო ნამდვილად არაფერი ჰქონდა. საქმე კარგად მისდიოდა. ხანდახან სიამაყითაც ევსებოდა გული, თუმცა ქუჩაში გასულს წამსვე უქრებოდა ეს გრძნობა. საკუთარი თავის რწმენა ვერაფრით დაემკვიდრებინა. მკლავები ფართოდ გაშალა, ღრმად შეისუნთქა ჩამოწოლილი ღამის სიბნელე, თვალებს რომ უცრემლიანებდა. მოწოლილ ცრემლებს ვერაფერს უხერხებდა, ტირილიც კი არ გამოსდიოდა, ასეთ რამეებში გამოუცდელი იყო. უხერხული შეგრძნება მუცლიდან ეწყებოდა, მაღლა და მაღლა იწევდა, ყელში უჭერდა და სახეზე სისხლად აწვებოდა. მერე, როცა ამ შეგრძნებამ გაუარა, ლოყებზე ცრემლი შეიმშრალა, ცხვირიც მოიწმინდა და ფანჯარას მიუჯდა. იჯდა მერე ასე გაყურსული და ყველაფერი მოსწონდა.
ამიერიდან უკეთესობისკენ შეიცვლება მისი ცხოვრება! ის ხომ მუდამ სწორედ ასე მოულოდნელად შემოთავაზებულ ქორწინებაზე ოცნებობდა, თუმცა ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. რა მისი ბრალი იყო, თუ ვერაფრით ივიწყებდა ფიზიკურ ნაკლს და სიზმარშიც კი ცხადად შეიგრძნობდა თავისი უფორმო სხეულის მოხაზულობას: მოუქნელმა და მოუხეშავმა მოძრაობებმა თითქოს გარეგნობაშიც პოვა ასახვა; მისი სახე და სხეული დაუმთავრებელ მონახაზს ჰგავდა. მხოლოდ კალთაზე დაწყობილი ხელები, ერთმანეთზე ნაზად გადაჭდობილი ხელები მოსწონდა, თხელი და არისტოკრატული; მარჯვენა ხელი გაშალა, თვალებთან ახლოს მიიტანა და მაშინვე წარმოიდგინა არათითზე წამოცმული ოქროს წვრილი რგოლი, რომელიც მას, როგორც გათხოვილ ქალს, მალე აუცილებლად ექნებოდა. ამ ნატიფი ხელებით გააოცებს მაქსს! კაცი, ალბათ, აღფრთოვანებას ვერ დამალავს, როცა როზვიტა ბეჭდის წამოსაცმელად ხელს გაუწვდის. არა, თავისი ხელების გამო ნამდვილად არ შერცხვება! სხვათა შორის, აქამდე მისი ხელების სილამაზე არავის შეუნიშნავს, ლოტეს გარდა. ერთხელ, როცა როზვიტა თეძოებზე კაბას უსწორებდა, ლოტემ უთხრა: - შენი თითები ობობას საცეცებს მაგონებს, ისეთივე გრძელი და წვრილიაო. მათ რომ ვუყურებ, მეშინია, კერვისას შემთხვევით არ გადაგიტყდესო. როზვიტას გაეცინა და მაშინ პირველად დააკვირდა თავის თითებს. ეს სიტყვები გულზე მიელამუნა და სხეულში სითბოდ ჩაეღვარა. მას შემდეგ, საღამოს ბინდს ამოფარებული, თავს ნებას აძლევდა, თითები სარკის წინ, საბანზე აეთამაშებინა ხოლმე. თოვლივით თეთრ თითებს წითელ ქსოვილზე აცეკვებდა, საბნის სიწითლე ასხივოსნებდა და სიცოცხლეს უბრუნებდა მათ. ამ წუთებში ქალი მხოლოდ თავის თითებში ცოცხლობდა, მოძალებულ ნათელს ათივე თითს აგებებდა, ათამაშებდა, შლიდა, ისევ მუჭავდა და ხალისით ივსებოდა. მერე ისევ წუხილი და მოუსვენრობა გაუსერავდა გულს, მშვენიერი ათეული როკვას წყვეტდა და საბნის ზედაპირზე ეშვებოდა. ქალს სასოწარკვეთა იპყრობდა, თითქოს სიცოცხლე უკვე გასრულებულიყო. ლოგინიდან წამომხტარი ხელებს ლოყებზე იკრავდა, ყვრიმალის ძვლებს, შუბლს, ცხვირს, ქუთუთოებს, ტუჩებს თითებით ისინჯავდა, ეფერებოდა. თვალებს ხუჭავდა, სათითაოდ კოცნიდა ნაზ, საგულდაგულოდ მოვლილ თითებს, ენის წკლაპუნით ლოკავდა ხელის ზურგებს, მუჭებს, პირში იტენიდა ცერებს, იქამდე, ვიდრე გულისრევის შეგრძნება არ შეაწუხებდა, მერე დიდხანს, დიდხანს აკვირდებოდა სარკისკენ მიშვერილ, ნერწყვით აპრიალებულ თითებს. მათი ფორმა, სისველე და სითეთრე ისევ აღტაცებით უვსებდა გულს და თავს ვეღარ იხსნიდა იმ გიჟური აზრისგან, როგორმე შერწყმოდა ამ ხელებს და მათი ნაწილი გამხდარიყო. მერე ისევ პირისკენ მიჰქონდა თითები, კბილებით სინჯავდა, კბენდა, ვიდრე სისხლის გემო არ გამოაფხიზლებდა. გონს მოსული ქალი პაწაწინა ჭრილობებს ნაზ, ვარდისფერ სალბუნს აკრავდა და მშვიდდებოდა.

ის სამშაბათი დღე ჩვეულებრივად დაიწყო.
მზე ანათებდა, მაგრამ ეს დღე მაინც მოჟამული ეჩვენა. უხალისოდ წამოდგა საწოლიდან. საცაა მის ფანჯრებსაც მოადგებოდნენ მუშები. სახლის ფასადის შესალამაზებლად ხარაჩოებს აგებდნენ. სოფელში საიუბილეო დღესასწაული უნდა გამართულიყო და მოწვეული სტუმრების საამებლად თემი თავს არ ზოგავდა.
ვიდრე საუზმობდა, გარედან მოღწეული კაკუნი ჩვეულ სიმყუდროვეს ურღვევდა; კალატოზები ბათქაშს აცლიდნენ კედელს. ფანჯრიდან სახლთან მოფუსფუსე მუშებს მოჰკრა თვალი. ცოტა ხნის შემდეგ სახლიდან გავიდა და ხარაჩოებს ახედა. მტვერი ნესტოებში ეცა, ძირს ჩამოყრილი ბათქაში ამრეზით შეათვალიერა და კაცებს სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა. ერთი ხმამაღლა მიესალმა, ქუდიც კი მოუხადა, თითქოს იცნობდა.
ასე დაიწყო ეს ამბავი. კაკლის ხეზე მიყრდნობილ, ლურჯ სამუშაო ტანსაცმელში გამოწყობილ კაცს ცალ ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა, მეორეთი ქუდს ათამაშებდა. ერთიანად ცემენტის მტვერში ამოგანგლულიყო და ჭუჭყიანი სახე ფქვილით დაფარულს მიუგავდა. სალმის პასუხად ქალმა რაღაც ჩაილუღლუღა და ბორძიკით განაგრძო გზა. რა უნდა ნდომოდა იმ კაცს? რატომ მიესალმა?
ამ კითხვებმა ისე ააფორიაქა და დააბნია, რომ პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაში ერთის ნაცვლად ორი ხაშხაშიანი ნამცხვარი იყიდა, ნასადილევს ყავაზე მისატანებლად. თუმცა სასურსათო მაღაზიაში მისვლამდე მღელვარება საბოლოოდ დაუცხრა და მშვიდად შეიძინა ერთი პომიდორი, ორმოცდაათი გრამი ძეხვი და ასორმოცდაათი გრამი კარაქი; გამყიდველი ახალ ხაჭოსაც დაჟინებით სთავაზობდა, მაგრამ ქალმა ცდუნებას Uსძლია და არ იყიდა.
უკან მობრუნებულმა ხეზე მიყრდნობილ კაცს თვალი ვეღარსად მოჰკრა. ეტყობა, შესვენება დამთავრებულიყო. ლურჯკომბინიზონიანი კაცები ზურგმოხრილები იდგნენ ხარაჩოებზე და კედელს ეწვალებოდნენ. ერთ-ერთი, ალბათ, ის იყო, წეღან რომ მიესალმა. აშინებდა ის აზრი, რომ კაცი შეიძლება ვეღარც კი ეცნო; ერთხელ კიდევ უნდა მისალმებოდა, სხვაგვარად ქალი მასზე ფიქრს ვეღარ შეძლებდა. სადარბაზოში შევიდა და რკინის მოაჯირიან ხვეულ ქვის კიბეს აუყვა. კალათი სამზარეულოს მაგიდაზე დადგა და ამოლაგებას შეუდგა. პომიდორი თითებით დაიჭირა და ხელის გულზე გადაიგორა. ეს მოძრაობა რამდენჯერმე გაიმეორა, მერე პომიდორი მაცივარში შეინახა. ინატრა, ერთხელ მაინც დაენახა რომელიმე მოქანდაკეს, მაშინ, როცა ყავის ფინჯანს ხელში იღებდა, ანდა როცა ნემსს ქსოვილში ფაქიზად უყრიდა... მხოლოდ ხელოვანი შეძლებდა მისი ხელების სილამაზის ღირსეულად შეფასებას, ქვაში გამოკვეთდა და მარადისს გახდიდა. თუმცა, მათ სოფელს ჯერ ერთი მოქანდაკეც კი არ სწვეოდა და თუნდაც სწვეოდა, როზვიტა, უბრალო მკერავი ქალი, მასთან შეხვედრას როგორ მოახერხებდა? მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მთელი გულმოდგინებით უვლიდა ხელებს.

წინა ოთახის ფანჯრიდან ჩრდილი დაეცა. სამზარეულოს თაღქვეშ მდგარი ქალი შეაშინა ამ ჩრდილმა. ფრთხილად მიუახლოვდა ფანჯარას და იქვე, ლამის ხელის გაწვდენაზე, მოქანავე ბიგებსა და ფიცარნაგებზე მდგარი მუშები დაინახა. კედელს ფხეკდნენ. Oორი მათგანი როზვიტასკენ იყურებოდა. რაღაცას ყვირილით ანიშნებდნენ. - ერთ-ერთი, ალბათ, ის არის, მე რომ მომესალმა, - გაიფიქრა ქალმა. აი, იმანაც დაინახა ქალი და დაუყვირა: - ფროილაინ, ფანჯარა დაკეტეთ! მტვერია! როზვიტამ მაშინვე მიხურა ფანჯრები. მერე ოთახში შევიდა, სადაც მაგიდაზე საკერავი მანქანა და ლამპა იდგა. საკერავს სწორედ ამ მაგიდაზე შლიდა ხოლმე როზვიტა. ოთახის ფანჯარა სამხრეთ-დასავლეთისკენ გადიოდა. ამ მხარეს ხარაჩოები ჯერ არ ამოეყვანათ. აქედან ჯერ კიდევ დაუბრკოლებლად შეეძლო დაენახა ორგუმბათიანი ეკლესია, ბაღი და საპატიმრო კომპლექსი. რის ვაივაგლახით აიძულა თავი, საკერავ მანქანას მიჯდომოდა. უხალისოდ მიაკერა ფოსტალიონის შარვალს შესაკრავი. ჩაქუჩის კაკუნი ახლა უკვე ნაკლებად აწუხებდა. მერე ლოტეს აბრეშუმის კაბა აიღო და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა.
ზარის ხმა გაისმა. კარი რომ გააღო, ერთ-ერთი მუშა დაინახა, რომელმაც სიგარეტის მოსაკიდებლად ასანთი სთხოვა. ქალი, ცხადია, არ ეწეოდა, თუმცა ხანდახან ფანქრით ხელში კეკლუცობდა ხოლმე სარკის წინ, თავს ისე იჭერდა, თითქოს ეწეოდა და თავისი თითების სინატიფით ტკბებოდა.
კაცი ოთახში არ მოუწვევია, კარი ღია დატოვა და ასანთის მოსატანად გაბრუნდა. ამასობაში კაცმა დაუპატიჟებლად შემოაბიჯა წინკარში. უკან მობრუნებული ქალი შეაკრთო ჭუჭყიანი არსების დანახვამ, მთლიანად რომ აევსო ისედაც ვიწრო წინკარი. კაცმა ხელი შეაგება და ქალმაც ასანთის კოლოფი დაუდო გამოწვდილ ხელისგულზე. კაცმა გაუღიმა, გადაჭარბებული თავაზიანობით გადაუხადა მადლობა და გარეთ გავიდა. მისგან კი ლინოლეუმზე მხოლოდ ჭუჭყიანი ნაფეხურები დარჩა. ქალმა მაშინვე სველი ტილოთი მოწმინდა იატაკი და თან გაიფიქრა, - რა კარგია, როცა სახლში ასანთი გაქვსო.
აბრეშუმის კაბას გული ვეღარ დაუდო. თავი აღარ ჰქონდა. უცებ, გაახსენდა, რომ სადილის დროც მოსულიყო. მერე ისევ სამუშაო მაგიდას მიუჯდა, თავისი სიძის შარვლის შესაკრავს დაუწყო გასწორება. აბრეშუმის ძვირფას კაბას შიშით ხელი ვეღარ ახლო, ასე აფორიაქებულმა, ვაითუ, რამე გავაფუჭოო. ყრუდ ესმოდა სახლის აღმოსავლეთ კედელთან მომუშავე კაცების რახარუხი და ჩაქუჩების კაკუნი.
დღის სამი საათი იქნებოდა, ისევ ზარის ხმა გაისმა. კვლავ ის ნაცნობი მუშა მოსულიყო. კარის გაღებისთანავე ჰკითხა, სულ რამდენიმე წუთს ხომ ვერ დამითმობთო. ქალი ისე დაიბნა, პასუხიც ვერ გასცა. კაცმა შუბლი მოისრისა, თითქოს, დავიწყებულის გახსენებას ცდილობსო და თქვა: - ფროილაინ, ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ, მე მაქს ლაიმერი ვარ. ქალმა ვერც ახლა მოახერხა პასუხის გაცემა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და წაილუღლუღა: - სასიამოვნოა. კაციც თან მიჰყვა და სთხოვა, არ შეშინდეთო. დაგინახეთ თუ არა, მაშინვე მომეწონეთ და ვიფიქრე, ორივე მარტონი ვართ და ასე არ ვარგა-მეთქი. იქნებ უმჯობესი ყოფილიყო, ერთად გვეცხოვრა, რა ხანია, საცოლეს ვეძებ და სრულიად სერიოზულად გთავაზობთ, ჩემი ცოლი გახდეთო.
ქალმა გამომცდელად შეხედა. ეს მტვერში ამოგანგლული კაცი, ჯაგარივით თმა რომ ჩამოშლოდა შუბლზე და იღიმებოდა, შიშს გვრიდა როზვიტას. თითქოს ამ აღსარებითაც კი თავს ესხმოდა. მისი უზარმაზარი, ძლიერი სხეული დაპყრობით ემუქრებოდა მასაც და მის ირგვლივ არსებულ ჰაერსაც. ქალს ახლა ერთადერთი სურვილი ჰქონდა, რაც შეიძლება სწრაფად გასულიყო კაცი მისი სახლიდან. ამის თქმა როგორ გაუბედა? Eერთმანეთს ხომ ჯერ არც იცნობენ?! ქალმა თვალები მოიფშვნიტა, ეს ყველაფერი ცხადია თუ მესიზმრებაო.
კაცი კი თავისას არ იშლიდა. ისევ ეფიცებოდა, რომ გულწრფელად უთხრა სათქმელი. ქალმა სიტყვა აღარ დაასრულებინა, - მოსაფიქრებლად დრო მჭირდებაო.
- თანახმა ვარ. რამდენი ხანი დაგჭირდებათ? - ჰკითხა კაცმა.
- ხვალამდე მადროვეთ. - უთხრა ქალმა და თავადვე გააოცა საკუთარმა პასუხმა.
- მაშასადამე, ხვალამდე. - მაქს ლაიმერს სახეზე კმაყოფილება დაეტყო. ქუდი დაიხურა და გავიდა. სულ ბოლოს კაცის უზარმაზარ, ფართო ზურგს მოჰკრა თვალი. მოუქნელი, მაგრამ ამავე დროს ამაღელვებელიც ეჩვენა ეს ზურგი ქალს. კიბეებზე ჩამავალი კაცის ნაბიჯებს მიაყურადა და უცებ მის მიმართ შიშიც გაუქრა. ზურგიდან უმწეო, კეთილი ადამიანი ჩანდა და ქალს მისდამი ნდობით აევსო გული. ცოლად უნდა გავყვე?! _ გაეცინა. - რაღა დროს ჩემი ქორწინებაა?! მერე თავი გადააქნია: _ დიდი ახირებული ვინმე კი ჩანს ეს ლაიმერი!
კარი დახურა. ლინოლეუმზე ისევ შენიშნა ჭუჭყიანი ნაკვალევი, დღეს უკვე მეორედ რომ დაეტყო მის ყავისფერ, გაკრიალებულ იატაკს და კიდევ ერთხელ მოწმინდა სველი ტილოთი.
ამასობაში კედლის მიღმა ნელ-ნელა მიწყდა მუშაობის ხმები. ფანჯრის გაღებას ჯერ მაინც ვერ ბედავდა, არ იცოდა, მუშები უკვე საბოლოოდ მორჩნენ საქმეს თუ არა.
სამზარეულოში ყავა დალია და მადიანად შეექცა ორივე ნამცხვარს. მერე ცუდად იგრძნო თავი. არც იყო გასაკვირი ასეთი მღელვარებისა და ამდენი ცომეულის შემდეგ. ტახტზე დაწვა და თვალები დახუჭა, მაინც კიდევ დიდხანს ხედავდა შუბლს მიღმა აცეკვებულ ნემსებს, ძაფებს, სიგრძის საზომ ლენტებს, მაკრატლებს, აბრეშუმის კაბებსა და კალატოზს.

ამ ღამეს დიდხანს ვერ დაიძინა, იწვა და ფხიზლობდა. ის აზრი, რომ მალე შეიძლება მარტო აღარ ყოფილიყო, ფოიერვერკის მანათობელი ჯერივით იფრქვეოდა მის თავში. ყველაფერთან ერთად სავსე მთვარეც ამოსულიყო, რომლის ცივი, თეთრი შუქი ფარდებშიც აღწევდა, ის საკერავ მანქანასა და გადასაკეთებლად გამზადებული ტანსაცმლის გროვას უცნაური ურჩხულების ფორმას აძლევდა. ქალს თავის სახელოსნოში ეძინა, მიუხედავად იმისა, რომ საძინებელი ოთახი ჰქონდა. ამ ოთახში ჯერ კიდევ იდგა მშობლების საწოლი. საძინებელ ოთახს ყველაზე კარგი მდებარეობა ჰქონდა ბინაში, სამხრეთ-დასავლეთით იყურებოდა, ფანჯრიდან წიწვოვანი ტყე და გორაკი ჩანდა, იქვე მდინარე ჩამოდიოდა. - მაქს ლაიმერთან ერთად საწოლ ოთახში გადავალ. -გაიფიქრა ქალმა და აღელვებული საწოლიდან წამოხტა, შემცივნებულმა ფრთხილად დაადგა ფეხი პრიალა ლინოლეუმზე. დერეფანში გასასვლელი კარი გააღო. აქედან ტუალეტსა და საძინებელ ოთახში გადიოდი. ქალი იშვიათად შედიოდა ამ ოთახში, ისიც მხოლოდ გასანიავებლად. - იქნებ ახალი ლეიბების შეძენაა საჭირო? ყოველ შემთხვევაში მტვერი გადასაწმენდი იქნება და საწოლების თითბრის სადგამები გასაპრიალებელი, სარკეც და ტუმბოების შუშის ზედაპირიც. ხალიჩები, რომლებიც დიდი ხანია ახვეული სადღაც აწყვია, დასაბერტყი იქნება! - ყველაფერ ამაზე ფიქრობდა ქალი, როცა ფეხშიშველი, ხელის ცეცებით მიუყვებოდა საწოლი ოთახისკენ მიმავალ დერეფანს. შუქის ჩართვა არც დასჭირვებია, ფანჯრის უფარდო მინებიდან მთვარის რძისფერი ნათელი იღვრებოდა და სარკეზე შემოხვეულ ზეწარსა და ფართო საწოლზე წვებოდა. თითბრის სადგამები ოქროსფრად ციალებდა. მდინარეზეც მიცურავდა მთვარის მკრთალი ნათელი, ბრწყინავდა და იქაურობას თითქმის ანათებდა. ქალმა ფანჯარა გააღო. წყლიდან მობერილ ღამის სუფთა ჰაერს თევზისა და ჩამდინარე წყლის სუნიც მოჰქონდა.
მშობლების წარმოდგენას ამ საწოლებში ვერ ახერხებდა. აქ მწოლიარენი ისინი არც არასოდეს უნახავს. ეს ოთახი ყოველთვის დალაგებული ახსოვდა, მშობლების სიცოცხლეშიც კი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს არავინ ცხოვრობსო. ფანჯარა აღარ დაუკეტავს, თითის წვერებზე შემდგარი ცმუტვით მივიდა შეფუთულ სარკესთან, მერე ტერფებზე დაეშვა და შემცივნებულმა ცახცახი დაიწყო; იატაკზე დადებულ მტვრის ფენაზე ხვალ მისი ნაკვალევი გამოჩნდება. რამდენი რამეა აქ გასაკეთებელი, ხვალ დილაადრიან შევუდგები საქმეს. - გადაწყვიტა როზვიტამ და ოთახიდან ისევ ფეხაკრეფით გავიდა. ფეხისგულებზე მტვრის მარცვლები ეკვროდა. ფეხები დასაბანი გაუხდა. ტაშტში ცხელი წყალი ჩაასხა, გაანელა, დაბალ სკამზე დაჯდა და ფეხები ნელთბილ წყალში ჩააწყო. მოკლე ფეხის ტერფი ვიწრო იყო და მოლურჯო ფერი დაჰკრავდა, კაცს ეგონებოდა, ძვალი არა აქვსო, ისე ადვილად მოჰყვებოდა ხელში. კანი ფეხისგულზე ისეთი თხელი და პრიალა ჰქონდა, როგორც აბრეშუმის ქაღალდი. მხოლოდ ფეხის ბალიშებზე გამაგრებულიყო ყვითელი რქოვანი კანი. ამ ფეხს როზვიტა მხოლოდ თითის წვერებზე ადგამდა, სიარულისას იატაკზე უღონოდ მიათრევდა და მთელი სხეულით ზედ ეკეცებოდა. ავადმყოფი ფეხი ჯანსაღს მხოლოდ კოჭამდე სწვდებოდა. რამდენიც არ უნდა გაგეჭიმა, ვერაფრით გაუტოლებდი.
მაშინ, როცა მისი მშობლები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, იძულებული იყო ორთოპედიული ფეხსაცმელი ეტარებინა. ერთ ფეხსაცმელს მაღალი, ხის მორის მსგავსი ლანჩით უნდა დაეფარა ხეიბარი ფეხის ნაკლი. ვიღაცამ აღმოაჩინა, რომ ხის მორივით ფეხსაცმელი კუბოს ჰგავდა. ამის გამო გოგონას კლასში ყველა დასცინოდა. მხოლოდ მშობლების დაღუპვის შემდეგ მოახერხა, თავი დაეღწია თავისი „კუბოს ფეხსაცმლისაგან" და ასე, თვალშისაცემი კოჭლობით, მარტას მკლავზე დაყრდნობილმა გააცილა მშობლები სამუდამო სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე.
ბოლოს, როცა ისევ თავის საწოლში იწვა, დაზე ფიქრი აეკვიატა. ხვალვე უნდა მოვუყვე მარტას საქორწილო გეგმებთან დაკავშირებითო, გადაწყვიტა ბოლოს და ამაზე ფიქრმაც საოცარი კმაყოფილება მოჰგვარა. ბოლოს და ბოლოს უკვე თვითონაც შეეძლო სხვებისთვის მოეთხრო იმ წარმატების შესახებ, რომელსაც მისგან უბრალოდ არავინ ელოდა.

ქალი სულ ერთსა და იმავე დროს იღვიძებდა.
გაღვიძებისთანავე ჩაესმა კაკუნისა და ფხეკის ხმა. სახლის კედელს გარედან ბათქაშს აცლიდნენ. ხმაური, გუშინ საუზმისას ჩვეული სიმყუდროვე რომ დაურღვია, დღეს უკვე თვალის გახელისთანავე გაგრძელდა. ქალმა საწოლის კიდეზე გადმოაწყო ფეხები და გუშინდელი გაახსენდა. ლაიმერს დროზე არ შეთანხმებია. - ნეტავ, როდის მოვა? ვინ იცის, ეგებ სადილობამდეც მოვიდეს? ვაითუ, ვერც შემნიშნოს, როცა სახლიდან გავალ? ან, პირიქით, შეიძლება ქუჩაშიც გამაჩეროს.ß არა, არა, სისულელეა ეს ყველაფერი. სჯობს, ბედს მივენდო!
ლოტეს აბრეშუმის კაბაც რომ მისახედი ჰქონდა, ახლაღა გაახსენდა; არადა, დაპირდა, დღეს სადილობამდე მოგიმთავრებო.
გარეთ კი ჩაქუჩს სცემდენ და რაღაცას აჭედებდნენ. ქალი ჯერ ისევ ღამის პერანგში იყო. უცებ წარმოიდგინა, რომ მისი საქმრო - ეს სიტყვა თავბრუს ახვევდა - ფანჯრის ქვეშ იდგა, ზემოთ იყურებოდა და მისგან ნიშანს ელოდა.
ქურაზე წყალი დაადგა, მაგიდის ქვემოდან დაბალი ტაბურეტი გამოსწია, ზედ ტაშტი დადო, სასაპნე და ღრუბელი იქვე მიუწყო, პირსახოციც ხელმისაწვდომად დაკიდა. ეს ყველაფერი ჩვეული სისწრაფით გააკეთა. მერე ღამის პერანგი გადაიძრო და ტაშტზე დაიხარა. მკლავები წყალში ჩაჰყო და ღრუბლით ხეხვა დაიწყო. საპონი წაისვა. მკერდსა და მკლავებზე პეშვით ისხამდა წყალს. შემცივნებული პირსახოცს გადასწვდა. იატაკზე წყალი დაღვროდა. ქალმა დასველებული ადგილი მოამშრალა, მერე კი სამზარეულოს იატაკიც მთლიანად მოწმინდა. შემდეგ წყალი აადუღა, ყავა გაფილტრა და ჯემგადასმულ პურთან ერთად სიამოვნებით შეექცა.
მოგვიანებით სახელოსნოს ფანჯრის მეორე ფრთაც გახსნა. ეკლესიის ნეფს და კოშკებს, საპატიმროს კომპლექსს გადახედა, მდელოზე დაწყობილ ფიცრებსა და რკინის ბიგებს, სამუშაო იარაღებსა და ბადიებს მოავლო თვალი, მერე ხის იმ როფებზე გადაიტანა მზერა, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ აქ არ ეწყო. ორმა მუშამ კუთხიდან შემოუხვია, ისინი გუშინდლიდან როზვიტას სახლის წინა ფასადზე მუშაობდნენ. როგორც ჩანდა, სახლს ყველა მხრიდან ხარაჩოებში ჩასმას და სრულად გალამაზებას უპირებდნენ. მარტო წინა ფასადი კი არ უნდა ყოფილიყო ლამაზი! - ალბათ სახელოსნოს მხარესაც ამოიყვანენ ხარაჩოებს, ფანჯრებსაც ასცდებიან, მტვერი ყველა ჭუჭრუტანაში შემოაღწევს, ეს კაცები აქეთ-იქით იძრომიალებენ და დუღაბს წაუსვამენ. მანამდე კედელს ძველ ბათქაშს ჩამოაცლიან და აგურებამდე დავლენ. ამას ალბათ, კარგა ხანს მოუნდებიან და გაუთავებელი ფხეკითა და კაკუნით გულს გამიწვრილებენ! - ამ წარმოდგენამ ცოტა არ იყოს შეაშინა ქალი, სცადა, მხნეობა მოეკრიბა. თუმცა თავს მაინც დათრგუნულად გრძნობდა და ამ შეგრძნებას თავს ვერაფრით აღწევდა. ასე ეგონა, თითქოს სხეულზე რაღაც უცხო აწვებაო. თუმცა ისიც არ ავიწყდებოდა, რომ სულ მალე ასე დაუცველი აღარ იქნებოდა. მაქს ლაიმერს შეეძლო პირდაპირ მისი ფანჯრიდან გადამძვრალიყო და უმალ თავის სამუშაო ადგილას აღმოჩნდებოდა. - რა სასაცილოა! ქორწინების საქმე როგორღა იქნება?! ესეც ხომ დროს წაიღებს?! ქორწინების შესახებ განცხადების გაკეთება მოგვიწევს, - ფიქრობდა ქალი, - ორივე ჩვენგანის სახელი სოფლის ცნობისმოყვარე მაცხოვრებლებს სამი კვირის მანძილზე თვალწინ ექნებათ, ხალხი იფიქრებს, ისპეკულირებს და ვინ იცის, ჩემი საქმროს საწინააღმდეგოც გამოძებნონ რამე.... ამასობაში კი სახლის ხარაჩოებში ჩასმა გაგრძელდება.

როზვიტამ ბოლომდე გააღო სახელოსნოს ფანჯრები. მართალია, საგდულები წესიერად დაამაგრა, მაგრამ ასე ერთიანად მოღიავებული ფანჯარა როგორღაც ეხამუშებოდა. ჰო, ის კი არა, დარაბების წრიპინი და ჭრიალი აწუხებდა კიდეც, მაგრამ ახლა დახურვასაც ვეღარ ბედავდა. ეშინოდა, თავისი ჯახირით ქვემოთ მომუშავე კაცების ყურადღება არ მიექცია. - მერე შეიძლება ზევით ამოიხედონ. ალბათ, უკვე ყველაფერი იციან და ცდილობენ, როგორმე თვალი მომკრან და რაიმე მიზეზით დამცინონ კიდეც. არა, ნამდვილად მასხრად ამიგდებენ. მით უმეტეს, თუ ასე თმაგაწეწილს დამინახავენ. ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილი და სახეზე თმებჩამოშლილი ქვემოთ მყოფთ ალბათ ასი წლის დედაბრად მოვეჩვენები და უთუოდ ზიზღს აღვუძრავ. - მორეულ ფიქრებს ვეღარ უმკლავდებოდა როზვიტა.

ქალი წესით უკვე გზაში უნდა ყოფილიყო; ჰო, მაგრამ ლოტეს კაბა ჯერ კიდევ არა ჰქონდა მზად. როზვიტას აწეწილი თმები მხრებზე ეყარა, ზოგიც თვალებში ეფხატებოდა. დროა, საკერავ მაგიდას მივუჯდე და აბრეშუმის კაბას მივხედოო, - ფიქრობდა, მაგრამ რა ექნა, თუ ღია ფანჯრიდან მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობდა! - ეს ხარაჩოები სულ მალე ზემოდან დამაცქერდებიან! -გაიფიქრა ქალმა და პაწაწინაოქროსფერყვავილებიანი, ყავისფერი კრეპდეშინი ხელიდან გაუცურდა, თითებს შორის დაუსხლტა. ეურჩებოდა სრიალა აბრეშუმი მის ნერვიულად ათრთოლებულ თითებს. აცახცახებული ნემსი მიზანს ასცდა და როზვიტამ მარცხენა ხელის საჩვენებელ თითში ჩხვლეტა იგრძნო. სისხლის დანახვაზე ისევ შიშმა შეიპყრო. რა საშინელება ყოფილა ამ ღია ფანჯარასთან ჯდომა! ინატრა, რა კარგი იქნებოდა, დაკეტილი ყოფილიყოო. შეიძლება გავგიჟდე. - გაიფიქრა მერე. - წინა ოთახის ფანჯარა, რომელსაც სიამოვნებით გავაღებდი, დაკეტილია, ეს კი ბოლომდეა გაღებული და დასაკეტად ახლოსაც ვერ ვეკარები! ვიდრე სახლის ირგვლივ მუშები ეგულებოდა, ფანჯრებთან ჯახირს ვერც გაბედავდა როზვიტა. ალბათ სწორედ ასე გრძნობს თავს ადამიანი ალყაშემორტყმულ სახლში: დამპყრობლები თანდათან გიახლოვდებიან, შუაში გიმწყვდევენ, და ბოლოს ფანჯრიდან გადახტომასაც გაიძულებენ; სხვა გზა უბრალოდ აღარ გრჩება. კარიდან გასვლა დიდი რისკია. თანაც თუ ფანჯრიდან გადახტები, მოალყეებს თავზე დაეცემი და ასე ყველას ბოლოს მოუღებ. - ფანტაზიორობდა ქალი.
როზვიტა ადგა და თმაზე ხელი გადაისვა. არა, ეს უფორმო ვარცხნილობა დროზე უნდა შეიცვალოს! ყველა კაცი აფასებს ქალის მოვლილ გარეგნობას. უმეტესობას კულულები მოსწონს. სარკეში ჩახედვისას ისევ შიში დაეუფლა: - ღმერთო, რას ვგავარ! თმის ბღუჯა მუჭში მოიქცია, სახიდან გადაიწია და სარჭით კეფაზე ერთად შეიკრა. არ მოეწონა. სისულელეა ლაიმერის წინადადება! ხელები საფეთქლებზე მიიჭერა. თითები შუბლზე შემოიწყო. ბოლოს და ბოლოს სარკემ მისი უზადო ხელებიც გამოაჩინა. მკლავები შუშისკენ გაიწვდინა. სარკეში გაურკვეველი გამოსახულება გამოჩნდა. ასე ემალებოდა თავის უგერგილო სახეს. სახე ნელ-ნელა დაიკარგა. ქალის ამაყი, მოქნილი, თეთრი და ქურციკივით მოხდენილი თითები სასწაულს ჩადიოდა და მოსარკულ ზედაპირზე უნაოჭოშუბლიან და გულისფორმისტუჩებიან ნაზ სახეს ხატავდა. როზვიტას შეჭმუხნული შუბლი და კუთხოვანი ცხვირი აღარსად ჩანდა, სადღაც გამქრალიყო.
ეს ხელები მაგრად ჩაეჭიდება ბედნიერებას და აღარსად გაუშვებს, ბედნიერებას, რომელიც, როგორც ჩანს, წინ ელის; თავის საქმეს მომავალშიც წუნდაუდებლად შეასრულებს. როგორ მოხდა, რომ ასე ადვილად დაკარგა რწმენა, ასე სულის სიღრმემდე როგორ დაემონა შიშს?! ისევ მაგიდას მიუჯდა, აბრეშუმის კაბას ხელი მოჰკიდა და წამიერად ისევ შეაკრთო გარედან შემომავალმა კაკუნმა. მალე ხმაურს თითქმის ვეღარც გრძნობდა. ისევ დაუდო გული სამუშაოს. ყველაფერი უწინდელივით კარგად გამოსდიოდა. აბრეშუმი ისევ მორჩილად დაეფინა როზვიტას ხელის ზურგს, მონატრებულივით მიეგება. ნაკერიც უზადო იყო, საერთოდ არ ჩანდა, სწორედ ასეთი უნდოდა, რომ გამოსულიყო. ნემსის ყოველ ჩხვლეტას ოცნებით თითქოს თან მისდევდა, სამუშაოც წინ მიიწევდა; წარმოიდგინა, ვითომ საქორწინო კაბას იკერავდა. აბრეშუმისას. კაბის კალთა უკვე მზად იყო. მერე დააუთოვა, გაშლილი ხელებით აქეთ-იქით გააქნია და აღფრთოვანებით დააცქერდა საყელოს მაქმანებიან ფურფუშებს. ასეთი ფასონი, ნეტა, თვითონ თუ მოუხდებოდა? ნაოჭასხმულ საყელოში მისი ნიკაპის პატრონი, ნეტავ, როგორ იგრძნობდა თავს?
კაბა საკიდზე ჩამოაცვა და კარის გვერდით კაუჭზე დაკიდა, იქ, სადაც ჩვეულებისამებრ გამზადებულ ტანსაცმელს ათავსებდა ხოლმე. - საყიდლებზე წასვლას ნამდვილად აღარ გადავდებ. მაქს ლაიმერზე აღარ უნდა ვიფიქრო, მანამდე მაინც, სანამ ისევ არ გამომეცხადება! - როზვიტას საძინებელ ოთახში წუხანდელი გასეირნება გაახსენდა და როგორღაც ეუხერხულა.
ბინიდან გავიდა და კიბის საფეხურებს ბორძიკით ჩაუყვა; სახლის კარი ღია იყო. გასასვლელთან ხალიჩასავით გაფენილიყო მზის შუქი. მტკიცედ დაადგა ფეხი. კოჭლობით მიაბიჯებდა. სახლის წინ მანქანები, ქვიშის გროვები და ცემენტის ტომრები დაინახა. ხარიხებზე მუშები აღარ ჩანდნენ.
უკან დაბრუნებულს მოედანზე ისევ არავინ დახვდა. შესაძლებელია სახლის იქითა მხარეს ხდებოდეს რამე, საითაც ფანჯარა ღია დავტოვეო, გაიფიქრა ბინაში შესულმა ქალმა და მაშინვე იქითკენ გაექანა. აქ მართლაც შემოდიოდა კაკუნისა და ფხეკის ხმა. დროგამოშვებით ძახილიც ისმოდა. ეტყობა, ფანჯრამდე ჯერ არ მოუღწევიათო, კვლავ გაიფიქრა როზვიტამ და სასწრაფოდ ფანჯარას მიადგა. ძელები ისე ახლოს იყო, ხელით მიწვდებოდა კაცი. რკინის ვერტიკალური, კიბისმაგვარი ხარაჩოები მისი ფანჯრის ორივე მხარეს აჭიმულიყო და სახურავამდე აღწევდა. ორი კაცი სულ ქვედა ფიცარნაგზე რაღაცას ეწვალებოდა. დანარჩენები აწყობდნენ და აწყობდნენ ძელებს მსუბუქი და სატვირთო მანქანებისგან გადათელილ მდელოზე. ქალმა ფრთხილად დახურა ფანჯარა. კაცები ამ დროს ზემოთ იყურებოდნენ; მაქსი მაშინვე იცნო. კაცი მიესალმა. ქალს უმალ საკუთარი ვარცხნილობა გაახსენდა. უკვე ჩამოშლოდა თმის ერთი ბღუჯა. ვინ იცის, ისე მეჩრდილება ლოყაზე, შორიდან სახე ნაიარევს მიმიგავსო, აფორიაქდა როზვიტა, თმა სასწრაფოდ უკან გადაიყარა და ამ დროს ფანჯრის სამაგრს უნებურად ხელი გაუშვა. ორივე ფრთა აქანავდა და აჭრიალდა. დაბნეულმა ქალმა გაღიმება სცადა. ლაიმერმა თავი დაუკრა და ხელი დაუქნია. მერეც კი უქნევდა, როცა ქალმა ფანჯარა დახურა, მაგრამ ფარდას ამოფარებული კარგა ხანს იქვე იდგა და ეზოში მალულად იცქირებოდა.
ახლა წინა ოთახის ფანჯრები გააღო. სამზარეულოს კარიც ბოლომდე გახსნა, რათა თაღებქვეშ სუფთა ჰაერი შემოსულიყო. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ნაყიდი სურსათის ამოლაგება. აჩქარებით აწყობდა მაცივარსა და სერვანტში. საცაა ლოტე გამოჩნდებოდა.

როგორც იქნა, ლოტეც მოვიდა. ენერგიულად დარეკა ზარი. - დღეს დრო ცოტა მაქვს, - შემოსვლისთანავე ოხვრით თქვა მან, - იმედია, ყველაფერი მზად გაქვს. როზვიტამ მაინც შესთავაზა ფინჯანი ყავა და ჭიქა ღვინო. ლოტე მოუსვენრად იყურებოდა საათზე, ადგილს ვერ პოულობდა. როზვიტას უნდოდა, როგორმე საუბარი გაება, რათა შემდეგ, როცა ლოტე სათქმელს ბოლომდე იტყოდა, თვითონაც მოეთხრო თავისი ისტორია. - Dდრო არა მაქვს, დრო არა მაქვს! - გაიძახოდა ქალი. - წადი, მაშინ! - უთხრა როზვიტამ და თან საჩქაროდ შემოიტანა ღვინო და ჭიქები. ლოტემ უარის ნიშნად ხელები გაასავსავა, მაგრამ მერე მაინც დაჯდა და კიდევ ერთხელ გადაისვა ხელი თავის ვარცხნილობაზე, ხელოვნების ნიმუშს რომ ჰგავდა და წითელი თმებისგან დახვეულ ლოკოკინას სახლს რომ მოაგონებდა კაცს. როზვიტა აღფრთოვანებული შესცქეროდა მეგობარს და თითქოს შურდა კიდეც მისი. ლოტეს ყოველთვის ჰქონდა რაღაც მოსაყოლი. მეგობრებმა ჭიქები მიუჭახუნეს ერთმანეთს; - შენს ახალ ამბებს გაუმარჯოს! - უთხრა როზვიტამ, თან საკუთარ სიახლეზე ფიქრობდა. - აქედან შეხვედრაზე უნდა წავიდე. - თქვა ლოტემ. როზვიტამ აბრეშუმის კაბა შემოიტანა.
სანამ ლოტე შირმის უკან კაბას იცვამდა, როზვიტამ შეიტყო, რომ მისი მეგობრისთვის განათლების განყოფილების უფროსს, ბატონ ჰინგერლს დაერეკა. - ტელეფონი უნდა დავიდგა. - გაიფიქრა როზვიტამ. - წარმოიდგინე, - თქვა ლოტემ, - მან ჩვენი სოფლის ათასი წლის იუბილესათვის ისტორიული დრამა დაწერა, და ახლა აპირებს, ეკლესიის დარბაზში დადგას. - ეს ამბავი ჩემს სიახლესთან შედარებით ნამდვილად არაფერია. - გაიფიქრა როზვიტამ. - მღვდელმა უკვე იცის და თანახმაა. კვირაობით ამ თეატრალური პროექტის განსახორციელებლად შემოწირულობებს შეაგროვებს. ბურგომისტრიც აღტაცებული ყოფილა მისი იდეით და ფინანსურ დახმარებასაც დაპირებია. როზვიტა წესიერად არც უსმენდა, რადგან ფიქრით სხვაგან დაქროდა. იმ სიახლეზე ფიქრობდა, რომელიც მეგობრისთვის აუცილებლად უნდა გაენდო. ლოტე წინ გამოვიდა და მკლავები გაშალა: - ბოლოს და ბოლოს დავალებაც მივიღე! - ამაყად განაცხადა მან. როზვიტა ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა. ლოტე ზურგით შებრუნდა და როზვიტამ ღილების შეკვრა დაიწყო. თორმეტი პაწაწინა ღილი კოხტად ჩასვა თავ-თავის ადგილას. - ჰინგერლი ამბობს, ყველაზე მეტად შენ შეგეფერებაო. - ისევ დაიწყო ლოტემ, სარკესთან მივიდა, მკლავები მაღლა ასწია და მერე ისევ ნელ-ნელა დაუშვა ძირს. წელში მოიხარა, ხელები თავის „კოშკურა" ვარცხნილობაზე შემოიწყო და საკუთარ თავს გაუღიმა. როზვიტამ უკნიდან შემოუარა მეგობარს, სახელოები შეუმოწმა კაბას, თან ნაკერები მოსინჯა და ხელი მხრებსა და თეძოებზე ჩამოუსვა. თვითონაც გაეღიმა და მაქსი გაახსენდა. მისი თითები თეთრად ასხივებდა და ვიწრო ზოლებად ირეკლებოდა ყავისფერ აბრეშუმზე. - მე ყოველთვის მქონდა მსახიობობის ნიჭი, ხომ გახსოვს? - ჰკითხა ლოტემ. როზვიტამ წელზე შემოხვია ხელები. სარკეში თავისი თითების ანარეკლს მოჰკრა თვალი, ვიწრო და ნაზი ქამარივით შუაში რომ გაწოლილიყო. - ჰო, რა თქმა უნდა! - წამოიძახა პასუხად და ხველა აუტყდა. შენ ჯერ კიდევ ჩვენი სკოლის თეატრში იყავი ნამდვილი ვარსკვლავი! ლოტე მისკენ მოტრიალდა, მოეხვია და აჩურჩულდა: - ის ამბობს, მსახიობად ხარ დაბადებულიო! - ვინ ამბობს? - ჰკითხა დაბნეულმა როზვიტამ. - რა თქმა უნდა, განათლების განყოფილების უფროსი, რომელსაც შენსავით ახსოვს ჩემი სკოლისდროინდელი წარმატებები, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა მასწავლებელი იყო. დაუვიწყარს უწოდებს ჩემს მაშინდელ გამოსვლებს. ბოლოს და ბოლოს მიხვდა როზვიტა, რომ ლოტეს ჰინგერლის ისტორიულ დრამაში რაღაც როლი შესთავაზეს. - მთავარი როლი! - ხაზი გაუსვა ლოტემ. - მერე, შენი ქმარი რას ამბობს ამაზე? - ჰკითხა როზვიტამ. უნდოდა, როგორმე სხვა თემაზე გადაერთო მოსაუბრე. - ჰერმანს, - უპასუხა ლოტემ, თან საკუთარ თავს დაჟინებით აკვირდებოდა სარკეში, - დღეს ღამის მორიგეობა აქვს. - კაბით როგორი კმაყოფილი ხარ? - არ მოეშვა როზვიტა. - კარგად მადგას. ოღონდ, აი, ეს ფერი აღარ მომწონს. ყავისფერი რაღაც მოსაწყენი ფერია. ამიერიდან ყველაფერს წითელს ჩავიცვამ!
როზვიტას ჯერიც დადგა. მოთმინება გამოლეოდა, ერთი სული ჰქონდა, მაქსზე მოეყოლა რაიმე. ლოტე კი ამჯერად კაბის ფასით დაინტერესდა, მინდა ვიცოდე, შენი რამდენი მმართებსო. როზვიტა შეეცადა დაერწმუნებინა, ეს საჩქარო არ არისო. - წარმოგიდგენია... - დაიწყო მან. - არა, არა, - შეაწყვეტინა ლოტემ, - ვალი არ მინდა. თქვი, რამდენი უნდა გადავიხადო! როზვიტამ საჩქაროდ დაუსახელა თანხა და ისევ დაიწყო: - დღეს, წარმოგიდგენია... ლოტემ ფული იქვე დადო. იმაზე მეტი იყო, ვიდრე მკერავმა მოითხოვა. - გუშინ... - უცებ ენა დაება როზვიტას. ლოტემ ჩანთას წამოავლო ხელი. - კაბას მოგვიანებით მოვაკითხავ. თანაც მოგიყვები, შეხვედრა როგორ ჩაივლის. კართან მისულმა უკანმოუხედავად გამოსძახა: - წარმატება მისურვე! წითელი აბრეშუმის შარფი, რომელიც როზვიტას აქამდე არ ენახა, ზურგზე უფარფატებდა კიბეებზე სირბილით ჩამავალ ლოტეს.
როზვიტას მეგობრის მუდამ სიცოცხლით სავსე სახე ედგა თვალწინ. რამდენჯერაც სარკის წინ მოუწია გავლამ, იმდენჯერვე თავი დახარა, რომ საკუთარი სახე არ დაენახა. - არ იქნებოდა ურიგო, ლოტესგან რაიმე მეც რომ მესწავლა, - გაიფიქრა როზვიტამ. - მეც არანაკლებ მომიხდებოდა მოწითალო პუდრი და პომადა. თუმცა, ლოტეს უხეში ხელები და კოტიტა თითები რომ გაახსენდა, გაეღიმა. ლოტე საუბრისას უმეტესად მკლავებს ამოძრავებდა, ხელებს კი მაქმანშემოვლებულ განიერ სახელოებში მალავდა.
ისევ გაიგონა ჩაქუჩის კაკუნი. სადილობის დრო მოახლოვებულიყო. საჭმელი უნდა მოემზადებინა. დაღლილი იყო, ახლა სიამოვნებით დაისვენებდა. სამზარეულოში, რომელიც როზვიტას ყოველთვის გამოქვაბულს აგონებდა, გრილოდა. ბავშვობიდან კარგად იცნობდა აქაურობას. დედა ზოგჯერ მეტ შუქსა და ჰაერს ითხოვდა, როცა შემწვარი ხორცის სუნი დგებოდა, როცა ხახვი იშუშებოდა ან კიდევ საშობაო ნამცხვრებისთვის შოკოლადის მინანქარი მზადდებოდა. Pპატარა როზვიტას ყოველთვის უყვარდა ამ მძიმე და ათასნაირი სუნით ავსებულ ბინდ-ბუნდში ყოფნა. სიამოვნებით ჩამოჯდებოდა ხოლმე დედის ფეხებთან მდგარ დაბალ ტაბურეტზე. - ადრე ოთხნი ვუსხედით ამ მაგიდას, თავისი გრძელი გვერდით მაშინაც ასე, კედელზე იყო მიდგმული, - იგონებდა როზვიტა, - კედელსა და სერვანტს შორის მაშინაც ასე ვიწრო ადგილი რჩებოდა. შორიდან ალბათ ერთმანეთს გადაბმულებს ვგავდით მაგიდასთან მსხდომნი, როცა ოთხი თავი მაგიდისკენ ერთდროულად იხრებოდა, ხოლო მხრები ერთმანეთს ეკვროდა. ფრთხილად და დაკვირვებით შევექცეოდით წვნიანს. ერთ უნებლიე მოძრაობასაც კი შეეძლო სუფრის ერთი წევრი მეორესთვის მიეჯახებინა, შემდეგისთვის წვნიანის თეფში შეენჯღრია და ბოლო კი საერთოდაც სკამიდან გადაეგდო. საჭმელს უხმოდ მივირთმევდით. სულ რამდენიმე წინადადებას ან ერთ გაუაზრებელ ჟესტსაც კი შეეძლო სუფრასთან წესრიგი დაერღვია.

კაცი რამდენიმე წუთის წინ გავიდა. კარის სახელურს, ალბათ, ჯერ კიდევ ექნებოდა შერჩენილი მისი ხელის სითბო. როცა ცალი ფეხი უკვე გარეთ ჰქონდა, რაღაც გაახსენდა, ზღურბლზე შეჩერდა და სახელურს რამდენჯერმე გაუხახუნა თბილი ხელისგული. მალე ისევ აქ ვიქნები, ერთ საათს არ გადავაცილებ! ასე უნდოდა როზვიტას? იყო ეს ის, რაც მას სურდა? თუ იქამდე მივიდა, რომ მისი სურვილიც სწორედ ის უნდა ყოფილიყო, რასაც კაცი მოისურვებდა? რამ მიიყვანა აქამდე? ნუთუ ამ კაცმა? თუ „არა"-ს თქმის შიშმა? ხომ შეიძლებოდა, კიდევ ერთი დღე ეთხოვა მოსაფიქრებლად. ყოველ შემთხვევაში, კაცმა ყველაფერი აუხსნა. დღესვე უნდა გადავწყვიტოთ, უფრო სწორად, დღესვე უნდა გადმოვიდე შენთანო, და ქალიც დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი მისთვის ჯერ უცხო იყო. სიუცხოვე განსაკუთრებულად მაშინ იგრძნო, როცა ერთმანეთში წინადადებებს ცვლიდნენ, რომელთა შინაარსის გახსენებასაც კი ვეღარ ახერხებდა ახლა. ასე იყო თუ ისე, Fფაქტია, რომ შეძლო დაეყოლიებინა. თუ უბრალოდ თავბრუ დაახვია? ნეტავ, ოდესმე თუ გამოფხიზლდება? არა, ქალის სისასტიკეს საზღვარი არ ექნებოდა, თუ მაქსისნაირ კაცს - და რაც მთავარია, უკვე გადაეწყვიტა ცოლად გაჰყოლოდა -, თავისთან არ აცხოვრებდა და სადღაც მწერებითა და მკბენარებით სავსე ბარაკში დატოვებდა.

ვიდრე კაცი წინ ედგა, ქალს ყველაფერი ესმოდა. მიიხურა თუ არა კარი ზურგს უკან და ლინოლეუმზე კვლავაც თავისი ტალახიანი ფეხსაცმლის კვალი დატოვა, და ქალიც იატაკის გასაწმენდად ძირს დაიხარა თუ არა, მყისვე ყოყმანი მოერია და მიხვდა, რომ ახლა ყველაფერს ძილი ერჩივნა...
კაცისთვის სასწრაფოდ საწოლი უნდა მოემზადებინა. გადაწყვიტა, თავიდან მარტო დავაძინებ საწოლ ოთახში და მხოლოდ მაშინ დავიკავებ მის გვერდით ადგილს, როცა ოფიციალურად მისი ცოლი გავხდებიო. მანამდე მდგმურივით უნდა მოპყრობოდა. ამ აზრმა სანახევროდ დაამშვიდა. თავიანთი თანაცხოვრებისთვის დროებითი ფორმა უკვე მოძებნილი ჰქონდა. საწოლ ოთახში ავეჯსა და საწოლებს თეთრი შალითები გადააძრო. ბალიშები და ბუმბულის ლეიბი ფანჯრის რაფაზე შემოაწყო. და ეს ყველაფერი ელვის სისწრაფით გააკეთა. იატაკიც გაწმინდა, ხალიჩებიც დააფინა, რომლებიც, კაცმა რომ თქვას, დასაბერტყი იყო. ახლა ამის დრო არ ჰქონდა. იქნებ ერთხელაც მაქსი დაეხმაროს! სახე მოარიდა, მაგრამ სარკემ თითქოსდა ალყაში მოაქცია. ვერსად ემალებოდა. გაურბოდა, მაგრამ სამფრთიანი სარკე თავისი სამმაგი განფენილობით ყველგან სწვდებოდა ქალს, მაშინაც კი არ ანებებდა თავს, როცა ქალი სულ ერთი წამით მოწყვეტდა მზერას იატაკსა და ტილოს. ეს გაუთავებელი დევნა აშფოთებდა როზვიტას. ყოველთვის თავს არიდებდა იმას, რომ თავისი ხელები, ფეხები, თავი როგორც რაღაც მთლიანი, საკუთარი მთლიანობის გამომხატველი აღექვა. როცა საკუთარ თავზე ფიქრობდა, ყოველთვის მხოლოდ სხეულის რომელიმე ცალკეული ნაწილი ედგა თვალწინ. ამ სარკემ კი უეცრად მისი მთლიანი გამოსახულება აჩვენა. ქალის სარკისეული ანარეკლი იწვოდა მის იმედიან თუ შიშნარევ განცდებში. ყველაფერი ცეცხლის ალში გახვეულიყო. - სახანძროა საჭირო! - გაიფიქრა ქალმა და გაეცინა. - ღმერთო ჩემო, რა სასაცილო ვარ! თავისი მუდამ მშვენიერი ხელები წინ გაიშვირა და საკუთარ ორეულს შეავედრა. ხელები სარკისკენ იწევდა, მეწინავესავით სხეულს წინ უდგებოდა, ის კი მაინც ძველებურად დაგრეხილი და უშნო ჩანდა. ხელები თავისი მშვენიერებითა და სინატიფით, საუცხოოდ მოვლილი ფრჩხილებით, ვერაფრით უმკლავდებოდა როზვიტას დაბრეცილი სხეულის სიმახინჯეს, ვერც მის წაწვეტებულცხვირიან სახესთან Aგამხდარიყო რამეს, ვეღარც უშნოდ დაბრეცილ ტუჩებს ფარავდა თავისი სილამაზით. ვიდრე ის, საპატარძლო, თავის საქორწინო სარეცელს - ეს სიტყვა მართლა ამ წუთას მოუვიდა თავში, როგორც ჩანს, სადღაც წაეკითხა - , ჰო, ჰო, საქორწინო სარეცელს..., ეს სიტყვა ზღაპრებში გვხვდება ხოლმე, მოამზადებს, ისე ჩამოხმება, რომ ჩიტების საფრთხობელას დაემსგავსება. ქალს გაეცინა. თუმცა ამან სიხარული როდი მოჰგვარა. ჩვრისკენ დაიხარა, პრიალა, მასტიკიან იატაკზე ჩაიმუხლა, გაპრიალებას შეუდგა. მუხლებითა და ხელებით ტილოს დაასრიალებდა, თვალს არ აშორებდა იატაკის ფიცრებს, ჩვარსა და ხელებს. მერე წამოიმართა, მუხლები სტკიოდა, კოჭლობით მივიდა ფანჯარასთან და მტვრის ტილო გადაბერტყა. სარკეს გვერდი აუქცია. კიდევ ჰქონდა რაღაცის იმედი. რა, მაინცა და მაინც მოქანდაკე უნდა ყოფილიყო? იქნებ კალატოზიც მიმხვდარიყო მისი უნაკლო ხელების ფასს. ტანსაცმლის კარადა გამოაღო. ძველ პალტოებს ისე ათვალიერებდა, როგორც გარდაცვლილთა გაყვითლებულ ფოტოებს. მუყაოს ყუთები აიღო და სამგანყოფილებიანი კარადის ერთი მხარე გაათავისუფლა, მისთვის გაათავისუფლა, მაქსისთვის. აი, მამის კოსტიუმები გამოჩნდა. თვალწინ წარმოუდგა ის დღეები, როცა ამა თუ იმ მიზეზით ამ კოსტიუმებს იცვამდა მამა: ეს ქორწილზე და დაკრძალვაზე ჩასაცმელი სამოსია, ესეც - სამუშაო დღეებისთვის, ეს ყავისფერი კოსტიუმი კიდევ საკვირაო გასეირნებებისათვის იყო განკუთვნილი. ახლა დედის კაბა აიღო ხელში, მუქი ყავისფერი, შალის კაბა, დღესასწაულებზე რომ იცვამდა ხოლმე. ბოლოს თავისი ყმაწვილქალობის დროინდელი წითელი პალტოც იპოვა, კურდღლისბეწვიანი საყელოთი. ჩვიდმეტი წლის რომ იყო, მაშინ ეცვა. შემზარავი უბედურება ამოდიოდა მისგან: გარდატეხის ასაკის მოთენთილობა და უხასიათობა, ამქვეყნიდან წასვლის სურვილი. ყუთი დამძიმდა. ქალმა გასასვლილისკენ გააჩოჩა და სტელაჟის ქვეშ დადგა. მერე კარადის უჯრები გაასუფთავა.
ბალიშები და საბნები, ცხადია, საუკეთესო მდგომარეობაში Aვეღარ იქნებოდა. ლეიბიდან ბუმბულებს გამოეყო თავი, შეიძლება ამას კოშმარული სიზმრებიც კი გამოეწვია. ეს ნაკლი სასწრაფოდ უნდა გამოესწორებინა. იქნებ ხვალვეც. თუმცა, ხვალინდელი დღე აშინებდა როზვიტას. ბალიშსა და საბანს ყვავილებით მოჩითული პირები გადააცვა, ხელით კიდევ ერთხელ გაასწორა და კოხტად დააწყო მშობლებისეული საწოლის ცალ მხარეს. ისევ იმაზე ფიქრობდა, რომ მისი შეცვლილი გარემოებები ხვალ მთელი სამყაროსთვის ცნობილი გახდებოდა, სახელდობრ ის, რომ მან, როზვიტამ, ხეიბარმა, სახლში კაცი მოიყვანა. ნეტა, ლოტე რას იტყოდა ამაზე? იმ დღეს მაინც რომ მოეხერხებინა და მოეყოლა ყველაფერი, რა კარგი იქნებოდა! მოუსვენრობამ შეიპყრო; საკუთარ თავს უთხრა, მაინც აღარაფრის შეცვალა შეიძლება და, იქნებ, დროა, ახლებურად ცხოვრება ვცადო და მოვახერხო კიდეცო. ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობა შემოვიდა მის ყოველდღიურობაში. სიცილმა შეუღიტინა, მღელვარება მოედო მთელ სხეულს, ოფლმა დაასხა. კარგად იგრძნო თავი.

როზვიტას ის იყო ლოდინისაგან გული გადაელია, რომ მაქსიც გამოჩნდა. ქალს ეს კარგად ენიშნა. ბოლო ნახევარ საათში ისე დაძაბულიყო, რომ მოძრაობის უნარი წართმეოდა და იჯდა ასე, სავარძელში გაშეშებული. კედლის მიღმა ხმაურიც მიწყდა. მხოლოდ შინ მიმავალი მუშების ხმებიღა აღწევდა შორიდან. ახლა გაირკვევა, მოვა თუ არა. - ფიქრობდა როზვიტა. Qქალი შეაშინა ასეთმა აკვიატებულმა აზრმა. რას ელოდა? იცოდა კი, რას უქადდა ეს მოლოდინი? უბრალოდ, იმ კაცს, მაქს ლაიმერს ელოდა თუ საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლას? ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. კარს მიშტერებოდა, კარს, რომელიც წესით მალე უნდა გაღებულიყო. ოღონდ ჯერ ზარი აწკრიალდებოდა, მერე შინ შემოიხმობდა კაცს... თუმცა იმაზე ფიქრს, რომ ამ კარში „ის" შემოვიდოდა, ვეღარ განავრცობდა, უბრალოდ იჯდა და ელოდა. მხოლოდ ზარის წკრიალს, კაკუნს ან კარის გაჭრიალებას ელოდა. ის იყო, მოთმინების ფიალა აევსო, რომ ზარიც აწკრიალდა. მაშინვე ადგილიდან წამოფრინდა, ხტუნვითა და კოჭლობით კარისკენ გაექანა, თანაც ცდილობდა, გაღებამდე თავი დაემშვიდებინა. უცებ მაქსმა თვითონ შემოაღო კარი და ქალს წინ აესვეტა. დაძაბულობამ იმავე წამს გაუარა: „ის" უკვე აქ იყო. კაცმა რომ თქვას, არ უნდა მოსულიყო. Aიმ წამებს, ადამიანს სულს რომ უფლეთს, წესით, სურვილის ასე სწრაფად ასრულება არ უნდა მოჰყოლოდა. ასეთი მოლოდინი აუცილებლად იმედგაცრუებით უნდა დამთავრებულიყო. ეს ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა.
ჭუჭყში ამოგანგლული კაცი ახლა მის წინ იდგა და უღიმოდა. მტვრისგან ტუჩები სულ განაცრისფრებოდა და ჩაშავებულ კბილებს მიჰკვროდა. თავი დაუკრა ქალს. გამოდის, რომ ამას ელოდა. იქნებ სწორედ ეს იყო იმედგაცრუება. როზვიტამ შინ შემოიპატიჟა კაცი. ჯერ ისევ აქოშინებული ხმა მალე დაიმორჩილა. საიდან ასეთი თავდაჯერება? -მე ვარ ამ ბინის პატრონი, -ფიქრობდა ქალი, - ჩემია ეს ჭერი, ეს საწოლიც. დიახ, ჩემია. მე შემიძლია თხოვნა შევუსრულო ან არ შევუსრულო. თავდაჯერება იგრძნობოდა მის სიტყვებშიც და მოძრაობებშიც. კაცი შემოვიდა და ქალმაც მაშინვე ჭუჭყიან ნაკვალევზე დაიწყო ფიქრი, უთუოდ რომ დაატყობდა კაცი მის იატაკს. უკვე მესამედ! უეცრად შეკრთა. ამ კაცთან ერთად კიდევ რამდენი სხვა ასეთი უხერხულობა დამკვიდრდებოდა მის ცხოვრებაში. ქალს სიბრაზე შეეპარა. ფეხსაცმლის ლანჩებს გადააბრალა იატაკის დასვრა. მერე მაქსი სახელოსნოში შეიყვანა. მის მოსვლამდე იქაურობა საგულდაგულოდ დაალაგა. ძაფებს, ნემსებს და მაკრატლებს, ჩვეულებისამებრ სულ ხელმისაწვდომ და გამოსაჩენ ადგილას რომ ელაგა როზვიტას, ახლა თვალსაც ვეღარსად მოჰკრავდა კაცი. სკამი შესთავაზა. მაქსმა ირგვლივ მიმოიხედა. - ჯერ აქაურობას უნდა შეეგუოს. - გაიფიქრა როზვიტამ, - მე მგონი, ჩემმა სახელოსნომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ორივე დუმდა. როზვიტამ იგრძნო, რომ სიჩუმე მეტისმეტად გაიწელა. უხერხულობის დასაფარად ამინდზე ჩამოაგდო ლაპარაკი. კაციც მაშინვე აჰყვა. ორივეს ეცინებოდა, როცა რომელიმე უნებურად წამოწყებული კანონის პირველ ფრაზას წარმოთქვამდა. ერთ სიტყვას მეორეც სწრაფად მოჰყვებოდა. როზვიტამ, როგორც იქნა, გაბედა და უთხრა, გადავწყვიტე, ვცადო შენთან ერთად ცხოვრებაო. მერე თავისი სახელოსნო დაათვალიერებინა. სახელოსნოს მთელი ბინა მოჰყვა და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში საკუთარი თავის წარდგენაც მოასწრო. კაცმაც უამბო თავის თავზე და იმ ბარაკზეც, რომელშიც იძულებული იყო ეცხოვრა. როზვიტა საძინებელში შევიდა, კაციც მიჰყვა, თან სულ საკუთარ თავზე უყვებოდა, ქალი კი, თავის მხრივ, თავის ბინაზე ელაპარაკებოდა. ბოლოს ქარბორბალასავით დაუტრიალდა თავში აზრები და ახლა კაცის ნაამბობიდან ცალკეული სიტყვების გარდა, როგორიცაა ბარაკი, უდანაშაულო, მოტყუებული, „ბინძური დედაკაცი" და სხვ., აღარაფერი ახსოვდა. ბოლოს საწოლთან აღმოჩნდნენ. არცერთი ხმას არ იღებდა, როზვიტა ამაყად იღიმოდა, მაქსი ქშინავდა. - როგორც ვატყობ, შემიძლია, ახლავე დავრჩე. - თქვა მან ბოლოს და გაიღრიჯა. როზვიტამ, მართალია, თქვა, აქაურობა დასასუფთავებელი და მოსაწესრიგებელიაო, მაგრამ ეს უარისათვის დამაჯერებელ არგუმენტად რომ არ გამოდგებოდა, თვითონაც კარგად მიხვდა. უფრო მეტიც, მაქსმა ხმამაღლა გაიკვირვა, აბა, ეგ რა მიზეზიაო. ამან ეჭვი თუ ორჭოფობა საბოლოოდ გაუფანტა როზვიტას და სწრაფად დათანხმდა კაცის თხოვნას. კაცმა ხელი გაუწოდა. ამ შეხებისგან ნამდვილად რაღაც სხვას ელოდა ქალი. კაცმა თავისი უხეში, დამსკდარი ხელისგული ქალის ნატიფ, პატარა ხელს დააფარა. როზვიტას არასოდეს მოჩვენებია საკუთარი ხელი ასე ნაზი და უღონო. ნეტა, კაცი თუ გრძნობს ამას? მასთან შეხებისას რამე განსაკუთრებულს თუ შეიგრძნობს? გაოცებულს ეს ხელი მაღლა უნდა აეწია, შუქთან ახლოს მიეტანა და დაკვირვებოდა! იმედი გაუცრუვდა ქალს, თუმცა არაფერი შეიმჩნია. - აბაზანა არა მაქვს, არც ცხელი წყალი. - აღიარა როზვიტამ.

- მერე რა მოხდა, თვითონ გავაკეთებო, დაჰპირდა მაქსი. როზვიტამ უეცრად გაიაზრა, თუ რას ნიშნავს მამაკაცი სახლში. სასწრაფოდ ბარაკში გაუშვა ნივთების მოსატანად. მაქსს რომ ცისფერი თვალები და ქუთუთოების ანთება ჰქონდა, მაშინღა გაახსენდა, მისაღებ ოთახში ლინოლეუმის წმენდას რომ მორჩა. მერე აჩქარებით გაემართა საძინებლისკენ.
მაქსი დაგლეჯილი ჩემოდნით დაბრუნდა. წამიერად ისევ ნაღველი მოერია როზვიტას. თუმცა, მალევე სიხარულით აუჩქროლდა გული: კაცს საკუთარი ჩემოდანი მოაქვს მასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ბარგიანად დაადგა მისკენ მომავალ გზას, ჩემოდანი სახლში შემოიტანა, კიბეზე ამოათრია. და აი, წინ დაუდგა. - აქამდე არასოდეს არავინ, არავინ არ მოსულა ჩემთან ჩემოდნით. - ახლაღა გაახსენდა ქალს. ცნობისმოყვარეობა კლავდა: ნეტავ, რა უწყვია შიგ? ასეთი ჩემოდნით დღეს აღარავინ მოგზაურობს, არც სხვაგან გადასვლისას იყენებენ ასეთებს. ეს ჩემოდანი, სიმართლე რომ ითქვას, არაფრით ჯობდა მუყაოს ყუთს. სად უნდა წავიღო?! - ჭუჭყიანი ტანსაცმლის მეტი შიგ არაფერია. - თითქოს ფიქრს მიუხვდა მაქსი. ჩემოდანი სამზარეულოში გაათრია და გახსნა. იქ ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო. როზვიტა სარეცხის გადასარჩევად დაიხარა. მაქსი უკან ედგა და უყურებდა. როზვიტამ სარეცხის კალათში ჩატენა ტანსაცმელი, რომელსაც ჭუჭყისაგან უკვე სუნი ასდიოდა. ყველაფერი არ ჩაეტია. სხვა გზა აღარა მაქვს, - ფიქრობდა როზვიტა, - ხვალვე უნდა გავახურო ღუმელი სამრეცხაოში, ქვაბში ტუტიანი ხსნარი გავაცხელო, მაქსის ტანსაცმელი გამოვხარშო, ჯაგრისით გავწმინდო, გავწურო, ზოგი რამ საერთოდ გადავყარო...... ალბათ ნახევარ დღეს მოვანდომებ ამ საქმეს. წყენა გადაყლაპა და მაქსს ასწავლა, შემოსასვლელში რა ადგილას უნდა დაედო ცარიელი ჩემოდანი. მერე უნიტაზიც აჩვენა, რომელსაც, მართალია, ჩასარეცხი არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ ხის მძიმე ხუფი ეფარა. ძველი სახლი იყო.

მაქსს, ეტყობა, მოეწონა ღია ფერის ავეჯითა და თითბრის პრიალათავიანი საწოლებით გაწყობილი საძინებელი. კარგა ხანს ათვალიერა საწოლთან ჩამოკიდებული ხატის ფოტოპირი, რომელზედაც ღვთისმშობლის შვიდი მახვილით1 განგმირული გული იყო გამოსახული, მერე გაეღიმა და თქვა: - ამ სურათს ჩემი დანების კოლექცია მოუხდება! მერე მხარზე მოგდებული ზურგჩანთა მოიხსნა, საწოლზე დააგდო, გახსნა და იქიდან ხის ყუთი ამოიღო, რომელიც თითბრის წვრილფეხებიან და შუშისზედაპირიან ტუმბოზე დადო. ყუთს ორი პატარა კარი ჰქონდა. გახსნა თუ არა კაცმა ყუთი, როზვიტამ ტყავის მარყუჟებზე ჩამოკიდებული, მჭიდროდ ჩალაგებული, სხვადასხვა ზომისა და ფორმის, ნაირ-ნაირტარიანი დანები დაინახა. საგულდაგულოდ გაპრიალებული დანები თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. როზვიტა დაიბნა, არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, რა უნდა ეთქვა. მაქსმა ჰკითხა: - როგორ გგონია, რამდენი იქნება? ქალმა მხრები აიჩეჩა, გონება დაძაბა და ბოლოს თქვა: - ასე, დაახლოებით ორმოცდაათი. - ოთხმოცდათვრამეტი! - თავი მოიწონა კაცმა. - რაში გჭირდება ამდენი? - გაიკვირვა როზვიტამ. - ვთამაშობ. ისე ზუსტად ვისვრი, სამიზნე დაფაზე ფიგურებიც კი გამომყავს. ვერთობი და დრო ასე გამყავს. ზოგჯერ ვიღაცეებს მიზანში სროლაშიც ვეჯიბრები.

მაგრად დავხელოვნდი, მიზანში ჩემსავით ვერავინ ისვრის. როზვიტას მაინცადამაინც ვერ გაეგო, რა უნდა ეფიქრა თავისი მომავალი მეუღლის ამ უცნაურ გატაცებაზე, თან იდუმალი კმაყოფილებით გაიფიქრა, მაქსი უბრალო კალატოზი არ ყოფილა, სხვებისგან თავისი განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევაო. თუმცა, ახლა ამაზე ლაპარაკის გაგრძელება ნამდვილად აღარ სურდა. კაცს სამზარეულოსკენ გაუძღვა. სამზარეულოში შესულმა მაქსმა ზურგჩანთაში დარჩენილი კიდევ ორი გრძელი შარვალი, ერთი სუფთა პერანგი და საცვლები ამოლაგა.


სამზარეულოში ცხელი წყალი არ იყო. ოთხი წლის წინ მილების გამოყვანა საკმაოდ ძვირი დაუჯდა როზვიტას, მაგრამ ეს არასოდეს უნანია. მანამდე სამზარეულოში წყალი საერთოდ არ ჰქონდა და ყოველი წვეთის მოტანა ორმოცდაათი მეტრის სიშორიდან, მეზობლის ჭიდან უხდებოდა. საკუთარ ონკანში მომდინარე წყალი ერთ ხანს ნამდვილ ფუფუნებად მიაჩნდა, თუმცა დროთა განმავლობაში შეეჩვია და უკვე იმას ფიქრობდა, აბაზანის გასაკეთებლად რა ხარჯების გაღება მომიწევსო. მაქსს უჩვენა, დასაბანი წყალი რომელ ქვაბში და ელექტროქურის რომელ განყოფილებაზე უნდა გაეცხელებინა. სერვანტის ქვეშ მოთავსებული ტაშტი გამოაჩოჩა და ტაბურეტზე შემოდგა, იქვე დაუწყო სუფთა პირსახოცი და საპონიც. მაქსმა დაბანა მოინდომა. როზვიტა სახელოსნოში გავიდა. კაცის იქ ყოფნამ სამზარეულო კიდევ უფრო დააპატარავა. როცა ამ სახლის წესებს გაეცნობა, ერთმანეთს ფეხებში აღარ წამოვედებითო, გაიფიქრა.ამ აზრმა დაამშვიდა. საკერავ მაგიდაზე ღია ფერის სუფრა გადააფარა და ზედ ღვინის ორი ჭიქა და მარილიანი კრენდელებით სავსე პატარა კალათა დადგა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსი ლუდის მოყვარული აღმოჩნდა,მთლიანად გამოსცალეს ერთი ბოთლი „Dürnsteiner atzensprung". კაცი მწეველიც აღმოჩნდა. ეს როზვიტას სულაც არ მოეწონა, მაგრამ მეტი რა გზა ჰქონდა, უნდა შეგუებოდა. ჯერ მაინც ზაფხული იყო და, ბოლოს და ბოლოს, ფანჯარას ღიად დატოვებდა. მაქსი თავისი ცხოვრებიდან რაღაცეებს ყვებოდა. როზვიტა ყურადღებით უსმენდა. თუმცა, თავში ყველაფერი აერ-დაერია და ბოლოს მოეჩვენა, რომ კაცზე ახლა უფრო ნაკლები იცოდა, ვიდრე თავიდან. ის კი დაამახსოვრდა, რომ მაქსი, თურმე, ყოველ დილით 6 საათზე დგებოდა. სამუშაო შვიდის ნახევარზე ეწყებოდა. საუზმეს მოგიმზადებ ხოლმე, ყავას ან რასაც მოისურვებ, ფუნთუშებს ან კრენდელებსო, ქალი რაღას არ ჰპირდებოდა. ღვინომ მაინც თავისი ჰქნა. შეზარხოშებული მაქსიც უფრო ენაწყლიანი გახდა. თურმე, წარსულში რაღაც კანონსაწინააღმდეგოც ჩაუდენია და სწორედ ამის გამო დაუკარგავს სამსახური. ადრე ლიანდაგების დამთვალიერებლად ვმუშაობდი რკინიგზაშიო, თქვა. ეს ამბავი რომ დამემართა, იმ „ბინძური დედაკაცის" ბრალიც იყოო. ეს განსაკუთრებით ჩარჩა როზვიტას გულში, ისევე როგორც თანაგრძნობისმაგვარი გაურკვეველი შეგრძნება, რამაც კაცი მისთვის უფრო ახლობელი გახადა.
როგორც კი მაქსი საძინებელში დაიგულა, თვითონაც აჩქარებით გაემართა თავისი საწოლისკენ. ოთახში გამჯდარმა ნიკოტინის სუნმა ერთ ხანს არ დააძინა. რას იზამ, მარტოობას ისევ ნიკოტინის სუნის ატანა სჯობსო, გაიფიქრა გულში. ჰო, მარტო უკვე მართლა აღარ იყო, მიუხედავად იმისა, რომ საწოლ ოთახს ბინის ნაწილად ვეღარც აღიქვამდა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ის ოთახი ბინას მოწყვეტოდა და ვიღაცას როზვიტასთვის იქ შესვლა აეკრძალა.

იმის გახსენებაზე, რომ მარტო აღარ იყო, ტანში ჟრუანტელი უვლიდა. ლოგინში გატრუნულ როზვიტას სულ თავისი საძინებელი ოთახი ედგა თვალწინ. - იქ ახლა მძინარე ადამიანის ფშვინვა ისმის. - თავს ვერ აღწევდა აკვიატებულ ფიქრს ქალი. ათეულობით წლის განმავლობაში გაუკაცრიელებულ ოთახს, უეცრად, სიცოცხლე დაბრუნებოდა. ეს სუნთქვით ავსილი ოთახი დაძინების საშუალებას არ აძლევდა ქალს. ეშინოდა, ვაითუ, კაცის სუნთქვისას გამოცემული ათასნაირი ბგერა ჩაძინებისთანავე თავს დამატყდეს და მაინც გამაღვიძოსო. ხომ შეიძლებოდა, მის სუნსაც მოეღწია როზვიტამდე! ეს სურნელება კაცის ლოგინიდან წამოვიდოდა, როზვიტას დახუჭულ თვალებზე დაეფინებოდა და იდუმალი სიუცხოვით აავსებდა ქალის მთელ არსებას. როცა მის გვერდით დაწვებოდა, პირველ რიგში, ალბათ, იმ ხმებთან შეგუება მოუწევდა, სუნთქვისას რომ გამოსცემდა კაცი. შეეგუებოდა და შიშიც უკვალოდ გაუქრებოდა.

მოეჩვენა, რომ მხარზე ვიღაც შეეხო და შეშინებულს გამოეღვიძა. წამოჯდა და აღმოაჩინა, რომ მარტო იყო. დილის ბინდ-ბუნდი იდგა. რაღაც გატკაცუნდა. კარი მოჯახუნდა ან მოიჯახუნეს. მერე დერეფნიდან ნაბიჯების ხმა და ტუალეტის კარის ჭრიალი მოისმა. ჩანდა, მაქსი ამდგარიყო. ღამის პერანგით და გაბურძგნული თავით, ცხადია, ვერ დაენახვებოდა კაცს. კაბა მოიძია. ხალათი ისე გაცრეცილიყო, აღარ ჩაიცმებოდა. სავარცხელი აიღო და თმის ვარცხნას მოჰყვა. ხმაური ამჯერად სამზარეულოდან მოესმა. სიჩქარისაგან ხელები კოფთის სახელოებში გაეხლართა. ვარცხნილობაც დაეშალა. თმა კეფაზე აიკეცა და სარჭით დაიმაგრა.
მაქსი სამზარეულოში ჯერ არ ჩანდა. ნახევრად შემინული კარი, რომელზედაც ყვავილებიანი ფარდა ეკიდა, საწოლ ოთახში გადიოდა. უნდოდა, ჯერ საუზმე მოემზადებინა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და იქაურობა საბანაოდ მოამზადა. მაქსი მოულოდნელად წამოადგა თავს. სამუშაო შარვალი უკვე ჩაეცვა, თუმცა წელზევით ისევ შიშველი იყო. როზვიტამ სასწრაფოდ შემოდგა ქვაბი ქურაზე და სცადა, კაცის მკერდზე მატყლივით ჩახვეული ქერა თმისათვის როგორმე თვალი აერიდებინა. თუმცა არსად წასულა. ზურგს უკან უცნაური შრიალი მოესმა და მიხვდა, რომ კაცი ჯაგარივით წვერს იფხანდა. ქალი მისკენ შებრუნდა, სცადა, წინ გაძრომოდა და სერვანტთან მისულიყო. კაცმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და საწოლი ოთახის კარსა და მაგიდას შორის გაიჩხირა. ქალმა კარადაში ყავის მოზრდილ ჭიქებსა და დანა-ჩანგალს დაუწყო ძებნა, მერე კაცს გახედა და მაგიდასთან მიიპატიჟა. დასაბანი წყალიც ახლავე მზად იქნებაო, უთხრა.
- როცა მაგიდასთან დაჯდება, - გაიფიქრა როზვიტამ, - თავს მაშინვე ისევ ხელში ავიყვან. კიდევ ერთხელ უჩვენა მაქსს, სად ინახავდა პირსახოცებსა და სასაპნეს, სად უნდა მოეძებნა ტაბურეტი და ტაშტი. მალე ყველაფერი გაამზადა. დროდადრო თვალი კაცისკენ გაურბოდა. მაქსი ჩუმად იჯდა, დროგამოშვებით ისევ წვერს იფხანდა, თვალებს ისრესდა და თმას ხელით იტკეპნიდა. - გუშინდელთან შედარებით სხვაგვარად გამოიყურება. - გაიფიქრა როზვიტამ. კაცს უცხოს ელფერი თითქოს ჩამოსცილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახე შეცვლილი მოეჩვენა როზვიტას, მაინც რაღაც ნაცნობს გრძნობდა მასში. ამ ერთმა ღამემ მაქსისადმი უნდობლობა თითქოსდა გაუნელა. კაცი წამოდგა და ქალს თავისი ძლიერი კეფა და ჭორფლით დაფარული განიერი ზურგი მიუშვირა. როზვიტამ ისევ გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ ასე მოუხერხებელი იყო აქ დაბანა. მაქსი ისევ დაჰპირდა, რომ თვითონ მოაწყობდა აბაზანას. ქალს გაახსენდა, მის ბინაში ადრე მღვდელი რომ ცხოვრობდა და გადაწყვიტა, ამ ისტორიით გაერთო კაცი, პირველ რიგში კი საკუთარი თავი. უნდოდა, აღარ ეფიქრა კაცის შიშველ სხეულსა და მკერდზე ჩახუჭუჭებულ ქერა ბალანზე და როგორმე სხვა თემაზე გადართულიყო. თუმცა, დაიხარა თუ არა კაცი ტაშტისკენ და სახეზე პეშვით წყალი შეისხა, ქალი მყისვე ოთახიდან გავიდა.

როზვიტა თავის სახელოსნოში, საკერავ მანქანასთან იჯდა. ასე უსაქმოდ აქ ჯერ არასოდეს ყოფილა. იჯდა და კაცის ნამძინარევ თვალებზე ფიქრობდა, ლოგინისსითბოგამოყოლილ მის სხეულზე, მკერდზე ჩახვეულ ბალანზე და ყავისფერი ჭორფლით დაწინწკლულ ზურგზე. მერე ადგა, საბანი ააფუმფულა და ზეწარი ფანჯრიდან გადაბერტყა, ზედ დაცარიელებული ხარაჩოების თავზე. გვიანი ზაფხულის კიდევ ერთი მზიანი დღე დამდგარიყო. მდელოს ჯერ კიდევ არ შეშრობოდა ნამი. აღარც ახსოვდა, ბოლოს როდის გადაიხედა ასე ადრიანად ამ ფანჯრიდან. ფიცრული ღობით შემორაგულ მღვდლის ეზოს მოავლო თვალი, მოცხარისა და ვარდის ბუჩქებს. სამშენებლო სამუშაოების გამო ახლად გატკეპნილი ბილიკი მდელოს გარდიგარდმო კვეთდა. ბილიკს მუქ მწვანე ფორმაში გამოწყობილი იუსტიციის სამი მოხელე მოუყვებოდა. მათი ქუდები ზემოდან ქუდის შესანახი ყუთის სახურავს აგონებდა როზვიტას. კაცი იფიქრებდა, ეს სახურავები მოხელეებს ვიღაც ოინბაზმა გასამასხარავებლად ჩამოამხო თავზეო. როზვიტამ, ცხადია, იცოდა, რომ სამსახურში მტკიცე ნაბიჯით მიმავალი ზედამხედველები, განაწესის შესაბამისად იყვნენ ჩაცმულნი. თუ ასეთებს შემთხვევით პირისპირ შეხვდებოდი, ამ ქუდების წყალობით მაშინვე ხაზგასმით გაგრძნობინებდნენ, რომ შენს წინ უბრალო ადამიანი კი არა, ავტორიტეტული სახელმწიფო მოხელე იდგა.
ბაღის შორეულ კუთხეში, აყვავებული ვარდის ბუჩქებს შორის, შავად შემოსილი მღვდელი „ლოცვანს" კითხულობდა. როზვიტამ ლეიბს ზეწარი გადააკრა. კარზე კაკუნი გაისმა. დაბანილი ლაიმერი გამოეცხადა. მაქსს ჭუჭყიანი წყალი გადაეღვარა და ტაშტი და ტაბურეტიც შეენახა. მხოლოდ დაღვრილი წყლის გუბეები მოჩანდა ალაგ-ალაგ. როზვიტამ გვერდითა უჯრიდან ჩვარი ამოიღო და იატაკი მოამშრალა. მერე, პირველად, ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ და საუზმეს შეექცნენ. ქალმა ყავა დაასხა. მაქსმა ჯემზე უარი განაცხადა.
მისი მშვენიერი ხელები ვერც ამჯერად შენიშნა კაცმა. ვერ შეამჩნია, როგორი სინაზით მიჰქონდა ფაიფურის ფინჯანი პირთან. როცა როზვიტამ ყავა დაუმატა, კაცმა ყავის ნაკადს გააყოლა თვალი და არა მის ხელებს. ქალმა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჩაიდანს მიუკაკუნა, თუმცა, ვერც ამით მიიქცია მაქსის ყურადღება. ნუთუ ვერ დაინახა, როგორ მოხდენილად მოხვია თითები ფაიფურის სიფრიფანა ჩაიდანს და როგორ გამოიკვეთა მათი სითეთრე ჩაიდნის მუქლურჯად მოსარკული ზედაპირისგან?! არა, ამის დანახვის უნარი მას არ გააჩნდა. ამიტომ ქალი აღარც იმას გაუკვირვებია, რომ კაცი ყავას ხვრეპდა, ბუტერბროტებს კი ზედიზედ ყლაპავდა და თან მოწონების ნიშნად ტუჩებს აწკლაპუნებდა. ჭამის დროს თავი თეფშთან ისე ახლოს მიჰქონდა, რომ ქალს პირდაპირ თვალში სცემდა მისი თმის განაყოფი ზოლი. შეჭაღარავებული, ოდესღაც ქერა-მოწითალო ფერის თმის ძირებში თეთრად აქერცლილი კანიც უსიამოვნო შესახედი იყო. როზვიტას გული დაუმძიმდა. მოგვიანებით საუბარი სახარჯო ფულზე გადაიტანეს. ამ საკითხში ისე სწრაფად და უმტკივნეულოდ შეთანხმდნენ, რომ როზვიტას კვლავ რაღაცის იმედი გაუჩნდა. მაქსი საწოლ ოთახში გავიდა, საფულე გამოიტანა და მოურიდებლად გახსნა ქალის თვალწინ. როზვიტამ რამდენიმე მსხვილ კუპიურას მოჰკრა თვალი. კაცმა საფულე დახურა და ისევ საწოლ ოთახში გაიტანა.
ამასობაში მაქსის სამუშაოზე წასვლის დროც მოვიდა.
როზვიტა ფიქრმა გაიტაცა. ვიღაც გავიდა მისგან, სამსახურში წავიდა. იმ ვიღაცამ ფული დაუტოვა. და ის კვლავაც დაბრუნდება. სადილობისას ისევ ერთად იქნებიან. და დღეიდან სულ ასე გაგრძელდება. -ამიერიდან მისთვის სადილი უნდა ვამზადო, - თავის თავს უთხრა ქალმა, და, ცოტა არ იყოს, აღელდა: - მას ხომ ყუათიანი კვება დასჭირდება, ისეთი, ძალას და ენერგიას რომ მატებს ადამიანს, საჭმელი კარგად შეკაზმულიც უნდა იყოს. ამ ყველაფრისთვის როზვიტა ჯერ რომ არ იყო მზად! ფიქრი შეწყვიტა და სამზარეულოს რეცეპტების წიგნს დაუწყო ფურცვლა. ერთხანს სხვა ყველაფერი დაავიწყდა, ისიც კი, რომ დისთვის კარსმომდგარ ქორწინებაზე უნდა მოეთხრო.

საწოლ ოთახში ფანჯარა ჯერ კიდევ ღია იყო. -ნეტავ, როგორ ეძინა მაქსს, მდინარის ხმაურმა ხომ არ შეაწუხა, ეკლესიის საათის რეკვა თუ გაიგონა? საწოლი, ალბათ, მე უნდა გავუსწორო, კი, ასე აჯობებს. - გაიფიქრა ქალმა. თუმცა, მაქსს თავისი ლოგინი უკვე მიელაგებინა და გადასაფარებელიც მშვენივრად გაესწორებინა. ამან ახალი საფიქრალი გაუჩინა ქალს. - რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ მაქსმა თვითონ გაასწორა საწოლი? რატომ არ შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ გულისხმიერმა ადამიანმა მეორე ადამიანის შრომა დაზოგა, დამატებით ტვირთად არ დააწვა მას? თუ, პირიქით, მიანიშნა, რომ ქალს მის ლოგინთან არაფერი ესაქმება? იქნებ მინიშნება უნდა, ჩემგან შორს გეჭიროს თავიო?!
როზვიტას სასწრაფოდ რჩევა სჭირდებოდა. ლოტე, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობდა კაცებს, მისი აზრით, სწორი დასკვნის გაკეთებას შეძლებდა. ქალმა კარადა გამოაღო. მაქსს რამდენიმე საცვალი და ორი კუბოკრული პერანგი თაროზე დაედო. მწვანე, ფაცახი მაუდის პალტო და შემოძენძილი და ჯიბეებჩახეული ყავისფერი შარვალი კოხტად ჩამოეკიდა. ეს კი საჩემო საქმეაო, გაიფიქრა როზვიტამ. ახლავე სიამოვნებით აიღებდა ამ შარვალს და საკერავ მანქანას მიუჯდებოდა, მაგრამ დაუკითხავად ვერ გაებედა. ბოლოს და ბოლოს კაცმა საწოლი თვითონ გაისწორა! კარადის კარი მიხურა და ფანჯრიდან გადაიხედა. მდინარე, გორაკი და წყლისპირა მდელო საოცარ სურათს ქმნიდა. ზედ ფანჯრებქვეშ, სანაპიროს გასწვრივ, ვიწრო, ტირიფებით დაბურული ბილიკი მიიკლაკნებოდა. სულელურად მოიქცა, თავის დროზე ამ ოთახზე უარი რომ თქვა. ეს ოთახი როზვიტას სახელოსნოს ბევრად სჯობდა: ხედი უფრო ლამაზი იყო, სინათლეც მეტი შემოდიოდა. მზე შუადღემდე ადგა ფანჯრებს. ნეტავ, მღვდელი სამუშაო ოთახად თუ იყენებდა?! ფიქრობდა და ვერაფრით გაეგო, რა მიზეზით იწუნებდა ამ ოთახს ამდენი ხნის მანძილზე. ახლა კიდევ ადგა და სხვას დაუთმო...

როზვიტა დასთან შეხვედრაზე ფიქრობდა. ყველაფერს თავი მიანება და წავიდა. მარტასთვის გულის გადაშლა იყო ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანი. როზვიტას და სოფლის განაპირას, შემაღლებულ ადგილას ცხოვრობდა, საკუთარ სახლში, რომელიც მან და მისმა ქმარმა წლების მანძილზე ნაკოწიწები დანაზოგებით ააშენეს. სახლის წინ, პატარა ბაღში ათასნაირი ყვავილი ჰყვაოდა, ვიწრო ბილიკის ორივე მხარეს კი კოხტად გაკრეჭილი ბუჩქები ჩაემწკრივებინათ. მარტას ყველაფერი აქვს, - გაიფიქრა როზვიტამ, - ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ენატრა: საკუთარი სახლი ყვავილების ლამაზი ბაღით, ფოსტის მოხელე ქმარი, და ვაჟიშვილი, რომელიც დედაქალაქში გადაზიდვების რომელიღაც ფირმაში მუშაობს და, რაც მთავარია, ძალიან დიდი შანსი აქვს, ოდესმე რწმუნებულის ადგილსაც გამოჰკრას ხელი. ბედნიერებისთვის, ალბათ, მეტი არც არაფერია საჭირო! მარტამ კარი გაუღო და გაოცება ვერ დამალა: ამ დილაადრიან რამ მოგიყვანა,დაგერეკა მაინც, ახლა სტუმრის მისაღებად სად მცალიაო, უთხრა. ვითომ არ იცი, ტელეფონი რომ არ მაქვსო, თავი იმართლა როზვიტამ. - ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, საქმიანი ქალი - შენ ხომ საქმიანი ქალი ხარ - ამდენი ხანი ტელეფონის გარეშე არსებობდეს. - აქოთქოთდა მარტა.
- ტელეფონიც მექნება! - თავმომწონედ უპასუხა როზვიტამ და გაიღიმა.
- რა ხდება შენს თავს? - ჰკითხა დამ. - რა ხითხითი და ხელების სრესა აგიტყდა, რამეს ხომ არ აპირებ? მარტა ვიწრო დერეფანში იდგა და გამომცდელად ათვალიერებდა სტუმარს. როზვიტას ერჩივნა მყუდროდ მოკალათებულიყვნენ მისაღებ ოთახში. ფინჯან ყავასთან ერთად გაუიოლდებოდა სათქმელი. - ჰო, - უპასუხა როზვიტამ, - რაღაცას ვაპირებ. მარტამ ამოიოხრა და სამზარეულოსკენ გაუძღვა დას. - შევიდეთ და იქ მომიყევი, აქ ხომ არ ვიდგებით. სამზარეულო დაულაგებელი იყო, თაროზე ჭუჭყიანი ჭურჭელი ეყარა. ერთადერთ სკამზე სარეცხი დაეხვავებინათ. მარტამ სარეცხის გროვას ხელი დაავლო, ფანჯრის რაფაზე დაყარა და ადგილი გაუთავისუფლა სტუმარს. როზვიტას მაინცადამაინც არ უნდოდა დაჯდომა, მაგრამ ჩამოჯდა. თან იმაზე ფიქრობდა, ისე მოეყოლა თავისი ამბავი, რომ ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა. მარტა ფანჯრასთან იდგა და დას აკვირდებოდა. თორმეტი წლით უფროსი მარტა ყოველთვის მკაცრად ექცეოდა როზვიტას, ალბათ, ასაკის გამო. დღეს პირველად მოხვდა თვალში დის გაჭაღარავებული თმა. დაბერებულაო, გაიფიქრა როზვიტამ და შერცხვა, თითქოს სხვისთვის რაიმე ცუდი ეთქვა საკუთარ დაზე. უცებ ძალიან ახალგაზრდად იგრძნო თავი, პირდაპირ საცოლის ამპლუაში, და სათქმელმაც უცებ ამოხეთქა: - მე კაცი მყავს. ეტყობა, ვერ გაიგო თუ მსგავს რამეს როზვიტასგან უბრალოდ არ ელოდა, მარტას სიცილი აუტყდა. კარგა ხანს ვერ შეიკავა თავი. ეს ხმა ყურებში უწიოდა და გულს უსერავდა როზვიტას. მარტამ მოუბოდიშა და გამოუტყდა, სიცილისგან კინაღამ ჩავიფსიო. არ ვიცი, რა მომივიდა, რაა იმაში სასაცილო, თუ ჩემს დას კაცი ჰყავსო. როზვიტას არც ის გამოჰპარვია, რომ მარტას ისევ აუცახცახდა ტუჩის კუთხეები და აშკარად დაეტყო, რომ ამჯერადაც ვერ უმკლავდებოდა სიცილის ახალ შემოტევას. -მე ვფიქრობ, - შეეპასუხა როზვიტა, რომელიც თავის მხრივ ცრემლებს ვერ მორეოდა, - ცოლად გავყვები. როგორც იქნა, მარტამ თავი ხელში აიყვანა და სიცილისგან აჭარხალებულ სახეზე უეცრად დაღლილი და ნაღვლიანი იერი დაედო. როზვიტამ ბოლოს და ბოლოს მიაგნო წინადადებას, რომელსაც ადვილად მიაბამდა საგულდაგულოდ მოფიქრებულ და დალაგებულ ისტორიას: რომ ვითომ მათ კარგა ხანია ერთმანეთთან მიწერ-მოწერა ჰქონდათ, მაქსმა, როგორც იქნა, მოახერხა და როზვიტასთან ახლოს იშოვა სამუშაო, და გუშინ ეს საქმე იმით დაგვირგვინდა, რომ კაცი მასთან გადმობარგდა. აქ მარტას ენა დაება და ძლივს ამოღერღა:
- ასე ჩქარა? ასე უბრალოდ, ვითომც არაფერიაო? რაო, რა თქვი, ერთმანეთს წერილებს ვწერდითო?
- ჰო, წერილებს ვწერდით.
- უკვე შენთან გადმობარგდა?
- საწოლ ოთახში. თავისთვისაა, საწოლ ოთახში.
- საწოლ ოთახში?
- ჰო.
- ჩვენი მშობლების საწოლ ოთახში დააბინავე უცხო ადამიანი?
- იმ ადამიანს ცოლად მივყვები.
- ცოლად?
- ჰო.
- როდის?
- მალე.
- როდის მალე?
- ახლა, მალე.
მარტა მიჯაჭვულივით იდგა ფანჯარასთან. თავს აქნევდა. მერე მხრები აიჩეჩა და ამოიოხრა.
- არ მესმის შენი. - ხმადაბლა თქვა როზვიტამ და იგრძნო, რომ ცოტაც და ცრემლები წასკდებოდა.
- პატარა ნამდვილად აღარა ხარ. თვითონ უნდა იცოდე, რას აკეთებ. ვერავინ ვერაფერს გირჩევს და ვერც დაგეხმარება. - უთხრა მარტამ.
როზვიტა ფეხზე წამოდგა. მარტამ კარადიდან ბოთლი და ორი ჭიქა გამოიღო.
- ეს უნდა აღვნიშნოთ. - თქვა მან და ორივე ჭიქა ბოლომდე აავსო.
- კონიაკს არ ვსვამ, მით უფრო, დღისით. - იუარა როზვიტამ. თუმცა, მარტამ ყურადღება არ მიაქცია, ისე გამოცალა ერთი ჭიქა, მეორე კი როზვიტას გაუწოდა. როზვიტა უხმოდ მიბრუნდა და იქაურობა დატოვა, დერეფანი გაიარა და სახლიდან გავიდა. მასთან საქმე აღარა მაქვსო, გაიფიქრა, როცა ეზოს ჭიშკარს იხურავდა. მერე თავი აშკარად უკეთ იგრძნო. ასე ადრიანად სტუმრობა მართლა არ ყოფილა კარგი, ნაშუადღევს რომ მოვსულიყავი, ეგებ ყველაფერი სულ სხვაგვარად დამთავრებულიყოო, საკუთარ თავს ეუბნებოდა გზად მიმავალი.

სახლში მისვლამდე მაღაზიებში შეიარა. საყიდლების სია დღეს უჩვეულოდ გრძელი გამოსვლოდა. სურსათით მოვაჭრე ლეოკადია ბრამლმა გაოცება ვერ დამალა, როცა როზვიტამ ამდენი ძეხვი, პური და ყველი მოითხოვა. სტუმარი გყავთო, შეეკითხა.
როზვიტას სხეულზე სიმხურვალე მოედო. სახეზეც აილეწა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და - ჰო, სტუმარი მყავსო, - როგორღაც ამოილუღლუღა.
- დაუპატიჟებელი სტუმარია? შორიდან ჩამოვიდა? - კითხვას კითხვაზე აყრიდა ბრამლი. ახალ ჭორებს დახარბებული მისი თვალები გამომცდელად იმზირებოდა ყავისფერ წარბებსქვემოდან.
ახლა, ასე უბრალოდ, არაფერს ვიტყვიო, მტკიცედ გადაწყვიტა როზვიტამ და სახეზე ჩვეული იერი დაუბრუნდა. არა, თავის საიდუმლოს ჯერ ვერ გაამჟღავნებს! ხალხმა თავად უნდა შეიტყოს ახალი ამბავი. Gგარდა ამისა, ასე, კიტრებს, შებოლილ ხორცს, პურებსა და ყველის თავებს შორის როდი ჰყვებიან საქმროს შესახებ. გათამამებულმა, თითქოს ჯიბრზე, შემწვარი ხორციც ჩამოაჭრევინა და ცოტა ხაჭოც აიღო. თუმცა, ანგარიშის სიდიდემ ბოლოს მაინც შეაშინა.
ბრამლმა როზვიტას კარი გაუღო. ბევრი წასაღები დაგროვებოდა. გამყიდველმა შესთავაზა, დამხმარე გოგონას მოგაშველებო. როზვიტამ მადლობა გადაუხადა და დახმარებაზე უარი განუცხადა.
მიუხედავად მძიმე ტვირთისა, გრძელი გზა ირჩია და გუსტავ ვონდრაკის საპარიკმახეროსთან ჩაიარა. შუშის ვიტრინებში, მოდურვარცხნილობებიანი ლამაზმანების ფოტოები მოჩანდა. ვიტრინებს უკან ჩამოფარებული სქელი ფარდა კლიენტებს გამვლელთა ცნობისმოყვარე მზერისგან იცავდა. როზვიტამ შეჩერება ვერ გაბედა. შეეშინდა, არავინ დამინახოსო.
ისეთი სახე მიიღო, თითქოს შემთხვევით ჩაიარა, თუმცა მოახერხა და სწრაფად, მაგრამ გულდასმით დააკვირდა ფოტოებზე გამოსახულ ვარცხნილობებს. შავთმიან ქალს სულ ხუჭუჭა დალალები ეყარა. ჟღალთმიანს ისეთი ვარცხნილობა ჰქონდა, კაცს ეგონებოდა, სახაზავით გაუსწორებიათო. წინ ჩამოყრილი თმა თვალებამდე სწვდებოდა და გვერდზე ისე იყო გადავარცხნილი, რომ ყურის ბიბილოც მოუჩანდა. ამ ქერა ქალის ვარცხნილობაზე კი კაცი იტყოდა, ქარიშხალში მოყოლილაო. როზვიტამ ვერაფერი გადაწყვიტა. საკუთარ თავზე ვერცერთი ვერ წარმოიდგინა. სახლისკენ მიმავალმა თავი დაიმშვიდა, ასეთი ვარცხნილობიანი ქალები ჯერ არც შეხვედრიან, ეტყობა, მოდელები მხოლოდ ფოტოებისთვის იქმნება და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის განსაზღვრული არ არისო. ისე, კულულებიანი ვარცხნილობა ძალიან მოეწონა, ზომიერია, ალბათ მეც მომიხდებოდაო, გაიფიქრა.

სახლთან მისულ როზვიტას რატომღაც სიტყვა „განადგურება" აეკვიატა და გაუცნობიერებლად ჩურჩულით იმეორებდა და იმეორებდა.
ამასობაში სახლის წინა ფასადი მთლიანად ხარაჩოებში მოექციათ და კედლები ბათქაშისაგან სულ გაეთავისუფლებინათ. სახლის წინ გროვებად ეყარა ქვიშა, ცემენტი და ქვა-ღორღი; აქ იყო ბეტონის საზელი მანქანები, მავთულის ღობე, სამუშაო იარაღები; აი, ზრიალით დაიცალა ქვიშით სავსე კიდევ ერთი სატვირთო მანქანა. აქაურობა დღეს რაღაც თავის ნებაზე მიშვებულს ჰგავდა. თითქოს ყველაფერი საბოლოოდ განადგურებულიყო: მღვდლის ეზოს ორფრთიანი რკინის ჭიშკარი სულ მოეღიავებინათ, იქით ექსკავატორი მუშაობდა. კაკლის ხის ქვეშ სამუშაო ქურთუკები და ლუდის ცარიელი ბოთლები ეყარა. მუშები გაუთავებლად ფაციფუცობდნენ. ამ აურზაურში როზვიტამ თვალი ვეღარსად მოჰკრა მაქსს. თან სახლში შესვლასაც ჩქარობდა.

ხმაური ბინაშიც აღწევდა. ბეტონის საზელი მანქანების ბღუილი, სატვირთოების ხრიგინი და ქვა-ღორღის გრუხუნი ერთმანეთში ირეოდა. ხმაურით გაბეზრებული და მოყანყალე კედლებისა და იატაკის შემყურე როზვიტა საკუთარ ბინაში ადგილს ვეღარ პოულობდა, თან მაქსზე ფიქრობდა, რომელიც ასეთ ჯოჯოხეთში მუშაობდა და მისი სახლის გასალამაზებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა. - უთუოდ ნოყიერი, გემრიელი სადილი ეკუთვნის, რომელიც არა მარტო დაანაყრებს, არამედ პირსაც ჩაუგემრიელებს. - გადაწყვიტა როზვიტამ და შებოლილი ხორცი ქურაზე მოსახარშად დადგა. მერე გუფთისა და მჟავე კომბოსტოს მომზადებას შეუდგა. მრავალფეროვანმა მენიუმ სულ აუბნია თავგზა, დაღლილობისგან ოფლად დაიღვარა. გუფთის შეზავებისას ხშირად იხედებოდა რეცეპტების წიგნში, ეშინოდა, არაფერი გამომრჩესო. ასეთი სერიოზული სადილი, რა ხანია, არ მოემზადებინა. ისეთი ფუმფულა უნდა იყოს, ჩანგლით ადვილად იჭრებოდესო, - ფიქრობდა ქალი.
ზუსტად თორმეტ საათზე ხმაური ერთბაშად შეწყდა. ზარს მალე კარზე კაკუნიც მოჰყვა. გაახსენდა, რომ კარი ჩაკეტილი ჰქონდა. იქნებ საკუთრად მივცე მაქსს გასაღები და უფრო შინაურულად იგრძნობს თავსო, გაიფიქრა როზვიტამ.

წელზემოთ შიშველმა, გაოფლილმა და მტვერში ამოგანგლულმა მაქსმა დასაბანად ტაშტი მოითხოვა. - რა დროს ბანაობაა, ნუთუ ვერ ხედავს ოხშივარადენილ გუფთებს, წვნიანსა და მჟავეკომბოსტოიან შებოლილ ხორცს, თანაც სუფრა უკვე გაშლილია. ამ სივიწროვეში ტაბურეტისა და ტაშტის ადგილი სადღაა! - უკმაყოფილება გულში ჩაიკლა როზვიტამ. მეტი რა გზა ჰქონდა! წინა ოთახში გაიტანა ყველაფერი, რაც საბანაოდ იყო საჭირო. კაცმა ცივი წყლით დაბანა მოინდომა. ქალმა პირსახოცი და საპონი მიაწოდა და თვითონ შუშის კედლის მიღმა, სამზარეულოში გაუჩინარდა. მისი მზერა მაქსის მოხრილ ზურგზე დაფათურობდა. კაცი სახეზე და მკერდზე წყალს პეშვით ისხამდა. წვეთები აქეთ-იქით ეშხეფებოდა. ამის მომშრალებაც, ცხადია, მე მომიწევსო, ფიქრობდა ქალი.
ცოტა ხნის შემდეგ კედელს იქით გასძახა კაცს, ხელს ნურაფერს ახლებ, მაგას მერეც მივხედავთო. ისიც გაღიმებული შემოვიდა და თავი დაუკრა. საფეთქლებთან და კეფაზეც თმა სველი ჰქონდა. კაცის მკერდზე მატყლივით აბურდული ქერა ბალნის დანახვამ კვლავ მოსვენება დაუკარგა როზვიტას. მის ოჯახში მაგიდასთან ჩაუცმელი ჯდომა მიუღებელი იყო. მამამისი ასე არასოდეს იქცეოდა. სუფრასთან მისვლამდე მაისურს მაინც გადაიცვამდა ხოლმე. უნდოდა ჩასაცმელი მიეწოდებინა მაქსისთვის, მაგრამ ქვაბებს, მოხარშულ ხორცს, წვნიანსა და გუფთებს შორის გახიდულმა როზვიტამ ეს ვერაფრით მოახერხა. უცხო კაცი პირველსავე სადილზე ასე შიშველი, მკერდგაბანჯგვლული ცხვირწინ დაუჯდა! ლაიმერი, როგორც ჩანდა, თავს მშვენივრად გრძნობდა. ამ ბნელ თაღებქვეშ იგრილებს დასიცხულ სხეულსო, მაქსის საქციელის გამართლებას ცდილობდა როზვიტა.
სადილი მოეწონა კაცს. მადიანად ილუკმებოდა, თან თვალს არ წყვეტდა თავის თეფშს. როზვიტა კუთხეში მიკუჭნულიყო. როცა მაქსი ხორცს ჭრიდა, გუფთას ანაწილებდა თუ ლუკმა პირთან მიჰქონდა, ხელებს ისე ფართოდ შლიდა და ამოძრავებდა, რომ ქალისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩებოდა. როზვიტამ საუბრის გაბმა სცადა, იქნებ თავი ასწიოს და შემომხედოსო. დღეს ძალიან ხომ არ დაგცხაო, ჰკითხა. კაცმა პასუხი არ გასცა. ქალმა კითხვა გაუმეორა. მხოლოდ ამის შემდეგ ინება და ასწია თავი, ხელით გაურკვეველი მოძრაობა გააკეთა, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდა, უარესიც მინახავს, ან ასატანი იყოო, ან კიდევ, მეტი რა გზა მაქვს, უნდა გავუძლოო.
სადილობა დაასრულა თუ არა, დანა-ჩანგალი დააწყო, თეფში გვერდზე გასწია და სიგარეტს მოუკიდა. მანამდე კი, - წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ მოვწიოო, - უფრო სხვათა შორის იკითხა, ვიდრე ნებართვის მისაღებად. თან მაგიდის ქვეშ ფეხები გაშალა. რამდენჯერმე შეხედა როზვიტას, გაიღრიჭა და ცხვირიდან ბოლი გამოუშვა. როზვიტა გაუნძრევლად იჯდა. ახლა თუ ავდგები და სუფრის ალაგებას დავიწყებ, ქვაბებსა და თეფშებს ავახრიგინებ, როგორც ვიცი ხოლმე, მომენტს ხელიდან გავუშვებ და უარესად დავაფრთხობო, ფიქრობდა. როგორც იქნა, მაქსის ღიმილი დაიჭირა, რასაც ასე ჩასაფრებული ელოდა ქალი, უთვალთვალებდა, სახეზე აშტერდებოდა. როცა მაქსმა სიგარეტის მოსაკიდებლად ასანთი აანთო, ქალმა ქერა, გაფშეკილ წარბებს მიღმა თვალებში ჩახედა და ნაცრისფერ გუგებშიც შეიჭყიტა, ღობესავით რომ აფარებოდა მეჩხერი წამწამები. კიდევ ერთხელ ამოხედა კაცმა. ქალი გულისფანცქალით ელოდა, მეორედ როდის გაუღიმებდა. ერთი სიტყვა მაინც უნდა ეთქვა! სულერთი იყო, რა სიტყვა იქნებოდა. ქალი ერთ სიტყვას მეორეს მიამატებდა, საუბრის ძაფს გააბამდა. გადაწყვიტა, კაცისთვის საუბრიდან გაქცევის საშუალება აღარ მიეცა. ქალი ანგარიშმიუცემლად ისრესდა საფეთქლებს. მერე ხელისგული შუბლზე მიიჭირა და თითები მარაოსავით გაშალა. კაცი კი კარგა ხანია ჭერში, შეთეთრებული თაღისკენ იყურებოდა, თავი უკან გადაეგდო დაNნება-ნება უშვებდა პირიდან ბოლს. როზვიტამ ვეღარ მოითმინა და ის იყო, გადაწყვიტა, რაღაც ეთქვა, რომ კაცი ადგა, გამომშვიდობების ნიშნად ხელი ნაჩქარევად დაიქნია და ისევ სამუშაოზე წავიდა. ნაბანი წყალი, მოწუწული იატაკი და დასარეცხი ჭურჭელი როზვიტას მიუტოვა. როცა როზვიტამ საბანაო ტაშტი სამზარეულოში შემოიტანა, ისევ თავისი და გაახსენდა, ბრაზმორეულმა ტაშტი ნიჟარაში ერთბაშად გადააპირქვავა და თითქმის მთელი წყალი ფეხებზე გადმოისხა.

როზვიტა ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ მაინც ვერაფრით ჩაიძინა. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ინატრა თავისი საწოლი, ერთი სული ჰქონდა, როდის დაღამდებოდა. ეს დღე ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. საკერავის გადამკიდემ ვერც ნასადილევს დაისვენა, ვახშამზეც ხომ უნდა ეზრუნა! გარდა ამისა, გამუდმებით ელოდა მაქსს. ამ ლოდინმა საერთოდ ძალა გამოაცალა. სამშენებლო მოედანი კარგა ხნის წინ დაცარიელდა, მაქსი კი არსად ჩანდა. - აგერ, გუშინ თუ გუშინწინ არ იყო, ჭუჭყიან, გახევებულ ტანსაცმელში გამოწყობილმა რომ ამოიარა კიბე და მოვიდა?!დღესაც იმავეს ელოდა ქალი და საერთოდაც, რატომ არ შეიძლებოდა, სულ იგივეს მოლოდინი ჰქონოდა?! თუმცა, მაქსი ჯერ ისევ არ ჩანდა. ცემენტისა და ქვა-ღორღის გორაკები მიტოვებულს ჰგავდა, ექსკავატორი ფრთამოტეხილივით იდგა. როზვიტამ ფიქრით კიდევ ერთხელ წარმოიდგინა, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო. მაქსი და სხვებიც, ალბათ, ისე გაეცალნენ აქაურობას, რომ როზვიტამ ვერაფერი შენიშნა. ბეტონის საზელი მანქანების, ძრავების, ნიჩბებისა და ჩაქუჩების ხმა როცა მიწყდა, ფანჯრიდან მაშინვე უნდა გადაეხედა! ხომ დაინახავდა, როგორ ტოვებდნენ მუშები სამუშაო ადგილს, სხვა მიმართულებით მიმავალ ლაიმერსაც ხომ დაინახავდა! დაუძახებდა, ჰკითხავდა, სად მიდიხარო. ეგებ, კიბე ჩაერბინა, უკან გადევნებოდა და სუნთქვაშეკრულს თავისი შიში გაენდო. ან პირიქით, თავი შეეკავებინა და ფარდას ამოფარებულს კაცის ნაბიჯებისთვის მშვიდად მიედევნებინა თვალი. იქნებ, თვითონ მაქსს ამოეხედა და, ვინ იცის, ვითომ შემთხვევით, ფანჯარასთან მყოფი ქალის მზერას წაწყდომოდა და დაეძახა: „დამელოდე, ახლავე ამოვალო!" ის კი, სუფრის გაშლას გადაჰყვა და მხოლოდ მაშინ ინება ფანჯარასთან მისვლა, როცა ქვემოთ უკვე კაცის ჭაჭანებაც კი აღარ იყო. იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, ვაითუ, მაქსი აღარასოდეს დაბრუნდესო. მტვერს მოჰყვა და, ვინ იცის, თვითონაც მტვრისგან შექმნილი, მტვერივით გაიფანტაო, გაიფიქრა და სხვა დროს, ალბათ, გაეცინებოდა სიტყვების ამგვარ თამაშზე, ამჯერად კი არც გაღიმებია. პირიქით, გაახსენდა, რომ არც სააბაზანო ოთახი ჰქონდა და ტუალეტიც ფიცრული იყო. ეს ყველაფერი განა საკმარისი მიზეზი არ იყო აქაურობის მისატოვებლად? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად რას ჰგავდა, კოჭლი და მახინჯი, რატომ უნდა დარჩენილიყო კაცი მასთან? არა, უთუოდ სხვა ბინა იპოვა! საკუთარ ნაჭუჭში გამომწყვდეული ქალი პირთამდე აევსო მარტოობისა და უსუსურობის დამთრგუნველ განცდას.
როგორც იქნა გამოჩნდა მაქსი. ანწლის ბუჩქთან შემოუხვია და სახლისკენ აიღო გეზი. დუქანში ვიყავი, ადრე, სამუშაოს დამთავრებისთანავე პირდაპირ იქ მივდიოდი, ჩემთვის საღამო სწორედ დუქნით იწყებოდა, არა, თავს როდი ვიმართლებ, უბრალოდ ამბავს გიყვებიო, უთხრა ყოველგვარი ცერემონიების გარეშე მაქსმა. როზვიტას ერჩივნა, მიწა გასკდომოდა: როგორ გაიმასხარავა თავი საკუთარი თავის წინაშე?! მადლობა ღმერთს, მოწმე არავინ იყო. იმ ორი საათის განმავლობაში, კაცის მოლოდინში შიშით შეპყრობილმა რომ გაატარა, განა მზად არ იყო, ყველაფერი გაეღო, ოღონდ კი მაქსი დაბრუნებულიყო! ახლა კი, როცა კაცი უკვე შინ იყო, მტვერში ამოგანგლული და სიგარეტის სუნით აქოთებული, ქალს იმ განცდების გახსენება აღარ უნდოდა, სამყაროს აღსასრულისას რომ შეიძლება დაეუფლოს ადამიანს მხოლოდ.
დაუყოვნებლივ გაუმზადა საბანაო მოწყობილობა. ხვალ ყველაფერი უკეთ მეცოდინება. ხვალ მხოლოდ მას შემდეგ გავშლი სუფრას, როცა მაქსი დაბანას მორჩება. თანდათანობით საჯახიროც ნაკლები მექნება. -იწვა სიბნელეს თვალმიშტერებული როზვიტა და დღევანდელ საღამოს იხსენებდა. ერთად ივახშმეს. ვახშამი მოეწონა მაქსს. თითქმის არ უსაუბრიათ. არც არაფერი უკითხავს ქალისთვის და არც მისი ხელების სილამაზე შეუმჩნევია.
როზვიტამ ხელებს მთვარის შუქზე გახედა და გამომცდელად დააკვირდა. მათ მშვენიერებაში არაკეთილმოსურნეებიც კი ვერ შეიტანდნენ ეჭვს. თვითონ როზვიტას არც ენახა ასეთი სრულქმნილი თითები. მხოლოდ წმინდანთა ხატებზე თუ უნახავს მსგავსი მოყვანილობის ხელები. ნამდვილად არ უნდა ეშინოდეს ამ შედარების, მსგავსება მართლაც საოცრად დიდია! თვით ლაიმერიც კი შენიშნავს მათ ერთ მშვენიერ დღეს და უსიტყვოდ მოიქცევს საკუთარ ხელებში. მაქსისგან უხვსიტყვაობას არც უნდა ელოდოს, საკმარისია, მიეფეროს, ხელზე ხელი მოუჭიროს ან სულაც აკოცოს! კაცს, რა თქმა უნდა, ისევ ეძინა თავისი უშფოთველი ძილით, როზვიტა კი, მიუხედავად დაქანცულობისა, ჩაძინებას ვერაფრით ახერხებდა.
ლოგინიდან გადმოძვრა და ფანჯარასთან მივიდა. - რა საოცარი სიჩუმეა! - გაიფიქრა ქალმა და ეკლესიას დააკვირდა. მერე გუმბათებს გახედა; არც ერთი სახლი არ იდგა ასე ახლოს ეკლესიასთან - ბაროკოს ამ მშვენიერ ქმნილებასთან, როგორც სასკოლო სახელმძღვანელოებში ეწერა - და არც საპატიმროსთან არ იყო ასე ახლოს სხვა რომელიმე სახლი. ციხის ფლიგელი, ბენედიქტელთა ყოფილი მონასტერი, ეკლესიის ნეფს უერთდებოდა. როზვიტა ელოდა, როდის დარეკავდა კოშკის საათი თორმეტს. სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა იმის წარმოდგენაზე, რომ საათის რეკვას საცოდავი პატიმრებიც გაიგონებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ისინი მაინც, ვისაც როზვიტასავით არ ეძინა და თავისი საკნის მუქყვითლად განათებული სარკმლის მიღმა ფხიზლობდა. ღამ-ღამობით ორი ზედამხედველი მორიგეობდა. ამ დროს ისინი, ჩვეულებრივი ადამიანებივით, ოდნავ მოშვებული ნაბიჯებით მიმოდიოდნენ მავთულხლართიანი ღობის გასწვრივ. ეკლესიის ორგუმბათიანი ფასადიც განათებული იყო. სპილენძის ჟანგმოდებული სახურავი მწვანედ ამოზიდულიყო ღამეულ ცაში. შუაღამის რეკვა მიწყდა თუ არა, ეკლესიის განათებაც ჩაქრა. საპატიმრო კომპლექსს კი მთელი ღამე გაჩახჩახებულს ტოვებდნენ. ფანჯრიდან გადახრილი როზვიტა მდინარის ჩხრიალს უგდებდა ყურს. მაქსს, როგორც ჩანდა, ძილში ეს ხელს სულაც არ უშლიდა. ისმოდა კი მის ოთახში მდინარის ტალღების ხმაური?! უცებ, საოცრად მოუნდა ქალს ამის გაგება! - ნეტა რა მიშლის ხელს, ფეხაკრეფით შევალ და მივაყურადებ. ბოლოს და ბოლოს, განა ეს ბინა ჩემი არ არის? რომ გაეღვიძოს? რაღაცას მივიმიზეზებ. არა, არ გაეღვიძება! მკვდარივით მეძინაო, თვითონ არ თქვა გუშინ?! ამაღამ რაღა შეუშლის ხელს?! ქალს ერთი სული ჰქონდა ენახა, როგორ გამოიყურებოდა მშობლებისეულ საწოლში მძინარე მაქსი; როგორ სუნთქავდა, გვერდს როგორ იცვლიდა. ჰო, ჰო, ყველა წვრილმანი აინტერესებდა.
დერეფნის გავლით შეიპარა საძინებელში. სამზარეულოდან რომ შესულიყო, პირდაპირ საწოლის თავს მიადგებოდა. მას კი უნდოდა, ფეხებიდან მიახლოვებოდა კაცს. ძლივს გაიარა ჩაბნელებული დერეფანი, ქვის მტვრიან, ხორკლიან კედელს, უსასრულოდ გრძელი რომ ეჩვენებოდა როზვიტას, ხელისცეცებით მიუყვებოდა, კარს ეძებდა. როგორც იქნა, შეიგრძნო თითებმა ხის პრიალა ზედაპირი. ახლა სახელური უნდა მოეძებნა. რაღაც გაჩხაკუნდა. უმჯობესია, აქედან გავიპაროო, გაიფიქრა შეშინებულმა ქალმა,მაგრამ ფეხი ვერ მოიცვალა, გულაფანცქალებულმა მიაყურადა. ჩქამიც არ ისმოდა. კარი უხმაუროდ გააღო. მთვარის შუქით განათებულ ოთახში ყველაფერი ადვილად გაარჩია: ტანსაცმლის კარადა, სამფრთიანი სარკე, გრძელი, შავმილიანი კუთხის ღუმელი, ტუმბოები და განიერი საწოლი, რომელზეც კაცს ეძინა. აი, მისი დანებით სავსე ყუთიც. როზვიტამ კარი ღიად დატოვა და, როგორც იქნა, გაბედა ოთახში ფეხის შედგმა. ფიცრის იატაკი თითქოს აკვნესდა. ქალს არ ახსოვდა, როდესმე ასე ხმამაღლა ეჩხრიალა მდინარეს, ისეთი ხმაურით მოაგორებდა ტალღებს, თითქოს ადიდებას იწყებსო. თუ ყურები უშხუოდა როზვიტას?! ბუმბულის საბანში გახვეული მაქს ლაიმერი მსუქანი მატლივით იდო საწოლზე. წყლის ხმას უცხო ხმაურიც შერეოდა, ეს კაცის ფშვინვა იყო, დროდადრო რომ წყდებოდა, ხან სულ მიჩუმდებოდა, მერე კი ისევ ათუხთუხდებოდა ხოლმე. ქალმა გამბედაობა მოიკრიბა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს. მოკეცილ ბალიშზე ედო გაბურძგნული თავი მაქსს. სახეზე უნდოდა შეევლო თვალი. მძინარე არ იძროდა. საბნის კუთხე სახეს უჩრდილავდა და ამიტომ კარგად ვერ შეათვალიერა. ბოლოს გაბედა და მისკენ დაიხარა, ისე ახლოს მივიდა, რომ კაცის სუნთქვა უკვე სახეში ეცა და ლოყებზეც მიელამუნა. თვალის ღრმულები ჩამუქებოდა მაქსს. ნახევრად გახსნილ ტუჩებზე, უფრო სწორად, ქვედა ტუჩზე, ნერწყვი გადმოსვლოდა. უფრო მიუახლოვა სახე. მაქსი ფრუტუნებდა. მისი სუნთქვა ქალს ერთბაშად მიეხალა. გველნაკბენივით უკან დაიხია. კაცი შეირხა და მძლავრად გაიქნია მკლავები, საბანქვეშ ამოძრავდა და გვერდი იცვალა. ფეხები თითბრის რიკულებში გაეხლართა. თავი ბალიშის ქვეშ დამალა, თითქოს გრძნობდა, რომ ვიღაც აკვირდებოდა. როზვიტა, რომელიც ჯერ კიდევ გრძნობდა ტუჩებზე კაცის სუნთქვას ამოყოლილ სისველეს, ბორძიკით მოშორდა საწოლს. სარკეში საკუთარი ჩრდილი დაინახა და კიდევ უფრო შეშინებულმა გარეთ გასვლით უშველა თავს. აცახცახებული საწოლში შეძვრა, მაგრამ დაძინება ვერაფრით მოახერხა. - იქნებ, ხვალაც ვესტუმრო, იქნებ, გავბედო და თითებით შევეხო ლოყებზე, ან ქუთუთოებზე მივუალერსო, ხელისგულები მის სუნთქვას შევუშვირო. შეიძლება ლამაზი სიზმარი ნახოს მაქსმა, როცა შუბლზე ხელს გადავუსვამ, და მერე, ლამაზი სიზმრიდან გამორკვეულმა იქნებ მკლავები შემომხვიოს... მგონი, გავგიჟდი, ღმერთო, რა სულელი ვარ! - გაიფიქრა ქალმა, მაგრამ მაინც მტკიცედ გადაწყვიტა, ხვალვე სალონში წავალ და ლამაზ ვარცხნილობასაც გავიკეთებო.

ჯერ მხოლოდ მესამე დილა იყო, რაც ერთად საუზმობდნენ, სხვადასხვა კარიდან შემოდიოდნენ, ერთმანეთს ესალმებოდნენ და მაგიდასთან პირისპირ სხდებოდნენ. თითქოს ერთმანეთს შეეჩვივნენ კიდეც. ეს, ცოტა არ იყოს, აშინებდა როზვიტას. ასე მათ ჯერ არშემდგარ, ჯერ კიდევ სიცოცხლისუუნარო ურთიერთობას კვლავაც გაციება ემუქრებოდა. კაცი ისე იქცეოდა, თითქოს მიზნისთვის უკვე მიეღწია. ვითომ „თავის" ბინაში შესახლებულიყო; ნამდვილ ბინის პატრონს კი თითქმის ვეღარც ამჩნევდა. მას არაფერი აკლდა. Gგამოდის, რომ ქალს თვითონ უნდა ემოქმედა: საკუთარი თავისთვის მოდუნების უფლება არ უნდა მიეცა, შემოეძახა, გამოეფხიზლებინა. დღესაც შეეცადა საუბარი გაება, მაგრამ კაცმა მანამ არ მოაცილა პირი ყავის ფინჯანს, ვიდრე ქალმა შეკითხვა არ გაუმეორა:
- მაქს, კარგად გეძინა? - პირველად მიმართა სახელით კაცს.
- მე ყოველთვის კარგად მძინავს.
- მთვარე არ გიშლის? მთვარის შუქი, თხელი ფარდებიდან რომ აღწევს? -როზვიტამ ხუმრობაც გაბედა, - იმედია, მთვარეულად არ იქცევი, თორემ ერთხელაც ფანჯრის რაფაზე შედგები და კარნიზზეც გაისეირნებ.
- სისულელეა, - უპასუხა მაქსმა, - როგორც კი ბალიშზე თავს მივდებ, მაშინვე მეძინება, სულერთია, მთვარიანი ღამე იქნება თუ უმთვარო. ავად უნდა ვიყო, რომ არ დამეძინოს.
კაცი აშკარად ამაყობდა თავისი ჯანმრთელი ძილით. როზვიტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და გაჩუმდა. ყოველ შემთხვევაში, ლაიმერმა რაღაც თქვა, რაღაც მოუყვა საკუთარ თავზე, თავის განსაკუთრებულ თვისებაზე, თავიც კი მოიწონა.
- კაცს მკვდარივით ძილი რომ შეუძლია, ყველაფერი თუ ეს არის, კი, ბატონო! -Gგაიფიქრა ქალმა, ხმამაღლა კი თქვა:
- მართალია, მართალი, როცა ადამიანს სინდისი სუფთა აქვს, უძილობაც არ აწუხებს.
- რა თქმა უნდა. - დაუმოწმა მაქსმა.


როცა პარიკმახერმა თავი ნაზად გადაახრევინა უკან, როზვიტამ კმაყოფილებით გაიფიქრა, რა კარგია, რომ არ გადავიფიქრე და აქ მოვედიო.
- კარგია ასე? - ეკითხებოდა დროდადრო გოგონა, როცა როზვიტას თმაზე ქაფს უსვამდა და კანს ფრთხილად უზელდა.
- კი, კი, ძალიან. - არწმუნებდა როზვიტა.
- დახვევა მოგიწევთ. ძალიან ფაფუკი თმა გაქვთ. - ამტკიცებდა პარიკმახერი.
- ვიცი. - თავი დაუქნია როზვიტამ.
- მალე გიცხიმიანდებათ, არა? - განაგრძო გოგონამ და როზვიტას თმა თითებით მოსრისა.
- სამწუხაროდ, ასეა. - ამოიოხრა როზვიტამ.
- ესე იგი, უნდა დავამოკლო და ავჭრა. კეფაზე სულ ცოტას მოვაკლებ. ნუ გეშინიათ, ძალიან არ დაგიმოკლებთ. - განმარტა სპეციალისტმა.
- თქვენ უკეთ იცით. - სრული ნდობა გამოუცხადა როზვიტამ.
- იქნებ შუბლზე გადაგვევარცხნა თმა, ასე დახრილად, მარცხნიდან მარჯვნივ. ახალი მოდაა, რას იტყვით?
- როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ.
- მაშ, კარგი, ვცადოთ. - გაიღიმა გოგონამ, რომელსაც, როგორც ყვითელ სამუშაო ხალათზე მიმაგრებული წარწერა იუწყებოდა, პეტრა ერქვა.
პეტრა თავის კანს უზელდა როზვიტას, თითები წრიულად მოძრაობდა, საფეთქლებისკენ მიიწევდა და კეფაზე ინაცვლებდა. რა კარგია! - გაიფიქრა ქალმა და თვალები მილულა. ასეთ სიამოვნებაზე სხვა დროსაც არ იტყოდა უარს! პარიკმახერმა შუბლიდან და საფეთქლებიდან ქაფი მოაშორა. დღეს დილით მოულოდნელად ლოტე გამოეცხადა. როზვიტას მისი სტუმრობის არც ხალისი ჰქონდა და არც სურვილი. გაახსენდა, როგორ გაწითლდა მეგობრის დანახვაზე, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო. - კიდევ კარგი, ვერ მიხვდა, რომ კაცი მყავდა სახლში, რა უხერხული იქნებოდა! - ფიქრობდა პარიკმახერის მოქნილ ხელებს მინებებული როზვიტა. საბედნიეროდ ლოტე ვერაფერს მიხვდა, თუმცა ახლა მას სპექტაკლის გარდა მაინც არაფერი ახსოვდა. როზვიტას მოეხვია, გულზე მიიკრა და უთავბოლო ლაპარაკს მოჰყვა, ხან რაღაც საბედისწერო შემოთავაზებაზე ყვებოდა, ხანაც განათლების განყოფილების უფროსს ახსენებდა. დახვეწილი და განათლებული კაცი არის, ნამდვილი ხელოვანიაო, ამბობდა. როზვიტა თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა, თან გულში ფიქრობდა, როგორც ჩანს, ესეც ჩემს დღეშია, ეტყობა, ამ დღეებში მხოლოდ ჩემი ბედი არ წყდებაო. - პიესა დაწერა, რაღაც დრამატული, გესმის? - როზვიტა ისევ თავს უქნევდა. - მე შემომთავაზა თავის პიესაში მთავარი როლი, მე! - აღტაცებით იმეორებდა ლოტემ. როზვიტამ ჰკითხა, შენ ვინ უნდა განასახიერო, პიესა რაზეა, სასაცილოა თუ არაო. - ეგ ზუსტად ჯერ არც მე ვიცი, - მხრები აიჩეჩა ლოტემ, - ყოველ შემთხვევაში, ისტორიულ თემას ეხება. ჩემთვის მხოლოდ ერთი რამაა მნიშვნელოვანი: მთავარი როლი. ხომ გახსოვს, ბავშვობაში როგორ მიყვარდა მსახიობობა, სხვათა შორის, განათლების განყოფილების უფროსმაც გაიხსენა სკოლაში ჩემს მიერ ნათამაშები როლები, მაშინ ხომ სკოლის უფროს მასწავლებლად მუშაობდა. ილაპარაკა კიდეც ჩემს სამსახიობო ტალანტზე, რომელიც მას ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში შეუნიშნავს. შენ ჩემი გმირი უნდა იყოო, მითხრა. Gგმირი მის პიესაში, ცხადია, ეს იგულისხმა. მერე ლოტემ ხელმოწერების სია აჩვენა როზვიტას, უფრო ზუსტად, შემოწირულობათა ნუსხა, ფინანსური დახმარება თეატრალური პროექტისათვის „გ. 1000 წლისაა".

პარიკმახერის ხელები ნაზად დასრიალებდა როზვიტას თმებში. სიამოვნებისაგან განაბული ქალი ფიქრებს მიეცა, მოაგონდა, თავისი სახელი და გვარი რომ შეიტანა სიაში, ხელი მოაწერა და შესაწირიც გაიღო. თავისი გვარითა და თანხით მიემატა ჩამონათვალს. ამის შემდეგ ლოტე მალე გამოემშვიდობა. როცა ყელზე წითელი აბრეშუმის შარფს იხვევდა, თქვა, მადლობელი ვარ ხელმოწერისა და ფულისათვისო, თუმცა მალე, - ეჭვიც არ მეპარება, - ამაში დარწმუნებული ვარ, შენ თვითონ იქნები ჩემი მადლობელი, რადგან კულტურა შენს ცხოვრებას გაააკეთილშობილებს და ნახე, რა ბედნიერი იქნებიო. სხაპასხუპით მიაყარა მაღალფარდოვანი, წინასწარმეტყველური სიტყვები და კისრისტეხით დაეშვა კიბეზე. შარფი ზურგზე უფარფატებდა. როზვიტას ხმამაღლა გაეცინა. რა სასაცილო იყო ლოტე! Uუცებ როგორი სიტყვებით ალაპარაკდა! Eეტყობა, განათლების განყოფილების უფროსთან ურთიერთობამ იქონია ზეგავლენა. დასაწყისი მშვენიერიაო, გაიფიქრა.
თავის მოგონებას უღიმოდა როზვიტა, როცა პეტრამ მძაფრსუნიანი სითხე აიღო და პროცედურას შეუდგა. რამდენიმე წუთში კი თმის დახვევა დაიწყო. მერე შეისვენეს. წყალი გადაავლო, თმა დაუხვია, ისევ შეასვენა, თმა ჩამობანა, დაუხვია, ისევ შეასვენა, გაუშრო, კიდევ შეასვენა.
გოგონამ ილუსტრირებული ჟურნალი შესთავაზა კლიენტს. დაბნეულმა როზვიტამ უაზროდ დაუწყო ფურცვლა. გარშემო სულ სარკეები იყო: უკან, წინ, გვერდით. ყოველი მხრიდან. მას შემდეგ, რაც პეტრამ თმიდან სახვევები მოხსნა, როზვიტა ერთი წამითაც ვეღარ წყვეტდა თვალს სარკეს. აკვირდებოდა პეტრას, რომელიც მთელი სერიოზულობითა და გულმოდგინებით მუშაობდა მის ვარცხნილობაზე. როზვიტას სიამოვნებდა ასეთი ყურადღება. პეტრა თმას უჩეჩდა, ჩამოვარცხნიდა, ჯაგრისს გადაუსვამდა, ნაწილ-ნაწილ უსწორებდა შუბლზე, ყურებს უკან და კეფაზე, თან ისე ფაქიზად და ნაზად ამოძრავებდა ხელებს, რომ როზვიტა ნატრობდა, ნეტავ, ჯერ არ დაასრულოსო. თუმცა, ამის შემდეგ უეცრად მოწყდა გოგონას ხელები როზვიტას თმას. პეტრამ საიდანღაც ნამდვილი ჯადოქარივით გააჩინა პატარა სარკე და როზვიტას ზურგს უკან იმგვარად დაიჭირა, რომ ქალმა დიდ სარკეში საკუთარი ვარცხნილობის უკანა მხარე დაინახა. - მოგწონთ? - ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ. როზვიტამ საჩქაროდ დაუქნია თავი. მერე მომსახურების საფასური გადაიხადა. ცოტა არ იყოს, ებევრა. ხარჯი ხარჯს ემატება. - გაიფიქრა მან და გარეთ გავიდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ შეიძლებოდა ნიავის პატარა წამობერვაზეც კი გაზის ბუშტივით ცაში აფრენილიყო. სახლისკენ მიმავალი ცდუნებას ვერ უძლებდა და მაღაზიის ვიტრინებში საკუთარი გამოსახულებისკენ აპარებდა თვალს. მოსწონდა თავისი ვარცხნილობა, თუმცა, ცოტა არ იყოს, ეშინოდა, პარიკი არ ჰგონებოდა ვინმეს. ჯერ კიდევ ეუცხოვებოდა უჩვეულოდ დავარცხნილი თმა, მიუხედავად იმისა, რომ ახალ ვარცხნილობაშიAცხვირი აშკარად უფრო პატარა უჩანდა, ტუჩებიც უფრო ნაზი და სავსე. ამ აღმოჩენამ კმაყოფილება მოგვარა როზვიტას.
ამჯერად მოახერხა და კაცის ყურადღება მიიქცია. მაქსი გუშინდელივით გვიან მოვიდა შინ. ქალს ყველაფერი მომზადებული ჰქონდა. კაცი კართან გაშეშდა. რაღაცნაირი დაეჭვებით შეათვალიერა ქალი. თქმით არაფერი უთქვამს, მიბრუნდა, ისევ შეხედა. კინაღამ ვერ გიცანიო, თქვა ბოლოს. როზვიტამ ნაზად გადაისვა ხელი აფუებულ თავზე და - საპარიკმახეროში ვიყავიო - გაიპრანჭა.
-აა, - მრავალმნიშვნელოვნად თქვა კაცმა, - ახალი ვარცხნილობა! მერეGხმამაღლა გაიცინა, ეტყობა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა.
შემდეგ მოვლენები ჩვეულებრივ განვითარდა:
ერთად ივახშმეს. კაცი ერთხანს კიდევ იჯდა მაგიდასთან და ეწეოდა. მერე ლაპარაკი წამოიწყო: - მძიმე სამუშოა. ადრე კარგი პროფესია მქონდა. შენ წარმოიდგინე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანიც. ლიანდაგების დამთვალიერებლად ვმუშაობდი. სუფთა ჰაერზე დავდიოდი და თავისუფალი ვიყავი, ეს შეგრძნება ახლა აღარა აქვს. მიუყვები ლიანდაგს და წინსვლის სიამოვნებას განიცდი. ეს განცდა მაკლია და ძალიან მენატრება. - რაღაცნაირი სინანულით თქვა ბოლოს.
როზვიტამ შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა: - როგორ ფიქრობ, შაბათ-კვირას სასეირნოდ ხომ არ წავსულიყავით?! მით უმეტეს, თუ ასე გიყვარს ფეხით სიარული. თავიდან კაცმა პასუხი დააყოვნა. როზვიტას შეეშინდა, ვაითუ ისევ დამუნჯდეს და ხმა ვეღარ ამოვაღებინოო. მერე კი თავი მაღლა ასწია და დაკვირვებით შეათვალიერა ქალი:
- შენ, რა, მართლა გინდა წამოსვლა?
- ჰო, რატომაც არა?
კაცმა საქმიანი გამომეტყველება მიიღო:
- როგორ გგონია, რამდენ ხანს შეძლებ ჩემს გვერდით სიარულს? რამდენ კილომეტრს გაივლი?
- ღმერთო ჩემო, - გაუკვირდა როზვიტას, - აბა, რა ვიცი. სოფლის განაპირას მაღლობზე ისეთი სილამაზეა! ვაშლის ხეებს შორის სკამებია ჩადგმული, იქ შეიძლება დაისვენოს კაცმა, ანდა ჭიქა სიდრი დალიოს გლეხებთან.
ასეთ გასეირნებას არ გულისხმობდა მაქსი. მაშინვე აუხსნა ქალს, რკინიგზის ვიწროლიანდაგიან გზაზე, შპალებზე სიარული მენატრება. შემიძლია გიჩვენო, როგორ უნდა იქ სიარული. ვერც კი წარმოიდგენ, მათზე ასე სწრაფად გადაადგილება თუ შეიძლებაო. მატარებლის მოახლოებას წინასწარ ვგრძნობ, თუმცა, ამ მონაკვეთზე ბევრი მატარებელი უკვე აღარც დადისო. მატარებლის მოახლოებისას ჩემში თითქოს მეექვსე გრძნობა იღვიძებსო. როზვიტა თავის ხეიბარ ფეხს დააცქერდა. ნუთუ ეს ნაკლი დღემდე არ შეუნიშნავს კაცს? რა ქნას, გარისკოს და დათანხმდეს, თუ არ ღირს? ალბათ, ჭკვიანური იქნებოდა, გასეირნებაზე ახლავე უარი ეთქვა. თუმცა, არა, კაცის მკლავზე დაყრდნობილს მასთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა ხომ მაინც მიეცემა. თუ ნაბიჯს ვერ აუწყობს, მაშინ უკანვე მობრუნდება და ეგ იქნება. გარდა ამისა, ვერც ვერავინ დაინახავს, უფრო სწორად, თითქმის ვერავინ. სხვათა შორის, გზის მარჯვენა მხარეს, რკინიგზასთან ახლოს რამდენიმე კერძო სახლი დგას. რელსებზე თუ რელსებს შორის მოსეირნე, ხელიხელგაყრილი როზვიტასა და ლაიმერის დანახვაზე ხალხი რას იფიქრებს?! რომ იფიქრონ, გაგიჟდა ან სიცოცხლე მობეზრებიაო, და მისი ლიანდაგიდან ძალით გადაყვანა სცადონ? თავისი შიში მაქსს გაუზიარა. კაცს ისე უნდოდა, სულ ცოტა ხნით მაინც დაბრუნებოდა თავის ძველ პროფესიას, რომ უკან აღარ დაიხია: წყნარი ადგილი ამოვირჩიოთ და წინ და უკან ვიაროთ, იქაურობას კარგად ვიცნობ, ირგვლივ მეტწილად ტყიანი ადგილებია, შეგვიძლია ხეებს შევაფაროთ თავიო. ამდენი ხნის შემდეგ, აბა, თუ მოვახერხებ, ძველებური მოქნილობა და ტექნიკა აღვიდგინოო. როზვიტამ საწინააღმდეგო ვეღარაფერი მოიფიქრა. ის კი არა, თანდათანობით უფრო დააინტერესა მისმა წინადადებამ. ტყეში ერთად ვივლით! ხელიხელგაყრილი! მოსალოდნელი გასეირნება უკვე ახარებდა. ასეა თუ ისე, რაღაც მარცვალი უკვე ჩაიდო მათი ახლო ურთიერთობისთვის. როზვიტა უდავოდ კმაყოფილი უნდა ყოფილიყო დღევანდელი დღით.
მერე ერთმანეთს ღამე მშვიდობისა უსურვეს და დასაძინებლად წავიდნენ. როზვიტამ ამჯერადაც ვერ მოახერხა ჩაძინება. მას შემდეგ, რაც მაქსი მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ყოველ საღამოს ერთი და იგივე ემართებოდა, ვერ იძინებდა. კოშკის საათის რეკვა ჩაესმა. უკვე ერთი საათი იყო, ლოგინში იწვა და თვალი ვერ მოეხუჭა. მაქსს, ცხადია, უკვე ღრმად ეძინა.
საწოლიდან ჩამოცოცდა. რა მოხდება, თუ ისევ მივიპარები მაქსთან, უკვე მაქვს კიდეც ამის უფლებაო, გაიფიქრა. ჩაბნელებული დერეფანი ამჯერად უფრო ადვილად გაიარა, კარის სახელურიც ხელად იპოვა და შევიდა. საწოლთან დაიხარა და თამამად დააცქერდა მძინარეს. მაქსს სახეზე ჩრდილი ეცემოდა, ცხვირი მთვარის სუსტი შუქით განათებულ მთის თხემს უგავდა, ნესტოები - მთის ჩაბნელებულ კალთებს. გარკვევით ესმოდა მისი სუნთქვა, ცხვირიდან გამონაბერი, პირიდან ამონასუნთქი! წელში მოკეცილი ქალი მუხლებზე დაეშვა, უფრო გრძნობდა, ვიდრე ხედავდა, როგორ უფართოვდებოდა კაცს ნესტოები. სუნთქვისას შეცვლილ, მსუბუქი ტკაცუნისმაგვარ ხმებს გამოსცემდა და ქვედა ტუჩი უცახცახებდა.
როზვიტა მუხლებზე იდგა და წამოდგომა მანამდე არ უფიქრია, ვიდრე ფეხის ტკივილმა არ შეაწუხა. უხმაუროდ ადგომა გაუჭირდა, რადგან ფეხები დაბუჟებოდა. Gმძიმე ნაბიჯით უვლიდა გარს საწოლს. ცდუნებას ვერ უძლებდა, უნდოდა გამოეცადა, როგორი იყო კაცის გვერდით წოლა, მოეწონებოდა თუ არა ცოლქმრული სარეცელი. - რა მოხდება, გვერდით რომ მივუწვე? ჰო, მაგრამ, ამ მოძრაობამ რომ შეაშინოს და გააღვიძოს მაქსი? რით ახსნას მაშინ თავისი აქ ყოფნის მიზეზი?! ფრთხილად მოსინჯა ლეიბი, რაიმე ხმას ხომ არ გამოსცემსო, და საწოლზე დაეშვა. საწოლმა ოდნავ მაინც გაიჭრიალა. გულაღმა დაწვა და ჭერს მიაშტერდა. ფანჯრის ჯვარედინი ჩარჩოს ჩრდილი ბნელ ნაპრალს ჰგავდა. გარედან მდინარის ჩხრიალი შემოდიოდა, გვერდიდან კი ლაიმერის აქ ყოფნის დამადასტურებელი ბგერები ისმოდა. იწვა ასე, გაუნძრევლად და მისკენ თავის მიბრუნებაც ვერ გაებედა.
-ერთ დღესაც მის გვერდით ჩამეძინება, - ფიქრობდა აღგზნებული ქალი, - და მერეც, ყოველდღე ასე იქნება! თავქვეშ ბალიში არ ედო. ნელ-ნელა მაინც მიაბრუნა თავი კაცისკენ. ქალს, ცოტა არ იყოს, უკვირდა, გვიანი ზაფხულის ამ თბილ ღამეს კაცი თავიდან ფეხებამდე საბანში რომ გახვეულიყო. არც თავი უჩანდა და არც ფეხი. ნეტა, შიშველს სძინავს თუ პიჟამო აცვია? არა, წარმოუდგენელია, ჩაცმული ალბათ ვერ გაძლებდა ბუმბულის საბანქვეშ, ოფლში გაიწურებოდა. ვიდრე როზვიტა მაქსის გვერდით იწვა, კაცი არ განძრეულა. - ხვალ მის ლოგინში პიჟამოს მოვძებნი. თუ ვერ აღმოვაჩინე, მაშინ გასაგები იქნება, რატომაა ასე ჩაფუთნული. როზვიტა შიშველი არ იძინებდა. არასოდეს აზრადაც არ მოსვლია. ის კი არა, ღამის პერანგს პირდაპირ საცვლებზე იცვამდა. ჩაძინებამდე ხელებს ფეხებს შორის იწყობდა. ასეთი ჩვევა ჰქონდა. თითებით ფაფუკი ბალნის ნაცვლად ტრიკოტაჟის ქსოვილის სიგლუვეს აწყდებოდა. იმის წარმოდგენამ, რომ ბუმბულის საბანში გახვეული მაქსი მის გვერდით შიშველი იწვა, აღაგზნო ქალი. სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და დაფიქრდა, მაქვს კი უფლება, ასეთი შეგრძნება მქონდეს, ღმერთმა უწყის, ეს სადამდე მიმიყვანსო. ადგა და აჩქარებით გაეცალა იქაურობას, თან რაღაც გაურკვეველი, ზიზღნარევი გრძნობა გამოჰყვა.
- მორჩა, აღარ მოვალ. - საკუთარ თავს დაპირდა ქალი. -თანაც რამდენი საქმე მაქვს, მაქსისთვის თეთრეულია საყიდელი, ყოველ შემთხვევაში, პიჟამო მაინც.
დილით როზვიტამ პიჟამოს ძებნა დაიწყო, ჯერ კარადაში და მერე საწოლში, რომელიც კაცს ამჯერადაც თვითონ გაესწორებინა. ფრთხილად შეაცურა ხელი ბალიშისა და საბნის ქვეშ, თან ააფუმფულა. შუაგულ ლეიბზე მისი ხელი ჩაღრმავებულ, თბილ ადგილს წააწყდა. მეორე ხელიც მიაშველა. პიჟამო არსად ჩანდა.

როზვიტა გვიანი ზაფხულის ცხელ დღეებს მიჩვეოდა. ჯერ კიდევ გუშინ ვერავინ იფიქრებდა ამინდის გაუარესებას, წვიმამ და აგრილებამ ხასიათი გაუფუჭა. გარდერობში შალის ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. თხელმა კოფთებმა თავისი ვალი უკვე მოიხადა. ლანდშაფტი ერთ ღამეში შეცვლილიყო. ნეტა, რა ბედი ეწეოდა დაგეგმილ გასეირნებას? როზვიტა სიცივისაგან აძაგძაგდა.
კვირას, საუზმის დამთავრებისთანავე მაქსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩანაფიქრის შეცვლას არ აპირებდა. წვიმისა და ქარის გამო არც ადრე ამირიდებია თავი ჩემი მოვალეობისთვის და არც ამჯერად გადავდებ დაგეგმილ გასეირნებასო. ასე რომ, ვეღარც როზვიტა დაიხევდა უკან. თბილი ქურთუკი და საშემოდგომო ფეხსაცმელი გადმოაწყო და ქოლგაც მოიძია. გასეირნებას ჩაშლის საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
ვიდრე როზვიტა სადილს ამზადებდა, მაქსი სახელოსნოში ელოდა. ქალს მღელვარებისგან ხელები უცახცახებდა. იმედი ჰქონდა, გაზეთების კითხვით გართულ კაცს მოუთმენლობა არ შეიპყრობსო. ისაუზმეს თუ არა, მაქსმა ლოგინი გაასწორა, მერე იდგა და ხელებში უყურებდა როზვიტას, რომელიც იქაურობას ალაგებდა. მე მზად ვარო, რამდენჯერმე თქვა. ამან როზვიტა გაანერვიულა და ისღა მოიფიქრა, რომ კაცისთვის ერთი ბოთლი ლუდი და გაზეთი შეეჩეჩებინა ხელში და ეთხოვა, სახელოსნოში დამელოდეო. ზის ახლა, ალბათ, იქ და გაღიზიანებული თითებს მაგიდაზე უკაკუნებს!
როგორც იქნა, გაშალა სუფრა. მაქსს მოეწონა ვენური შნიცელი. სამზარეულოში შუქი ენთო. ცაში რუხი ღრუბლები ირეოდა.
სადილის შემდეგ მაქსი ადგილს ვეღარ პოულობდა, მაგრამ როზვიტამ ამჯერად თავისი გაიტანა. ჯერ ჭურჭელი უნდა გავრეცხოო, განაცხადა მან. მაქსმა სამზარეულოდან ფეხი არ მოიცვალა, იდგა და თვალს არ აშორებდა როზვიტას. ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს უბრძანებდა, იჩქარეო. თვითონ, რა თქმა უნდა, თითს თითზე არ ადებდა. ქალს უკვე ვეღარ გაებედა, კაცისთვის ჭურჭლის დამშრალება დაევალებინა. როგორც იქნა, საქმეს მორჩა, და უცებ, თავი სუსტად იგრძნო. ახლა სიამოვნებით დაისვენებდა და ცოტა სულსაც მოითქვამდა, მაგრამ ამის თქმას, აბა, როგორ გაბედავდა!

სახლის წინ მოედანი, გზა და მდელო სატვირთო მანქანებსა და მუშებს მთლად გაეპარტახებინათ: თიხნარი მიწა წუმპეებში აზელილიყო, ძრავებისა და ხელსაწყოებისთვის შავი ცელოფანი გადაეფარებინათ. ხურტკმელის ბუჩქებიანი მდელო და სწორი, კარგად გატკეპნილი ბილიკი ახლა ერთიანად გადაჩიჩქნილი და დაჭაობებული იყო.
მაქსი მხნედ მიაბიჯებდა. ამგვარ გარემოს შეჩვეული ვარ, უარესიც მინახავსო, ამბობდა, როზვიტას კი უჭირდა. ის ფეხი, რომლითაც კოჭლობდა, სულ ტალახში ეფლობოდა. - ეგებ, ფეხსაცმელმა ცოტა ხანს კიდევ გამიძლოს. - იმედოვნებდა ქალი და რადგან ვიწრო ბილიკი ერთმანეთის გვერდით სიარულის საშუალებას არ იძლეოდა, ზურგში უყურებდა მის წინ აჩქარებით მიმავალ კაცს. მაქსი, ასე ვთქვათ, გზას მიიკვლევდა, როზვიტა მის ნაფეხურებში ადგამდა ფეხს. რა სიამოვნებით მიეყრდნობოდა ამ ზურგს! ყველაზე მეტ ნდობას ჯერჯერობით სწორედ ეს ზურგი აღუძრავდა. ეს კედლის ღუმელივით განიერი ზურგი ზამთარში, ალბათ, რა თბილი იქნებოდა! როზვიტას ძალიან მოუნდა ფრთხილად მიხახუნებოდა მას.
კარგა ხანია ატალახებული გზიდან გადაუხვიეს, მაგრამ მაქსი ერთხელაც არ შემობრუნებულა მისკენ. ასე მივიდნენ სოფლის მოედნამდე, რომელიც უნდა გადაეკვეთათ. წვიმიანი ამინდის თუ იმის გამო, რომ სადილობის დრო იყო, ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მაქსი ჯერ კიდევ წინ მიაბიჯებდა; უკან ქოლგას შეფარებული როზვიტა მისდევდა და ნატრობდა, ეს ქოლგა, რა იქნებოდა, კარვისოდენა ყოფილიყოო. ფანჯრებიდან ცნობისმოყვარე თვალებით გადმოსცქეროდნენ ადამიანები. გულში, ალბათ, ეცინებოდათ ამ უცნაური პროცესიის დანახვაზე. როზვიტა ვერა და ვერ დაეწია მაქსს. სწრაფი სიარულისგან დაიძაბა, საშინლად ასტკივდა თეძოები. ბოლოს დაუძახა. მხოლოდ მეორედ დაძახებისას გააგონა კაცმა და დაელოდა. ახლა როზვიტა ცდილობდა, აღარ ჩამორჩენოდა. გვერდიგვერდ მიმავალმა უცნაურმა წყვილმა მოედანი დატოვა.
მაქსი ისე მიდიოდა, თითქოს ქარიშხალი მისდევსო. უყოყმანოდ გაუყვა წაბლის ხეივანს. მარცხნივ, გვერდით ქუჩაზე გადაუხვია და სწრაფი ნაბიჯით გაიარა კერძო დასახლება. როზვიტას უკვე აღარ უკვირდა და ამიტომ არც ეკითხებოდა, საით მიდიხარო. მორჩილად მისდევდა უკან. ბოლოს მაქსი მინდორზე გაკვალულ ბილიკს მიადგა. როგორც ჩანდა, ველური ბუჩქნარით დაფარულ ლიანდაგზე აპირებდა ასვლას. როზვიტა შეჩერდა. გაუქმებულ გზას აქ საფარი აღარ ჰქონდა და ქალს ფეხსაცმელები ფაფისებურ ტალახში ეფლობოდა. წინ მიმავალი მაქსის თიხაში ამოვლებულ ფეხსაცმლის ლანჩებს ხედავდა. თავისი მტკიცე, უხმო ნაბიჯების კვალს უტოვებდა ქალს, რომელშიც კიდევ უფრო ღრმად ეფლობოდა როზვიტას ფეხსაცმელი. მერე მიწაყრილზე ასვლას შეეცადა, რათა ლიანდაგზე გადასულიყო, მაგრამ ფეხი დაუცდა, მუხლები მოეკეცა და უკანვე ჩამოსრიალდა. სასაცილოდ ტანმოღრეცილმა, ბუჩქებში გახლართულმა მაქსმა როზვიტას მხარს ზემოდან გადასძახა: - ფრთხილად! ქალი მდელოზე ამოსულ ბუჩქებს შორის გაჩერდა და უცებ, სიცილის ხასიათზე დადგა. მაქსი გაჭირვებით წამოდგა და ფეხსაცმელებიდან თიხა ჩამოიწმინდა. ამჯერად ისეთი სიფრთხილით დაიწყო შემაღლებულზე აბობღება, რომ ერთხელაც აღარ დაცურებია ფეხი. როზვიტამ სიცილი შეიკავა, თვითონაც მოაშორა თიხა თავის ფეხსაცმელებს და მაღლობს შეუდგა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, აღმართზე სიარულისას თავისი სიმახინჯე უპირატესობასაც კი ანიჭებდა. მოკლე ფეხს გაჭირვებით დგამდა გაბურდულ ბუჩქებს შორის, მეორეთი კი წინ გადაადგილდებოდა. აღმართზე მისი კოჭლობა უკვე აღარც იგრძნობოდა. მაშინ, როცა მაქსი მის თვალწინ მოცურდა, დაეცა და ბუჩქებში გაიხლართა, როზვიტამ მოახერხა და ციცაბო კალთაზე დაუბრკოლებლად ავიდა.
და აი, ახლა ორივე ნამდვილი ამოცანის წინაშე დადგა: შპალებზე უნდა ევლოთ. მაქსმა აღარ დააყოვნა, სწრაფად შედგა ზედ და როზვიტას დაუყვირა: - ფრთხილად! როზვიტა ისევ ზურგში მოექცა კაცს. ცდილობდა, მაქსისთვის მიებაძა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. იმის შიშით, ვაითუ, წავიქცე, ან წავბორძიკდე, ან სულაც ლიანდაგზე დაყრილ გრანიტის ნატეხებში ფეხი ჩამივარდესო, მთელი ყურადღება შპალებზე გადაიტანა, მათ არათანაბარ დაშორებებზე. ცდილობდა, სირთულისათვის თვითონ გაერთვა თავი. ეს არც ისე ძნელი აღმოჩნდა, როგორც თავიდან ეგონა. ყოველ ნაბიჯს წონიდა, ყოველ დაშორებას ზომავდა. - თუ სუსტ ფეხზე ვდგავარ და ვცდილობ, ჯანმრთელი ფეხით მომდევნო შპალს მივწვდე, მაშინ მთელი მთელი ჩემი ენერგია სუსტი ფეხის წონასწორობის შესანარჩუნებლად მეხარჯება. - ფიქრობდა როზვიტა. ლიანდაგი ფართო რკალად ერტყმოდა აღმართს და ტყეში შედიოდა. აქედან მთელი სოფელი ხელისგულივით ჩანდა. ამ ადგილს აქაურები უბრალოდ „მაღლობს" ეძახდნენ...
-იმაზე უკეთ დავდივარ, ვიდრე ველოდი. - კმაყოფილებით გაიფიქრა როზვიტამ. ცხადია, მაქსს ვერ შეედრებოდა, მაგრამ მაინც. კაცის ზურგი, რომელიც მას კვლავ საიმედო, მაგრამ იმავდროულად მოუქნელი და უხეში ეჩვენებოდა, როგორღაც ამჩატდა. ზევით-ქვევით თითქოს საქანელასავით მოძრაობდა, ერთმანეთს საკმაოდ დაშორებული ერთი შპალიდან მეორეზე მსუბუქად ხტებოდა, ახლო-ახლო შპალებზე კი მუხლის მოუხრელად გადადიოდა. შპალების ცეკვა-ცეკვით დამთვალიერებელი ყოფილაო, ირონიულად გაეღიმა როზვიტას, თან გაიფიქრა, ცოტა ზედმეტიც მოსდისო.
მათ შორის მანძილი თანდათან გაიზარდა. ქალმა შეისვენა, რომ ცოტა სული მოეთქვა. თან იქამდე გაჰყურებდა კაცს, ვიდრე ტყეში არ გაუჩინარდა. - რა იქნებოდა, ერთხელ მაინც შემობრუნებულიყო, ყურადღება მოექცია ჩემი არც თუ ისე მოუქნელი სიარულისთვის, რაღაცნაირად შევექე მაინც! მაქსი აღარც ჩანდა, თითქოს ტყემ ჩაყლაპაო. წიფლის ხეებამდე რომ მიმაღწევინა, ისევ დავინახავ მაქსს, იქნებ მელოდება კიდეც! - იმედის ნაპერწკალი ჩაესახა ქალს. ტყეში გრძელი, სწორი გზა გადიოდა, იქ წერტილივით მაინც უნდა გამოჩენილიყო მაქსი. გადაწყვიტა, ფეხი აეჩქარებინა. საშინლად დაიძაბა, სიჩქარისგან კინაღამ წონასწორობა დაკარგა, სუსტი ფეხი გრანიტის ნამსხვრევებში ჩაუვარდა და ლანჩებს აკრულმა ქვებმა ფეხი ატკინა. გაჩერდა, წელში გაიმართა, როგორც იქნა, დააღწია შიშს თავი. რომ დავცემულიყავი, რა მეშველებოდაო, ღრმად ამოისუნთქა და უცებ მიხვდა, რომ სრულიად მარტო იყო. მიწაზე მშვიდად გართხმული რელსები შიშს ჰგვრიდა ქალს. წვიმდა. ქუჩებსა და ბაღებში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მხოლოდ აქედან ძალიან შორს დაქროდნენ მანქანები. ხელები დასვროდა და დალაქავებოდა. ჩვეული სიფერმკრთალეც დაეკარგა. როზვიტა სიცივემ აიტანა. აზრი არა აქვს გზის გაგრძელებას, ტყეში შესვლას და მაქსის დადევნებას, ან საერთოდ მის ძებნას. უფრო ჭკვიანური იქნება, შინ დავბრუნდეო, გადაწყვიტა ქალმა. ხომ შეიძლება, მოისაზროს და დამელოდოს. რომ აღარ გამოვჩნდები, არ შეიძლება, არ შეწუხდეს და ჩემს მოსაძებნად არ გამოიქცეს, და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ ყველაფერი ძველებურად, კარგად იქნებაო, იმედს არ კარგავდა როზვიტა.
იმავე გზით დაეშვა ფერდობზე. სხვათა შორის, ახლა ქოლგას ხელჯოხად ხმარობდა. აწვიმდა როზვიტას ახალ ვარცხნილობას! ვინ იცის, რა მოუვა კულულებს?! - ჯანმრთელი ფეხით გზა ფრთხილად მოსინჯა და ქოლგას დაეყრდნო. - კარგია!
წამდაუწუმ უკან იყურებოდა, იქნებ ტყიდან სირბილით მომავალ ლაიმერს მოვკრა თვალიო. ამასობაში მთავარ ქუჩაზე აღმოჩნდა. ახლა სახლები ეფარებოდა რელსებს. სადარბაზოს კიბის საფეხურებზე ჭუჭყიანი ნაფეხურები დატოვა. წინკარში, ლინოლეუმზე თიხის ნამცეცები დაყარა.
არასოდეს შესულა სახლში ასეთი დათხვრილი ფეხსაცმლით. დერეფანშივე გაიძრო. წყალი გამოიტანა, ფეხსაცმელი საგულდაგულოდ გაწმინდა და იატაკიც მოასუფთავა.
თვალწინ მაქსი დაუდგა: ხედავდა, თუ როგორ ცდილობდა მიწაყრილზე აცოცებას, ბალახის ღეროებს ეჭიდებოდა, მაგრამ მაინც უკანვე ცურდებოდა. მოუხერხებლად მიბობღავდა, როზვიტა კი ჯეირანივით მუხლგამართული უპრობლემოდ ავიდა ზემოთ. კაცმა მხოლოდ მაშინ დაიბრუნა სიმშვიდე, როცა, როგორც იქნა, შპალებს მიაღწია. მერე კი დაიწყო სწრაფად და თავდაჯერებულად სიარული! ჰო, მაგრამ, რა დიდი ამბავიც ეგ არის, თუ მან, შპალების დამთვალიერებლად ნამუშევარმა და ორი ჯანსაღი ფეხის პატრონმა, დაუბრკოლებლად გაიარა?! ბოლოს და ბოლოს, რა გმირობა ეს არის?! და, საერთოდ სისულელეა ეს უაზრო სვლა წინ, სულ ერთი მიმართულებით, ყველაფერი ყველაფერში; მხოლოდ ფეხით მუშაობ და არა თავით!

როზვიტას ამდენი სიარულით თეძო ასტკივდა. უკანა გზამ საერთოდ ბოლო მოუღო. ეს იმანაც განაპირობა, რომ ნასადილევს, ჩვეულებისამებრ ვერ დაიძინა. ამ კვირა დღეს მას გაცილებით დიდხანს მოუხდა ფეხზე დგომა, ვიდრე მაქსს. მიუხედავად ყველაფრისა, ქალი თავდაუზოგავად მისდევდა კაცს, ხანდახან თუ შეისვენებდა მხოლოდ და ცოტა ხნით სულს მოითქვამდა. კაცი კი ანგარიშს სულ არ უწევდა. ქალი თვლიდა, რომ დატვირთვას მშვენივრად გაუძლო. გამოძინებული თუ ხარ და თანაც ამინდმაც ხელი შეგიწყო, შპალებზე სიარული რა პრობლემაა! ამაში ისედაც არაფერი განსაკუთრებული არ არის. მომავალში იქნებ მხოლოდ მიწაყრილზე ასვლას დავჯერდე, თანაც თუ მოვინდომე, კიდევ უფრო ადვილად მოვახერხებ. - ფიქრობდა როზვიტა.
ფანჯარასთან იდგა, წვიმას უცქერდა და ლაიმერს ელოდა. თვალწინ გადაშლილ ლანდშაფტში უკვე შემოდგომის ფერები მძლავრობდა. სევდა მოერია. სამზარეულოში გავიდა და წყალი გაათბო. დაბანა და ტანსაცმლის გამოცვლა უნდოდა.
ყველაფერი მოითავა, ტაშტი და ტაბურეტი კვლავ ჩვეულ ადგილას მოათავსა. ამასობაში ჩამობნელდა. Gგვიანი ზაფხულის ამ მოღუშულ დღეს ბინდი ადრე ჩამოწვა. კაცს ეგონებოდა, ერთ დღეში წელიწადის ერთი დრო მეორემ შეცვალაო.
ისევ ფანჯარასთან იჯდა. ფეხებიდან წამოსული სიცივე თანდათანობით მთელ ტანში გაუჯდა. ადგა და სავახშმო სამზადისს შეუდგა. სუფრა გაშალა და ისევ ფანჯარას მიაშურა. თუმცა, რატომღაც გადაიფიქრა და ისევ ქურას მიუბრუნდა. ამასობაში საჭმლის მზადებასაც მორჩა და მერე ისევ ფანჯარასთან მიიჭრა. ცდილობდა, მიზეზი ეპოვა, რომელიც კაცის ამდენი ხნით დაგვიანებას გაამართლებდა: - მაქსმა ვერ შეძლო სიარულის შეწყვეტა; ისე გაერთო, დროისა და მანძილის შეგრძნება დაკარგა; ვინ იცის, იქნებ, სადღაც გადაიჩეხა; მერე რა, რომ თავის დროზე გამოცდილი მოსიარულე იყო - და როგორც დღეს როზვიტამ თავისი თვალით ნახა, ერთ წამში აღიდგინა ჩვეული ფორმა -, გამორიცხული მაინც ხომ არ არის, სველ შპალზე ფეხი დაცურებოდა. ვინ იცის, იქნებ, ახლა ლიანდაგზეც კი წევს ფეხმოტეხილი ან კოჭგადაყვლეფილი. აი, მატარებელიც მიუახლოვდა კივილით და ზედ გადაუარა საწყალ ლაიმერს. ჰო, ამ დროს ჩამოივლის საღამოს მატარებელი, სწორედ მის სინდისზეა ლაიმერის სიკვდილი. - საშინელი ფიქრებისათვის თავი ვერაფრით დაეღწია როზვიტას.
თავს ძალა დაატანა და ეცადა გაეხსენებინა, დღეს კიდევ რა ჰქონდა გასაკეთებელი. ადგილიდან ვერ დაიძრა, სიცივისგან ფეხები ლამის მოეყინა და საკუთარ ზურგს ვეღარც კი გრძნობდა. ცალი ლოყით მუხლისთავს მიეკრა და მკლავები ფეხებზე შემოიჭდო. მზერა ეზოსკენ გაურბოდა, თვალწინ სულ ერთი და იგივე სურათი ედგა. ანწლის ბუჩქს არ აცილებდა თვალს. თუ მაქსი ეზოში შემოუხვევდა, პირველად სწორედ ამ ადგილას უნდა დაენახა იგი როზვიტას.
მშობლები უკან აღარ დაბრუნებულან. ოცდაათი წლის წინათაც ამ ფანჯარასთან იჯდა და მაშინაც ასე, შიშისაგან გაქვავებული, უშედეგოდ ელოდა. ეს კარგად არ ენიშნა როზვიტას. ყველაფერი მეორდება, - ავბედითად ჩასძახოდა შინაგანი ხმა, - ეს ბედისწერაა! ოჰ, ეს საგზაო მოძრაობა! საფოსტო ავტობუსმა დაატეხა როზვიტას მშობლებს განგების რისხვა. მას შემდეგ გაურბის ქალი Aმოგზაურობას. Eის საბედისწერო ექსკურსია მამას მოეხასიათა, როცა საფოსტო ავტობუსის მძღოლობიდან შემკეთებელი საამქროს ოსტატად დააწინაურეს. მოინდომა, მეუღლესთან ერთად ამჯერად მგზავრის სტატუსით გაევლო გზის ნაცნობი მონაკვეთი. Eეს მოგზაურობა ორივესთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. მამა ოც წელზე მეტი ეჯდა საჭეს ამ გზაზე და თავის მოვალეობას ასრულებდა. შინ მარტო დარჩენილი როზვიტა თვალს არ აშორებდა მიმავალ მშობლებს, ვიდრე ბოლოს ანწლის ბუჩქს მიღმა არ გაუჩინარდნენ. მათ კი ერთხელაც არ მოუხედავთ; აღარც დაბრუნებულან. მაშინ როზვიტა მთელი ღამე მდუმარედ იჯდა ფანჯარასთან. თვალს არ აშორებდა ანწლის ბუჩქს. გამთენიისას კი მშობლების ნაცვლად დამ და სიძემ შემოუხვიეს ბუჩქთან და სახლისკენ წამოვიდნენ. როზვიტამ ერთი წამოიყვირა - მაშინ ხომ ჯერ კიდევ თითქმის ბავშვი იყო, თოთხმეტი წლისა -, კიბეებზე დაეშვა და გარეთ გავარდა, იგი ყველაფერს მაშინვე მიხვდა. დის გამომეტყველებამ ამცნო მშობლების დაღუპვის ამბავი. მეორე დღეს ადგილობრივი გაზეთები მხოლოდ ამ უბედურ შემთხვევაზე წერდნენ. მკვეთრ მოსახვევში საფოსტო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეჯახებია, მძღოლს იმ წამსვე დაუმუხრუჭებია, მაგრამ მუხრუჭს უმტყუნია, ავტობუსს ჯებირი გაურღვევია და თხრილში გადავარდნილა. მძღოლი და როზვიტას მშობლები, რომლებიც რატომღაც მძღოლის გვერდით მდგარან, მძიმედ დაშავებულან და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაცვლილან. დანარჩენები - სამი ხანშიშესული ქალბატონი და ორი ახალგაზრდა კაცი - უმნიშვნელო დაზიანებებით გადარჩენიან ამ უბედურ შემთხვევას. მოგვიანებით, ოქმის შედგენისას, ისინი ერთხმად უყვებოდნენ ჟანდარმებს, თუ როგორ ართობდა როზვიტას მამა მთელ ავტობუსს თავისი ხუმრობებით; მოხუცი ქალები და ახალგაზრდა მამაკაცები ამბობდნენ, ასე მხიარულად იშვიათად გვიმგზავრიაო. მამა თურმე ათასნაირ მხიარულ ამბავს იხსენებდა თავისი მძღოლად მუშაობის პერიოდიდან. ამ დროს დედისთვის ხელი ჰქონია მოხვეული, ის კი წამდაუწუმ შენიშვნებს აძლევდა თურმე, შემკეთებელ საამქროში ეგეთი ხუმრობებისთვის აღარ გეცლება, იქ ყველაფერი სხაგვარად იქნებაო.
ასეთ ხალისიან, სხვა ადამიანების გამამხიარულებელ მამას როზვიტა არ იცნობდა. მისი დაღუპვის შემდეგ ხშირად ათვალიერებდა მამის ტანსაცმელს და სახესაც ჩამალავდა ხოლმე პიჯაკებში, ჯერ კიდევ რომ შერჩენოდა მისი სუნი. ხელით ეფერებოდა ტყავის ფართო ქამარს, რომელსაც მამა ისე მოხერხებულად გამოაძრობდა ხოლმე შარვლის სათავიდან, რომ მხოლოდ ოდნავ გატკაცუნებას თუ გაიგონებდა კაცი, და რომელსაც უკანალზე მოსცხებდა ხოლმე როზვიტას, როცა იგი მამის, დედის, ღვთისმეტყველების ან სხვა რომელიმე საგნის მასწავლებლის მითითებებს არ შეასრულებდა. მამა ამას, ცხადია, იმიტომ აკეთებდა, რომ უყვარდა როზვიტა. Gგრძელი და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ შინდაბრუნებული ცდილობდა, თავისი ონავარი ქალიშვილის აღზრდით დაკავებულიყო. როზვიტა ხანდახან მოუთმენლად, ზოგჯერ კი დაძაბული ელოდა, როდის დააპირებდა მამა მის დასჯას. მამა ხშირად სჯიდა როზვიტას. როცა ცემას მორჩებოდა, გოგონა თითებით

??????