გჰოშ აურობინდო
გაზიარება

ცივილიზაცია და კულტურა (მთარგმნელი: დავით აკრიანი) 

(წიგნიდან: «კაცობრიობის ციკლი»)

ბუნება იწყება მატერიიდან, მისგან აღმოაცენებს თავის დაფარულ სიცოცხლეს, გამოათავისუფლებს გონების ნედლ მასალას და, როდესაც საამისოდ მზად არის, გონებას საკუთარი თავის, სიცოცხლისა და მატერიისკენ მიაქცევს, მიაქცევს დიადი მენტალური ძალისხმევით - შეიცნოს ეს სამი ფენომენი, მათი თვალსაჩინო ქმედება, მათი ფარული კანონები, მათი ნორმალური და ანორმალური ძალები თუ შესაძლებლობები, რათა, საბოლოოდ, თითოეული მათგანი თავის უმდიდრეს ფორმებში გამოვლინდეს, საუკეთესოდ და ჰარმონიულად გაიხარჯოს, ამაღლდეს და გაფართოვდეს თავის უმაღლეს-უვრცეს პოტენციურ მიზნებამდე იმ მოაზროვნე ნების მოქმედებით, რომელსაც მიწიერ არსებათაგან მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი ფლობს. მხოლოდ ამ მეოთხე სტადიაში თუ იმოსება ბუნება ადამიანურობით. უსულო მატერია ატომებისა და ელემენტებისგან შედგება, მცენარე ცოცხალ არსებად ყალიბდება, ცხოველში მზადდება და მექანიკური ორგანიზების გარკვეულ სახემდე მიდის გონების ნედლი მასალა, მაგრამ უკანასკნელი სამუშაო, ყოველივე ამის ცოდნა და კონტროლი, ისევე როგორც თვითშემეცნება და თვითკონტროლი მხოლოდ ადამიანს - ბუნების გონმორჭმულ ქმნილებას შემოუნახეს. რათა ადამიანმა უკეთ შეასრულოს მისთვის დაკისრებული საქმე, ბუნება აიძულებს განმეორებით - ფიზიკურად და, გარკვეულწილად, გონებრივადაც - გაიაროს ცხოველური ევოლუციის სტადიები. თვით მაშინაც კი, როცა ადამიანი უკვე შემდგარია როგორც გონიერი არსება, ბუნება გამუდმებით უბიძგებს არა მხოლოდ ინტერესით შეჩერდეს ამ სტადიებზე, არამედ რამდენადმე დაინთქას კიდეც მატერიაში და სიცოცხლეში, საკუთარ სხეულში და ვიტალურ არსებობაში. ეს აუცილებელია ადამიანში ჩადებული დიადი ბუნებისეული მიზნის ხორცშესასხმელად. ადამიანის პირველი დანთქმა სხეულსა და ვიტალურ სიცოცხლეში ვიწროა და არაგონისმიერი. რამდენადაც უფრო იზრდება მისი გონიერება და აზროვნების ძალა, მით უფრო თავისუფლდება და მაღლდება კიდეც, მაგრამ, საკუთარი საჭიროებითა და სურვილით, მაინც მიბმულია თავის ვიტალურ და მატერიალურ ფესვებზე, რომლებსაც მუდმივად უნდა დაუბრუნდეს გაზრდილი ცნობისწადილით, გაძლიერებული მომხმარებლობით, უფრო და უფრო მაღალგონიერი, ბოლოს კი - სულ უფრო მეტად განსულიერებული მიზანსწრაფვით. ეს იმიტომ, რომ ადამიანის ციკლები მზარდი, თუმცა ჯერ კიდევ არასრულყოფილი ჰარმონიისა და სინთეზის ციკლებია და ბუნებაც მძლავრად აბრუნებს მას თავის პირველად პრინციპებთან, ზოგჯერ - უფრო ადრეულ სტადიებშიც, რათა ამის შემდეგ ადამიანი კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო ფართო ხვეულზე გამოჰყვეს ზრდისა და თვითრეალიზაციის გზას.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ რადგან¬ ადამიანი უპირატესად გონიერი არსებაა, შესაბამისად, მის უზენაეს მიზანს უნდა შეადგენდეს მენტალურ უნართა განვითარება და მენტალური ცხოვრების სიუხვე (ყოველ შემთხვევაში - მის ძირითად მიზანს მაინც მას შემდეგ, რაც სიცოცხლისა და სხეულის საცდურისგან განთავისუფლდება და თავის ფიზიკურ-ცხოველური ბუნებით ნაკარნახევ ტლანქ საჭიროებებს დაიკმაყოფილებს). ცოდნა, მეცნიერება, ხელოვნება, აზრი, ეთიკა, ფილოსოფია, რელიგია - აი, ადამიანის ნამდვილი საქმე, მისი ჭეშმარიტი საასპარეზო. ყოფნა მისთვის ნიშნავს არა მხოლოდ დაბადებას, გაზრდას, ქორწინებას, საარსებო საშუალებების შოვნას, ოჯახის რჩენას და სიკვდილს, არამედ ვიტალურ და ფიზიკურ სიცოცხლეს, ცხოველური წრებრუნვის ადამიანურ ვერსიას, პატარა ცხოველური სექტორის და ღვთაებრივი ციკლის რკალის ადამიანისეულ გავრცობა-გაფართოებას. გონებრივი ქმნადობა და ზრდა, ცოდნისა და ძალმოსილების ტარება საკუთარ თავშიც და მათი გამოტანა გარეთაც: _ აი, რაშია მისი ადამიანობა. თუმცა სწორედ აქ დევს ბუნების ორმაგი მოტივაცია, მისი მიზნების განუხრელი დუალობა. მისგან უნდა ისწავლოს ადამიანმა, როგორ აკონტროლოს და როგორ შექმნას. თუმცა ბუნებას ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის, საკუთარი შინაგანი არსებობის, საკუთარი მენტალობის კონტროლის, შექმნისა და ახალ-ახალ და უკეთეს ფორმებში გამუდმებული კვლავშექმნისთვის კი არ მოუხმია, არამედ, შესაბამისად, მისი გარემომცველი სამყაროს კონტროლისა და კვლავშექმნისთვისაც. გონება მან არა მხოლოდ თავისი თავისკენ უნდა მიმართოს, არამედ სიცოცხლის, მატერიისა და მატერიალური არსებობისკენაც. ეს ძალზე ცხადად ჩანს არამარტო მიწიერი ევოლუციის კანონიდან თუ ხასიათიდან, არამედ თვით ადამიანის წარსულიდან და აწმყოდანაც. ამ პირობებზე, ისევე როგორც ადამიანის უმაღლეს მისწრაფებებსა და იმპულსებზე განხორციელებული დაკვირვებიდან იბადება კითხვა: ხომ არ არის ადამიანი მოწოდებული არათუ მხოლოდ შინაგან-გარეგანი გაფართოებისთვის, არამედ ვერტიკალურ-ხარისხობრივი ზრდისთვისაც, როდესაც იგი ისევე საკვირველად უნდა აღემატოს თავის თავს, რა საკვირველადაც აღემატა თავის ცხოველურ საწყისებს, აღემატოს და გადაიზარდოს რაღაც მენტალურ-ადამიანურზე უფრო მეტში, ანუ - სულიერ-ღვთაებრივში? თუნდაც ეს ვერ შეძლოს, იმას მაინც ხომ მოახერხებს, რომ გონებისთვალი მიღმურს მიაპყროს და თავისი ცხოვრებაც უფრო და უფრო მეტად წარმართოს იმ სინათლითა და ძალით, რომელიღაც აღმატებული წყაროდან რომ ეძლევა. თვით მის არსებაში ჩაბუდებული ღვთაებრივის და, ამავე დროს, გარესამყაროს მისეული ცნობიერება ადამიანის არსებობის უზენაესი ფაქტია და სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ცნობიერების თვითზრდა მისივე ბუნების შინაგანი განზრახვა იყოს. ასეა თუ ისე, სიცოცხლის სისავსე ადამიანის აშკარა საგანი და მიზანია, მისი უფართოესი და უმაღლესი ყოფიერება, სრული ადამიანობა იქნება ეს თუ რაღაც ახალ-ღვთაებრივი მყოფობა. თუკი გვსურს, მართებულად დავაფიქსიროთ ადამიანის ინდივიდუალური არსებობის საზრისი და მისი გარემომცველი საზოგადოების საბოლოო ნორმა და მიზანი, მაშინ უნდა ვაღიაროთ ორივე: სისრულე-მთლიანობის ადამიანისეული საჭიროებაცა და საკუთარ თავზე აღმატების მისეული იმპულსიც.
გონებრივი ცხოვრება თვით მისივე სახელით არის სწორედ ის, რასაც, ჩვეულებრივ, კულტურაში ვგულისხმობთ. თუმცა ეს სიტყვა მაინც რამდენადმე ორაზროვანია და, თვით ჩვენი იდეებისა და მიდრეკილებებისამებრ, ფართო ან ვიწრო აზრს იტევს. ჩვენი მენტალური არსებობა ხომ მრავალი ელემენტისგან შემდგარი ურთულესი ქსოვილია. უპირველეს ყოვლისა, სახეზეა მისი ქვედა, ფუნდამენტური და _ ევოლუციური თვალსაზრისით _ ვიტალურთან ყველაზე ახლომდგომი შრე. ამ უკანასკნელსაც ორი მხარე აქვს: გრძნობების, შეგრძნებებისა და ემოციების მენტალური სიცოცხლე, რომელშიც ჭარბობს ბუნების სუბიექტური მიზანი, როგორც მისი ობიექტური საბაბი, და გონიერი არსების აქტიურ-დინამიკური ცხოვრება, რომელიც უკავშირდება მოქმედების ორგანოებსა და ქცევის ველს, სადაც ჭარბობს ბუნების ობიექტური მიზანი, როგორც მისი სუბიექტური საბაბი. შემდეგ მოდის უფრო ამაღლებული შრე: ერთი მხრივ, ზნეობრივი არსება და მისი ეთიკური ცხოვრება, მეორე მხრივ კი _ მისი ესთეტიკა. ამ ასპექტთაგან თითოეული ცდილობს დაეუფლოს გონების ფუნდამენტურ შრეს და განკარგოს იგი, ხოლო მისი აქტივობები და გამოცდილება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს: პირველმა _ უფლების კულტურისა და განდიდებისთვის, მეორემ _ მშვენიერების კულტურისა და განდიდებისთვის. და ჩვენც, უწინარეს ყოვლისა, ვსარგებლობთ მათით, ხშირად კი _ ყველა მათგანის ერთიანად მართვის მცდელობით _ ვეხმარებით და ვაყალიბებთ ინტელექტუალურ არსებას. ადამიანის უმაღლესი განხორციელებული საფეხურია გონებრივი სიცოცხლე ან ჰარმონიაში მოყვანილი მოწესრიგებული აზროვნება და ამ უკანასკნელისთვის ნიშნეული მოაზროვნე ნების დინამიკური ძალა, ბუდჰი, რომელიც ზის ან უნდა იჯდეს ადამიანური ეტლის კოფოზე.
მაგრამ ადამიანის აზროვნება მთლიანად და მხოლოდ რაციონალური ინტელექტისა და რაციონალური ნებისგან არ შედგება. იგი მოიცავს აგრეთვე უფრო სიღრმისეულ, უფრო ინტუიციურ, უფრო ბრწყინვალე და ძალმოსილ, თუმცა კი გაცილებით ბუნდოვან, ნაკლებად განვითარებულ და ჯერჯერობით საკუთარი თავის ვერმფლობელ სინათლესა და ძალას, რომლისთვისაც ჯერ სახელიც კი არ მიგვიცია. მაგრამ, ასეა თუ ისე, თვით მის ბუნებას სინათლისკენ მივყავართ, _ არა გონების მშრალი ან გულის ნოტიო სინათლისკენ, არამედ ელვისა და მზის სიკაშკაშისკენ. მას ნამდვილად შეუძლია დაქვემდებარებული როლი შეასრულოს და თავისი გამონათებებით, უბრალოდ, გონებასა და გულს დაეხმაროს. მაგრამ მასში სხვა სწრაფვა დევს, მისი ბუნებრივ-შინაგანი სწრაფვა, რომელიც აღემატება გონებას. ის ცდილობს გააბრწყინოს ინტელექტუალური არსება, გაასხივოსნოს ეთიკა თუ ესთეტიკა, ემოცია თუ აქტივობა, თვით განცდები და შეგრძნებები. იგი თავს გამოცხადების სიტყვებით გვამცნობს, რიდეს ელვისებური გაკრთომით იხსნის, ერთგვარი მისტიკური თუ ფიზიკური ბრწყინვით წარმოაჩენს ან მენტალური ადამიანისთვის თითქმის ზებუნებრივი, თუმცა გამოზომილი სინათლით ცხადყოფს გონებითა და მეცნიერებით მოცემულ ცოდნაზე უფრო დიდ და უფრო ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებას, მორალისტის მიერ წარმოდგენილ სქემატურ სათნოებებზე უფრო დიდ და უფრო ღვთაებრივ მართებულებას, არტისტის მიერ განდიდებულ გრძნობად ან წარმოსახვით სილამაზეზე უფრო ღრმა, უნივერსალურ და მომნუსხველ მშვენიერებას, ისეთ სიხარულსა და ღვთიურ მგრძნობიარობას, რომელთან შედარებითაც ჩვეულებრივი ემოციები მწირია და ფერმკრთალი; ის შეგრძნებაა შეგრძნებებისა და განცდების მიღმა, ანუ ისეთი ღვთაებრივი ცხოვრების და მოქმედების შესაძლებლობა, რომელსაც ჩვეულებრივი ცხოვრების წესი ჩვენს იმპულსებსა თუ ხედვას უმალავს. ძალზე მრავალგვარი, ძალზე ფრაგმენტული, ხშირად ძალზე გაფანტული ან დამაბნეველია ამ სინათლის ზემოქმედება უფრო დაბლამდგომ ყველა ინსტანციაზე, გონებიდან მოყოლებული. მაგრამ ასობით დეფორმაციის გავლით ამ ნათელს, საბოლოოდ, სწორედ თავისკენ მივყავართ. მას ამწყვდევს, კლავს ან, სულ ცოტა, ამცირებს და ახშობს ფორმალური მრწამსებისა თუ წეს-კანონების ღვთისმოსავი მიდევნა; მას შეუბრალებლად აბაზრებს და საცოდავ-მდაბიურად ახურდავებს ტრადიციულ რელიგიებში დამკვიდრებული ვულგარულობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს სწორედ ის სინათლეა, რომელსაც რელიგიური სული და ადამიანის სულიერება მიესწრაფვის და რომლის მქრქალი ნათება კრთის ამ უკანასკნელთა თვით ყველაზე დეგრადირებულ ფორმებში.
მისი გონიერი არსების ეს უკიდურესი სირთულე, რომელშიც არცერთი პრინციპი საიმედოდ არ მეუფებს სხვა დანარჩენებზე; არარსებობა ისეთი ურყევ-უეჭველი სინათლისა, რომელიც გაუძღვებოდა და გააკონტროლებდა გონებისა თუ მოაზროვნე ნების რყევა-ყოყმანს, _ აი, სწორედ ეს არის ადამიანის დიდი შეფერხება, მისი «დაბრკოლების ლოდი». მისი მენტალობისთვის დამახასიათებელი მტრული სხვაობები, დაპირისპირებები, ანტაგონიზმი, ჭიდილი, მოქცევები, შებრუნებები თუ გადაგვარებები, მის ძალისხმევათა გამჭოლი იდეების, იმპულსებისა და ტენდენციების მთელი ამ ქაოტური ბრძოლის სათავე ადამიანის ცნობიერების მრავალი «წარმომადგენლის» ბუნებითი გაუგებრობა და ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნებია. მისი გონება ჰგავს მოსამართლეს, რომელიც კონფლიქტურ გადაწყვეტილებებს იღებს; მას ქრთამავენ და ტენდენციურს ხდიან მასთან მისული მთხოვნელ-მომჩივანები; მისი მოაზროვნე ნება მისივე სამეფოს სხვადასხვა რეგიონში წარმოქმნილი კონფლიქტებით, თვით მისთვისვე ნიშნეული მიკერძოებითა და საბოლოო არაკომპეტენტურობით გაწამებული მმართველია. და მაინც, ამ ყველაფრის შუაგულში გონებას ჩამოყალიბებული აქვს ტევადი იდეები კულტურაზე და მენტალურ ცხოვრებაზე და ამ ფენომენებთან დაკავშირებული მისი ურთიერთმოქიშპე ცნებებიც მიჰყვებიან გარკვეულ, თვით ამ გონების სექტორებით განსაზღვრულ მიმართულებებს, რომლებიც მრუდების ერთ მთლიან სისტემად ჩამოაყალიბა ექსკლუზიურ სტანდარტამდე ან ინტეგრალურ ჰარმონიამდე მისვლის არაერთმა მისეულმა მცდელობამ.
ჯერ ერთმანეთისგან გავარჩიოთ ცივილიზაცია და ბარბაროსობა. თავისი ჩვეულებრივი, პოპულარული აზრით, ცივილიზაცია ნიშნავს ცივილური ანუ მართული, დაცული, ორგანიზებული, განათლებული, ცოდნითა და სათანადო ტექნოლოგიით აღჭურვილი საზოგადოების მდგომარეობას, საპირისპიროდ იმ საზოგადოებისა, რომელსაც ეს უპირატესობები არ აქვს ან არ უნდა რომ ჰქონდეს. გარკვეული აზრით, წითელკანიან ინდიელს, ბასუტოს მკვიდრს, ფიჯის კუნძულელს _ თითოეულს თავისი ცივილიზაცია აქვს. ამ საზოგადოებათაგან თითოეული უბრალოდ და მკაცრად არის მოწყობილი: სოციალური კანონი, გარკვეული ეთიკური იდეები, რელიგია, თავისებური წრთვნა, არა ერთი და ორი სათნოება, რომელთაგან ზოგიერთს, როგორც ამბობენ, სევდისმომგვრელად აკლია ცივილურობა. არადა, თითქოს უკვე შევთანხმდით, რომ მათ ველურები და ბარბაროსები ვუწოდოთ, უპირატესად _ მათი დაუხვეწავი და შეზღუდული ცოდნის, მათი ხელსაწყო-იარაღების პრიმიტიულობისა და მათი საზოგადოებრივი მოწყობის შიშველი უბრალოების გამო. უფრო განვითარებული საზოგადოებებისთვის ნაპოვნი გვაქვს ეპითეტები «ნახევრად ცივილიზებული» და «ნახევრად ბარბაროსული», რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციები იყენებენ ერთიმეორის მიმართ. ამ საზოგადოებათგან იმას, რომელიც, დროის გარკვეულ მონაკვეთში, დომინანტურია და ფიზიკურად წარმატებული, ბუნებრივია, ყველაზე ხმამაღალი და ყველაზე თავდაჯერებული განაცხადიც შემოაქვს. უწინ ადამიანები უფრო მიამიტები და პირდაპირები იყვნენ და თავიანთ თვალსაზრისსაც ღიად გამოხატავდნენ, როცა მათგან კულტურულად განსხვავებულ ყველა ხალხს ბარბაროსებად თუ «მანქურთებად» ნათლავდნენ. ასე გამოყენებულ სიტყვას «ცივილიზაცია» ან მხოლოდ ფარდობითი აზრი აქვს ან საერთოდ არავითარი ფიქსირებული მნიშვნელობა არ მოეძებნება. ამიტომაც, თავიდან უნდა მოვიშოროთ ყველაფერი, რაც მასში დროებითი ან შემთხვევითია და ორიენტაცია ავიღოთ იმ განსხვავებაზე, რის მიხედვითაც ბარბაროსობა ისეთი საზოგადოების მდგომარეობაა, რომლის წარმომადგენელი თითქმის მხოლოდ საკუთარი სიცოცხლითა და სხეულით, საკუთარი ეკონომიკითა და ფიზიკური არსებობით არის დაკავებული, ანუ ჯერ მათ შენარჩუნებაზე, მერე კი უფრო და უფრო მეტ სიუხვე-კეთილდღეობაზე ზრუნვით, და თავისი მენტალური განვითარებისთვის მაინცდამაინც არც საშუალებები აქვს და არც შესატყვისი მიდრეკილება. ამასობაში კი, ცივილიზაცია არის უფრო განვითარებული მდგომარეობა საზოგადოებისა, რომლის საკმარისი სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზება ზრდის გონებრივი ცხოვრების აქტივობას მის უმეტეს _ თუ არა ყველა _ სექტორში. ზოგჯერ ხომ, ზოგიერთი ასეთი სექტორის ჩამორჩენის, დაბნევა-უხალისობისა თუ დროებითი ატროფიის მიუხედავად, დანარჩენი საზოგადოება თვალშისაცემად ცივილიზებული ან, საერთოდ, მაღალცივილიზებულიც კი შეიძლება იყოს. ეს კონცეფცია მხარს უჭერს ყველა ისტორიულ თუ ისტორიამდელ ცივილიზაციას და გვერდზე სწევს ყოველგვარ ბარბაროსობას, აფრიკული იქნება ის, ევროპული თუ აზიური, ჰუნების, გოთების, ვანდალებისა თუ თურქმენების. აშკარად დასაშვებია, რომ ბარბაროსობის მდგომარეობაში ტლანქი ფორმებით უკვე მოცემული იყოს ცივილიზაციის საწყისები. ისიც აშკარაა, რომ ცივილურ საზოგადოებაში, შესაძლოა, დიდმა ბარბაროსობამ ან მისმა მრავალმა გადმონაშთმა იარსებოს. ამ თვალსაზრისით, ყველა საზოგადოება ნახევრად ცივილიზებულია. როგორი გაკვირვებითა და ზიზღით გამოხედავს ჩვენს დღევანდელ ცივილიზაციას _ არასრულად ცივილიზებული ამ ეპოქის ცრურწმენებსა და სისასტიკეებს _ უფრო წინ წასული კაცობრიობა! მაგრამ უმთავრესი მაინც ისაა, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელსაც ჩვენ «ცივილიზებულს» ვუწოდებდით, ადამიანის გონება აქტიური უნდა იყოს, მენტალური მისწრაფებები _ განვითარებული, ხოლო მენტალური ყოფიერებით საკუთარი ცხოვრების რეგულირება და სრულყოფა _ მისი გაუმჯობესებული გონების ნათლად გაცნობიერებული კონცეფცია.
მაგრამ ცივილიზებულ საზოგადოებაში მაინც არსებობს განსხვავება ნაწილობრივ, უხეშად, პირობითად ცივილიზებულსა და კულტურულს შორის. აქედან ჩანს, რომ უბრალო მონაწილეობა ცივილიზაციის ჩვეულებრივ პრივილეგიებში, თავისთავად, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანი მენტალურ ცხოვრებამდე ამაღლდეს. მეტი განვითარება, მეტი ამაღლებაა საჭირო. ბოლო თაობამ ხაზგასმით დააფიქსირა განსხვავება კულტურულ ადამიანსა და ფილისტერს შორის და ნათლად განმარტა ამ უკანასკნელის არსი. ზოგადად, ფილისტერში მან იგულისხმა ადამიანი, რომელიც გარეგნულად ეწევა ცივილიზებულ ცხოვრებას, ფლობს მის ყველა ატრიბუტს, უერთდება თვალსაზრისების, წინასჯების, შეთანხმებებისა თუ სენტიმენტების მიმდინარე ნაკადს, თუმცა საკუთრივ მისი პერსონა იდეებისთვის შეუღწევადია, არ გააჩნია არავითარი თავისუფალი აზროვნება, მშვენიერებისა და ხელოვნების არაფერი გაეგება, ახდენს ვულგარიზებას ყოველივესი, რასაც კი ეხება, ანუ რელიგიის, ეთიკის, ლიტერატურის, ცხოვრების. ამდენად, ფილისტერი ცივილიზებული ბარბაროსია. ხშირად ის ნახევრად ცივილიზებული ფიზიკური და ვიტალური ბარბაროსია თავისი შეუგნებელი დამოკიდებულებით სხეულის სიცოცხლესთან, ვიტალურ საჭიროებებთან და იმპულსებთან, შინაური და მომჭირნე ადამიან-ცხოველის იდეალთან. მაგრამ, არსებითად და საზოგადოდ, ის არის მენტალური ბარბაროსი და გრძნობადი არსებობით მცხოვრები საშუალო ადამიანი. სხვა სიტყვებით: მისი მენტალური ყოფიერება გონების ქვედა შრეს ეკუთვნის, მისი ცხოვრება გრძნობების, შეგრძნებების, ემოციების, პრაქტიკული ქცევის ცხოვრებაა, ანუ – გონიერი არსების დაწყებითი სტატუსი. ყოველივე ზემოთჩამოთვლილში ის შეიძლება ერთობ აქტიური და ენერგიულიც იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი, საბოლოოდ, არც აღმატებული სინათლით წარიმართება და არც უფრო თავისუფალ და უფრო კეთილშობილ სიმაღლემდე ადის. პირიქით: უფრო მაღალი უნარები მას თავისი გრძნობა-შეგრძნებების, თავისი გაუნათლებელი და დაუხვეწავი ემოციების დონემდე, თავის ტლანქ პრაქტიკულობამდე ჩამოჰყავს. ესთეტიკური მხარე თითქმის განუვითარებელი აქვს; მშვენიერებაზე ან სრულებით არ ზრუნავს ან თავისი მდარე გემოვნებით ამცრობს და ავულგარულებს ესთეტიკური სამყაროსა და ესთეტიკური გრძნობის საყოველთაო სტანდარტს. ხშირად ის დიდი მორალისტია, გაცილებით მეტ აქცენტს აკეთებს ზნეობაზე, ვიდრე ამას კულტურის ადამიანი იზამდა. მაგრამ ფილისტერის მორალური არსება ისეთივე ტლუ და განუვითარებელია, როგორც სხვა ყველაფერი მისეული, ანუ პირობითი, უწრთობი და უგუნურია, მოწონება-არმოწონების, წინასჯებისა და მოარული შეხედულებების გროვაა, სოციალურ შეთანხმებებსა და რესპექტაბელობაზე მიბმულა და ბნელად – გრძნობით და არა აზროვნებით – უკუაგდებს ყოველგვარ ღია გადახრას საზოგადოდ მიღებული ქცევის ნორმიდან. მისი ეთიკური მიდრეკილება გრძნობადი გონების ჩვევაა ანუ – გრძნობადი არსებობით მცხოვრები საშუალო ადამიანის ზნეობა. ერთი შეხედვით, მას თავისებური განსჯაც აქვს და მოაზროვნე ნებაც, მაგრამ ერთიცა და მეორეც მისი საკუთარი კი არ არის, გარედან შემოსული ჯგუფური გონის ნაწილია. და თუ მისიცაა, მაშინ ეს მხოლოდ პრაქტიკული, მგრძნობელობითი, ემოციური განსჯა და ნებაა, ქცევასთან დაკავშირებული საყოველთაო ცნებებისა და წესების მექანიკური გამეორება და არა ნამდვილი აზრისა და გონებრივი განსაზღვრულობის გამოხატულება. ამ ცნება-წესების მოხმარება მას ისევე ვერ აქცევს განვითარებულ მენტალურ არსებად, როგორც საშუალო ლონდონელს ვერ განუვითარებს ფიზიოლოგიას მისი ყოველდღიური სვლა სამსახურში ან როგორც ბანკის მოხელე ვერ იქცევა მოწინავე ეკონომისტად მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში შეტანილი ყოველდღიურ-საბანკო წვლილით. ასეთი ადამიანი გონებრივად აქტიური კი არ არის, არამედ რეაქტიულია, ანუ რეაგირების მიმცემი, ანუ – სრულებით განსხვავებული რამ.
ფილისტერები არ გადაშენებულან, პირიქით – ისინი ყველგან არიან, თუმცა ვეღარ ბატონობენ. კულტურის შვილებს ჯერ არ დაუმარცხებიათ, მხოლოდ თავი დააღწიეს ძველ გოლიათს და იგი ახალი გოლიათით შეცვალეს. ესაა მგრძნობელობითი ადამიანი, რომელიც აღმატებული უნარების გონებრივი გამოყენების გარკვეულმა აუცილებლობამ გამოაღვიძა და რომელიც ახლა მენტალური აქტივობის მცდელობაშია. იგი ამ აქტივობისთვის შოლტითა და ცენზურით აღზარდეს და, თანაც, სადღეისოდ ახალი ინფორმაციის, ახალი ინტელექტუალური მოდების, ახალი იდეებისა და ახალი მოძრაობების მორევში ცხოვრობს, მორევში, რომლის წინაშეც თვალს და ყურს ჯიუტად ვეღარ დაიხშობს. იგი ღიაა ახალი იდეებისადმი, შეუძლია ჩაეჭიდოს და უწესრიგოდ ისროლოს აქეთ-იქით; შეუძლია გაიგოს ან ვერ გაიგოს იდეალები, იზრუნოს მათ განხორციელებაზე და, ასე გასინჯეთ, შეეწიროს კიდეც. მან იცის, რომ უნდა იფიქროს ეთიკურ, სოციალურ, მეცნიერულ თუ რელიგიურ პრობლემებზე, მიესალმოს ახალ პოლიტიკურ პერსპექტივებს, შეძლებისდაგვარი გაგებით მოეკიდოს ამჟამად ერთიმეორის კვალში ჩამდგარი ან ერთმანეთს შეჯახებული აზრის, ძიებისა და მოქმედების ყველა ნაკადს. იგი კითხულობს პოეზიას, აქტიურად შთანთქავს მხატვრულ და პერიოდულ ლიტერატურას. ვინ იცის, ეგებ მასში თაგორის სტუდენტი ან უიტმენის თაყვანისმცემელიც იპოვოთ. შესაძლოა, მაინცდამაინც ნათლად არ ესმოდეს მშვენიერება ან ესთეტიკა, თუმცა ის კი გაგონილი ექნება, რომ ხელოვნება სულაც არ არის ცხოვრების უმნიშვნელო ნაწილი. დიახ, ამ ახალი კოლოსის აჩრდილი ყველგან შეინიშნება. ის – მკითხველთა დიდი პუბლიკაა; მისია გაზეთები და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ჟურნალები; პროზა, პოეზია და ხელოვნება მისი მენტალური მომმარაგებლებია; მისთვის არსებობს თეატრი, კინო და რადიო; მეცნიერება ჩქარობს, რომ თავისი ცოდნა და აღმოჩენები სახლის კარამდე მიუტანოს და მისი ცხოვრება სულ ახალ-ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვოს; პოლიტიკა მის თარგზე იჭრება. სწორედ ის დაუპირისპირდა, შემდეგ კი ხმა მისცა ქალთათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭებას; იგი ავითარებდა სინდიკალიზმს, ანარქიზმს, კლასობრივ დაპირისპირებას, შრომის განდიდებას, ახორციელებდა იდეების თუ კულტურების ბრძოლას (უმძვინვარესი ტიპის კონფლიქტს, ახალი ბარბაროსობის უშუალო გამოხატულებას), სულ რამდენიმე დღეში ახდენდა რუსულ რევოლუციებს, რასაც ვერ ახერხებდა ინტელიგენციის საუკუნოვანი მტანჯველი ძალისხმევა. სწორედ ის აღმოჩნდა თანამედროვე სამყაროს სახეცვლილების ოპერატიული რწმუნებული. ლენინმა, მუსოლინიმ, ჰიტლერმა სწრაფ და გამაოგნებელ წარმატებას იმით მიაღწიეს, რომ სახეზე იყო ეს მამოძრავებელი ძალა, ეს სწრაფმოქმედი და სწრაფად რეაგირებადი მასა, რომელმაც ეს ლიდერები გამარჯვებამდე მიიყვანა და რომელიც ასე აკლდათ მათ ნაკლებად იღბლიან წინამორბედებს.
ამ დიდმნიშვნელოვანი ცვლილების პირველი შედეგები შთაგონებას აძლევდა მოძრაობის ჩვენეულ სურვილს, თუმცა მოაზროვნესა და დახვეწილი კულტურის მოყვარულს, ცოტა არ იყოს, აბნევდა კიდეც. რადგან თუ, გარკვეულწილად, ამ ცვლილებას მოჰყვა კულტურის (თუ ფსევდოკულტურის) დემოკრატიზება, მაინც არ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ქვედა ფენებიდან მომდგარმა ნახევრად გადარჩენილთა ტალღამ კულტურა აამაღლა და გააძლიერა. ამიერიდან მსოფლიოს მართვის სადავეები უწინდებურად აღარ ეპყრა დედამიწის საუკეთესო ტვინებსა და მათ მოაზროვნე ნებას. კომერციალიზმი კვლავ თანამედროვე ცივილიზაციის გულისგულად რჩება, მგრძნობელობითი აქტივობა – კვლავ მის მამოძრავებელ ძალად. თანამედროვე განათლებას მასობრივად ჯერ არ «გამოუხსნია» მგრძნობელობითი ადამიანი, ეგაა, აუცილებელ პროგრამად დაუსახა ისეთი საგნები, რომლებსაც იგი მანამდე მიუჩვეველი იყო: მენტალური აქტივობა და საქმიანობა, ინტელექტუალური და თვით ესთეტიკური განცდები, იდეალისტური ემოციები. თანამედროვე ადამიანი ისევ ვიტალურ შრეში ცხოვრობს, მაგრამ უკვე ზემოდან სტიმულირების მოთხოვნილება აქვს; მწერლების მთელ ჯარს საჭიროებს იმისთვის, რომ გონებრივად დაკავდეს და თავი ინტელექტუალური საკვებით უზრუნველყოს; ზოგადად სწყურია ყოველგვარი ინფორმაცია, რომელიც, არსებითად, არ აინტერესებს ან რომლის მწყობრში მოსაყვანად თუ ასათვისებლად დრო არ ჰყოფნის; სწყურია პოპულარიზებული სამეცნიერო ცოდნა, ისეთი ახალი იდეები, რომლებსაც მისი გონება მოიხელთებს და რომლებსაც ძალუმად და ბრწყინვალედ დაუდებენ წინ; სწყურია მრავალგვარი მენტალური აღმგზნები, იდეალები, რომლებიც, მისივე აზრით, შეაგულიანებდნენ და ზოგჯერ თავისებურად შეუფერადებდნენ კიდეც ცხოვრებისეულ ქცევას. ეს აქტივობა და მგრძნობელობა უხეშ მენტალურ არსებაზეა გათვლილი, მაგრამ მაინც გაცილებით უფრო ღიაა და თავისუფალი. და კულტურის წარმომადგენლებიც – ინტელიგენტები – ხედავენ, რომ, გარკვეული სტიმულირების თუ აყოლიების შემთხვევაში, ეს ადამიანი უკვე ისეთი ყურით ისმენს, როგორიც არასოდეს ჰქონია ნამდვილ ფილისტერს. ამჯერად კულტურის ამ წარმომადგენელთა იდეებს აქამდე არნახული განხორციელების შანსი ეძლევა. ამის შედეგია აზრის, ხელოვნების, ლიტერატურის გაიაფება; ტალანტისა და თვით გენიის მიშვება საყოველთაო პოპულარობის კალაპოტში; მწერლის, მოაზროვნის თუ მეცნიერის დაყენება ისეთ პოზიციაში, რომელიც ძალიან ჰგავს რომაელი დიდებულის ოჯახში მყოფი კულტურული ბერძენი მონის პოზიციას: იქ მან უნდა იმუშაოს, აამოს, გაართოს და ინფორმაცია მიაწოდოს თავის პატრონს, თან მუდამ გაითვალისწინოს ამ უკანასკნელის გემოვნება-ხასიათი და, დროდადრო, ეშმაკურად იმეოროს ის ყველაფერი, რაც რომაელი ბატონის წარმოსახვას ატყვევებს. ერთი სიტყვით, უფრო მაღალმა გონებრივმა ცხოვრებამ დემოკრატიზება, სენსუალიზება, გააქტიურება განიცადა და ამას კარგი შედეგებიც მოჰყვა და ცუდიც. თუ რწმენით მივუდგებით, ამ ყველაფერში, შესაძლოა, მოუხეშავი, მაგრამ მაინც უზარმაზარი ცვლილების დასაწყისი დავლანდოთ. აზრსა და ცოდნას – თუ ჯერჯერობით მშვენიერებას არა – არათუ უკვე უსმენენ, არამედ ისინი სწრაფად აყალიბებენ დიდ, ბუნდოვან და, საბოლოოდ, ქმედით ნებელობას, როგორც თავიანთ უშუალო შედეგს; სენსუალობის ამ ზედაპირული რიდის მიღმა წარმოუდგენლად გაიზარდა კულტურისა და შეფასება-ცოდნისკენ სერიოზულად მსწრაფველ ადამიანთა მასა და ამჟამად თვით სენსუალური ადამიანიც კი ფერისცვალებას განიცდის. დღეს პრაქტიკაში ინერგება განათლების ახალი მეთოდები, საზოგადოებრივი თანაცხოვრების ახალი პრინციპები, რის შედეგადაც ოდესმე, შესაძლოა, იშვას ადამიანთა ისეთი მოდგმა (და არა მხოლოდ კლასი), რომლის წარმომადგენლებს გარკვეულწილად ნაპოვნი და განვითარებული ექნებათ თავიანთი მენტალური არსება, – იშვას კულტურული კაცობრიობა.

??????