ახალი ამბის გაგება მანქანაში (მთარგმნელი: ირმა ტაველიძე)
ამ ადგილას გზა თავქვე ეშვება, უსახურ ველზე გადის სადღაც ევრესა და მანტს შორის. აქ ასჯერ გაგივლია და არაფერზე გიფიქრია, წინ მიმავალ სატვირთო მანქანის გასწრების ან მებაჟისთვის მისაცემ ხურდა ფულის მოძებნის გარდა. აი, უცებ - სტოპ-კადრი, ყველაფერი გაიყინა. წამის მეათედში მოხდა, თითქოს ფოტო გადაიღეს. რუხი, უბრალო გზა, მანქანების სამი მწკრივით, სენის დაბლობისკენ რომ მიემართება, უცებ განუსაზღვრელ მნიშვნელობას იძენს. წითელ-თეთრი "ანტარი", სატვირთო მანქანა მარჯვენა რიგში, ისიც კი შეიძლება შერჩეს ამ ფოტოს. თითქოს მოულოდნელად უცნობ ადგილას აღმოჩნდი, რომლის მონახულების სურვილიც არასდროს გქონია და რომელიც აქამდე მხოლოდ აბსტრაქტული დასახელება იყო ჩვეულ გზაზე, რაღაც მოსაწყენთან თუ დამღლელთან რომ იგივდებოდა.
ჟაკ ბრელი - მისი უამრავი სურათი გქონდა მეხსიერებაში, სიმღერებთან დაკავშირებული ბავშვობის მოგონებები, პირდპირი მნიშვნელობით დამანგრეველი აპლოდისმენტები "ოლიმპიაში" 1964 წელს, როცა იქ "ამსტერდამს" მღეროდა. გაქრება ეს ყველაფერი. დრო გავა. თავიდან ბრელის ბევრ სიმღერას ისევ მოუსმენენ, თბილ სიტყვებსაც არ დაიშურებენ. მერე ცოტა ნაკლებს და ბოლოს, თითქმის არცერთს. მაგრამ როდესაც მას ახსენებენ, ყოველთვის თვალწინ წარმოგიდგება ის გზა და უსახური ველი. სისულელეა, აუხსნელია, თუმცა რას გახდები. ცხოვრება გრძელი ფილმია და მანქანის რადიო კამერად შეიძლება გადაიქცეს, ხოლო საქარე მინა - ეკრანად. ამ ფირის ფრაგმენტები თავში ირევა. თუმცა მგზავრობაც თავის როლს ასრულებს: ურთიერთმონაცვლე პეიზაჟების მოჩვენებითი ფამილარობა ერთ დღეს მოულოდნელად კრისტალიზდება. ჟაკ ბრელის სიკვდილი კი შენთვის ავტოსტრადაა მანქანების სამი მწკრივით და დიდი სატვირთო "ანტარით" მარჯვენა რიგში.