დელერმი ფილიპ
გაზიარება

დანა ჯიბეში (მთარგმნელი: ირმა ტაველიძე) 

რა თქმა უნდა, არც სამზარეულოსი და არც ქუჩის ბიჭების. თუმცა არც ფანქრისმთლელი. ვთქვათ, "ოპინელ ¹6" ან "ლაგიოლი". ასეთი დანა გვარის უხუცესს, დიდ ბაბუას შეიძლება ჰქონოდა. დანა, რომელსაც ის მუქ ყავისფერ მსხვილზოლიან ხავერდის შარვლის ჯიბეში ჩაიდებდა. დანა, რომელიც სადილობისას უნდა ამოეღო და მახვილ წვერზე ძეხვის ნაჭრები წამოეგო, ნელა გაეთალა ვაშლი, თან თითით მის პირს დასწოლოდა. დანა, ყავის დალევის შემდეგ რომ უნდა დაეკეცა მას ყველას დასანახად, რაც სადილობის დასასრულს მიანიშნებდა და თითოეულს მუშაობის განახლებისკენ მოუწოდებდა.

დანა, რომელზეც ბავშვობაში იოცნებებდი: მშვილდ-ისრის გამოსათლელად, ხის ხმლის გასაკეთებლად, ხის ქერქის ვადითვე რომ დაამშვენებდი - დანა, რომელიც მშობლებს მეტად სახიფათოდ მიაჩნდათ ბავშვებისთვის.

ახლა კი რისთვის? უხუცესების დრო ხომ წავიდა, აღარც ბავშვი ხარ. არც არაფრისთვის, თუმცა მაინც იწყებ ამ საცოდავ თავის მართლებას:

- რას ამბობ, ათას რამეში გამოდგება, ლაშქრობის დროს, პიკნიკებზე,
იჩხირკედელავებ მაინც, თუ სხვა იარაღები არ მოიძებნება...

არც არაფერში გამოიყენებ, კარგად იცი. მთავარი ეს არ არის. ეგოისტურად აბსოლუტური სიამოვნებაა, გქონდეს მსგავსი ნივთი: მშვენიერი, უსარგებლო, თბილი ხის ან გლუვი სადაფის, პირზე კაბალისტური ნიშნით (გამგები გაიგებს): გვირგვინოსანი ხელი, ქოლგა, ბულბული, ტარზე ფუტკარი. დიახ, სნობიზმი სხვაგვარ გემოს იძენს, როცა უბრალო ცხოვრების ასეთ სიმბოლოს უკავშირდება. სოფლური ფუფუნება ფაქსის ეპოქაში. გამოუყენებელი ნივთი, რომელიც ჯიბეს უაზროდ ბერავს და რომელსაც ხანდახან იღებ, არა სახმარად, არამედ შესახებად, შესახედად, მისი გახსნით და დაკეცვით დაუფლებული ნეტარი კმაყოფილებისთვის. წარსულს მისძინებია უშურველ აწმყოში. რამდენიმე წამით თავს თეთრულვაშიან მწყემს ბერიკაცად და იმავდროულად წყლისპირა ანწლის სუნით გაბრუებულ ბავშვად გრძნობ. პირის გამოშლისას თუ ჩაბრუნებისას ორ ასაკს შორის მოქცეული კი აღარ ხარ, არამედ ერთდროულად ორი ასაკის - აი, სულ ეს არის დანის საიდუმლო.

??????