დელერმი ფილიპ
გაზიარება

ვაშლის სუნი (მთარგმნელი: ირმა ტაველიძე) 

სარდაფში ჩადიხარ. სუნიც მყისვე გცემს. გამოსაშრობად გაფენილ ვაშლებს ასდის, გადმობრუნებულ ხილის ყუთებზე რომ დაუწყვიათ. ამას არ ელოდი. არც გსურდა, ასეთ ნაკადს სულის სიღრმემდე დაეტბორე. მაგრამ უკვე გვიანია. ვაშლის სუნი თავს ტალღასავით დაგატყდა. აუხსნელია: ნეტავ, როგორ ძლებდი ამდენ ხანს ბავშვობის ამ მოტკბო სიმძაფრის გარეშე?

მომჭკნარ ხილზე გემრიელი არაფერია, მოგონილი სიმშრალის თუ თითოეულ ხვეულში საგულვებელი ჩასქელებული ნექტარის გამო. მისი შეჭმა კი, რატომღაც, არ გსურს. ალბათ არ გინდა, ეს მოლივლივე დიდებული სურნელი იოლად ამოსაცნობ გემოდ იქცეს. რას იტყვი, ძალიან სასიამოვნო ან მეტად მძაფრი სუნია? მთავარი სხვა რამ არის... შინაგანი მიმზიდველობა, საუკეთესო წლების, ბედნიერი ხანის სუნი. მასში სკოლის შემოდგომა ჩანს. გულმოდგინედ გამოგყავს რვეულში ასოები იისფერი მელნით. ფანჯარაზე წვიმა წკაპუნობს. დგება გრძელი საღამო...

მაგრამ ვაშლის სუნი მხოლოდ გარდასულ დღეთა მოგონებები არაა. ფიქრობ შთამბეჭდავ წარსულზე, თუმცა გვარჯილიანი სარდაფი, ბნელი ბეღელიც გახსენდება. ეს ყველაფერი კი აქ, ამ წამს უნდა იგრძნო, განიცადო. შენს უკან მაღალი ბალახი და ბაღის ნოტიო ჰაერია, ხოლო წინ თითქოს წყვდიადში ჩაკარგული ცხელი ქარი ქრის. ამ სუნმა ყველანაირი ყავისფერი, წითელი ფერი, ცოტაოდენი მომჟავო მწვანეც შეიტკბო. მასში რბილი და უმნიშვნელოდ გაუხეშებული კანიც ჩაიწურა. გაშრა ყელი, მაგრამ იცი, რომ წყურვილს ამჯერად ვერ მოიკლავ. ნაყოფის თეთრი რბილობის ჩაკბეჩა ხომ არაფერს მოგცემს. შენ თვითონ უნდა გახდე ოქტომბერი, სარდაფის თაღი, დატკეპნილი მიწა, წვიმა, მოლოდინი. მტანჯველია ვაშლის სუნი. ეს ნამდვილი ცხოვრების სუნი და გემოა, იმ აუჩქარებლობის, რომლის ღირსნიც ჩვენ აღარა ვართ.

??????