დელიოზი ჟილ
გაზიარება

ხორცი და სული: ცხოველად ქცევა (მთარგმნელი: ხათუნა ხაბულიანი) 

სხეული ფიგურაა, უფრო სწორად, ფიგურის მატერია. ფიგურის მატერია არ არის სივრცეში აგებული მატერიალური სტრუქტურა, რაც სულ სხვა რამეს წარმოადგენს. როცა ვსაუბრობთ სხეულზე, როგორც ფიგურაზე, ის არ ნიშნავს სახეს და მას ეს სახე არც შეიძლება ჰქონდეს. მას აქვს თავი, რადგან თავი სხეულის განუყოფელი ნაწილია, შეიძლება მთლიანად შემცირდეს და სულ თავად იქცეს..
ფრენსის ბეკონი - პორტრეტისტი - თავების მხატვარია და არა სახეებისა. ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა. სახე სტრუქტურირებული სივრცობრივი ორგანიზაციაა, რომელიც ფარავს თავს, მაშინ, როცა თავი სხეულის მთავარი ნაწილია, თუნდაც იმის გამო, რომ სხეულის წვერშია მოქცეული. ეს არ ნიშნავს, რომ ის სულსაა მოკლებული, ის არის სხეულად ქცეული სული -ხორციელი და ცოცხალი სუნთქვა, ცხოველური სული; ის არის ადამიანის ცხოველური სული: ღორული, ხარისებრი, ძაღლური, თუ ღამურებური სული. ეს გულისხმობს, რომ ბეკონი მიჰყვება პორტრეტის განსაკუთრებულ პროექტს. სახის არგამოსახვით ის ხელახლა აღმოაჩენს და სახის წინ ამოაგდებს თავს.
დეფორმაციები, რომელთაც სხეულები ექვემდებარებიან, ასევე თავის ცხოველური ნიშნებია. შესაბამისობის არანაირი გზა არ არსებობს ცხოველურ ფორმებსა და სახის ფორმებს შორის. ფაქტიურად, სახემ დაკარგა ფორმა, როცა პროცესში გახდა გადაშლისა და შეღებვის ობიექტი, რამაც მისი დეზორგანიზაცია მოახდინა და თავს მისცა საშუალება, მის ადგილას ამოსულიყო. ცხოველურობის ნიშნები, თუ თვისებები აღარ არიან ცხოველური ფორმები, არამედ სული, რომელიც ჩნდება გაშლილ ადგილას, რომელიც ამოდის თავიდან და ახდენს სახის გარეშე არსებული თავის ინდივიდუალიზაციასა და კვალიფიცირებას. წაშლისა და ფერით დაფარვის პროცედურა, რომელსაც ბეკონი მიმართავს, ვლინდება სპეციფიურ მნიშვნელობაში. აქ ხდება ის, რომ ადამიანის თავი იცვლება ცხოველის თავით, მაგრამ ეს არ არის ცხოველი, როგორც ფორმა, არამედ, ეს არის ცხოველი, როგორც მოხაზულობა - კონტური. მაგ. მოფრთხიალე ჩიტის კონტური, რომელიც ბრუნავს წაშლილ სივრცეში, როცა მის გვერდით გამოსახული სახეებიანი პორტრეტების სიმულაკრები მხოლოდ "მოწმის" როლს ასრულებენ (1976 წ. ტრიპტიქი). ცხოველი, კერძოდ, ნამდვილი ძაღლი, გამოსახულია, როგორც თავისი პატრონის ჩრდილი; შეიძლება ისიც ითქვას, რომ კაცის ჩრდილი გულისხმობს განუსაზღვრელსა და ავტონომიურ ცხოველურ არსებობას. ჩრდილი ისე გამორბის სხეულიდან, როგორც ძაღლი, რომელიც ჩვენ შევიფარეთ. ფორმალური შესაბამისობის ნაცვლად, რასაც ბეკონის ნახატები შეადგენენ, იქმნება ადამიანსა და ცხოველს შორის ზონა ამოუცნობისა და გადაუჭრელობისა. ადამიანი იქცევა ცხოველად, როცა ცხოველი იქცევა სულად, ადამიანის სულად, ფიზიკურ სულად კაცისა, რომელიც ევმენიდებისა, თუ ბედისწერის სარკეში აისახება. ეს არ არის ფორმათა კომბინაცია, აქ ადამიანი და ცხოველი უფრო ზოგად ფაქტებად არსებობენ. შესაბამისად, ბეკონის ძალზე იზოლირებული ფიგურა იწყება ფიგურათა წყვილისაგან, სადაც ადამიანი დაწყვილებულია ცხოველთან - ხართან ბრძოლის აქტის ქვეტექსტით.
ამოუცნობის ობიექტური ზონა იწყება მთელი სხეულიდან, მაგრამ სხეული აქ ხორცის (გვამის) მნიშვნელობითაა. რა თქმა უნდა, სხეულს ძვლებიც აქვს, მაგრამ ისინი მხოლოდ სივრცობრივ სტრუქტურას ქმნიან. განსხვავებები ხორცისა და ჩონჩხისა ხშირად აღნიშნულია, როგორც ხორცისა და ძვლების ურთიერთობები. სხეული მაშინ აჩვენებს თავს, როცა მას აღარ იჭერს ჩონჩხი. როცა ხორცი აღარ ფარავს ძვლებს, იწყება მათი არსებობა სრულ ურთიერთობებში. თუმცა, დამოუკიდებლად ორივე მხრიდან - ხორცი, როგორც სხეულის მატერიალური სტრუქტურა, ხორცი, როგორც ფიგურის ხორციელი მატერია. ბეკონი აღტაცებულია ედგარ დეგას ახალგაზრდა ქალით ტილოზე "ბანაობის შემდეგ" (1885-86), რომლის დეფორმირებული ხერხემალი თითქოს ამოვარდნილია სხეულიდან, მაშინ როცა ხორცი უფრო მგრძნობიარე და ცოცხალი, უფრო მოქნილი ხდება. სრულიად განსხვავებულ კომპოზიციაში ბეკონი ხატავს მსგავსსავე ხერხემალს პირქვე დამხობილ, დამახინჯებულ ფიგურაზე. ნახატში ხორცსა და ჩონჩხს შორის არსებული ძაბვის ამგვარი გამოხატვა ნამდვილი მიღწევაა. აქ სპეციფიურია ხორცი, რომელსაც ძაბვა შემოაქვს ტილოზე, რასაც ფერთა ბრწყინვაც ემატება. ხორციელება სხეულის მდგომარეობაა, სადაც რბილობი და ძვლები ერთმანეთს სრულიად დაპირისპირებულნი არიან, ნაცვლად იმისა, რომ კომპოზიციაში სტრუქტურულად გაერთიანდნენ. ძვლებს თითქოს ხორცი სცვივათ, ხორციდან კი ძვლები ჰყოფენ თავს.
სწორედ ესაა ბეკონის მახასიათებელი, რაც სრულიად უცხოა რემბრანდტის ან სუტინისათვის. თუ ბეკონთან არის რამე მსგავსი "სხეულის ინტერპრეტაციისა", მისი პოვნა შეგვიძლია მის საყვარელ მწოლიარე ფიგურებში, სადაც ამოწეული მკლავი ან ბარძაყი ძვლებად გამოისახება, რომელთაც ჩაძინებული ხორცი თითქოს სცილდება და სცვივა. ეს შეიძლება ვნახოთ 1962 წელს შესრულებულ ტრიპტიქზე, სადაც ცენტრალურ პანოზე გამოსახული მძინარე ტყუპები მოწმეებით _ ცხოველური სულებით შემოიფარგლებიან. ასევეა სერიაში, რომელიც მძინარე კაცს გამოსახავს ამოშვერილი ხელებით. ასევე მძინარე, თუ ტრანსში მყოფი ქალი ამოწეული ფეხებით. ყოველგვარი ცხადი სადიზმის გარშე ძვლები ჰგვანან სავარჯიშო აპარატს (ჩონჩხის ფორმიანს), რომლის ხორციც ტანმოვარჯიშეა. სხეულის ათლეტიზმი ბუნებრივად გრძელდება ხორცის აკრობატულობაში. დაცემის, ჩამოვარდნის არსი კარგად ჩანს ბეკონის ნამუშევრებში. მაგრამ რაც მას "ჯვარცმაში" აინტერესებს, არის ჩამოკიდებული მდგომარეობა და ჩამოგდებული თავი, რომელიც წარმოაჩენს ხორცს. 1962-65 წლების ნამუშევრებში ასევე ჩონჩხიდან ჩამოცვენილი ხორცია სავარძლის კონტექსტში ნაჩვენებ გადაჯვარედინებულ, ჩაყრილ ძვლებზე.
ბეკონისათვის, ისევე, როგორც ფრანც კაფკასათვის, ხერხემალი სხვა არაფერია, თუ არა ხმალი, რომელიც ტირანმა უცოდველი მძინარე ადამიანის კანქვეშ შეაცურა. ზოგჯერ ძვლის გამოსახულება სპონტანურად ემატება ნახატს...
შესაძლებელია იგივე, ზუტად იგივე ითქვას ხორცისა და თავის შესახებ; კერძოდ ის, რომ იგი არის ობიექტური ზონა ცხოველურობისა და მისი არსის განუსაზღვრელობისა. შეიძლება ობიექტურად ითქვას, რომ თავი არის ხორცი (რამდენადაც ხორცი არის სული)? სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით განა თავი არ არის ძვლებთან ყველაზე ახლოს? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ელ გრეკო, ან სუტინი. ბეკონი თავს ამგვარად არ განიცდის, როგორც ისინი. თავი უფრო უძვლოა, ვიდრე ძვლოვანი. მართალია, ის არ არის რბილი, პირიქით - მაგარია. თავი ხორცია, მაგრამ თავისთავად არ არის მიცვალებულის ნიღაბი. ეს არის ხორცის რბილი ბლოკი, რომელიც თვითონ სცილდება ძვლებს; აქ არის ჩანახატები უილიამ ბლეიკის პორტრეტისათვის. ბეკონის საკუთარი თავი ხორცია, რომლის მშვენიერი მზერა ორბიტების გარეშეა. ალბათ, ამის გამოა, რომ ის დიდ პატივს სცემს რემბრანდტს იმ უნარის გამო, დაასრულოს საკუთარი ავტოპორტრეტი მსგავსი ხორცის ბლოკით თვალის ორბიტების გარეშე. ბეკონის "ouvre"-ში თავი-ხორცის ურთიერთობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, რომელიც უფრო და უფრო ინტიმურს ხდის მას. ხორცი აქ გზის განაპირას, ან ბალუსტრადაზეა, სადაც ფიგურა-თავი დგას, მაგრამ სქელი ხორცის წვიმა გარს უვლის მას და შლის სახეს ქოლგის მიღმა.
ყვირილს, რომელიც პაპის ხახიდან მოდის, წყენას, რომელიც მის თვალებშია, ობიექტად ხორცი აქვთ. როცა ხორცს აქვს თავი, ის გარბის და თავს აღწევს ჯვარს, როგორც ეს ორ ადრეულ ჯვარცმაშია. მოგვიანებით შესრულებულ ბეკონის თავების ყველა სერიაში დეკლარირებულია მათი იდენტიფიკაცია ხორცთან და მათგან საუკეთესოები სრულდება ხორცის ფერებით _ წითელითა და ლურჯით.
დაბოლოს, ხორცი თავისთავად არის თავი და თავი იქცა ხორცის დელოკალიზაციის ძალად, როგორც "ჯვარცმის" ფრაგმენტში (1950), სადაც მთელი ხორცი ყვირის ძაღლის სულთან ერთად, რომელიც ჯვრის წვეროდან იყურება. ის ფაქტი, რომ ბეკონს ეს ნამუშევარი არ მოსწონდა, არის ერთგვარი სისადავეც მანიფესტის პროცედურისა: ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ ამოთხარა პირი ხორცის შუაგულში, პირისა და პირის ინტერიერის ხორცთან მსგავსება სწორხაზოვანია და იმ წერტილს აღწევს, სადაც გადაჭრილი არტერიის ნაწილს, ან არტერიასავით ჩადგმულ ჟაკეტის სახელოს ემსგავსება, ისევე, როგორც სისხლით გაჟღენთილი პაკეტები ტრიპტიქში "sweeny agonistes". შემდეგ პირი აღწევს იმ ძალას დელოკალიზაციისა, რომელიც მთელ ხორცს გადააქცევს თავად სახის გარეშე. ის აღარ არის სპეციფიური ორგანო, არამედ ხვრელია, რომელშიაც მთელი სხეულია გადახვეწილი, რომელშიც ხორცი ვარდება.
რასაც ბეკონი "ყვირილს" უწოდებს, არის უზომო ტკივილი, რომელიც ხორცზე ვრცელდება...

??????