დიკინსონი ემილი
გაზიარება

* * * ვეღარასოდეს ვიცხოვრებ შენთან (მთარგმნელი: დავით ახალაძე) 

ვეღარასოდეს ვიცხოვრებ შენთან,
მე შენთან ყოფნა მღლის და მაოსებს -
ასე მგონია, ჩემი სიცოცხლე
მტვრით შეთეთრებულ ზედა თაროზე

შემოუდიათ ფინჯანთა შორის,
იქ, სადაც მნათე მალავს გასაღებს
და მეჩვენება, თითქოს გამთელეს
და სამუდამოდ გადამასახლეს

იმ ფაიფურის მტვრიან ჭიქებში,
რომ მოიძულა დიასახლისმა -
ასე გულით რომ უნდა გადაყრა
ძველი ჭურჭლის და ყიდვა ახლისა...

მე ვერ დავუცდი შენ გვერდით სიკვდილს,
ვერც შენი წასვლის ცდას ვერ ავიტან,
ნეტავ, ვინ იცის, როდის იქნება
მოვკვდე, ან თვითონ მომწყდე თავიდან!

ან ვით შევძლებდი განზე გადგომას
და შენი ცივი ბუნების ჭვრეტას,
გვამივით გრილი შენი სხეული
რა ცეცხლით უნდა გამეთბო, ნეტავ!

ვერც შენთან ერთად ავმაღლდებოდი -
მაგ სახითა და ხმელი მუხლებით
ნირს წაუხდენდი ცაში წმინდანებს
და მაცხოვარსაც დაამწუხრებდი...

მინდა იცოდე, რომ შორი შუქი,
მონატრებული ჩემი თვალისთვის,
უშენოდ მეტად აელვარდება
და იკაშკაშებს მეტი ხალისით.

რატომ განგვსაჯა ასე სასტიკად
ზეცამ მაღალმა - შენმა მსახურმა,
თავისი კარი, შენთვის გახსნილი
ჩემ წინ საჩქაროდ რად არ დახურა?

რად დამიბინდე თვალსაწიერი,
რად დამანახე სამყარო ცერად,
შენ ხომ იცოდი, აღარ შემეძლო
სამოთხის მდორე სიმშვიდის ცქერა?..

და თუ წარწყმდები, მეც გამოგყვები,
რომ გაგიკვალო გზა და სავალი
და ჯოჯოხეთის ჯურღმულებიდან
შენს საცხოვნებლად ლოცვას აღვავლენ.

და თუ დაგიხსნი, მე იქ დავრჩები,
დაე, გეენის შუქი მამკობდეს,
სადაც შენ არ ხარ, იმ ჯოჯოხეთში
მე დავიმკვიდრებ მზიან წალკოტებს.

ასე რომ, გვიჯობს, გავიყაროთ, ვიყოთ ცალ-ცალკე
შენ იქ და მე აქ,
და ჩვენ შორის კარებს დავკეტავ.
ჩვენ ვართ შორიშორს, ვით ორი ზღვა,
ვით ცა და მიწა
ვით გულმხურვალედ მლოცველი და
სასოწარკვეთა!

??????