ვალერი პოლ
გაზიარება

ნორჩი მოირა (მთარგმნელი: მამუკა ცეცხლაძე) 

ანდრე ჟიდს
კაი ხნის მიტოვებული მქონდა ლექსების წერა:
ახლა ისევ გამოვიდე თავი და ამ ცდის შედეგს
შენ გიძღვნი.
1917

„განათუ გველის საცხოვრისად
დაახვავა ცამ ეს სასწაულები?"
პიერ კორნელი

ქარის მეტი მანდ ვინ ტირის?.. მანდ ქარია მარტო...
ქარის ბასრი ალმასები... მაგრამ ვინ და რატომ
ტირის, ტირილის დრო როა, ჩემთან ასე ახლოს?

ეს ხელი ლამობს, სხივი ჩემ სხივს უწიოს, ახოს,
ლამობს ხორცშესხმას ჩანაფიქრის, ოცნების, მიზნის,
ცრემლს უცდის ჩემსას, სხივი როა, ჰგონია იმ ზნის,
სხივს როცა ქარი ცრემლს შეურევს, გამოეყოფა
ჩემ ბედს და წამით, როგორც ელვა, შუქს ჰფენს ჩემ ყოფას.
საყვედურების გადაუვლის ბაგეზე ლანდი,
დარდს არ შეიმჩნევს დარდიმანდი, დადის და თან სდევს
მითქმის და მოთქმის შარიშური, ჩურჩული ჭორის...
რას იბურძგლება ეს ხელი და ვის და რას ყვედრის,
ანდა თქვენ შორის, კუნძულებო შიშველი მკერდის,
ვისი სულია, ქარწაღებულ სხივებს რო სურინ?..
უცხო ცასა ვარ მოწყვეტილი, უცხოდ ვციაგებ...
ეს კუნწულები თვალს სჭრის ურვის სურვილის წყურვილს.
ცთომილნო, მცდელნო უცთომელნო შორი წიაღის,
ნებულობთ, დროშიც დროებითმა გამოასხივოს
ის, რასაც თვითონ ისაკლისებს, ელტვის და ნატრობს;
მოკვდავის ცრემლში უზენაეს იმ სხივთა შხივილს
ვინც აირეკლავს, ერთადერთი მე ვარ აქ მარტო.
მარადისობის გაელვებებს და ჭექა-ქუხილს
მე თქვენთან ერთად ძილგამკრთალი ვესაუბრები,
განხეთქილების ქვას მოვკითხავ მიზეზს წუხილის -
რას, რას ვაშავებ, რისგან რით ვერ ვთავისუფლდები?..
ბოროტი იქნებ ჩემ სიზმრებში ბუდობს, როდესაც
(განილევა რა ოქროს ხანა ხავერდოვანი)
ხელში მიჭირავს დრონი ჩემნი ყოვლისმცოდნეს და
დროს ველოდები, რომ იმ დროებს მოვთხოვო ვალი;
სულ ყველა ვალი... სულ ყველა დროს... რადგან ჩემია,
ეს ყველაფერი ჩემთა ხორცთა უფლობით არი,
ჩემთა კავშირთა, სისხლთა ჩემთა აღმომჩენია.
ჩემივე თავის მომხედავი მე ვიყავ მუდამ,
გამოხედვებით გამოხედვებს ვხედნი და ვზღუდავ.

გველს იქ მივსდიე, სადაც ერთხელ უკვე დამგესლა.

ვით კლაკნილია მისი ქვეძრომა, მისი ცალკე სვლა?
განძთა ხუხულას ის ახარბებს ვით ჩემ სიძუნწეს?
ანგარიშს წყურვილს სიწმინდისას ჩემსას ვით უწევს?

ო, ეს თამაში, მიტოვებულ ტკივილის შუქზე,
დაკოდილს, ასე რატო მხიბლავს, როდესაც ვუმზერ?...
გული ღალატით სალბუნივით ვახმე და ვფშვენი -
რამაც მომწამლა, იმით ვწამლობ და იგი მშველის;
ის მალამაზებს მზის უნახავს და მიუკარებს,
ეჭვიანს... თუმცა ტრფიალების არ ვეჭვ მუქარებს.

რა სიჩუმეა, ჩემ ერთადერთ მეუფეს რო ხმობს? 

ჩემ ღრმა ჭრილობას - ო, ღმერთებო! - წვავს დური ოხვრა,
დისა, რო უჯობს თავისთავი ლოდინს მწუხარეს.

„წადი! შენ ჯილაგს მიამიტურს მე ვეღარ ვუძლებ,
თვალს მტაცებს ხვითო - ნატვრის თვალი -íგველის საუნჯე!
ვერ აუვედი უთავბოლო კვანძებს სინათლის -
იმ ერთგულებას, რო გამირბის, რო არ მიმართლებს...
სულმა იკმარა, რაც იტვირთა და რაც ვერ ზიდა!
მან იცის, როგორ ააცილოს ტანჯვა ჩემ აჩრდილს,
რა ულხინს წიაღს ჩემსას ღამით და ღამეს რა ჭირს;
ის იქ წოვს ძუძუს, არ შეიშრობს ოცნების ტუჩებს,
არ დაანებებს დანებებას ღონიერ მკლავთა,
სიყვარულივით უამინებს წილხვედრ სიურჩეს...
არც შენ გჩვევია სისასტიკის ნაკლები ხლართვა
და ნუღარ შფოთავ, დაიმშვიდე, დაიცხრე ტალღა,
ნუ გავიწყდება, რა მომეცი და რა გემართა...
მოკლედ ჭრის ჩემი გაოცება და თვალებს ვახელ -
ამ ჩემ უდაბურ განცხრომაში სულ არ ველოდი
უნიადაგო გახელების კუდის მოქნევას,
ვნებათა ღელვას ნიადაგში ჩამხმარ ღეროთა,
თვალჩაუწვდომელ სიღრმეებში რო მიმოქრება
და ჯოჯოხეთის სასოების სცდება სანახებს...
მე ვიცი, ზოგჯერ თეატრია მოწყენილობაც.
სული არც ისე წმინდაა, რომ სულ არასოდეს
კერპთაყვანებამ მისწრაფება კოცონს არ ანდოს,
სამარის კარი ან არ შეხსნას, ან არ ახსოვდეს,
ლოდინს უსაზღვროს ვით და როდის, რა ათანადოს.
ო, ამ მოლოდინს ყველაფერი ძალუძს დაბადოს.
ჩრდილი ჩრდილია და, ცხადია, უკან დაიხევს,
სულმა თუ კარი გამოუღო ურჩხულის რიხებს...
მაგრამ სულუხსარ თავნებობას ქვეწარმავლისურს, -
(მცურავი ალერსს რო უარობს და უკადრისობს) -
მარადიული ხანგრძლივობის ამ ჩემ ღამეში,
მე რა დავარქვა, რაა ჩემთვის მისი ალერსი?
შენ ძილში ნახე მშვენიერი ჩემი სიშიშვლე,
მაგრამ მე ხიფათს ჭკუით შეგყრი და გავიშვიშებ,
ჭკუით მე უფრო სათუთი ვარ და ტრელი, თირსოს!*
გიჯობს გამექცე, შავ-ბნელ ზრახვათ სიუკუღმართევ,
გიჯობს შენ როკვას ჭვრეტდნენ მიწყივ ბრმათა თვალები,
ბრმის სარეცელში ბრმა სიყვარულს უფრო უმართლებს,
ცხოვლდება ვნება უსინათლო სიმჭვირვალეთი,
უბიწოებას სული უწუხს განაწვალები!..
მე კი, მე ვფხიზლობ - ფერმიხდილი, მაგრამ დიადი,
სველი ვარ ცრემლით, რომელიც არ გადმომვარდნია,
თვით ვუნანავებ ჩემივე თავს, ირგვლივ წყვდიადი
სამარის ნათელს ბზარებს უჩენს დილაადრიან.
ვწუხვარ და მაინც მიხარია, რო მაბადია
ჩემივე თავი და რაც თვალში მეცემა ღამით -
ჩემ სიამაყეს პატივს რო სცემს ყოველი ჩქამი."

არადა, მზარავს იმის შიში, რო არ დავკარგო
ტკივილი იგი ღვთაებრივი, რომელსაც ვკოცნი
და აღარ ვუწყი სული სხეულს როგორ მოვარგო,
ვით დავიამო უსულგულო შიშველი ხორცნი:

მკვლელი და არის, ვფიქრობ, ჩემი,მე კი - სიცრუე...

სრულია ოდეს, მე არ ეძებს სიზმრის ვიწროებს,

თვინიერია, როგორც ქალი - ის თავის საქმეს
პირნათლად იქმს და გარეირგვლივს სინათლეს აფრქვევს;
მერე იმ სხივებს სინათლისას ქარი ამთავრებს,
რევს და გადარევს, შორს გატყორცნის, მიმოატარებს,
ბუქი ქარს მოსდევს და ამიტომ ითქმის ქარისად...
სწორფერი ვიყავ დღის და მისი უღელის ცალი,
არას ვიქადდი, თუმც ქადილის შემწევდა ძალი
და მამაღლებდა სიყვარული შესაბამისად...

წამწამებს ჩემსას ღამით ოქრომ გადაუარა,
ქუთუთოები დამიმძიმა ღამის საუნჯემ -
ხელის ცეცებით რას გახდები ბნელში, რო არა
ოქრო? - და სხეულს ნაწილ-ნაწილ ჩავებღაუჭე.
ჩემ ნუგბარ ნაყოფს ახლა თვითონ მე ვაჩანაგებ,
გონს ვერ მოვსულვარ, რატომ დაჰკრავს სიკვდილის გემო
პირის პატივის საგანს ჩემგან ჩემთვის დანაკეპს:
სიმწარემ მიწყივ სიტკბოებით მინდა რო მგვემოს.
არა ვწირე რა, გარდა ცალიöშიშველი მხარის,
სინათლეს; და ის უტკბილესი, თაფლმდენი ღარი,
ჩენით რომლისაც ივსებოდა ზეცის სავსება,
საცნაურჰყოფდა მისსავ ხატს და მისსავ მსგავსებას.
ბრწყინვალე ღმერთში გატრუნულმა ტყვემ და მაქციამ
მიწა დავლახე, გადავთელე ფეხქვეშ რაც კია,
მხიბლავდა ცქერა, ჩემი ჩრდილი ჩრდილს როგორ ერწყმის,
ჩრდილი ჩრდილს შევრთე და ვიჩრდილე ჩრდილები ლერწმის.
ვხარობდი! მინდვრის ყვავილივით ლამაზს და მდაბალს,
ქოლგისებურთა ოჯახისას მიგავდა კაბა,
არ ვეთმობოდი სიამაყეს, გულჩვილს, იმათსას;
და თუ წყდებოდა ზოგჯერ ძაფი ჩემი სიმართლის,
თუ მაყვლის ბუჩქი ჩამომფხრეწდა ფარსაგად კაბას,
უცბი სხეული იბრალებდა მყისვე ამ ამბავს
და გამომთქვამდა შიშველს ფერად სიმჭვირვალიდან,
უთვალავ ფერთა ჩემი ჯიშის ფერი ჯაბნიდა!

ვნანობ ნახევრად ამ ამაო ძალმოსილებას...
სურვილთან მარტო დარჩენილი ვარ მორჩილება
გარდაუვალი და ვემთხვევი მის ნატიფ მუხლებს;
მოძრაობას ხდის ვნება ჩემსას ისე განუხრელს,
რო ვეღარა სცნობს ხვედრი ჩემი ზღუდეს და ტიხარს!
გრძნობის სინათლეს შეაცურებს სხივებში თიხა
და იმ მხურვალე სიმშვიდეში სიზმარს შეურევს -
უსასრულობა სუფევს ირგვლივ მარადიულებრ...
ეს რომ არ იყოს, თვალის მოჭრავ, რას იქმდა მტერი,
ჩემივე ჩრდილი და ჩემივე ფეხების მტვერი?
ჩემ არყოფნაში ტყუილის მეტს ვინ და რას იტყვის
მიწაზე, სადაც მე სულ ვმალავ ამ მსუბუქ სიკვდილს?..
ვხედავ, თუ როგორ ინაბება ვარდს და ჩემ შორის,
ყვავილის მტვერში როგორ როკავს უშარიშუროდ,
ფოთოლს არ არხევს, მისრიალებს, მშვიდი და წყნარი,
ვითარცა ნავი საიქიოს...

მე, ფეხზე მდგარი,
აღჭურვილი ვარ იდუმალი არაფრის ფარით,
მაგრამ ისე, ვით სიყვარული ღაწვზე იალებს,
ან ნესტო სურნელს შეისრუტავს ნარინჯიანებს,
დღის ნათელს ვუმზერ უცნაური და უცხო მზერით...
ო, როგორ ძალუძს სიუცხოეს ჩემი ღამისა,
ადიდოს ჩემ გულს მოწყვეტილი ფარული ძგერა
და სიღრმე მისცეს ძალისხმევას ხელოვანისას!..
დაცილებული გარემოცვას, ტყვე ვარ ეული
და ვგრძნობ სურნელით, ოქროცურვილ სუნში რეულით,
რო აცახცახებს აღნაგ სხეულს უკვე ციება,
მარმარილოს ტანს ოქრო ბრწყინვით რო ეცილება.
მაგრამ მე ვიცი, თუ რას ხედავს ჩამქრალი მზერა -
შავ-ბნელი თვალით ქვესკნელის ზღურბლს მე მუდამ ვზვერავ!
ვფიქრობ ამაზე, როცა ნიავს ვატან საათებს
და როცა სულით უზარმაზარ წყლულებს დავათრევ,
ვფიქრობ, როცა ვარ შვებით ოქროს ნაპირზე დიდხანს -
ხრწნის წინათგრძნობა რა გემოს ჰგვრის მჩხიბავს და მკითხავს,
ქვეყნის დასასრულს ვინც სასოებს, გულს რითი იფხანს?
მე სულ ვანახლებ ჩემ ღმერთებს და ჩემ გამოცანებს,
ჩემ გზას გაწყვეტილს, ცაში სიტყვამ რო გამოსცადა,
და სულ ვყოვნდები, იმ ოცნების ფეხით მზიდველი,
ცაში სარკისებრ რო ირეკლავს ფრენასñფრინველის;
არარსებული სხივი, მზეზე რო ვერ არილობს,
ეთამაშება არილივით ჩემ მარმარილოს.

ო, თვალისგება სახიფათო, მისი ნადავლი! 

თვალს გონისმიერს აბრეშუმის სანაპიროზე
ბარეორი დღე გაუცვლია ღამის ფირუზზე,
მისი წინასწარგანზრახული ფერი და კარი
მოწყენილობის გამო გულში მე ჩავიკარი,
მის კარზე ვკრეფდი სასიცოცხლოს მუდამ იმედებს,
ის კარი ყოველ ცისმარე დღეს ახლაც მიმეტებს,
ის მიმეტებდა, ვით მტერს, მუდამ უქმი და ავი -
მკვდარი ვიყავი და ამავ დროს ვიყავ უკვდავი.
მეჩვენებოდა, მომავალი, ან დასაბამი
იყო მარტოდენ მარგალიტი იმ ყელსაბამის,
რომლის წვალება, წვალებითვე დაიბადება
და გაწვალებულს იმ წვალებით ედიადება.
ჩემ ნაირ-ნაირ სამარეთა დრო თუ გაბედავს,
კვლავ აღუღუნოს ის საღამო და კვლავ ამტრედოს,
ყარიბ მგზავრს კვალში რო მომყვება და ჩემ კუდს მისთრევს,
როგორც ბავშვობის მოგონება, როგორც სიწითლე,
როგორც ზურმუხტში გატრუნული ჩუმი სირცხვილი?

ო, მოგონების კოცონს ოქრო ვით დაარწყულებს -
ნაპერწკლებს უშენს ცეცხლი ნიღაბს, უარი თუ თქვა,
ვთქვათ, თუ მე თვითონ აღარ მინდა იმ ცეცხლში თუთქვა...
გაწითლდი, სისხლო, გააწითლე მკრთალი დროება,
აუკეთესე ლაჟვარდებში გარემოება -
რო ვაღმერთებდი, ზეცა იმფრად მიცისარტყელე!
მოდი, დაბუგე ჩემი ნიჭი არც რის არმთქმელი,
მოდი, რომ ვიცნო, შევიზიზღო და შევიძულო
სიჩუმის კერძი, პირად ნასი, ბავშვი ბინძური,
უღრან ტყეებში უგზო-უკვლოდ მიმოტანტალე...
მყის, გაყინული ჩემი მკერდი დაიყრანტალებს,
რომ არ უწყოდა, ვით ტკბილია ტრფობა ფარული...
ვით წარმტაცია ფრთებშესხმული მოსიარულე.

გული რო მისდის, ჩემი გული იმ გულს თუ იცნობს?

მე შევეფარე ხშირ წამწამებს და მე დავცინე
ქვეგამომხედვარ სიამეთა იმ თქვენ მუქარებს?
ვაზის ლერწს ლოყა ცრემლსადენი მე დავუღარე?..
თუ შენ... ქსოვილი წამწამების ბზინვა-ფახულით,
წელში რო სწყვიტე ის სიამე ჯერარნახული?

დე, ცას სწვდებოდეს წვერით ჩემი კოშკის თავანი,
და ვესაძირკვლოთ იმ კოშკს მე და ჩემი სავანე!

ყვიროდა ქვა და ცას აძლევდა სტვირს სიფერმკრთალე...
მიწა, ვით ჭრელი ხილაბანდი, მიფარავს თვალებს,
მე, თავბრუხვევის არდამრიდე, ვიხსნი ამ რიდეს...
ჩემ ფესვზე მდგარი ეს სამყარო ფეხს ვერ იკიდებს,
გონის გვირგვინი გონს გაურბის, წუხს, როგორც წუხდა,
სიკვდილი ყნოსავს ვარდის სურნელს ფარსაგს და მუხთალს,
თან მიაქვს თავის ჯურღმულებში ის სუნთქვა ტკბილი.

თუ გაგაბრუოს სურნელებამ ჩემმა, სიკვდილო,
დაიგემოვნე ეს ხელმწიფის მხევლის ნაკვეთი,
გამომიძახე, შემომძახე, სასო წარმკვეთე,
იხსენი ჩემი თავისაგან ჩემი სიგლახე!
ყურს ნუ დამიგდებ - მომეფერე და მიინახე,
წელთა სიახლე იდუმალი იმაგალითე:
ყინვა სინანულს უთმობს ხოლმე თვლით მარგალიტებს...
ხვალემ კი იქნებ კვლავ სიამეავარსკვლავედოს,
აშადრევნება გაზაფხულის იქნებ გაბედოს...
საკვირველია გაზაფხული - იცინის, ხარობს...
მაგრამ საიდან მიწანწკარებს სიკვდილში წყარო,
მიწას სინაზით გულგვამს ასე რო უწრიალებს?
ხეებს რო კვირტებს დაუხეთქავს, აუბრიალებს,
ყვავილს რო გაჰყრის, მერე ტოტებს უხუნძლავს მძიმედ,
მზისფერ თავთავებს მზეს რო უშვერს, ვითარცა იმედს,
ცაში რო ააქვს სურნელება მერე ტკბილ-მწარე,
კენწეროებით რო გაირეკს, გაიცისმარებს?..
ყრუო! არ გესმის, დიდებულთა გვარის სახელებს
ეს სურნელება რას უშვრება, როგორ ახელებს,
სიცოცხლის გამძლე ტყეს დაბურულს და რკალად მოხრილს,
ღვთის გულისათვის, თუ ღვთის ჯიბრზე, ყლორტებს რო უყრის?..
იმ ყლორტებს მერე მოყვასივით შუბლთან მიუტანს
დამსკდარ-დაღარულ არქიპელაგს მისი ტანისას...
მცურავი შუქი გადაუვლის თავზე სანახებს,
რო შეეპაროს სიკვდილივით ჩუმად ბალახებს.

მოკვდავ ქალთაგან, ვინ იქნება, რომ წინ აღუდგეს
ამ ორომტრიალს, თუ არა მე?

უნდა გავუდგე
ამ გზას. არადა... მუხლის ტეხა კარგს არას მიგრძნობს...
ჰავამ დამცადა. ჩიტის ჩრდილი, ბავშვობის სიგრძე,
უკან მომყვება სტვენა-სტვენით და გულს მიწვრილებს -
შენი შლა, ვარდო, - ვაგლახ! - ჩემი ჭკნობით იწყება,
ვით ზარდახშაში შესანახი რამ სახსოვარი...
თავს დამტრიალებს და თმებშუა მიწონის ნესტარს
მთვრალი ფუტკარი... ჩემი კოცნით თუა ნეტარი?..
დღე არის ჩემი ორპირი და ორსახოვანი...
შუქი?.. თუ შენა?.. - ო, სიკვდილო! - ვინ ვის ძლევს და ჯობს?
ძგერს ჩემი გული, ძგერს, რო მკერდმა შეიზედაშოს,
შეკრთეს, შეივსოს, დაიბეროს და გაიბადროს,
მოწამემ ტკბილმა ჩემმა ჩემი ლაჟვარდი ბადოს...
მე მიჭირს, მაგრამ ხახა ხარობს უსასრულობის!..

ძვირფას აჩრდილთა წყურვილების მე ვარ მრწყულები -
ო, სურვილებო! ჰოი, ტკბილო ხილო ტრფიალის!
განათუ ღმერთთა დედობრივი მე მომცეს სახე,
მომაპირკეთეს, მაჩუქურთმეს და მაფიალეს,
რო წუთისოფლის სიამეთა ოხებს და ახებს
მიღორძინებდეს გამუდმებით ყარიბი სული
და მუდამ თესლით, რძით და სისხლით ვიყო მოცული?
თვალს მიხელს შიში და ზიზღსა მგვრის ეს ჰარმონია!
ყოველი კოცნა მოასწავებს ჩემ აგონიას...
ვხედავ, მე ვხედავ, ვით გაურბის ღირსებას ხორცი
გარდასულ სულთა, უსუსურთა ხელახლა ხოცვით,
არა სულისდგმა, არა მზერა, არა სინაზე...
წამხდარი ხალხი სიცოცხლეს მთხოვს მტრების ჯინაზე.
არა, არ მოგცემთ, არ გაცოცხლებთ, თავში ქვაც იცეთ,
ამაოდàფიქრობთ, რო ჩემ ღამეს გაილაციცებთ.
წადით და მკვდრებში თქვენი თავი მიმოიხილეთ,
აღარ მივაგებ მე სინათლეს აწი თქვენ ჩრდილებს...
გონის სინათლე სიბინძურით რად უნდა ვკვებო?
აღარ გაღირსებთ მე თქვენ ჩემი ტუჩების გემოს.
მერე მე, ალბათ, უარს ვიტყვი აღმაფრენაზეც...
დამწყდება გული, რა თქმა უნდა, ჩვენზე - ყველაზე!

დიდო ღმერთებო! ვიბნევი და ფეხი მერევა!

ნათლის კრთომასღა თუ ვხმობ შენსას, ხანდახან, უცნობს,
რო ლამობს, მზერა გაფანტული მე დამაფუძნოს;
შენ ცრემლს გარდუვალს, ერთადერთ ჩემ პასუხის გამცემს,
ცრემლს, ჟრჟოლას რო მგვრის ადამიანს და ლამის დამცეს
საიქიოსკენ მიმავალი, თვალწარმტაც გზაზე;
ეს ლაბირინთი სიამაყით, ვიცი, აღგაგზნებს.
შენ გულით დაგაქვს იძულების ის ერთი წვეთი,
ის არსებითი წილი ჩემი თავისშექცევის,
ჩემ ჩრდილს რო ტოვებს უნებლიეთ, ჩემ თვალებს ერთვის
და, ვით ზედაშე, იდუმალ ფიქრს ჩემსას შესცქერის.
ჩემ შიგან ღრმული შიშის დიდი გამოქვაბულით
მარილი მოწვეთს უცნაური, გაწყალებული...
ვით და სად ჩნდები, სულ ახალი, სულ წვალებული,
ასეთი მწუთხე, მწუხარების ასე ყაბული?
მე ვაზვიადებ მოკვდავობის, დედობის ხარისხს
და მიწას ვტკეპნი სიმძიმილით დაღლილი მხარის,
დროში, რომელსაც ვიხანგრძლივებ, ეს წყლის ნაყვები
მე სულს მიხუთავს... შენ ფეხის ხმას მე ვერ ავყვები...
- ვინ გხმობს საშველად, როს პირს აღებს ჩემი ჭრილობა?

ან ეს ჭრილობა, ეს ქვითინი, ეს გარჯა რაა -
სამკაულია ავბედითი, თუ ჯავრის ყრაა?
თუ ბრმაა ხორცი და თავიდან იმედს იცილებს,
ამ შუა ღამეში უგზოუკვლოდ სად მიციმციმებს
გაკვირვებული, რწმენით რო ჰხამს თავის გატანა?
ო, მღვრიე მიწავ, ცოტა ფრთხილად თუ არ მატარე,
ფიფქმა თოვლისამსადღა ვპოვო მე ჩემი მახე?
სად დაფარფატებ, ჩემო გედო, სად გინდა ფრენა?
... თავმომწონეა ნიადაგი... მე იმის სახელს
დავუკავშირე უნებლიეთ წყეული რწმენა!
მაგრამ როგორც კი ფეხი დავდგი და შევაღვიძე,
რიდით შევეხე, მიმდევარი ბუნებრივ წესთა,
ხახა დააღო და უწია ჩემ პიედესტალს!
იქვე, სულ ახლოს, ჩემზე ფიქრმა ქვესკნელი შეძრა -
კლდე უგრძნობელი, ლიპი, როგორც წყალმცენარეთი,
ზღაპრულად მარტო, სულ ბნელი და სულ ყიამეთი...
დაიწყო... შარმა სუდარებზე გადმოატარა
ქარი და მერე ტალღის ხმაურს თან გაატანა,
ორთაყვირები დაუმსხვრია, მილეწ-მოლეწა -
ერთი რო ლეწა, შეალეწა მას მეორეცა...
უკვე იმდენი სასიკვდილო ნახა ხრიალი,
იმდენი ხვედრი ავალალა და ატიალა,
გადაივიწყა სამუდამოდ იმდენი ვალი...
ვაგლახ! შიშველი ფეხით როგორ მოვძებნო კვალი
იმისი, თავისთავის გარდა ვინც არც რა არი?

ო, ამღვრეულო, ლიპო მიწავ, ფრთხილად მატარე!

იდუმალო მე, ცოცხალი ხარ მაინც ჯერ კიდევ,
თავი გეცნობა, ირიჟრაჟებს ოდეს ცის კიდე!..
მწარედ იგივე,
ზღვის სარკეში გაილივლივებ;
გაკრთები... ბაგით მოიყოლებ ღიმილს გუშინდელს,
არც შენ არ გინდა, შენ ნიშანწყალს ნაღველი შლიდეს;
აღმოსავლეთში ყინვა აქრობს, აზრობს და შიბავს,
ქვაზე დამდგარ სხივს სინათლისას, მერე კი ციხე,
სად თვალსაწიერს ერთადერთი ღრიჭოღა გიმხელს...
უყურებს... თუ ვით კვლავ შიშვლდება სათუთი მკლავი.
კვლავ ვხედავ ჩემ მკლავს... კვლავ რიჟრაჟობს...
ო, გულსაკლავი
გამოღვიძება მსხვერპლის მკვდარის, თუ ცოცხალ-მკვდარის...
ეულის... ტკბილის... რო ეთნევა სწორფრობა ქვათა!..
დაიკლო ტალღამ, იავარქმნილ ბურთს ბანა ტანი!..
დაუძინარი მტრის აჩრდილი მტოვებს და მსურის,
კვლავ მივიტანო ის ალმური და შარიშური
მოგონებათა საკურთხევლის დალეწილ კართან.

იქ ქაფი ცდილობს, რომ როგორმე გამოიჩინოს
თავი; იქ ნავში განწირული სულისკვეთება
ცოდვილის, ტალღის ორსავ მხარეს იწილ-ბიწილობს,
დღესასწაულიც იქ იწყება, საქმის კეთებაც...
შეუდარებლად უმწიკვლოა, როცა უცილო
ენთუზიაზმის ჩენა საფლავს გადაედება,
ამ სასაცილო სამყაროში რომ გაიცინოს.

სალამი! ვარდის და მარილის სასწაულებო,
ცისკრის პირველო, თვალხუჭუნა სხივო, ულევო,
ო, კუნძულებო!.. ავარდება ფუთფუთით ალი,
გაწყდება სკაში უმუშევრად მუშა ფუტკარი,
სალი კლდე უმალ ტანით იგრძნობს სამოთხის ძალას
მწვერვალებს ცეცხლი სასუქს მისცემს, აქცევს ნაკრძალად,
ბუტბუტს მოჰყვება უღრანი ტყეც, გამოთქვამს აზრებს,
ხოტბას აღუვლენს ადამიანს ისე, ვით ფასს სდებს...
ო, კუნძულებო! სარტყელს ისე მოგიჭერთ ზღვა, რო
თქვენმა დედებმა უბიწობის ცრემლები ღვარონ -
აღარ ინდომონ მოირების მოვლა და გაზრდა;
ჰაერში ყვავილს სილამაზით რა შეედრება,
თუ არა ყინვა, წყალში მის ფესვს რო უმხედრდება!

სულის ცხონების მზა მასალავ, ცდით ჯერ არცდილო,
სიკვდილო - ბავშვო უნებურო, უკვე გაზრდილო,
და თქვენ - მრავალთა ღვთაებათა თანამზრახველნო,
ჩემი წილხვედრი ეშხის მგმობნო, არდამნახველნო,
განათუ თქვენ ღვაწლს ვუმადლოდე უნდა ამ ყოფას?
არავინაა ჩემებრ ახლოს ღმერთებთან გმირი,
სული ჩაუდგას, გაბედულად უჩვენოს პირი,
შუაღამეში გამოიხმოს გარეთ ურჩხული
უზენაესი სინჯის ხიბლით, ჩუმად, ჩურჩულით...
წმინდა წყლის სიკვდილს, როგორც ელდას, მხარში ვედექი,
როგორც ვედექი მხარში მე მზეს დიდი ხნის წინათ...
სასომიხდილი ჩემი ტანი სიშიშვლით ბრწყინავს,
სული მთვრალია თავისთავით, ძველი დიდებით,
სულს გული მისდის მოგონების ცეცხლის კიდებით,
გულის ფიცარზე სასოება რო უკაკუნებს,
თანაგრძნობის მეტს სულს ის აბა, რაღას არგუნებს?
ვირხევი სულში, როგორც სიო, როგორც ფოთოლი
და ჩემ ხელშია ჩემი სული, სული ობოლი...

ფუჭი ლოდინი ფუჭია და... არ შეუძლია
სიკვდილი, სარკით ცრემლები როს სალამს უთვლიან.

რა გიჯობს, გიჟო, აღესრულო შენი მშვენებით,
თუ სატანჯველად აირჩიო ზიზღი შენების,
შენიანების, ვისაც შენ არ შეეფერები?

სად ნახავ ასეთ გამჭვირვალე სიკვდილს მეორეს,
თავისი თავის თვითონ იყოს მსხვერპლი მეურვე,
ალალი გულით გაიმეტოს უკანასკნელი
სისხლის წვეთი და თვით უკმიოს სიკვდილს საკმელი,
არ დაიტოვოს გულში ჯავრი ამოსაყრელი?
ჰოი, რა სპეტაკ სიმშვიდეში ტოვებს მსხვერპლს სისხლი!
ყოფნის კიდეზე სილამაზე ზედმეტ ტვირთს იხსნის
და დრო მშვიდდება, დრო, რომელმაც ის გააუქმა...
არ შეერგება თავისთავადს არცერთ წამს ლუკმად
სისხლდაშრეტილი ხორცის მუქი აშადრევნება -
უფრო და უფრო შორიდან და მარტო ევნება!..
მე უფრო მზად ვარ, სადაც მე ვარ, ბედიც იქ არის,
ვირწევი ისე, როგორც სიო არწევს კიპარისს...
სურნელოვანი მომავლისკენ ვიდოდა კვამლი,
დავმწვარიყავი ის მინდოდა, გამსვლოდა ყავლი,
სულ, სულ მთლიანად რო შევრწყმოდი ბედნიერ ღრუბლებს!
აღმოვჩნდი კიდეც ოხშივარში ამ კენწეროსი
და სიდიადეს მივეახლე ჯერეთ ხელუხლებს
დაუსაბამო სიყვარულის სამფლობელოში.
უკიდეგანომ მომისყიდა ყოფნამ და გულში
იწვის რაც არის, რაც იქნება, რაც იყო გუშინ...
რაც სხივს ასხივებს, ყველაფერი ჩემ გულში იწვის!..

ნუ, ნუღარ გააღიზიანებ ხსოვნაში იმ ხიწვს,
შავო შროშანო! ნართაულო ბნელო ცათაო,
ქვაზე მაგარო, ვერ გასტეხე თასი სათაო...
შენ უზენაეს წამთაგანი იგემე წამი...
- მაგრამ აბა, ვინ დააჯერე და ვის აწამე,
რო დღე ეხილა შენი ხარბი თვალებით მზირალს,
შენ ნათელ შუბლზე ვინ ილოცა, ვინ ვის რა სწირა?

თუ იცი მაინც, რა ხრიოკი გზები დალახა
ღამემ, მკვდრებშორის ვიდრე გნახა და დღე განახა?
ო, გაიხსენე შენი თავი, მოსწიე ძაფი
ოქროცურვილი თითით, დილას რო ეცილება,
ბრმად გამოჰყევი უნატიფეს იმ ძველ ჩანაფიქრს,
რომლითაც დღემდე მოგიყვანა გამოცდილებამ...
იგაიძვერე, ისასტიკე, იცრუე, მაგრამ
მეც მაცოდინე, რა ხრიკით და რა აღმაფრენით,
ლაჩარმა, როგორ მოახერხე, რო კვამლი გაქრა,
სურნელოვანი თიხის გულში რა აღმოფხვერი,
რით მოიბრუნე სული კრული ქვეწარმავალმა,
მოწყენილობამ რატომ გასჭრა, როგორც წამალმა? 

გუშინ ღრმა ხორცმა მიღალატა, ღრმა სასოებამ,
ოცნება აქნა ასო-ასოდ და ასოებმა
ვეღარ მომართვეს ვერც სურნელი, ვეღარც მუქარა,
ვერცა მამაცის მკლავი ვეღარ მომესუდარა;
არც გედი-ღმერთი და ნისკარტი შეურაცხადი,
არც ფიქრში თეთრად მოქათქათე მხურვალე ხატი...

არადა, იცის იმან გემო უნაზეს ბუდის!
პატივი ახსოვს ასოების მთლიანი გუნდის,
ოდეს, უბიწო, ჩრდილში ვიდე, ვითარცა ძღვენი...
მერე წამიღო ძილმა, თავი ვერ დავიხსენი,
მანებიერა სიზმარ-სიზმარ მოიარებით,
სულ დამავიწყა ყველა ჩემი ნაიარევი.
ჩემივე თავში ჩავიძირე, გადავიწვინე
მკლავებზე თმა და იმ მკლავებში სხვად გავიბრწყინე...
ვინ და ვის ერთვის?.. ვინ სად დაფრენს?.. ვინ სად დახოხავს?..
გული რას მიკვეთს მხარნაქცევი, რა რჯის, რას ოხრავს?
რომელი ექო იმეორებს დაკარგულ სახელს?
მიქცევ-მოქცევის სივერაგემ სით გამიძახა,
რად დაუკარგა აზრი იმას, რაც ჯერ არ მითქვამს?..

ჩიტი რო ხეზე შემოჯდება, სულს ისე ვითქვამ.

ეს ის დრო იყო, ალბათ, როცა წვდომის უნარი
კლებულობს ხმების შინაგანის მტკიცე უარით:
ის აღარ არის ის და... ბავშვი უცნობ ხარისხში,
რო აღარა აქვს, იმ ხელების შლას აღარ იშლის,
შორიდან ელის შველას და ხელს სთხოვს გარეირგვლივს.
ხამს პატივს ვსცემდეთ გვირგვინოსან სულების გვირგვინს
და პირზე სუნთქვას არაქაურს...
ვილამუნებდეთ,
აგერ მე: შუბლზე მაწერია, თუ რას ვნებდები...
სხეულს ვპატიობ სულ ყველაფერს და ნავლში ვეძებ,
ბედნიერებას დაღმასვლისას ვეძლევი სრულად,
მოწმის ვერმცნობი განაწამებ ხელებს ვაცეცებ,
გაუთავებლად უთავბოლო სიტყვებში ვბრუნავ...
იძინე ტკბილად, ჩემო სიბრძნევ, იძინე ტკბილად!
უანგარობის არყოფნაში ივარგე ხილად,
მიენდე გველებს, განძთსამყოფელს, ბრწყინვალე ზინათს,
იძინე!.. ჩადი!.. ხო ჩახვედი?.. ხო უკვე გძინავს?..
(დაბალი ჭერი, ანუ ხვრელი... ჰაერს აპარებს,
კვდება ყოველი... და ყურყული ყელს ახარხარებს...
ამ ყელში ჩიტის მეტი წყურვილს მოიკლავს სხვა ვინ?
ჩამოდი ქვევით... შავი არის არც ისე შავი...)

ჩემი სუდარა, სარეცელი, სველი ზეწარი...
აქ მე ვვრცელდები და ჩემივე თავს აქ ვნებდები,
აქ განვისვენებ და აღარსად არ მივიჩქარი,
ამ სამაროვანს ნაბინავარს უგავს ხედები,
აქვე თავისთავს აყურადებს მარადისობა.
აქ ყველაფერი ჩემია და ჩემით ივსება,
ჩემი ყალიბის ყალიბია ჩემი ფუღურო,
მე აქ ვარ, სხვათა ყალიბებს რო აღარ ვუყურო...
ამპარტავნობა, ო რამდენი, შემოიკეცა
სუდარამ, ქვენა ოცნებებმა სადაც აღმკვეცა!
თქვენ ზედაპირზე ის გლუვია და სიკვდილს ბაძავს,
კერპი საძილედ უნებლიეთ განწყობილია,
დაღლილი ქალის ქალობა რა ცრემლმა დასცადა,
ღრუნი და ხიბლნი იდუმალნი ანცობენ ღიად...
სიყვარულის ნაშთს ურგებელი თუნდაც რო ერგოს,
სიკვდილთან ყველა შეთანხმებას უგულვებელყოფს.

ახლო მომავლის კიდობანო საიდუმალო,
წუხელ სიზმარში მე ვიყავი შენი სტუმარი,
ჯაჭვი გავწყვიტე, ვწყევლე, ვკრულე მისი გამჭედი,
როგორც აკვანი, დაგარწიე, ძუძუს გაჭმევდი...
სახტად დავტოვე ლაჟვარდები ცივ-ცივი ხედვით
და დავაცქერდი ვარსკვლავს, წამხდარს თავისი ხვედრით,
ყრმა მზე მოვიხმე მანათობლად, როგორც ლამპარი,
მიმოვიხილე ვაების გზა, გზა წინაპარის,
სხივი მიადგა სინანულებს, სინდისის ქენჯნას,
ალიონები შინაარსით მიმწუხრებს ემჯნა...
ყველა შინაარსს შინაარსი ნთქავს სამარისა!
ზღვამ სიამისამ ვერასდროს ვერ ისაკმარისა!
წამოდი ჩემთან, შენით ვსუნთქავ მე სულ ყოველთვის,
აორთქლდა რიდე, შენ რო სუნთქავ, იმ ჰაერს ვერთვი...

... მაშ, სიზმარი იყო ყველა, რაც სალმობა ვნახე?..
წარმტაცმა რაც წარვიტაცე და რაც ვივაგლახე?..
შევისრუტე, უშიშარმა, რაც ტალღების ქაფი?..
კაეშანს რაც დავაყარე სიცილი და ლაფი?..
სულიერი ქარს ეხლება, ანუ ცოცხალ ჰაერს,
ზღვაàმოკითხვას ცხვირში ახლის, ფსკერზე მიაქანებს;
სული, სულს თუ შეუბერავ, სულდიდდება რისხვით,
თვითონ მაღლა ავარდება, სხვას კი დაბლა ისვრის,
ტალღა ტალღას იტარიგებს, ვით ურჩხული ურჩხულს,
გადაუვლის თავზე რისხვით ობოლ კონცხს და კუნძულს,
ზღვის სიმაღლე სიღრმეს ანთხევს კლდეს და კლდიდან სისხამ
დილის ლივლივს გაყინული ნაპერწკლები რისხვად
აღმოხდება და მისწვდება ჩემ სანუკვარ ფიქრებს.
მბურძგლავს, მწარე ბუსუსები კანზე ძალას იკრებს,
უნებლიეთ ვისუსები... მზეო... ვინძლო... იქნებ...
შემოხვიდე ისევ შინ და შენი თავი იცნო,
მზეო... მძლეო... შობის მადლი იქნებ კვლავ შევიგრძნო,

ამ ცეცხლის ალს ცად ავყვები, ფერს ქალწულის სისხლის,
ოქროს მისხლის სადარები მადლს მოვისხამ მისხლივს!

* თირსოსი - (მით.) დიონისეს კვერთხი. გამოიყენებოდა იარაღადაც, დიონისეს მტრებს
ხოცავდნენ ამით (მ. ც.)

??????