ზოიფერი იურა
გაზიარება

დინოზავრო, გაიღვიძე! (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი) 

გამარჯობათ, წვრილფეხობავ!
ჩანს, ძალიან შეგაშინეთ.
ფხაკა-ფხუკი არ გეყოფათ?
არ ისვენებთ, არ მაძინებთ.
მილიონი წლების წინათ
შლამში მაგრად ჩამეძინა.
თუ იჭმევით რამეგვარად?
არა, ღირსეულო, არა!
ძილში მადა მემატება -
თქვენებრ ფინთი მე რას მარგებს?
აფსუს! ვჭამდით, მაგონდება,
მაიმუნებს უფრო კარგებს.
წაბილწულა ქვეყნის სახე
მერე, რაც მე ბოლოს ვნახე.
ბევრი რამეა სხვაგვარად?
დიახ, დიახ, როგორ არა!
ნუთუ? აბა, მაგალითად,
წარღვნამდელ დროს გასაძღომად
უნდა ვინმე დაგეფლითა,
იქცეოდა ჭამა ომად.
ძლიერები სუსტებს ნთქავდნენ,
უძლურები სულს ღაფავდნენ.
ეს ადათი აიკრძალა?
არა, ღირსეულო, არა!
დახე, საქმე გაჩარხულა!
არ შეცვლილა რამე სულაც:
მეაემეულ - ძველ ხანაში
ვნადირობდი ამ მთა-ბარში.
თუ ნადავლი მქონდა მცირე
და ვეღარ ამოვიპირე,
მადიანად სუსტ ძმებს ვჭამდი,
ან კი რატომ დავზოგავდი?
ეს კანონი ძალაშია?
როგორ არა, დიახ, დიახ!
ზოგჯერ ხუთი ჯოჯო-ხვლიკი,
ხან ექვს-ექვსი, ეშმაკურად
პირს შეკრავდა, რაღაც ხრიკით
ქმნიდა ჯუნგლის დიქტატურას.
არ მოსწონდა ესე ვისაც -
დაფლეთავდნენ „გაქცევისას".
ნუთუ წესი შეიცვალა?
არა, ღირსეულო, არა!
მაშ, თქვენ ურცხვად მატყუებდით,
პროგრესით რომ თავს იქებდით!
მე ნამარხად მასაღებდით
და არაფრად არ მაგდებდით.
ნუ მაცინებთ, უძველესი
არ შეგცვლიათ ჯერაც წესი.
თუმც ფიქლისგან წარმომდგარი -
ვარ მოდერნი და მაგარი,
გამჭრიახი, გენიოსი,
ბელადობის მაქვს პათოსი.
რა, ამისთვის არ ვვარგივარ?
თქვით, მღილებო, მართალი ვარ?
ხომ ასეა, თქვით საჩქაროდ!
დიახ, დიახ, სამწუხაროდ...

??????