* * * ო, ჩავივლიდი ახლა ტყის პირას (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
მაგრამ როდესაც ავუყევი კლდის ვიწრო ბილიკს, დამეუფლა უცებ სიგიჟე და დავიკივლე ძილში ხმამაღლა; და მერე როცა ვერცხლის თითებით მე გადავდრიკე ჩემივე თავი მდუმარე წყლისკენ, ვნახე, დამტოვა ჩემმა იერმა და თეთრმა ხმამ მომმართა ასე: მოიკალ თავი! ოხვრით წამოდგა ყრმის ლანდი ჩემში და კრისტალოვან თვალებიდან მან სხივმფინარე შემავლო მზერა, ისე რომ ხეთა ძირას ჩავეცი მწარე ქვითინით, ძლევამოსილ ვარსკვლავთა თაღის სიღრმეში.
მშვიდობადაკარგული ხეტიალი მწირ ქვიანეთში, მწუხრის სოფელთა და შინმიმავალ ნახირისგან შორს. შორს ჩამავალი მზე ძოვს ბალახს ბროლის ხასხასა მწვანე მინდორზე და მზარავს მისი ველური გალობა, ეული კივილი ფრინველის, ლურჯ მდუმარებაში ჩამკვდარი. მაგრამ მოდიხარ შენ წყნარად ღამით, როდესაც ვწევარ სერზე და ვფხიზლობ, ან შემოიჭრები მარტის ავდარში. და შემინისლავს სიმძიმილი სულ უფრო შავად ამ შუბლს გამიჯნულს ყველაფრისაგან, და ზარს დასცემენ ჩემს ღამეულ სულს შემზარავი ელვის ენები, ხელები შენი სუნთქვაშეკრულ მკერდს დამიფლეთენ.
როცა ვეწვიე შეღამებულ ბაღს, და უკუიქცა ჩემს წინაშე კუპრისფერი ლანდი ბოროტის, მომიცვა ღამის იაგუნდისებრმა დუმილმა, და მივცურავდი აღუნულ ნავით ჩუმ, უძრავ ტბაში და გაქვავებულ შუბლს შემომადგა მშვიდობა ტკბილი. უსიტყვოდ ვიწექ ბებერ ტირიფქვეშ და ზეცა იყო ლურჯი ჩემს ზემოთ და ვარსკვლავებით დამძიმებული; და როცა ჩავკვდი ზემოთ ჭვრეტაში, მოკვდნენ შიში და ტკივილები ჩემში უღრმესად; და აღიმართა ყრმის ლურჯი ლანდი ბნელში სხივმფენი, ჰაეროვანი საგალობელი; აიზიდა მთვარეულ ფრთებით ამწვანებული კენწეროების, კრისტალოვან კლდის შვერილთა თავზე, დის თოვლისფერი მშვიდი იერი.
ვერცხლის ქუსლებით ავიარე ეკლიანი საფეხურები და შევაბიჯე შეთეთრებულ ფართო ოთახში. იქ უშფოთველად ენთო შუქურა და მე მდუმარედ ჩავმალე თავი წითელ ზეწრებში; და ამოისროლა დედამიწამ ბავშვური ცხედარი, მთვარისგან ნაძერწი, რომელიც ნელა გამოცურდა ჩემი ჩრდილიდან, დამსხვრეულ ხელებით გადმოქანდა ქვიან ქანებზე, თოვლი ფიფქოვანი.